მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 30 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მირონ ხუცესისა (+250)

30 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მირონ ხუცესისა (+250)


29-08-2021, 22:13

30 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მირონ ხუცესისა (+250)

 

 

   წმიდა მოწამე მირონი აქაიელი (საბერძნეთი) ხუცესი იყო, III საუკუნეში ცხოვრობდა და 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. იგი, ჩვეულებრივ, მეტად თავმდაბალი და გულმოწყალე იყო, მაგრამ საოცარ სიმტკიცესა და გამბედაობას იჩენდა, როცა საქმე სულიერი შვილების დაცვას შეეხებოდა. ერთხელ, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ნეტარი მამა ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უეცრად მლოცველთა დასატუსაღებლად და ჯალათთათვის გადასაცემად ტაძარში შეიჭრა ადგილობრივი მთავარი ანტიპატრი მხედრებთან ერთად. ეს რომ იხილა, მირონი გამოესარჩლა სამწყსოს და გაბედულად ამხილა მმართველი სისასტიკეში. ამისთვის მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს: დაკიდეს, რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი გახურებულ ღუმელში შეაგდეს. ქურიდან გადმომსკდარმა ალმა მახლობლად მდგომი ასორმოცდაათი ადამიანი იმსხვერპლა, თავად წმიდა მამა კი, ღვთის ნებით, უვნებელი გადარჩა. მაშინ მმართველმა მარტვილს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ბრძანა, ქამრის სახედ აეჭრათ ტყავები მისი სხეულიდან. წმიდა მირონმა ერთი ქამარი აიღო და სახეში ესროლა მტარვალს. განრისხებულმა ანტიპატრმა ქრისტეს გატყავებული ზვარაკი მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად. ნადირები არ მიეკარნენ უფლის რჩეულს. საკუთარი უძლურების შეგრძნებით გააფთრებულმა და სასოწარკვეთილმა მთავარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წმიდა მირონი ქალაქ კვიზიკში წაიყვანეს და მახვილით მოჰკვეთეს თავი.


"წმიდანთა ცხოვრება" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება