მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ძენ-ბუდიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ძენ-ბუდიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე13-04-2019, 00:02 |
თანამედროვე აღმოსავლურ სწავლებათა შორის ძენი ინტელექტუალურად ყველაზე დახვეწილი და ასკეტური სწავლებაა. მისი იდეები „კოსმიური ბუდას" თანაგრძნობის და სიყვარულის შესახებ, ალბათ, ყველაზე მაღალი რელიგიური იდეალია, რომლის მიღწევაც ძალუძს ადამიანურ გონებას ქრისტეს გარეშე. ამ მოძღვრების ტრაგედია სწორედ ისაა, რომ მასში არ არის ქრისტე და, მაშასადამე, არც ცხონებაა. ამიტომაც თვით ძენ-ბუდიზმი უშლის ყველაზე მეტად ხელს მის მიმდევრებს ქრისტესმიერი გზის, ცხონების ძიებაში...
ძენი კარგად პასუხობს იმ ადამიანების დახვეწილ ამპარტავნებას, ვისაც მიაჩნია, რომ თვითონ ძალუძს საკუთარი თავის ცხონება, არავითარი მაცხოვარი არ სჭირდება - მხოლოდ საკუთარი თავი... ძენ-ბუდიზმს შეუძლია თითქმის ყველაფერი მისცეს დღევანდელ რელიგიურად განწყობილ ახალგაზრდას, გარდა ჭეშმარიტი ღმერთისა - ქრისტესი და მარადიული ცხონებისა, რომელსაც იგი მოგვანიჭებს. როგორც უკვე ითქვა, აღმოსავლური რელიგიების საბოლოო მიზანია უნივერსალური რელიგიის შექმნა, ამ საქმეში ძენი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მაშ, დაე გაფრთხილებად გამოგვივიდეს: „მომავლის რელიგია" უბრალოდ კულტი ან სექტა კი არა, ღრმა და ძლიერი რელიგიური მიმდინარეობა იქნება, რომელიც სავსებით დამაჯერებლად მოეჩვენება მრავალი ადამიანის გულსა და გონებას... ასეთი „ახალი რელიგიური აზროვნება" ქრისტიანობის ბევრად უფრო ძლიერი და საშიში მტერი ხდება, ვიდრე წარსული დროის მწვალებლური მიმდინარეობანი. თავიდან აღმოსავლური კულტების „სულიერი" ცდები თითქოს კეთილია, უწყინარი, ნეიტრალური. შემდეგ მასწავლებლები რაღაც უცნაურ და შემაძრწუნებელ ცდებზე გადადიან, რომელიც ბოლოს და ბოლოს აშკარად დემონურ ხასიათს იძენს."1 ამრიგად, ძენ-ბუდიზმი, როგორც აქამდე განხილული რელიგიები, მიზნად ისახავს ადამიანის ბრძოლას ღმერთთან, საკუთარ თავში ჩაკეტვას, თვითჭვრეტას: სწორედ ეს გახლავთ საკუთარი ბნელი ქვეცნობიერის საოცარი ტრფობა, საკუთარი თავის გაღმერთების კიდევ ერთი ფორმა. მას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს - ომი ღვთის წინააღმდეგ!
1არქ. ლაზარე (აბაშიძე) „აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის." გვ. 21.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე უკან დაბრუნება |