მთავარი > სხვადასხვა > ძუ მგელი და განდეგილი

ძუ მგელი და განდეგილი


7-09-2013, 00:07
ძუ მგელი და განდეგილი
  პატარა გამოქვაბულში, რომელშიც ერთი ადამიანი ძლივს დაეტეოდა, ოდესღაც ერთი ბერი ცხოვრობდა. ტრაპეზის დროს მას ხშირად ესტუმრებოდა ძუ მგელი, რომელიც მანამ იჯდა გამოქვაბულის კარებთან, სანამ განდეგილი საკვებს არ გამოუტანდა. მგელი განდეგილს ხელს ულოკავდა მადლობის ნიშნად და მიდიოდა. ერთხელ განდეგილმა სტუმრად მოსული ძმა გააცილა და გამოქვაბულში გვიან დაბრუნდა. ტრაპეზის დროს, ჩვეულებრივ, მგელი გამოქვაბულთან მივიდა, მაგრამ არავინ გამოეგება. მხეცი ცარიელ კელიაში შევიდა და გულმოდგინედ დაათვალიერა იქაურობა. კელიის კედელზე კალათი ეკიდა, შიგ ხუთი პური იდო. მგელმა ერთი პური შეჭამა და წავიდა.
   გამოქვაბულში დაბრუნებული განდეგილი უმალ მიხვდა, ვინ ჩაიდენდა ამ დანაშაულს.
   რამდენიმე დღის განმავლობაში მგელი არ გამოჩენილა, თითქოს თავის კეთილისმყოფელთან შეხვედრას უფრთხოდა. მეუდაბნოე ამის გამო ძალიან სწუხდა. შვიდი დღის შემდეგ მგელი ისევ ესტუმრა განდეგილს ტრაპეზის დროს, მაგრამ იმდენად დარცხვენილი ჩანდა თავისი საქციელით, რომ ახლოს მისვლა ვერ გაბედა. მოშორებით იჯდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ინანიებდა თავის საქციელს.
   განდეგილმა მგელს მოუხმო, თავზე ხელი გადაუსვა და ორმაგი ულუფით გაუმასპინძლდა. შენდობამიღებული მგელი გამხიარულდა და იმ დღიდან ისევ გააგრძელა მეუდაბნოესთან სტუმრობა.


უკან დაბრუნება