მთავარი > უახლესი ისტორიიდან, მთავარი გვედის ფოტო > მღვდელმოწამე რაფაელი - შიშატოვაცკის მონასტრის იღუმენი (ხს. 3 სექტემბერი)
მღვდელმოწამე რაფაელი - შიშატოვაცკის მონასტრის იღუმენი (ხს. 3 სექტემბერი)3-09-2017, 00:00 |
შიშატოვაცკის მონასტერი, ისევე როგორც სრემსკის ეპარქიისა და ფრუშკის მთის ყველა მონასტერი, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან და მისი დასრულების შემდგომ, სერბთა გენოციდისა და მართლმადიდებლობის განადგურების მოწმე იყო. დაე, მოწამე იღუმენ ღირსმოწამე რაფაელის (მომჩილოვიჩის) დაწერილი ეს მცირე ნარკვევი შიშოტოვაცკისა და სრემსკის ვრცელი მარტიროლოგიის ფრაგმენტი გახდეს. გიორგი მომჩილოვიჩი დაიბადა ბაჩკში, სოფელ დერონეში სერბი გლეხების - ველიმირასა და პერსიდა მომჩილოვიჩების ოჯახში. ის ოჯახში მესამე და ნაბოლარა ბავშვი იყო. როდესაც ბიჭს თორმეტი წელი შეუსრულდა, მამამ კოვილის მონასტერში წაიყვანა, სადაც მონასტრის სკოლაში რამდენიმე წელი დაყო. შემდეგ გიორგი ბოდჟანეს მონასტერში გადავიდა, სადაც უკვე როგორც მორჩილი, ხატწერას სწავლობდა. 1897 წელს კოვილსკის მონასტრის იღუმენი მირონი (ჯორჯევიჩი) 22 წლის გიორგისთან ერთად მანასიას მონასტრის ძმობაში გადავიდა, სადაც მან სულ მალე მონაზვნობა მიიღო რაფაელის სახელით, ჰოლანდიელი ბერის, ღირსი რაფაელ ბანატინსკის საპატივცემულოდ. მას აღკვეცისთანავე ხელი დაასხეს დიაკვნად, ხოლო შემდგომ წელს - მღვდელ-მონაზვნად. სერბეთის ახალმა მიტროპოლიტმა და წმიდა სინოდმა იგი რუსეთში გააგზავნეს, სადაც მღვდელ-მონაზონი ხატწერას ეუფლებოდა და მოსკოვში, სერბეთის მეტოქში მსახურობდა. სამი წლის შემდეგ მამა რაფაელი სერბეთში დაბრუნდა. რუსეთის ცივმა ჰავამ დაუსუსტა ჯერ კიდევ მანამდე შერყეული ჯანმრთელობა. ერთი წლით იგი გაემგზავრა იტალიაში ხატწერის ცოდნის სრულყოფისათვის. რომიდან მამა რაფაელი ბელგრადში დაბრუნდა და გარკვეული პერიოდი მოღვაწეობდა რაკოვიცის მონასტერში, შემდეგ ორი წელი - ბუკოვის მონასტერში და სავარაუდოდ, 1908 წელს კოვილის მონასტერში დაბრუნდა. 1935 წელს იგი შიშატოვაცკის მონასტრის ძმობაში მიიღეს. მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მამა რაფაელის ხატმწერობაზე უფრო მეტს წერენ, ვიდრე თავად მის შესახებ (მისი ოსტატობა სპეციალისტ-ხელოვებათმცოდნეების ყურადღებას იპყრობდა). მამა რაფაელი მოწამეობრივ აღსასრულამდე რამდენიმე წლით ადრე, დაახლოებით 1935 წელს შიშოვაცკის მონასტრის მონაზონი გახდა. სამი წლის შემდეგ იგი წინამძღვრად აირჩიეს. ამ სამი წლის განმავლობაში მან დაწერა დიდი რაოდენობით ხატი, მოხატა რამდენიმე კანკელი და შექმნა გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეთა პორტრეტების არაჩვეულებრივი გალერეა. ამ პორტრეტებს შორის არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩაღებულ ჯოჯოხეთში დაღუპული სებეთის პატრიარქ გაბრიელის პორტრეტი. მოწამე პატრიარქის ზურგს უკან გამოსახულია წმიდა საბას სახელობის მომავალი ტაძარი ვრაჩეში, რომლის მშენებლობისათვის იღუმენი განსაკუთრებით ზრუნავდა და ტაძრის მშენებლობას ახმარდა მთელ საფასურს, რასაც იღებდა თავისი მხატვრული შემოქმედების გაყიდვით, რომელსაც მონაზვნური მოკრძალებით აფასებდა. ამიტომაც ღირსყო უფალმა იგი სერბ ახალმოწამეთა კრებულთან ერთად სწორედ ამ ტაძრის თაღებქვეშ განდიდებულიყო. ამგვარად განადიდებს უფალი თავის ერთგულთ, ერთგულთ სიკვდილამდე. 1958 წლის მარტში იმ დროისათვის არქივში არსებული მონაცემებით, წმიდა სინოდმა შეადგინა მღვდელთა და ეპისკოპოსთა სია, რომლებიც ხ.დ.ს.-ს (ხორვატთა დამოუკიდებელი სახელმწიფო) ტერიტორიაზე 1941 წლის აპრლიდან 1944 წლის დასასრულამდე უსტაშების ხელით დაიღუპნენ. სრემსკის ეპარქიის (ომის შემდგომ ბელგრადის საარქიეპისკოპოსოდან გამოყოფილი) მარტიროლოგიაში 173-ე ნომერის ქვეშ იღუმენ რაფაელის (მომჩილოვიჩის) მოწამეობრივი აღსასრულია მოთხრობილი: „1941 წლის 25 აგვისტოს ზედამხედველი ნიკოლა ბუნტაკი რამდენიმე უსტაშის თანხლებით მონასტერში შეიჭრა და დააპატიმრა იღუმენი, ასევე სამი მონაზონი - დიმიტრი, გერმანე და თეოფანე. მამა რაფაელი მონაზვნებთან ერთად სლოვონკის პოჟეგეს სადგურზე წაიყვანეს. მატარებელში მას წვერი დააგლიჯეს, სცემდნენ და აიძულებდნენ ემღერა სერბელი ჩეტნიკების1 სიმღერები. სლავონსკის პოჟეგეს სადგურზე პატიმრები საღამოს ცხრა საათამდე უცდიდნენ მატარებელს სლავონსკის ბროდიდან, რომლითაც ბორანსკისა და დერვენტის მაზრიდან კიდევ 400 დაპატიმრებული სერბი მოიყვანეს. სადგურზე უსტაშებმა სერბები ოთხ-ოთხად გადააბეს, კოლონას წინ მამა რაფაელი ჩაუყენეს სამ მონაზონთან ერთად და ქალაქში გაატარეს. გზაში უსტაშები ისე სცემდნენ სერბებს, რომ მოხუცები და, მათ შორის, იღუმენი რაფაელიც ბორძიკობდნენ და ეცემოდნენ. ეს უსტაშებს კიდევ უფრო ამძვინვარებდა. ისინი ურტყამდნენ მათ და ყვიროდნენ: „აბა, ჩეტნიკებო იმღერეთ თქვენი სიმღერა „წმიდაო ღმერთო!"" შემდეგ ტუსაღები შეიყვანეს საავადმყოფოს ეზოში, რომელშიც ბანაკი მოეწყოთ, ჩაამწკრივეს და სათითაოდ დაუწყეს ცემა. ცემისგან იღუმენმა რაფაელმა გონება დაკარგა და დაეცა, ხოლო ისინი, ვინც მის უკან მორბოდნენ, იძულებული გახდნენ ფეხით გადაეთელათ იგი. მოწამე იღუმენი ისე იყო ნაცემი, ვეღარ იცნობდით. იგი ჯერ ბანაკის საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ გადაიყვანეს სერბეთში, ბელგრადის ერთ-ერთ საავადმყფოში, სადაც გატეხილი 5 ნეკნი და მრავალრიცხოვანი სისხლდენა აღმოუჩინეს. 1941 წლის 3 სექტემბერს იღუმენი რაფაელი მიღებული ტრამვებისაგან აღესრულა." ამ ტექსტიდან, რომელიც სინოდის კანცელარიაში საარქივო მონაცემების მიხედვით შედგა, ცხადი გახდა, რომ ღირსმოწამე რაფაელი (მომჩილოვიჩი) სლავონსკის პოჟეგში წამების შემდეგ ბელგრადის საავადმყოფოში აღესრულა და დაკრძალულია ბელგრადის ერთ-ერთ სასაფლაოზე, ანდა რომელიმე საერთო სასაფლაოზე, რომლის ადგილსამყოფელი იმ დროისათვის არ დაუდგენიათ. მხოლოდ ყოვლისმცოდნე უფალმა უწყის ახალმოწამის მიწიერი სავანის ადგილმდებარეობა, რომლის სული საუკუნო ნეტარებაში უფლის საყდრის კვარცხლბეკთან განისვენებს. 3 სექტემბერი იღუმენი რაფაელის მოწამეობრივი აღსასრულის დღეა. მან სული დადო ქრისტესთვის, მართლმადიდებლობისა და სერბეთისათვის. ეს დღე უნდა გახდეს მისი წმიდა ღვაწლის საყოველთაო დიდებით შემოსვლის დღე. ღირსმოწამე რაფაელ შიშოტაველი თავისი მიწიერი ცხოვრების დროს ხატწერასა და ფერწერას მისდევდა. თავის მხატვრულ მონაცემებს იგი თავის თავში ეკრძალვოდა, უფრო მეტიც, იგი წერდა ღმრთისმშობლის ხატის ჭეშმარიტ ქრისტიანულ და მონაზვნურ სახეს და თავის ცხოვრების ეს უმთავრესი საქმიანობა დაასრულა მოწამეობრივი აღსასრულით ქრისტესთვის, პატიოსანი ჯვრისა და მართლმადიდებელი რწმენისათვის. ამიტომაც დიდებით შევმოსავთ მის ხსოვნას მრავალრიცხოვან მოწამეთა შორის - აპოკალიფსური კრავის მოწმეთა, ყველა უდანაშაულოდ დაღუპულთან ერთად, „რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა და განრცხნეს, მათ სამოსელნი მათნი და განსპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. ამისთჳს არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა." (გამოს. 7. 14-15).
1ჩეტნიკები - სერბ მეომართა რაზმები, რომლებიც იცავდნენ სერბეთის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |