მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > იესოს ლოცვის შესახებ
იესოს ლოცვის შესახებ17-10-2017, 00:07 |
გვედრით ძმანო, ილოცეთ პავლე მოციქულის დამოძღვრისამებრ: "მოუკლებლად ილოცევდით" (თეს; 5.17). წმინდა მამები ამბობენ: "თუ ღვთისმეტყველი ხარ, შენ კარგად ლოცულობ, ხოლო თუ კარგად ლოცულობ, ე.ი. ღვთისმეტყველი ხარ". წმ. მამების სწავლებით, ლოცვისა და მღვიძარების, სხვადასხვაგვარი სულიერი თუ ფიზიკური ღვაწლის მეშვეობით ადამიანის გონება განიწმინდება, განათლდება, სრულყოფილდება და მას თანდათანობით ენიჭება მადლი ღვთისმეტყველებისა, რომელიც ღვთაებრივი წყაროსაგან გადმოედინება. წმ. მამები გვასწავლიან, რომ ღმერთს განშორებული გონება პირუტყვს ან მხეცს ემსგავსება, ლოცვით კი (მეტწილად გონებრივით) გონება ღვთის მჭვრეტელი ხდება და ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდება. ადამიანის ცხონება ლოცვაზეა დამოკიდებული, ლოცვით ადამიანი ღმერთს მიეახლება. როცა ადამიანი ღმერთში ცხოვრობს, ის არ გადადის ზნეობრივ ზღვარს, იმიტომ, რომ თვალს ადევნებს თავის ყოველ ნაბიჯს. მაგრამ სიფრთხილის მიუხედავად, ეშმაკი მუდამ ჩასაფრებულია, რომ უძლურების ჟამს მიგვიტაცოს თავისი გზისკენ, რომელიც ქვესკნელში ეშვება. ამიტომ, საყვარელნო, აუცილებელია, აღვიჭურვოთ იესო ტკბილის ლოცვით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გონებრივი ლოცვის წინააღმდეგ მუდამ იბრძვის დემონი, რათა გაფანტული ლოცვით უნაყოფო გახადოს იგი. ათასგვარი ცუდი აზრი ებადება ადამიანს ლოცვის დროს, ამიტომ ყურადღებიანი ლოცვის დაწყებამდე უნდა განიშოროს ყოველგვარი საზრუნავი და ნებისმიერი აზრი. გონებამ კი, დარაჯის მსგავსად, ყურადღება მიაქციოს წარმოთქმულ სიტყვებს.
* * *
შვილო ჩემო, ღვთის სიყვარულისთვის, გევედრები არ შეწყვიტო იესოს ლოცვა არც ერთი წამით. შენი ბაგენი დაე, მუდმივად ჩურჩულებდნენ იესოს სახელს. განუწყვეტლივ მოუხმე ქრისტეს და ის იმწამსვე შეგეწევა. როგორც გავარვარებულ თუჯთანაა შეუძლებელი მიახლოება, ისე შეუძლებელია დემონების მიახლოება იესოს ლოცვით სავსე სულთან. ის ვინც ლოცულობს, განათლდება, ხოლო ვინც არ ლოცულობს - სულიერად დამძიმდება. ლოცვა ღვთაებრივი ნათლის მომნიჭებელია, ამიტომ, ყოველი მხურვალედ მლოცველი ადამიანი სულიერად გაბრწყინდება და სულიწმინდა დაივანებს მასში. მლოცველ ადამიანს არ შეუძლია მოყვასის განკითხვა, არც მიუტევებლობა რომელიმე შეცოდების გამო, რადგან ყოველ ცოდვას დაწვავს იესოს ლოცვის ცეცხლი.
* * *
ლოცვა და თავმდაბლობა - აი, ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც მუდამ უნდა გვეპყრას ხელთ, რათა ვძლიოთ დემონებს.
* * *
შვილო ჩემო, ყოველთვის წარმოთქვი იესოს სახელი, რათა იპოვო წამალი ნებისმიერი უძლურებისათვის. შენ სნეული ხარ? - უხმე იესოს და ჰპოვებ შვებასა და განათლებას. განსაცდელში ხარ? ისევ იესოს უხმე და ღვთაებრივი ნუგეში მოალბობს შენს გულს. უიმედობამ გძლია? - ნუ დააყოვნებ, მიანდე შენი სასოება იესოს და შენი სული აღივსება ძალითა და კადნიერებით. ყოველივეს იესოს სახელი დაუდე ქვაკუთხედად, საფუძვლად, სილამაზედ და ნუ შეგეშინდება მტრის, გეშინოდეს მაშინ, როცა იესოს ლოცვის გარეშე ხარ. წამლის გარეშე განკურნებას ნუ ელი.
* * *
ლოცვა წარმოთქვი სულიერი ტკივილითა და მწუხარებით და იგრძნობ ფერისცვალებას, - დაინახავ საკუთარ უძლურებას და იგრძნობ ტკივილს, რომლითაც მოიხვეჭ ღვთის მადლს. მუდმივად უსმინე ლოცვას, ის ყველაფერს განწმენდს, მლოცველი სულიერად განათლდება, ხოლო უდები, როგორიც მე ვარ, სულიერად დამძიმდება.
* * *
ნუ მისცემ უღირს აზრებს შენზე ბატონობის უფლებას, სწრაფად განაგდე ისინი ლოცვით, ოჰ, რა სასწაულებს ახდენს ლოცვა! წარმოთქვი ლოცვა და მფარველი ანგელოზი მოგმადლებს სულიერ ძალას! ანგელოზები ხარობენ, როდესაც ჩვენ იესოს ლოცვას წარმოვთქვამთ. დაე, იესოს ლოცვა იყოს ჩვენი სულის საზრდო.
* * *
მივიღე შენი წერილი. შენ მიისწრაფვი ღვთაებრივი სიყვარულისა და შეუწყვეტელი ლოცვისაკენ, ეს უდიდესი სათნოებაა, რომელსაც მწუხარება და განსაცდელი მოჰყვება. შვილო ჩემო, შენი განსაცდელი, როგორც ჩანს, კანონზომიერია და ნუ გაოცდები, თუ ის შეგემთხვა. ნუ შეგაშინებს დაცემა, იღვაწე, მიზნად დაისახე იესოს ლოცვით ღვთაებრივი სიყვარულის მოხვეჭა.
* * *
წარმოთქვი იესოს ლოცვა და ის გახდება შენთვის ყველაფერი: საკვები და სასმელი, სამოსი და ნათელი, ნუგეში და სულიერი ცხოვრება. ყოველივე მიეცემა მას, ვინც ფლობს ლოცვას. ლოცვის გარეშე ვერ ამოავსებ სულიერ სიცარიელეს. გსურთ შეიყვაროთ უფალი? - ილოცეთ და დაიმდაბლეთ თავი და მაშინ მიხვდებით, რომ "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს" (ლუკ: 17.21).
არქიმანდრიტი ეფრემი (მთაწმინდელი) მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |