მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > გარდასულ დღეთა ჩაუმქრალი ნათელი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

გარდასულ დღეთა ჩაუმქრალი ნათელი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


8-08-2015, 00:03

 

 

 

 

  ციცაბო კლდის წვერზე, როგორც საგუშაგო ბაქანზე, საიდანაც ქვის ტალღებივით მოჩანს წყება მთებისა, დგას მარტოხელა ტაძარი. ის მდუმარების ქვეყანას დარაჯობს, ირგვლივ სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანს. მხოლოდ ხავსივით ბალახი, როგორც უტყვი მოწმე გარდა-სულ დღეთა, მალაქიტივით ფარავს მიწას საუკუნოვან ქვებს შორის. იქვე, ტაძრის შესასვლელთან ერთადერთი, ნახევრად ხმელი ხე დგას.

   ტაძრის კედლები ვეება თლილი ქვით ისეა ნაგები, რომ მათ შორის სამართებელიც ვერ გაივლის. საქართველოს ციხესიმაგრეები მტრის ურიცხვ შემოსევას იგერიებდნენ, ველურთა ლაშქრის ალყას უძლებ-დნენ; ამ ათასწლოვანი ტაძრის კედლებმა კი დროის ალყას და ას-წლეულთა ისეთ ქარიშხალს გაუძლეს, ქალაქებსა და სოფლებს რომ აღგვიდა პირისაგან მიწისა. წინაპართა რწმენა, სიყვარული თითქოსდა ამ ქვებშია ჩაკირული, ლოცვის ცრემლით და მოწამეთა სისხლით შედუღაბებული. კლდის ქიმიდან საოცარი სურათი იშლება; როგორც ელვით, მზის სხივებით ნამსჭვალი ცის ლაჟვარდი და ქვათა ძუნწი, იდუმალი სილამაზე. კავკასიონის მთები თითქოს ძვლებია, რომლებ-საც დედამიწის სხეული უჭირავთ. უკაცრიელი მთები - ეს ცოდვისგან შეუბღალავი პატარა კუნძულებია, სადაც დედამიწის პირველქმნილი სილამაზის ანარეკლია შემონახული.

   მარტოხელა ტაძარი მთის ტბას ჰგავს, რომლის ბროლივით სუფთა წყლით მგზავრს წყურვილის დაოკება შეუძლია. ამ ადგილას იშვიათი ფრთოსანნიც მოფრინავენ, მთების სიჩუმის დარღვევას ისინიც ეკრძა-ლვიან; აქ მკრთალდებიან მიწის ფერები, სანაცვლოდ კი ცა იშლება მთელი თავისი დიდებულებით: ყვავილთა ელვარებით, ალიონისა და დაისის სიკაშკაშით, ის დიდი ტაძრის შიგნიდან მოოქროვილ გუმბათს გვაგონებს. ფესვებდამსკდარი, სანახევროდ გამხმარი ხე ტაძრის გვერ-დით დგას უმცროს დასავით. დროდადრო მოფრენილი ჩიტი არც კი ჯდება ღრმა ძილს მიცემულ ხის ტოტზე, ხოლო მხეცებისგან გაკვა-ლული ბილიკით ზოგჯერ მონადირეებიც ამოდიან აქ.

   ღრუბლები მიწის პირზე ჯარს ჩამორჩენილი რაზმებივით მიცოცავ-ენ ან ცის თაღზე დიდრონი ფრინველებივით მისრიალებენ ფრთაგაშ-ლილნი, კლდეებს ეფინება მათი გამჭვირვალე, მოვერცხლისფრო ჩრდილები.

   ტაძარში ვიწრო სარკმლები და დაბალი კარია, რომელშიც მოხრილი, თავდადრეკილი, თითქოსდა ღმრთაებისადმი თაყვანისცემით თუ შე-ხვალ. შიგნით ბინდი და განსაკუთრებული სიჩუმეა, იმაზე მკვრივი მდუმარებაა, ვიდრე მდუმარება მთებისა. იატაკსა და კედლებს შორის აქა-იქ ამოუყვიათ თავი გამხმარ ღეროებს.

   უდაბნოთა შორის ყველაზე მივარდნილი - ეს მთიანი უდაბნოა. გე-ჩვენება, რომ აქ დედამიწა თავის საბრძანებელს ზეცას უთმობს, რომ ჩაივლის ათასწლეული, ტაძარი კი ამ ადგილზე, კლდის წვერზე კვლავ იდგება, როგორც მარადისობის ბეჭედი. ხე ტაძრის წინკარში იმ წყა-როთა პირას მდგარ ხეს ჰგავს, რომლის შესახებაც წერდა დავით მეფ-სალმუნე, ან კიდევ - სახეა ლოცვაში ჩაძირული მდუმარე მონაზვნისა.

   ტაძარში თეთრი ქვისგან გამოთლილი კანკელის ნაწილია შემორჩე-ნილი, ისეა მოჩუქურთმებული, თითქოს აბრეშუმზე მოუქარგავთ ან ტილოზე დაუწერიათ. აქ ნემსი და ფუნჯი ჩაქუჩსა და საჭრეთელს შეუცვლია. ჩუქურთმა ამოუცნობ დამწერლობას ჰგავს, საკურთხევლის კედელი - სჯულის ფიცარს, რომელზეც საქართველოს ისტორია და ბედი საიდუმლოდაა ამოტვიფრული. ამ ფილიგრანულ ნამუშევარში იმ უცნობ ოსტატთა ღვაწლია, რომლებმაც სიწმინდე მოიხვეჭეს, ლო-ცვით ზეცა აირეკლეს თავიანთ გულებში, შემდეგ ეს სურათი ქვაზე გადმოიტანეს და კანკელში განასხეულეს. აქ არა მხოლოდ მაღალი ხელოვნება და კოსმიური ჰარმონიის შეგრძნებაა, არამედ საუკუნეთა სიბრძნეა ხორცშესხმული. აქ ქვა ლოცულობს, ჩუქურთმა გალობს და ტაძარი სულს უმაღლეს ფილოსოფიას - ღვთივშემეცნებას უცხადებს.

  უდაბნოს ტაძრის კედლები, როგორც ათი უხილავი ნაკადით, ათ-საუკუნოვანი ლოცვითაა გაჟღენთილი. ისინი სულიერი სინათლით არიან განმსჭვალულნი, მადლით დარწყულებულნი და იმათ გულებს ეუფლებიან, ვინც ამ ტაძარში კრძალვით შედის. აქ ადამიანს, როგორც უცნობელი სიღრმე, თავისი სულის საიდუმლო ეხსნება.

  ტაძარი თითქოს ცის უხილავ საყრდენზე დგას და მიწას მხოლოდ ხილულად ეხება. მის კედლებთან უცნობი საფლავებია. ზოგი საფლ-ავი ისე ღრმად ჩასულა მიწაში, გეგონება, ჩაძირული გემის თავზე ტალღებს პირი შეუკრავთო; სხვა საფლავების ფილებზე სახელები წაშლილა, მაგრამ ისინი ზეცამ დაიხსომა სამარადჟამოდ. ვინ არიან იქ დაკრძალულნი? - მთავრები, რომლებიც ხმლით ხელში უბრალო მე-ომრების დარად იცავდნენ სამშობლო მიწას; მონაზვნები არწივის ბუ-დეების მსგავსი სავანეებიდან; ერის უხუცესნი, რომელთა სიტყვა მთა-ვრებისთვისაც კანონი იყო და მეფენიც ვერ ეურჩებოდნენ; აქ ის ად-ამიანები წვანან, ვინც ეს ტაძარი ააგო, ტაძარმა კი ისინი თავის ჩრდი-ლქვეშ შეიფარა. ვინ უწყის, რამდენი მართალი იყო მათ შორის!

  კავკასიონი დედამიწასავით მხცოვანია და განთიადივით ჭაბუკი; ღამესავით იდუმალია და თოვლზე არეკლილ მზესავით თვალისმომ-ჭრელი. მწვერვალები ჭაღარა ხევისბერებს ჰგვანან. ისინი თითქოს ფი-ქრობენ და ჩამოწოლილ ღრუბლებს მიღმა დაფარულ მომავალზე ჩუ-მად საუბრობენ.

  თუკი საქართველოს გული წარსულს მიუბრუნდება, სიწმინდეთა შემხედვარე ათრთოლდება უწინდებურად, თუკი მიხვდება, რომ ამ უდაბურ ტაძარში მისი ყველაზე დიადი საგანძურია დავანებული, მაშინ კავკასიონის მთები გაცოცხლდებიან და უძლეველი ციხის კე-დლებივით დაიცავენ საქართველოს. მაგრამ თუკი საქართველო დაი-ვიწყებს წარსულს, ვერ გაიგონებს მდუმარებას მთებისას და ტაძრიდან მომდინარე ზეციურ ნათელს ვერ დაინახავს... მას ზეცაც დაივიწყებს!!!



უკან დაბრუნება