მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > ლოცვის ძალა (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ლოცვის ძალა (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


10-08-2015, 00:03

ლოცვის ძალა (ნაწილი I) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

 

   საქართველოს ისტორიის წყალუხვი მდინარე, რომელიც რამდენიმე ათასწლეულს ითვლის, მესოპოტამიიდან მოედინება; ის სათავეს მსო-ფლიოს პირველი დედაქალაქის დამაარსებლის - ნებროთის ეპოქაში იღებს.

  ბაბილონის ერთ-ერთმა წარჩინებულმა მცხოვრებმა - თარგამოსმა არ ისურვა ნებროთის მონობა და მონაწილეობა მის შეშლილ განზრახვაში - აეშენებინა გოდოლი, „ჩრდილოეთის მთებზე" უფრო მაღალი და ტახტი ზეცამდე აეტანა. თარგამოსმა ოჯახით და სახლეულით საიდ-უმლოდ დატოვა ბაბილონი და შუამდინარეთიდან ჩრდილოეთისაკენ გამოემართა მსგავსად აბრაამისა, რომელიც ღვთის ხმას დაემორჩილა, ქალაქი ური თავისი კერპებითურთ დატოვა და იმ უცნობი მიწისაკენ გაეშურა, რომელიც უფალმა აღუთქვა. თარგამოსმა თავისი კარვები იმ ადგილას დასცა, სადაც აზიასა და ევროპას ურთიერთს შეხლილი მყინვარებივით კიდენი ზეაღუმართავთ და აღმოსავლეთსა და დას-ავლეთს შორის ქვის საზღვარი - კავკასიონის ქედი წარმოუქმნიათ. თარგამოსი კავკასიის ხალხების და ტომების მამამთავრად იქცა, ხო-ლო მისმა ძემ ქართლოსმა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩა-უყარა საფუძველი. საქართველოს (ქართლოსის ქვეყნის) თანამედროვე რუსული სახელწოდება "Грузия" „გურჯისტანიდან" წარმოდგება, რაც თურქულად „მეომართა ბანაკს" ნიშნავს, სიტყვა-სიტყვით კი „სიძლიე-რის ბანაკს”. მრავალ ენაზე საქართველოს გეორგია - მიწათმოქმედთა ქვეყანა ჰქვია. მოგვიანებით ამ სახელწოდებამ კიდევ სხვა შინაარსი შეიძინა - „წმიდა გიორგის ქვეყანა", გიორგისა, რომელსაც საქართ-ველოში განსაკუთრებულად ეთაყვანებიან.

   საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა არაგვისა და მტკვრის შესართავთან მდებარეობს. ის ქართლოსის უფროსმა ვაჟმა - მცხეთო-სმა დააარსა. ქვეყანას მცხეთის მამასახლისი მართავდა. ალექსანდრე მაკედონელისა და მისი ეპიგონების დროს საქართველო ბერძენთა გამგებლობაში ექცევა. მათ დასამხობად საჭირო იყო მმართველობის ცენტრალიზება, რაც საქართველოს ოლქებს შეკრებდა და ხალხს და-რაზმავდა. ქ.შ.-მდე III ს-ის დასაწყისში მამასახლისთა ხელისუფლება უქმდება და საქართველოს პირველი მეფე ხდება ფარნავაზი, ალექ-სანდრე მაკედონელის მიერ მოკლული სპარსთა მეფის, დარიოსისა და მისი ქართველი ცოლის შთამომავალი. ფარნავაზმა გაათავისუფლა ქვეყანა დამპყრობლებისაგან, როგორც ბაღი გარეული ღორებისაგან და ფარნავაზიანთა დინასტია დააარსა, რომელიც ქ.შ.-დან III ს-ის და-სასრულამდე მეფობდა.

   აბეშურის - ამ სახელოვანი საგვარეულოს უკანასკნელი მეფის ასუ-ლი, მთავრების რჩევით სპარსეთის უფლისწულს მირიანს შერთეს. ამ ქორწინებით საქართველოში ხოსროიანთა (სასანიდების) ახალი დინა-სტია იწყება და ხუთი საუკუნის მანძილზე გრძელდება. მეფე მირი-ანის დროს საქართველომ ქრისტიანობა მიიღო (318-337 წ.). თუკი ფარნავაზ მეფემ დამპყრობელთა ბატონობა დაამხო და ხალხის ქედზე დადგმული რკინის უღელი დაამსხვრია, მეფე მირიანმა საქართველო დემონთა მსახურებისაგან გაათავისუფლა, კერპები მტრის მებრძოლე-ბივით შემუსრა და როგორც სულიერი ციხე-სიმაგრეები, პირველი ქრისტიანული ტაძრები აღმართა. მის დროს დაარსდა საქართველოს ეკლესია მთავარეპისკოპოსის მეთაურობით. მირიან მეფისა და მისი მემკვიდრეების დროს დაიწყო ქართველი ხალხისა და მთიელი ტომე-ბის განათლება.

   საქართველოს ისტორია - ეს უწყვეტი ომების ისტორიაა. გეჩვენება, რომ ქართული მატიანის ფურცლები ცრემლში გახსნილი ფერფლითა და ბრძოლის ველზე შეგროვებული სისხლითაა დაწერილი.

  პირველი, ვინც თარგამოსის შვილებს ომი გამოუცხადა, ნებროთი იყო. მან ორი ფიცი დადო: აეშენებინა კოშკი, რომლის მწვერვალიც ცას მისწვდებოდა, და დაეპყრო კავკასია, რომელსაც თარგამოსის შვი-ლებმა - რვა ძმამ, როგორც მიუვალ სიმაგრეს, თავი შეაფარეს. მაგრამ კოშკი დაუსრულებელი დარჩა, კავკასია კი დაუპყრობელი. ბაბილო-ნელ ტირანს ცალი ფეხით არარატზე მოესურვა შედგომა, მეორეთი - იალბუზზე; ის თარგამოსის შვილებს ბორკილდადებულებს უპირებ-და ბაბილონში ჩაყვანას, მაგრამ უკან მისი გასისხლიანებული გვამი ჩაიტანეს. ბაბილონის გოდოლი საკუთარი სიმძიმით დაეცა, ნებროთს კი ისარმა მოუღო ბოლო, აბჯარი გაურღვია და მკერდი განუგმირა.

   სხვა დამპყრობელს - კიროსს1, რომელმაც დალეწა ბაბილონის ალა-ყაფი, იმის გაკეთება სურდა, რაც ნებროთმა ვერ მოახერხა: ის ჩრდი-ლოეთით მის კვალს გაჰყვა, რათა კავკასიონის მთებისათვის, როგორც ვეფხვისათვის, სანადირო ბადე ჩამოეცვა და მის კალთებზე თავისი გამარჯვების ამბავი ამოეკვეთა, მაგრამ იგი ხეობებისა და მთების ლაბირინთებში დაიღუპა. მსოფლიოს მეორე დამპყრობლის მოჭრილი თავი, როგორც ალაფი, კავკასიის ტომების დედოფალმა თმებით ასწია და თავის ჯარს დაანახა.

   ვიდრე ერთიანნი იყვნენ თარგამოსის შთამომავალნი, კავკასია დაუ-მარცხებელი იყო. თუკი აბრეშუმის მრავალი ძაფისაგან თოკს დავგ-რეხთ, როგორი ძლიერიც გინდა იყოს მეომარი, მას ხელით ვერ გა-წყვეტს. მაგრამ დადგა დრო, როცა ერთობა დაიშალა - გაწყდა თოკი, კავკასიის ხალხებს რომ აკავშირებდა, დამპყრობელი ძაფებს ერთმა-ნეთის მიყოლებით წყვეტდა.

   ბაბილონელები ასურელებმა შეცვალეს. გადმოცემები კავკასიაში სე-მირამიდას2 ლაშქრობებზე მოგვითხრობენ. საქართველოს მატიანის ფურცლებზე ახალ დამპყრობელთა სახელები ჩნდება: სკვითებისა, მიდიელებისა, ბერძნებისა. ისინი ისტორიის სცენიდან გადიან, რათა ადგილი სხვებს დაუთმონ; ნაპირიდან უკუქცეულ ტალღას მეორე ტალღა მოსდევდა; განსაცდელი, რომელშიც ქვეყანა ვარდებოდა, ას-წლეულების მანძილზე უფრო და უფრო მძიმდებოდა.

   მე-7 ასწლეულში უბედურება, როგორც უდაბნოს ქარიშხალი, უეც-რად აღმოსავლეთიდან მოვიდა. არაბულმა ლაშქარმა ბიზანტიისა და სპარსეთის წინააღმდეგობა გატეხა და საქართველოში შემოიჭრა, სა-ქართველო პირისპირ აღმოჩნდა ხალიფატისა, რომელიც სიდიდით ავგუსტუს ბედნიერის დროინდელ რომის იმპერიას აღემატებოდა, ხოლო მისმა მხედართმთავრებმა თავიანთი ლაშქრობებით ძლევამო-სილი ტრაიანე დაჩრდილეს.

  საშველი არსაიდან იყო. ბიზანტია, რომელიც პროვინციებს კარგა-ვდა, ელვით გაპობილ მუხას ჰგავდა დამწვარი ფესვებითა და დალე-წილი ტოტებით. სპარსეთი, როგორც განგმირული გლადიატორი კო-ლიზეუმის არენაზე, გამარჯვებულის ფერხთით იყო გართხმული. სომხეთი ხალიფატის დარტყმებისაგან ქვაზე დავარდნილი თასივით ნაწილებად დაიშალა. ენისა და დამწერლობის დამკარგავი კავკასიის ალბანეთი დარდისაგან დამუნჯებულ ტყვე ქალს ჰგავდა. ალბანეთის ქრისტიანები ბარიდან მთაში მიდიოდნენ ძველი რომის ქრისტიანე-ბივით, კატაკომბებში რომ იმალებოდნენ. მთიან ადგილებში ჯერ კი-დევ იდგა ტაძრები და ღვთისმსახურება აღესრულებოდა, მაგრამ ბარში ისლამის მწვანე დროშა აფრიალდა, ზარების რეკვის ნაცვლად მოლების ყივილი გაისმოდა და მუსლიმანებს სალოცავად უხმობდა. ხაზარეთი მარცხს მარცხზე განიცდიდა. მისი მთავარი დაჭრილი მგე-ლივით დაძრწოდა საზღვრიდან საზღვრისაკენ, ვოლგიდან შავ ზღვა-მდე და ლაშქრის ნარჩენებს აგროვებდა.

   საქართველოსათვის განსაკუთრებულად ამაოხრებელი მურვან ყრუს შემოსევა იყო. მას ყრუ იმისათვის შეარქვეს, რომ არც დამარცხებულის შეწყალებაზე თხოვნას ისმენდა და არც თავისი მხედართმთავრების რჩევებს უგდებდა ყურს. ამ დროს საქართველოს მოსახლეობა ცდილ-ობდა თავი მთიანი ადგილებისათვის, როგორც ხელთუქმნელი სიმაგ-რეებისათვის შეეფარებინა. სტუმართმოყვარე მთიელები ეხმარებოდ-ნენ თანამოძმეებს, თავიანთ ქოხებში თავშესაფარს აძლევდნენ, საკვე-ბის მწირ მარაგს უყოფდნენ, ზოგჯერ კი უკანასკნელ ლუკმასაც. საქ-ართველო ფოლადის სოლს ჰგავდა - იხრებოდა და კვლავ სწორდე-ბოდა.

   სომხეთის მეფე სუმბატს დადევნებული ხალიფა მურვანი იმერეთში შემოიჭრა, მაგრამ აქ არგვეთის მთავრების, დავითისა და კონსტან-ტინეს მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა, რომლებმაც ხალიფას მეწი-ნავე რაზმები დაამარცხეს და უკუაგდეს. გამძვინვარებულმა ხალიფამ დაანგრია იმერეთის დედაქალაქი ქუთაისი, ხოლო დავითი და კო-ნსტანტინე, რომლებმაც უარი თქვეს ისლამის მიღებაზე, ჯალათებს გადასცა საწამებლად. ამის შემდეგ ის დიდი ჯარით შავი ზღვის სა-ნაპიროსაკენ წამოვიდა. მურვანის ლაშქარი არ შედგებოდა მხოლოდ არაბებისაგან; მასში სპარსელების, სირიელების, ეთიოპელი და სუდა-ნელი ზანგებისა და სხვა გამუსლიმანებული ხალხის რაზმები შედიო-დნენ. ის კოლხურ სიმაგრეს - ანაკოფიას შემოეწყო, სადაც თავს ქარ-თველი მეფეები - მირი და არჩილი აფარებდნენ. გარნიზონი მხოლოდ 3 ათას მებრძოლს ითვლიდა. ანაკოფიის ყოველ დამცველზე ბრძო-ლებში ნაწრთობი რამდენიმე ათეული მშვილდოსანი მოდიოდა. ისე ჩანდა, რომ დაღუპვა გარდაუვალი იყო, რომ თვით ციხე-კოშკი იქცა ხაფანგად ალყაში მოქცეულთათვის. ზღვისპირეთი და მიმდებარე მთები მაჰმადიანთა კარვებით დაიფარა, ანაკოფიის გარშემო ერთ ღამეში თითქოსდა ტყე გაიზარდა. ციხე-სიმაგრე კვიპაროსის თავზე მოწნულ მტრედის ბუდეს ჰგავდა: ხის ტანს დიდი გველი შემოხვევია. ის ქშენითა და სტვენით ზევით მიხოხავს, რათა უმწეო ბარტყები გა-დაყლაპოს. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

1კიროსი - კიროს II დიდი, სპარსეთის მეფე, აქემენიდთა სახელმწი-ფოს დამაარსებელი (ძვ. წ. აღ. 530).

2სემირამიდა - ასურეთის დედოფალი.

 


უკან დაბრუნება