მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თეოსოფია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

თეოსოფია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


8-04-2019, 00:03

 

თეოსოფია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

 „ რომელნი, ეძიებდეს სულსა ჩემსა, და
რომლენი ეძიებდეს ძვირსა ჩემსა, იტყოდეს
ამაოებასა, და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს"
(ფს.37. 13).

 

   როგორც ვთქვით, ეშმაკმა სამყაროს შექმნის დღიდანვე დაიწყო ბრძოლა ღმერთის წინააღმდეგ. საამისოდ მის ფანტაზიასა და შესაძლებლობებს ბოლო არ უჩანს. ღვთის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მეთოდი თეოსოფიურ სწავლებაში გამოვლინდა. თეოსოფია, როგორც ყველა მწვალებლობა, განშტოებებად იყოფა. მისი ყველაზე თვალსაჩინო იდეოლოგიური სახეობა ანთროპოსოფია გახლავთ.

   მოგვიანებით, სწორედ თეოსოფიის სწავლებაზე აღმოცენდა ისეთი საშიში რელიგიური შეხედულება, როგორიც ეკუმენიზმია.

   თეოსოფიაზე საუბარი, მით უფრო მისი ანალიზი, არ არის იოლი საქმე. მასში თავმოყრილ-ჩატეულია როგორც ძველი წარმართობისა და მაგიის, ისე აღმოსავლური კულტების მისტიური ხედვები და განცდები. თეოსოფია გაკვრით ახსენებს ქრისტეს და წმინდა წერილს, მაგრამ მასში ქრისტიანული მსოფლხედვის ნიშანწყალიც არ შეინიშნება.

   თეოსოფისაა და ანთროპოსპფიის უკეთ მიმოხილვისათვის არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) სტატიათა ამონარიდებს დავესესხებით:   

  „სიტყვა „თეოსოფია" ბერძნულიდან ითარგმნება როგორც საღმრთო სიბრძნე. ამ პრეტენზიული სახელწოდებით ინიღბება თანამედროვე წარმართობა, რომელსაც ქრისტიანობის დამხობა და ეკლესიის ადგილას პანთეონის - „ყველა ღმერთის ტაძრის" აგება აქვს განზრახული. თვით თეოსოფთა განმარტებით, ეს არის სწავლება, რომელიც ისწრაფვის მსოფლიო რელიგიათა ერთიანობის გამოხატვისაკენ, რათა ისინი ერთ, უნივერსალურ სისტემად ჩამოაყალიბოს...

   თეოსოფია ცდილობს ყოველგვარი რელიგიური სისტემისაგან განცალკევებულ და ამაღლებულ სისტემად წარმოაჩინოს თავი. სინმადვილეში იგი სახეცვლილი ბუდიზმითა და შივაიზმით იკვებება, ხოლო კოსმოლოგია და ანთროპოლოგია, ემბლემები და წეს-ჩვეულებები, პრაქტიკული ხერხები და მედიტაცია ჰიმალაისა და ტიბეტის „წმინდა" წიგნებიდან და ტრადიციებიდან აქვს ნასესხები...

  თეოსოფია აცხადებს, რომ ყოველი რელიგია ფარდობით ჭეშმარიტებას ფლობს. ამიტომ ადამიანი სხვა რელიგიების შესწავლის გზით უნდა „ ამდიდრებდეს" თავის სარწმუნოებას ანდა თვითონ ქმნიდეს ახალ რელიგიას... ადამიანს, რომელსაც ხელოვნურად გაბერილი, უსაზღვრო ამპარტავნების სული დაუფლებია, თეოსოფოსები სთავაზობენ, რომ თვითონ, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, საკუთარი წარმოდგენებისა და ოკულტური გამოცდილების საფუძველზე შექმნას თავისი რელიგია, ანუ „ღმერთის აღმშენებლობას" მიჰყოს ხელი. ამ გზით ადამიანი თავის თავის, აგრეთვე, თავის გულსა და გონებაზე გაბატონებული ვნებიანი ძალების პროეცირებას ახდენს: შედეგად გამომცხვარი რელიგია კი მისი ამპარტავნებისა და ინტელექტუალური ფანატიზმის მიერ შობილი ფუჭი ოცნების ნაყოფია...

  ჩვენი საუკუნის სენი ამპარტავნებაა. თეოსოფია აქეზებს და ავითარებს ამ ვნებას, ჩააგონებს ადამიანს, საკუთარ ძალებს დაეყრდნოს. მეტიც: იგი თვით ადამიანს აცხადებს ღმერთად. თეოსოფიური მისტიკის არსი ადამიანის მიერ საკუთარი ღვთაებრიობის შეცნობაშია. აქ მეორდება სატანისა და ადამის ცოდვა. ერთმაც და მეორემაც ხომ უღმერთოდ, ღმერთის გარეშე მოინდომეს ღმერთად ქცევა. თანამედროვე ადამიანი იოლად ეგება ამ ძველ ანკესზე.

   თეოსოფები თანამედროვე ადამიანს ზეადამიანურ ძალმოსილებას, ნათელმხილველობას, სხვა ადამიანზე ზემოქმედების, სხვათა მართვის უნარს ჰპირდებიან. თანაც ამას ისეთ რეკლამას უკეთებენ, თითქოს ხალხს ტიბეტისა და ინდოეთის ეგზოტიკურ საქონელს სთავაზობდნენ. ამგვარი რეკლამა კაცზე ჰიპნოზივით მოქმედებს....

   თეოსოფია სატანის რელიგიაა, ქრისტიანობის ანტიპოდია, მას სურს ღმერთი დემონის სახით წარმოაჩინოს, დემონს კი ისე ემსახურება, როგორც ღმერთს."


 

 დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 


უკან დაბრუნება