მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 25 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება ღირსთა გარეჯელ მოწამეთა: გერონტისა, სერაპიონისა, გერმანესი, ბესარიონისა, მიქაელისა, სვიმეონისა და ოთარისა (+1851)

25 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება ღირსთა გარეჯელ მოწამეთა: გერონტისა, სერაპიონისა, გერმანესი, ბესარიონისა, მიქაელისა, სვიმეონისა და ოთარისა (+1851)


24-08-2020, 15:51

25 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება ღირსთა გარეჯელ მოწამეთა: გერონტისა, სერაპიონისა, გერმანესი, ბესარიონისა, მიქაელისა, სვიმეონისა და ოთარისა (+1851)

 

   ღირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი დავით-გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ.
  დავით-გარეჯის უდაბნო XVIII-XIX საუკუნეებში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და რბევის საგნად იქცა. მოთარეშეები ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებს, ბერების სენაკებს, იტაცებდნენ ღვთისმსახურებისათვის საჭირო ძვირფას ნივთებს, აწამებდნენ და ხოცავდნენ იქ მოღვაწე მამებს.
  1851 წლის ზაფხულში გარეჯის უდაბნოს თავს დაესხა ლეკების დიდი რაზმი. მათ დაარბიეს დავითის ლავრა. „იწყეს ტანჯვად მამათა და ძმათა. პირველად ბერ-დიაკონი ოთარი უჩინოითა მახვილითა აღესრულა, შემდეგ იერომონაზონსა გერონტის თავი წარკვეთეს, სერაპიონ იერომონაზონსა უხეთქეს მახვილი თავსა და აღესრულა, გერმანე მწირმონაზონსა განუპეს მუცელი და მერმეთ თავი წარკვეთეს. ბესარიონ მწირმონაზონსა მყის თავი წარკვეთეს. სვიმონ დიაკონი რომელი იყო ჭაბუკი ასაკითა იწყო სილტოლვა და უჩინოითა მახვილითა ტყორცნილმან ვერღარა უძლო სვლად და მერმეთ თავი წარკვეთეს. ხოლო რომელი იყოი მიხაელ დუმილით შეწყნარებული და ფრიად მორჩილი კრებულისა და მონასტრისა, სხვათა უმეტეს სტანჯეს...
  შემდგომად აღსრულებისა მათ ღირსთა მამათა გარდამოხდა ნათელი დიდი და დაადგრა წამებულთა ზედა... ღირს არიან იგინი, შემდგომად ხორცთა გარყვნისა აღმოხმად ძვალთა მათთა და დადებად პირველ წამებულთა ღირსთა მამათა... და დღესასწაული მათი იხსენიებოდეს წლითი წლად. მე უღირსმან დიდისა მონასტრის გაენათისამან ისააკ, რომელი მეცა ტყუედ მყოფი ვიყავ მათ თანა რომელი ვხედავდი თვალითა დავსწერე წამება წმიდათა მამათა უმეტნაკლოდ შემოკლებული ისტორია ესე", - წერს პლატონ იოსელიანისადმი მიწერილ წერილში ბერმონაზონი ისააკი, რომელიც დაღესტანში წაუყვანიათ უსჯულოებს ტყვედ და შემდეგ გამოუხსნია რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პავლეს ძეს.
   სამწუხაროდ ბევრი ასეთი ისტორია დარჩა აღუწერელი და ჟამთა სიავემ წარხოცა ბევრი დაწერილი ისტორიაც, დაიკარგა და ძნელად მოგვეპოვება წმიდანების ბიოგრაფიული ცნობები, მაგრამ დიდება ღმერთს ჩვენი ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს მის ზეციურ წმიდა წევრებს და მეოხებას ითხოვს მათგან.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი" 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება