მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რისთვის გვითმენს უფალი?! (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
რისთვის გვითმენს უფალი?! (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)18-07-2015, 00:01 |
ვნებამდე მცირე ხნით ადრე, ელეონის მთაზე, უფალმა თავის მო-წაფეებს საუბარში სამყაროს მომავალი აღსასრულის ნიშნები აუწყა. მან თქვა, რომ ბოლო დღეები წარღვნამდელი მსოფლიოს მდგო-მარეობის მსგავსი იქნება, ბიბლია და წმინდა მამები ნოეს დროის ადამიანთა ღვთისაგან საყოველთაო განდგომაზე მიგვი-თითებდნენ. ბიბლიის თანახმად: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვის ამათისა ჴორც...", ანუ ადამიანები უსულო ხორცად იქცნენ.1 ჯერ კიდევ მსოფლიო წარღვნამდე, ცოდვისა და ბოროტების სხვა წარღვნამ ამოხეთქა ჯოჯოხეთიდან და წალეკა დედამიწა. გარყვნილებამ, ჯადოქრობამ, დემონის თაყვანისცემამ, რიტუალურმა მკვლელობებმა ის სატანის ტაძრად აქციეს. კაცობრიობამ თავისი თავი დასაღუპად თვითონ გაწირა. ადამიანის ზნეობა იმდენად დაჩლუნგდა და დაიხშო, რომ მას აღარ ესმოდა ცოდვის მნიშვნელობა. ერთ-ერთი წმინდანის სიტყვით, როცა ნოემ თანამემამულეებს სინანულისაკენ მოუწოდა, ისინი ვერ მიხვდნენ, თუ რას ითხოვდა მათგან ნოე, რა უნდა მოენანიებინათ. „ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ყველანი" - პასუხობდნენ მართალ ნოეს. აღორძინება შეუძლებელია სინანულის გარეშე და ისინი ცოცხალ, მაგრამ უკვე ხრწნადაწყებულ გვამებს დაემსგავსნენ. „ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ყველანი" - ამ თავისმართლებამ ვერავის უშველა, წარღვნის ზვირთებმა ყველანი ერთ ვეება საფლავში ჩამარხა. კაცობრიობის საყოველთაო და შეუქცევადი დაცემის მიზეზი ოკულტიზმი და დემონის თაყვანისცემა იყო. მაგია და ოკულტიზმი შეფარულად, შენიღბულად, ზოგჯერ კი აშკარად შეიცავდა სატანის კულტს ყველა რიტუალით - ადამიანის მსხვერპლშეწირვითა და გარყვნილებით. მრავალნი ჩვენს დროს რელიგიის აღორძინების დროდ მიიჩნევენ: იხსნება მონასტრები, ახლდება და შენდება ტაძრები, ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო ლიტერატურა. ისეთ სფეროებშიც კი, როგორიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერება და ფილოსოფია, მატერიალიზმმა შევიწროვება განიცადა და ადგილი სხვა კონცეფციებს დაუთმო. ჩვენ ვხედავთ, რომ პლატინა, რომელიც დიდხანს კეტავდა მდინარეს, აღებულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ქრისტიანობასთან ბრძოლა გრძელდება, ოღონდ სხვა ფორმებით და თანამედროვე ლიბერალიზმი ამ დასაბამიერი ბრძოლის ახალ რგოლად გვევლინება. პასუხისმგებლობა ამისათვის არ გვინდა რომელიღაც პარტიებსა და სტრუქტურებს დავაკისროთ - პროცესი მეტისმეტად გლობალურია. აქ ჩვენ სატანურ გეგმას ვხედავთ, ამ სიტყვის არა მხოლოდ გადატანითი, ზედმიწევნითი მნიშვნელობითაც. გასული პერიოდი ქრისტიანობაზე ტოტალური თავდასხმის პერ-იოდი იყო და წარმართი იმპერატორების დროინდელ დევნას ჰგა-ვდა, ოღონდ გაცილებით სასტიკ და დახვეწილ ფორმებში. მილ-იონობით ადამიანი აწამეს რწმენისათვის, სიწმინდეები დაინგრა და შეიბილწა. აქ ხდებოდა არა ორი მსოფლმხედველობის, არამედ ორი რელიგიის შეჯახება - ქრისტესი და სატანისა. ამ ჰეკატომბებში ცეცხლივით ენთო ღვთისადმი სიძულვილი, თითქოს სატანამ ბრძოლაში ზეცა გამოიწვია; სატანურ სექტებს ამაოდ არ ჰქონდათ დევიზად სიტყვები: „ღმერთზე შურისძიება", რევოლუციის „მთავარმა დამპროექტებელმა" - მარქსმა ამიტომ შეარქვა რევოლუციას - „ზეცის შტურმი". მონაზვნებისა და მღვდლების განადგურება, ტაიგასა და საკონცენტრაციო ბანაკებში იმათი გადასახლება, ვინც ეკლესიაში დაუფარავად დადიოდა, ტაძრების კლუბებად გადაკეთება, სადაც ანტირელიგიურ სპექტაკლებს დგამდნენ, ასევე მათი საზოგადოებრივ ტუალეტებად, მონასტრებისა კი ციხეებად და დაკითხვის ადგილებად ქცევა - ეს აღარაა სოციოლოგია და ფილოსოფია, ეს დემონიზმია, საკუთარი ხალხის, ამასთან მისი საუკეთესო ნაწილის მიმართ უმეტესწილად ბოროტმოქმედების და სადისტების ხელით განხორციელებული დემონიზმი. თუკი ამ ყველაფრიდან მთავარ მოქმედ პირს - სატანას გამოვრიცხავთ, გაუგებარი დარჩება ყოველივე. დევნა, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში ანალოგი არ ჰქონდა, სისხლში ჩაიხრჩო. მან მოგვცა როგორც განდგომილნი, ასევე ქრის-ტესთვის წამებულნი. უხეშმა და უხამსმა მატერიალიზმმა ხალხის გულიდან რწმენის ამოძირკვა ვერ შეძლო. ადამიანი უნდა განადგურებულიყო არა ფიზიკურად, არამედ როგორც რელიგიურ-ზნეობრივი პიროვნება. ამიტომ ბნელმა ძალებმა დაასკვნეს, რომ პირველი ეტაპი დასრულდა და შემდგომზე გადავიდნენ. მათი ახალი ტაქტიკაა - დაუნგრეველი დატოვონ და აღადგინონ ქვისა და აგურის ტაძრები, მაგრამ ადამიანის გულის ტაძარი ისე დაანგრიონ, რომ ის უუნარო გახდეს იმ მადლის მიღებისა, რასაც ის ეკლესიაში, საიდუმლოებებთან ზიარებისას იღებს. დევნის დროს კი ხალხი ლოცვისათვის ტაძრის ნანგრევებში იკრიბებოდა. ძალადობას, თვით სიკვდილსაც არ შეეძლო დაენგრია და დაემსხვრია ქრისტეს მიმართ ანდამატივით მტკიცე სულიერი სიყვარულის ქვები ქრისტიანებისა. ამჟამად იდეოლოგიური დიქტატის და ათეისტური ცენზურის პლატინა თითქოსდა აღებულია, მაგრამ წყლის ჭავლთან ერთად დედამიწას ტალახისა და სისხლის ღვარი დაატყდა თავს. თავისუ-ფლებასთან და ზნეობასთან შეთვისებული აღმსარებლობის თავის-უფლების ნიღაბქვეშ, სექსისა და სისხლის კულტით, აშკარად მო-ჩანს იგივე შავბნელი სახე „სატანის რელიგიისა". წიგნის მაღაზიები და ტელეეკრანი წალეკა პორნოგრაფიამ. პიროვნების ინტიმურობა, მისი გრძნობების ენა - ხელოვნება, არსებითად პირდაპირ სატა-ნიზმად თუ არა, მის პრელუდიად იქცა. ალბათ გვეტყვიან: „ად-ამიანურ ნებაზე არავინ ძალადობს, ვინ გაიძულებთ ის წიგნები იკითხოთ და იმ სურათებს უყუროთ, რომლებიც გარყვნილად მი-გაჩნიათ? დაე თითოეულმა საკუთარი საზრდო თვითონ აირჩიოს, ცენზურა ძალადობაა, დაე საკუთარი ნება იყოს ცენზურა". მაგრამ ეს სიცრუეა. ზნეობისაგან თავისუფლება ზნეობაზე ძალა-დობად იქცა. სექსის სიბინძურე ადამიანს ყოველ ნაბიჯზე თან სდევს: ტელევიზორმა თავისი საცეცებით ყველაზე შორეულ დასახლებებს, კოსმოსსა და ოკეანის ფსკერს მიაღწია. ადამიანებს თავსმოხვეული აქვთ ერთი და იგივე, გლობალურად განხორციელებადი პროგრამა, მას ვერსად დაემალები. ხელოვნება თანაგანცდაზე, გმირების ემოციურ სამყაროში ჩართვაზეა დამყარებული. ამიტომაც გარყვნა ბავშვობიდან იწყება. იქ, სადაც ადრე ჭრელი პლაკატები იყო კომუნიზმის შენების მოწოდებით, სხვა პლაკატები გაჩნდა, რბილად რომ ვთქვათ, შიშველი ქალების გამოსახულებით. ამის არდანახვა, ქუჩაში ახვეული თვალებით სიარულს ნიშნავს. ჩვენ საროსკიპოში ჩაგვკეტეს და გვეუბნებიან: - თუ არ მოგწონთ, წარმოიდგინეთ, რომ საბავშვო ბაღში ხართო. მეორე კულტი - ესაა სისხლის და მკვლელობის კულტი. წიგნების გარეკანიდან გვიმზერენ პისტოლეტიანი განგსტერები, ნიღბიანი მკვლელები და სისხლისაგან დაცლილი მსხვერპლი. იქვეა წიგნები დემონთა გამოსახულებით, პრაქტიკული მაგიის, ასტროლოგიის, აღმოსავლური ოკულტიზმის სახელმძღვანელოები. ეს წიგნები დე-მონური ძალებისა და ენერგიის ერთი განუყოფელი თავმოყრაა, ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. რამდენიმე წლის წინ ამ ადგილას ეწყო წიგნები ეგრეთწოდებული მეცნიერული მატერიალიზმის შესახებ. დღეს ისინი გაქრა - თითქოსდა ძველი იარაღი ჩამოწერეს და ახ-ლით შეცვალეს. ტაძრებში ღვთისმსახურება აღესრულება, ახალი ეკლესიების აგ-ება იგეგმება. ჩვენ, ქრისტიანები რაღა თქმა უნდა, მოხარულნი ვართ ამისა, მაგრამ ერთი გარემოება გვაფიქრებს: ეკლესია - ეს ღმერთთან ურთიერთობის, ადამიანის სულის განწმედის, გულის მადლით გასხივოსნების ადგილია. ამის გარეშე ის წარსულის საფლავის ძეგლად დარჩება. პორნოგრაფიით და სექსით გარყვნილ ხალხს გული როგორღაც პარალიზებული აქვს, მას არ ძალუძს სულიერის მიღება. ამიტომ თვლიდა ეკლესია მთავარ ცოდვად მკვლელობას, მრუშებას და გარყვნილებას. ის ადამიანებს მრავალწლიან ეპიტიმიებს ადებდა, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ თანდათანობით, სინანულით განწმედილიყვნენ ამ ცოდვისაგან. ღირსი იოანე კიბისაღმწერელი შენიშნავს, რომ სიძვა არა მხოლოდ იწოდება ცოდვად, არამედ ესაა დაცემა. როგორც დაცემულს არ შეუძლია სიარული და ტალახში წევს, ვიდრე კვლავ ფეხზე არ დადგება, სიძვით დაცემული კაციც სულიერი ცხოვრების უუნაროა, ვიდრე ხანგრძლივი და მძიმე სინანული არ ექნება. ლიტერატურით, ვიდეოფილმებით, ქუჩის სექს-პლაკატებით გახრწნილი ადამიანები, ეკლესიაში მოსულები, თუ არ ინანიებენ, გვამებივით დგანან. მოინანიო - ეს ნიშნავს, რომ გამრყვნელ სულს წინ აღუდგე, მაგრამ ცოტანი თუ ბედავენ ამას. ადამიანის მტერი მისი საკუთარი ცოდვიანობაა. ამიტომ უმეტეს-ობა ცდილობს კომპრომისი მოძებნოს: ცოდვასთან ბოლომდე კი არ იბრძოლოს, არამედ ერთგვარი ფორმალური, გადაკეთებული ცოდ-ვით იცხოვროს, ანუ ისიძვოს თვალით, გულით, სულით, საქმით ჩადენილი ცოდვისაგან კი თავი შეიკავოს. უპირველეს ყოვლისა ეს ზღვარი მეტისმეტად მყიფე და არასაიმედოა, მეორე - ღმერთს ადამიანის გული სურს: „მომიძღვენი შვილო გული შენი" - ამბობს წინასწარმეტყველის პირით სული წმიდა; „ნეტარ არიან წმიდანი გულითა" - გვამცნო ქრისტემ უპირველეს ქადაგებაში. გარყვნილი სურათებით შებილწული გული, მეტიც, იმდენად მიჩვეული ამ სურათებს, რომ ცოდვადაც აღარ ეჩვენება, ანუ გული, რომელიც სინანულს არ შედგომია, ქვას დაემსგავსა, თუმცა მადლის წვიმით იპკურება, მაგრამ არ ცოცხლდება. ასეთი ადამიანი ღვთისმსახუ-რებას მშვინვიერად აღიქვამს - არა როგორც სულის განწმედასა და განათლებას, არამედ ტაძრის გარემოთი - გალობით და ა.შ. გამო-წვეულ განსაზღვრულ ემოციებს. ბნელი ძალა თითქოსდა ამბობს: ჩვენ ადამიანის ვენაში შხამის ინ-ექციას შევუშვებთ, შემდეგ კი თუ მას უნდა, იაროს საავადმყო-ფოებში. უფალმა ბრძანა, რომ ლოცვის წინ ყველა მაწყენარს უნდა მივუტევოთ; ადამიანების მიმართ გულმოწყალება ღვთის მოწყალებას გზას უხსნის, ხოლო მკვლელობის კულტი შინაგანად მხეცად აქცევს მას. ეს არ არის მარტოოდენ ძალ-ღონის კულტი, არამედ ესაა ძალადობით ტკბობა. რომის ბრბო პურსა და სისხლიან სანახაობას ითხოვდა. ტელეეკრანებიდან და დეტექტივების ფურცლებიდან მომდინარე სისხლი არა თუ ზიზღს არ იწვევს, ის თანამედროვე სამზარეულოს პიკანტურ საკმაზად იქცა. კაცს, რომელიც ხარბი ცნობისმოყვარეობით და იდუმალი სიამოვნებით უყურებდა მკვლელობას, წამებას და მომაკვდავთა კონვულსიას, როგორ შეუძლია ტაძარში მოვიდეს და ილოცოს ღვთის წინაშე, ვისი სახელიც სიყვარულია?! გარყვნილ და სასტიკ გულს არ შეიძლება ღმერთი უყვარდეს. რელიგიის არსი და ძალა კი ადამიანის სულსა და ღვთაებრიობას შორის სიყვარულშია. ჩვენთან იხსნება მონასტრები, რომლებიც „ქრისტიანობის გული" უნდა იყოს; „მონასტერი, ეს ეკლესიაა ეკლესიაში" - თქვა ერთმა წმინდა მამამ. მონაზვნობა სოფლისაგან განდგომა და ღვთისადმი თავის მიძღვნაა; მონაზვნობამ უნდა შეინარჩუნოს ის, რასაც ქვეყანა კარგავს - ლოცვა, გულის სიწმინდე, მდუმარება და სულიერი გამოცდილება. „კომპრომისების რელიგიას" - ლიბერალიზმს სურს, მონასტრებს თავისი დაღი დაასვას. წმინდა მამები ამბობენ, რომ გულით ლოცვა უმაღლესი საქმიანობაა დედამიწაზე, ის დემონური დამანგრეველი ძალის წინააღმდგომი ძალაა, ის მანათობელია ქვეყნისა; ვიდრე ლოცვა არსებობს, ქვეყნიერება იარსებებს. (გაგრძელება იქნება...)
1დაბ. 6,3.
უკან დაბრუნება |