მთავარი > სხვადასხვა > კაცს, რომელიც საკუთარ ურწმუნოებას უჩივის
კაცს, რომელიც საკუთარ ურწმუნოებას უჩივის10-01-2014, 00:06 |
ძველ ეგვიპტეში ყველა ქმნილებას ეთაყვანებოდნენ. მათ შორის აღმატებულად - შავ ხარს, რომელსაც აპისს უხმობდნენ. ერთი ლეგენდის თანახმად აპისთან რომელიღაც ფარაონი მივიდა, რათა მსხვერპლი შეეწირა მისთვის, მაგრამ როგორც კი დაიხარა ამ ღმერთად სახელდებულის წინაშე, ხარმა რქებით აიტაცა და შორს მოისროლა იგი. "ახლა კი ვხედავ, რომ ღმერთი კი არა, ხარი ხარ" - ბრაზით შესძახა ფარაონმა. აპისმა მიუგო: "მეც ის მსურდა რომ გეხილა და ამიერიდან ქედი მოგედრიკა მის წინაშე, ვინც შეგვქმნა მეცა და შენც".
შენ ამბობ: "მიჭირს ვირწმუნო, ვიდრე არ ვნახავ", მაგრამ რითი გსურს დაინახო? თვალით თუ სულით? თუ ხორციელი თვალით, მაშინ ის, ვინც სამყაროზე უდიდესია უნდა დაპატარავდეს და შენს შეზღუდულ თვალსაწიერში შემოვიდეს. შენც ხომ ვერ ხედავ საკუთარ გონებას, მაგრამ გაბრაზდები, თუკი ვინმე გეტყვის, რომ ვერ დაიჯერებს მის არსებობას, ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავს მას. თუ სულით გსურს ხილვა, მაშინ შეძლებ განჭვრიტო იგი, რამეთუ კაცის სული სამყაროზე ვრცელია, ღმერთიც - სულია, ოღონდ შენი სული წმინდა უნდა იყოს, რადგან მხოლოდ განწმენდილი სულისთვისაა აღთქმული ხილვა პირისა ღმრთისა. რაც შეგიძლია სწრაფად გაექეცი ამ წყვდიადს, რომელიც ობობასავით ჩაგიძვრა სულში, როცა ადამმა შესცოდა, იგი გაექცა ღმერთს მაგრამ მოწყალე შემოქმედი როდი გაექცა თავის ქმნილებას, მიუახლოვდა და დაუძახა მას: "ადამ, სადა ხარ" (დაბ. 3. 9). ის შენც გეძახის, ნუთუ არ გესმის: "სადა ხარ?" ნათელისაკენ იბრუნე პირი, ძეო ნათლისაო, მამა ნათლისა გიხმობს მხურვალე სიყვარულით. ისმინე და გწამდეს: ვერავინ განდიდდება შენს მოდგმასა და ხალხში, ღვთის განმადიდებლის გარდა.
წყალობა და ჯანმრთელობა მოგანიჭოს ღმერთმა!
წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
უკან დაბრუნება |