მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > "ნეტართა კაცთა საქმენი საკვირველი"
"ნეტართა კაცთა საქმენი საკვირველი"15-08-2012, 21:31 |
ნეტარმა მატოიმ ჭეშმარიტი ქალწულება დაიმარხა არა მარტო ხორცით, არამედ "სულითა და სიტყვითა, სასმენელითა და თვალითა".
"მოუკლებელი ლოცვაი, წყურვილი და შიმშილი მარადის და ქძილობაი, ზედგომაი და მუხლთა მოდრეკაი"_ აი, ასეთი გარდარეული ფიცხელი შრომით ცხოვრობდა წმინდანი და "სულისა მტერნი მოაუძლურნა".
ორმოცი წელიწადი განაგებდა მატო მერეს დედათა მონასტერს და ამ ხნის მანძილზე მისგან უქმი სიტყვა და უსარგებლო პასუხი არავის მოუსმენია. ჟამისწირვა არასოდეს გაუცდენია, გარდა უძლურების მიზეზისა.
ერთხელ სანატრელი მამა თავის სამყოფელში იყო მერეს მახლობლად. მან სულით იგრძნო მპარავთა მოსვლა. დაამზადა მათთვის პური და როცა ღამით ისინი მოვიდნენ უთხრა მათ: "გრწმენინ ჩემი, შვილნო, წმიდაი ღვთისმშობელი გიბრძანებს არა ვნებად ჩემდა, არამედ მოვედით და ჭამეთ პური რომელი განგიმზადე თქვენ".
ერთი მათგანი, მეთაური მათი, გაკადნიერდა და განიზრახა წაეღო ის, რაც წმიდა მამას ჰქონდა.
ნეტარმა შერისხა მპარავი. იგი მაშინვე დაეცა ბოროტისაგან. მისი მოყვასნი ცრემლით ევედრებოდნენ წმიდა მამას, განეკურნა იგი. მატოიმ ჯვარი დასწერა მას და თქვა: "განკურნებს წმიდაი ღმრთის მშობელი!" და ისიც სწრაფად განიკურნა.
წმიდა მამამ კეთილად დაარიგა მპარავნი, შემდეგ კი გაუმასპინძლდა მათ და მშვიდობით გაისტუმრა. ასეთი მრავალი სასწაული აღასრულა წმიდა მატოიმ.
მოხუცებულობას მიწევნული წმიდა მამა ძლიერი და დაუღალავი შრომისაგან დასნეულდა, ისე რომ თავისი თავის მსახურებაც აღარ შეეძლო. მონაზონ დედათა მომსახურეობა ნეტარმა უწესოდ ჩათვალა და გადაწყვიტა წასულიყო ბერთას მამათა მონასტერში, სადაც მისი მეგობარი მონაზონნი ცხოვრობდნენ.
გახარებულ მამებს ხელით მოჰყავდათ დაუძლურებული წმიდანი. როცა მცირე მანძილი გაიარეს, მან უბრძანა მონაზონ ძმებს, დაესვათ იგი. წმიდა მატოიმ ლოცვა აღუვლინა უფალს და შესთხოვა, მიეცა მისთვის სიარულის ძალა. მაშინვე გაძლიერდა წმიდანი და თავისი ფეხით მივიდა ბერთას. მან ერთი წელი დაჰყო იქ. შემდეგ "სრულად "მრთელი" გარდაიცვალა და "მივიდა _ "სოფელსა მას ცხოველთასა".
წმიდა მატოს აღსასრული წინასწარ ემცნოთ, მერეს მონასტრის სანატრელ დედებს _ დეკანოზ თემესტიასა და ანატოლე დაყუდებულს.
ორთავე დედა შუაღამეს, ჟმისწირვამდე, მივიდა ეკლესიაში. დეკანოზმა თქვა:
_ რაისათვის არს მოსვლაი შენი? მაუწყე რაი იხილე?
ანატოლემ უპასუხა: _ მსგავსად შენისა ხილვისა ვიხილე, რამეთუ აწ აღესრულა მაკურთხეველი ჩვენი მიტოი და მოუთხრა, თუ როგორ იხილა კაცი ბრწყინვალე სამოსით შემოსილი, რომელმაც მიიყვანა იგი ბერთას მონასტრის ბორცვის მახლობლად. ანატოლემ დაინახა, თუ როგორ გადმოეშვა ზეციდან ნათლის სვეტი და დაადგა მონასტერს. სვეტს თან ჩამოჰყვა ანგელოზთა კრებული, რომელთაც საოცარი გალობით ზეცად აჰყავდათ ნეტარი მატო ხელაპყრობილი და გამოუთქმელი უხორცო დიდებით შემკობილი.
_ ჭეშმარიტად სარწმუნოა შენი ჩვენება _ უთხრა დეკანოზმა და მოუთხრო, თუ როგორ იხილა სანატრელი მატო ახალგაზრდა და შემკობილი დიდებითა, რომელიც შემოსილი იყო ძვირფასი ჟამისწირვის სამოსლით. მან უთხრა დეკანოზს: "საკურთხეველსა რომელსა ვჰსახურებდეთ სიყრმით ჩემითგან, აწ ამით საკურთხეველით დაუსრულებელად მისსა მსახურებად მივიცვალე".
ამ დროს ბერთას მონასტრიდან ვიღაც მოვიდა და დედებს მატოს გარდაცვალების ამბავი აუწყა.
სასწაულმოქმედი წმიდა მამა ეპიფანე
წმიდა გრიგოლის მოწაფემ მამა ეპიფანემ განსაკვირვებელი სიმდაბლით თავისი მოძღვრის საზომს მიაღწია. ნეტარი ეპიფანეს საოცარ სიმდაბლეზე მეტყველებს ერთი შთამბეჭდავი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან.
ნეტარმა გრიგოლმა წმიდა ეპიფანეს ხანძთის მონასტერში, რომლის წინამძღოლიც იყო, ჟამისწირვის ჩატარება უბრძანა.
როდესაც მამა ეპიფანე საკურთხეველში შევიდა და ღვთისმსახურება დაიწყო, გრიგოლი მივიდა მასთან, კვერთხი სცა თავში და გააჩუმა. შემდეგ კი სადიაკონედ წასვლა და განძარცვა უბრძანა. ეპიფანემ უხმოდ შესარულა მოძღვრის ბრძანება, შემდეგ მივიდა და მის წინაშე მორჩილად დადგა.
ამის შემდეგ კვლავ უბრძანა მამა გრიგოლმა ეპიფანეს შემოსვა და ჭამისწირვის აღსრულება. ამპარტავნების სენის მძლეველმა ნეტარმა სიხარულით მიიღო მოძღვრის ეს ბრძანებაც და დაიწყო უსისხლო მსხვერპლის შეწირვა.
მამა გრიგოლმა ასეთი საქციელით თავის მოწაფეებს ცოცხალი მაგალითი უჩვენა გასაოცარი სიმდაბლისა. ასეთი სიმდაბლისა და სხვა მრავალი სათნოების გამო მამა ეპიფანემ ღვთისაგან სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიიღო.
ერთხელ მამა ეპიფანე თავის ძმებთან ერთად პურის საჭმელად იჯდა. ამ დროს მივიდა ვიღაც დედაკაცი შვიდი წლის ყრმით. ბავშვი სასიკვდილო სენისაგან იტანჯებოდა. მისი სული ხორცისაგან გასვლას ლამობდა.
წმიდა მამა ატირდა, დავარდა უფლის წინაშე და მხურვალე ლოცვა აღავლინა: მაშინვე განეშორა სალმობა და უძლურება მომაკვდავ ბავშვს.
სხვა მორწმუნე მშობლებს ჰყავდათ შვილი "მტერისაგან ვნებული შობითგანვე", რამეთუ იყო ყრუ და გონებანაკლული. დღევანდელი სამედიცინო ტერმინოლოგიით ასეთ ბავშვებს დაუნებს უწოდებენ. მეცნიერი ექიმები დაუნი ბავშვის დაბადების შემთხვევაში გამოკვლევებს ატარებენ მშობლების გენზე და ავადმყოფობის ათასგვარ მიზეზს ასახელებენ. ამ დროს არავინ ინტერესდება, თუ როგორ ხსნის საღვთო კანონი ამ დაავადების მიზეზს.
გულსატკენია, რომ შობითგანვე ბოროტისაგან ვნებული ეს უმწეო არსებანი დღევანდელი საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელნი არიან. მას აღიქვამენ, როგორც ბიოლოგიურად უსარგებლო პროდუქტს და ხშირ შემთხვევაში მშობლებს ურჩევენ უარი თქვან ასეთ შვილზე, როგორც უვარგისსა და გამოუსადეგარზე.
თანამედროვე ექიმთაგან ალბათ მცირე თუ დაიჯერებს, რომ ასეთი მძიმედ დაავადებულ ბავშვთა განკურნებაც შესაძლებელია ღრმადმორწმუნე წმიდა მამათა ლოცვა-ვედრებით.
ნეტარმა ეპიფანემ გულმხურვალე ლოცვა აღუვლინა უფალს, ეს ლოცვა ჩვენთვისაც ყურადსაღებია:
"ქრისტე ღმერთო, რომელი კაცთმოყვარებისათვის განჰკაცენ და ივნე ვნებულთა განკურნებისათვის. აწ უფალო მოწყალეო, რაისთვის უცოდველი ესე დაბადებული შენი ცოდვათა ჩვენთა სამხილებლად იგვემების ეშმაკისაგან? შენ, წყალობა აღუწერელო ღმერთო, ულხინე და განათავისუფლე ესე ყოველთაგან ჭირთა და სიხარული მიეც მშობელთა ამისთა!"
წმიდა მამამ ჯვარი დასწერა ბავშვს. ბოროტისაგან გათავისუფლებულმა ყრმამ "სიბრძნით "აღიტევა უტყვი იგი და კეთილად ესმოდა უსმსა მას".
სხვა მრავალი ასეთი სასწაული აღასრულა მამა ეპიფანემ...
მარინე აბაშმაძე უკან დაბრუნება |