მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > "გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცჰყოს"

"გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცჰყოს"


15-08-2012, 20:45
  ცოდვების სიმრავლისა და სიმძიმის მიუხედავად ადამიანს სინანულისა და საკუთარი ვნებებისადმი მკაცრი დამოკიდებულების შემთხვევაში (თუგინდ ამის გამო მას სიკვდილი ემუქრებოდეს), ღმერთი შეუნდობს ყოველ შეცოდებას. თუ ადამიანს არ გააჩნია ესოდენი სასოება მაცხოვრის მიმართ, უნდა ილოცოს და მიეცემა. ვინც გულწრფელად შეინანა და ღვთისაგან აღსარების საიდუმლოთი მიეტევა ცოდვა... და შემდეგ საქმით შეუდგა მცნებების შესრულებას, ღმერთი სწყალობს მას და არ მოიხ­სენებს მის წარსულ უკეთურებას.
 
***
ყოველი ადამიანის ცოდვები უფალმა ჯვარზე აღამაღლა და იქ დაფლითა. ღვთის ეს უსაზღვრო მოწყალება ყოველ ადამიანზე  აღსარების საიდუმლოში ხორციელდება. სულიერი მოძღვრისგან შენდობამინიჭებული ადამიანი განმენდილი დგას ღვთის წინაშე.
 
***
ვინც გაიაზრა თავისი შეცო­დება, აღიარა თავი დამნაშავედ, სინანულშია ამ ცოდვის გამო, სძულს ეს ცოდვა და შინაგანი განწყობილებით უკვე თქვა: "დამნაშავე ვარ! აღარ ჩავიდენ ამ ცოდვას!" ასეთი ადამიანი, არა მხოლოდ სულიერი მოძღვრის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე აღიარებს თავის ცოდვას. გულწრფელი სინანული ცოდვის გამო და სიძულვილი მისადმი _ აი, რაში მდგომარეობს საფუძველი სინანულით განკურნებისა!
გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყო. დაე, გავალღოთ ჩვენი გული სინანულით, და ის თავად გადმოანთხევს ყოველ უწმინდურებას, ხოლო აღსარება მოწყლავს ყოველ ცოდვას.
***
"არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არც საიდუმლოი, რომელი არა გამოცხადნეს" (მათ. 10. 26). მა­შასადამე, როგორც არ უნდა დავიმალოთ ჩვენი ცოდვებისაგან, სარგებელი არანაირი არ გვექნება. მოვა ჟამი, _ შორს არის კი ის? _ და ყოველივე განცხადდება. რა ვიღონოთ? არ უნდა დავმალოთ ცოდვა. სცო­დე? _ წადი და აღიარე შენი ცოდვა მოძღვრის წინაშე. როდესაც მიგეტევება, ცოდვაც გაქრება, თითქოს არც არსებობდა. შემდეგში კი აღარაფერი იქნება გასახსნელი და განსაცხადებელი. ხოლო თუ დაფარავ ცოდვას და არ შეინანებ, ის თავის დროზე განცხადდება შენდა სამხილებლად. ყოველივე ამის შესახებ წინასწარ გაგვიმხილა ღმერთმა, რათა გულისხმავყოთ და წმინდად წარვსდგეთ ღვთის მართლმსაჯულებისა და საშინელი სამსჯავროს წინაშე.
 
***
აღსარების დროს ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ მოძ­ღვრის შეკითხვებით, არამედ საკუთარი სინდისის კარნახის მიხედვით გამოთქვით სათქმელი.
 
***
უფალი გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს (იგავ. 3, 34). გაიხსენე ეს სიტყვები აღსარებაზე წასვლისას. არაფერი ისე არ გვეწინააღმდეგება ცოდვების აღიარებაში, როგორც სიამაყე. დაიმდაბლე თავი ღვთის წინაშე, არ დაინდო საკუთარი ვნებები. გადაშალე აღსარებაში შენი ცოდვები, და განიწმინდები; გამოაჩინე შენი ჭრილობები და განიკურნები; აღიარე ყოველი უსამართლო საქციელი და გამართლდები. რაც უფრო დაუნდობელი იქნები საკუთარი თავის მიმართ, მით უფრო მოწყალე იქნება შენს მიმართ ღმერთი. სწორედ ამაში მდგომარეობს სინანულის საიდუმლო, რომელსაც მიჰმადლებს უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ყოველ დამდაბლებულ და სინანულში მყოფ ადამიანს.
 
***
იმისათვის, რომ აღსარება დამაკმაყოფილებლად წარიმართოს, ყველაფრის ჩაწერას შეეცადეთ, რაც სინდისზე გაწევთ. შემდეგ დაწერილის მიხედვით თქვით აღსარება. თუ მოძღვარი საჭიროდ ჩათვლის შეკითხვის დასმას, დაგისვამს, ან თქვენ თხოვეთ მას ამის გაკეთება. ამგვარი დამოკიდებულებით, ანალოღიიდან თქვენ ყოველთვის ცოდვებისაგან განთავისუფლებული წამოხვალთ.
 
***
უფრო მეტი გულის შემუსვრილება გვმართებს, ვიდრე ცოდვების ჩამოთვლა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია. უფრო მეტი გულითადი ლოცვა გვმართებს, ვიდრე ლოცვის კითხვა, თუმცა ესეც საჭიროა.
 
***
აი რას დაეჩვიეთ: ყოველთვის, როდესაც ვცოდავთ უკეთური აზრით, გრძნობით, სურვილით, სიტყვითა და საქმით, იმწამსვე შეინანეთ ღვთის წინაშე იმ შემართებით, რომ აღარ გაიმეორებთ ამა თუ იმ ცოდვას.
 
წმ. თეოფანე (დაყუდებული)
თარგმნა: დათო ჯინჭარაძემ


უკან დაბრუნება