მთავარი > უახლესი ისტორიიდან > აპოკალიფსური კალეიდოსკოპი

აპოკალიფსური კალეიდოსკოპი


15-08-2012, 21:15
 რომის კათოლიკური ეკლესიის ნიუ-იორკის ეპარქიამ ქალაქის პროკურატურას გადასცა იმ ღვთისმსახურთა სია, რომელთაც ბრალად ედებათ სექსუალური ძალადობა ბავშვების მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატების ამ უდიდესი ეპარქიის ხელმძღვანელობის ეს ნაბიჯი მსოფლიოს კათოლიკური ეკლესიის კურსის კარდინალურ ცვლილებაზე მეტყველებს. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ "შავი სიის" გადაცემა პროკურატურისთვის ქალაქის საზოგადოებრიობის დამსახურებაა, რადგან სწორედ აღშფოთებული მოქალაქეების ზეგავლენით მიიღეს კათოლიკური ეკლესიის "მამებმა" ასეთი გადაწყვეტილება.
ამ ამაზრზენ სკანდალში თავად ნიუ-იორკის ეპარქიის სულიერი ლიდერი კარდინალი ედვარდ იგენიც არის გარეული - მას ბრალად ედება პედოფილიის ფაქტების დაფარვა კონექტიკუტის შტატში ეპისკოპოსად მსახურობისას.
პაპმა იოანე პავლე მეორემ დაგმო მოძალადე ღვთის მსახურები. რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებით, "შავი სია" უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში პედოფილიაში ბრალდებული ყველა სასულიერო პირის საკადრო დოკუმენტების დეტალური შესწავლის შემდეგ შედგა. თუმცა ვატიკანი დუმს იმის შესახებ, თუ რამდენი "ვაიღვთისმსახურის" გვარია ამ სიაში შეტანილი
ეჭვმიტანილთა უმრავლესობამ, ალბათ დიდი ხანია სუტანა გაიხადა, ზოგიერთი ცოცხალიც აღარ იქნება, ამერიკული კანონების თანახმად კი, ბევრს ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის ვადა ამოეწურა. აქ აღსანიშნავია თავად ეკლესიის ქალაქის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი. სულ რაღაც ორიოდე კვირის წინათ ნიუ-იორკის ეპარქია, მუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების რომის კათოლიკური ეკლესიის  სხვა ეპარქიების თანხმობისა, უარს ამბობდა პროკურატურისთვის ძველი საქმეების გადაცემაზე
სკანდალური ფაქტების გამოვლენის შემდეგ, რომლებმაც ბოსტონიდან ფლო­რიდამდე მთელი ქვეყნის მოსახლეობა შესძრა, ამერიკელები ყურადღებით ადევნებენ თვალს პედოფილიაში ეჭვმიტანილ ღვთისმსახურთა ყველა საქმის ძიებას. ხალხი აღშფოთებულია თვითონ ეკლესიის პოზიციითაც, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უმალავდა საზოგადოებას ასეთ ფაქტებს.

უკან დაბრუნება