მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > „უფალი განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თავისი ჭეშმარიტებით“ - წმ. იოანე კრონშტანდტელი
„უფალი განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თავისი ჭეშმარიტებით“ - წმ. იოანე კრონშტანდტელი18-02-2017, 00:07 |
მე ვყოფილვარ საოლქო სასამართლოში. მისი ძირითადი დარბაზის გარემო მეტად შთამბეჭდავია. კედელზე ხელმწიფოს დიდი სურათი, დიდი მაგიდა, სავარძლები, დარბაზში მრავალრიცხოვანი პუბლიკა, იქვე მსჯავრდებული და ბრალდებული. იწყება სასამართლო, იღება კარები და შემოდის მოსამართლე. ყველანი ფეხზე დგებიან, იკითხება განაცხადი და ხმამაღლა აცხადებენ ბრალდებულს, მოიწვევენ მოწმეებს, დებენ ფიცს, რომ მხოლოდ სიმართლეს ილაპარაკებენ და იწყება საქმის განხილვა. ბრალდებულისთვის ეს საკმაოდ საშიში გარემოებაა. მას შემდეგ, რაც გაირკვევა მისი დანაშაული თუ უდანაშაულობა, განაჩენი ხმამაღლა ცხადდება დაისაჯოს, თუ განთავისუფლდეს სასჯელისგან. ამგვარია მიწიერი, კაცობრივი სამსჯავრო. მოსამართლე ადამიანი, ისეთივე ცოდვილი ადამიანი, როგორიც ბრალდებული, ისინიც ხშირად ცდებიან, უსამართლოდ სჯიან - ამართლებენ დამნაშავეს და სასჯელს ადებენ უდანაშაულოს. სხვანაირია ღვთის სამსჯავრო: იგი სამართლიანია, ზუსტია, ნამდვილია. წინასწარმეტყველი ამბობს: „უფალი განსჯის სამყაროს სამართლით და ხალხებს - თავისი ჭეშმარიტებით" (ფს. 95, 13). დაუკვირდეთ ღვთის საშინელი სამსჯავროს სახარებისეულ აღწერას: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისა დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდარსა დიდებისა თვისისათა და შეკრბეს წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა - იგი მწყემსმან რა განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯვენით მისა და თიკანნი - მარცხენით, მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯვენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითა სოფლისაითა". (მათ. 25. 31. 34). რა ღვაწლის გამო, გვეძლევა ცათა სასუფეველი? ღვთის სიყვარულისა და მოწყალების საქმეთა გამო, როგორც ამას ღვთაებრივი პასუხი ცხადყოფს. „მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა, წარვედით ჩემგან. წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მათ. 25. 41). რის გამო გვედება ასეთი სასჯელი? ღვთისა და მოყვასის უსიყვარულობის, თვითნებობის, ურწმუნოების, გულგრილობის, მომხვეჭელობისა და შემოქმედისადმი მოკლე აღწერილობა. უფრო ღრმა შთაბეჭდილების მისაღებად, დაწვრილებით განვიხილოთ სახარების ეს ადგილი. მახარობელი გვამცნობს, რომ ძე კაცისა, ანუ ქრისტე, „მოვალს დიდებითა თვისითა". შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს საშინელი, გაუგონარი დიდება ყოვლისშემძლე და ყოვლისშემოქმედი ღმრთისა. რომლის სიტყვით შეიქმნა ცა და ქვეყანა, ანგელოზნი და დასნი, რომლის სიტყვით მთელი სამყარო სრულყოფილ ჰარმონიაში იმყოფება. თა-ბორის მთაზე ღმერთმა თავის სამ მოწაფეს მხოლოდ მცირედი სიდიადე უჩვენა. ამასაც კი ვერ გაუძლეს ხილვად მოციქულებმა და მიწაზე თავდახრილნი დაეცნენ. მოციქული ამბობს: „როდესაც დავინახე იგი, დავეცი მის ფერხთით ვითარცა მკვდარი". ამგვარად ეცხადება უფალი თავის რჩეულ მოწაფეთ. ახლა წარმოიდგინეთ, რა სიდიადით გამოჩნდება იგი ყველა საუკუნის ერების წინაშე, რომ ყველა დაინახავს მის საშინელ ღვთაებრივ დიდებას და ყოველგვარი ეჭვის გარეშე ირწმუნებს მის ღვთაებრივ ყოვლისშემძლეობას. - მათ შორის იუდეველებიც იქნებიან რომლებმაც ჯვარს აცვეს და შეურაცხყვეს იგი! როგორ იგრძნობენ თავს მოუნანიებელი ცოდვილნი და ებრაელთა უმრავლესობა, რომლებმაც დევნეს და დღემდე დევნიან ქრისტიანებს? იოანე მოციქული პასუხობს: „აჰა ესერა მოვალს ღრუბელთა თანა, და იხილოს იგი ყოველმან თუალმან და რომელთა იგი უგუმირეს მას: და გოდებდენ ტომნი ქუეყანისანი: ჰე, ამინ" (გამოცხ. 1. 7). რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მაშინ დღევანდელი, გუშინდელი და ხვალინდელი ურწმუნო ინტელიგენტები, დეკადენტები, ბოროტი განზრახვის მქონე მწერლები, რომლებმაც ბეჭდვითი საშუალება ცილისწამების, ტყუილის, ცდუნების, სიწმინდისა და კეთილი ადამიანების დაცინვისა და შეურაცხყოფის იარაღად გამოიყენეს? მათ წინაშე თვალნათლივ გაიხსნება მათი ცოდვები, ყოველივე, რასაც ებრძოდნენ და წინ აღუდგებოდნენ. აშკარა ჭეშმარიტება დაამარცხებს მათ. ისინი დადუმდებიან, ხმას ვერ ამოიღებენ. მაშინ რეალურად დაინახავენ თავიანთ დანაშაულს და იგრძნობენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. რამეთუ არ ჩაივლის უქმად ღვთის სიტყვა: „ყოველი სიტყვა უქმი რომელსაც იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვა მისთვის დღეს მას სასჯელისასა, რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა წარსდგებიან მეფე და ჯარისკაცი, მდიდარი და დედაკაციც". ასე რომ, დღევანდელი დღიდან დავიწყოთ სამსჯავროსთვის მზადება: „ჯერ - არს საქმედ საქმესა... ვიდრე დღე არსღა: მოვალ ღამე, ოდეს ვერვის ხელეწიფების საქმედ" (იოან. 9.4). საკმაო დრო დავკარგეთ ამაოდ ცხოვრებაში. დროა ჩვენს საბრალო სულს გამოცდის თვალით შევხედოთ. იარეთ ეკლესიაში, მოინანიეთ ცოდვანი, მოემზადეთ სამსჯავროსთვის. ზოგნი ფიქრობენ: „რა დროს საშინელი სამსჯავროა, ღმერთი მოწყალეა, იგი შეგვიწყალებს... ჩვენ ხომ, უმეტესად, ჩვენი უძლურების გამო ვცოდავთ და არა ბოროტებით, რომ მოწყალენი მოწყალებულ იქნებიან. მაგრამ სად არის მოწყალების საქმენი? აშკარაა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ეზრუნათ. ძმანო! ღმერთმა დაგვიფაროს მარადჟამ მომხიარულე მდიდარის წიაღში მოხვედრისაგან. იქ თუ აღმოვჩნდით, მაშინ გვიან იქნება ენით გასაგრილებლად წყლის წვეთის მოთხოვნა. იქიდან ვერც ახლობლებს გავაფრთხილებთ, რათა იგივე ხვედრი არ ეწიოთ მათ (ლუკ. 16. 19-25). მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, გამოვიყენოთ იგი სინანულისა და გამოსწორებისათვის, ამინ.
თარგმნა დავით ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |