მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ერის ქმედითი მონაწილეობა ეკლესიურ ცხოვრებაში - წმ. იოანე ოქროპირისა და ახალმოწამისა და აღმსარებლის მ-ა ნოვოსელოვის მიხედვით

ერის ქმედითი მონაწილეობა ეკლესიურ ცხოვრებაში - წმ. იოანე ოქროპირისა და ახალმოწამისა და აღმსარებლის მ-ა ნოვოსელოვის მიხედვით


16-05-2017, 00:07

 

 

   წმ. იოანე ოქროპირისათვის მიუღებელია კათოლიკური მოთხოვნა, გწამდეს ეკლესია, როგორც "განყენებული ორგანიზაცია", რაც ეკლესიის სრული შერყვნა და დანგრევაა. ეკლესიის ასეთი გაგებისას არ არსებობს არც ღვთის რწმენა, მას ცვლის ცნობილი რწმენა საზოგადოებრივი საეკლესიო წყობისა, რომელშიც აქტიურ საწყისად გვევლინება საეკლესიო კრებული, პასიურად კი - ერისკაცნი. ასეთი სახით ხდება სასულიერო პირის ერთგვარი "გაღმერთება": ერისკაცები იერარქიაში ღვთიური უცდომელობის უფლებას აღიარებენ, უკანასკნელნი კი პირველთაგან ითხოვენ სრულ მორჩილებას რელიგიურ საქმეებში. ხდება რაღაც ფსიქოლოგიურად დაუშვებელი. სასულიერო პირმა ხელთ იგდო უცდომელობის უფლება და ერისკაცისაგან პასიურ მორჩილებას ითხოვს. ამასთან, უკანასკნელთ არ შეუძლიათ აღიარონ სასულიერო პირი უცდომელად და არც ის, რომ დაემორჩილონ მას თავისუფალი კრიტიკის გარეშე, ჭეშმარიტების დამოუკიდებელი ძიების გარეშე. რადგან ნებადართულია ხალხის შეხედულებათა თავისუფლება, რაც არ უყვართ ერეტიკოსებს, სასულიერო პირთა არწივი ეშვება ზეციური სიმაღლიდან და ორივე ნაწილი ეკლესიისა - საეკლესიო კრებულიც და ერისკაცნიც - სრულფასოვანი ხდება...

   თუ ეკლესიის სხეულში სასულიერონი და საერონი სწორნი არიან, როგორც თანაცხოვრებით ეკლესიის ორგანიზმის სიცოცხლის განმაპირობებელნი, მაშინ, რა თქმა უნდა, ერი ეკლესიაში აქტიური და გონიერი საწყისი უნდა იყოს.

  იოანე ოქროპირი სასულიერო კრებულის მხრიდან დანაშაულად თვლის ეკლესიაზე ერის აქტიური ზეგავლენისათვის ხელშეშლას. "ეკლესიაში არ არის არც ქედმაღლობა მთავართა, არც მონობა ქვეშევრდომთა, არის მხოლოდ სულიერი ძალაუფლება, რომელიც ყველაზე მეტად თქვენს მიმართ შრომასა და ზრუნვაში გამოვლინდება და არა პატივის ძიებაში. ეკლესიაში უნდა ცხოვრობდნენ, როგორც საერთო სახლში, როგორც ერთ მთლიან სხეულში - ყველა კეთილად უნდა განეწყოს ერთმანეთის მიმართ - რადგან ერთია ქმნილება და ერთია უფალი. მაშ, რად განვეშორებით ერთმანეთს, თუკი ამდენი რამ გვაკავშირებს?"..

   გამომდინარე იმ პრინციპიდან, რომ ეკლესია რწმენას ეფუძნება და არა პირიქით, და ის, რომ სასულიერო კრებულის ავტორიტეტი თავად მასზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ეკლესიურ ერზე, წმ. მამა დასაშვებად მიიჩნევს ერისკაცთა ყველაზე ფართო მონაწილეობას ეკლესიურ ცხოვრებაში. მისი აზრით, ერისკაცებმა უარი არ უნდა უთხრან სასულიერო პირებს საეკლესიო საქმეებში დახმარებაზე, ეხება ეს საქმეები სწავლებას, მართვას თუ საეკლესიო ღვთისმსახურებას. ჩვეულებრივ ერისკაცს უფლება არა აქვს საკუთარ თავში ჩაიკეტოს, მხოლოდ პირადი ცხოვრებით იცხოვროს, მხოლოდ პირად გადარჩენაზე იზრუნოს და საზოგადოებრივი გადარჩენის მრავალმხრივი მძიმე საქმეები ეკლესიის სულიერ მამებს გადააბაროს. "უფალს სურს ქრისტიანი იყოს სამყაროს მასწავლებელი, საფუარი, ნათელით სავსე, რომელშიც არაფერია ბნელი. სინათლე, რომელიც უბრალოდ კი არ ანათებს, არამედ, მარილისა და საფუარის მსგავსად, სარგებლობის მომტანია ხალხისათვის".

  "ეძიებდე სასარგებლოს საზოგადოებისათვის - აი, სრულყოფილი ქრისტიანის ცხოვრების წესი, აი მისი ჭეშმარიტი დანიშნულება, აი, უმაღლესი სრულყოფილება"... არაფრით ისე არ მიემსგავსები უფალს, როგორც მოყვასზე ზრუნვით. იქნებ მარხულობ, ან მიწაზე გძინავს, ან ქანცის გაცლამდე შრომობ, მაგრამ თუ არ ზრუნავ მოყვასზე, არ აკეთებ არაფერს მნიშვნელოვანს და ყოველივე ამასთან ერთად შორსა ხარ ღვთის ხატისგან"...

   საზოგადოებრივი გადარჩენა გაცილებით მაღლა დგას პირად გადარჩენაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერისკაცმა ან სასულიერო პირმა უნდა მიატოვოს პირადი სრულყოფა და მხოლოდ საზოგადო საქმიანობას უნდა ესწრაფოს. უკანასკნელი შეუძლებელია პირველის გარეშე. პირადული განვითარება არის ფესვი, რომლიდანაც საზოგადოებრივი გადარჩენის ხე უნდა აღმოცენდეს. სხვები რომ ნამდვილ ქრისტიანებად ვაქციოთ, ჯერ თავად უნდა გავხდეთ ნამდვილი ქრისტიანები...

  წმინდანის აზრით, უმაღლესი ღვთისმოსაობისათვის განმარტოება არ არის აუცილებელი პირობა. რადგან "უდაბნო კი არ აქცევს განდეგილად, არამედ სიბრძნის მოყვარე ნება", რაც საშუალებას გვაძლევს ამა სოფელშიც ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრებით ვიცხოვროთ. "ასე ცხოვრობდნენ ქალაქებში, მოციქულთაგან განსწავლული პირველი ქრისტიანები და იყვნენ ღვთისმოსავნი, მსგავსად მეუდაბნოეთა"...

  არ ამართლებს რა ერის პრინციპულ განდგომას საზოგადოებრივი საქმიანობისაგან, წმ. იოანე ოქროპირი შემწყნარებელია სუსტთა და უძლურთა მიმართ. "ვისაც შეუძლია, სხვა გამოასწოროს, მიმართოს იმათ, ვინც განწყობილია, მიიღოს კურნება, და აქციოს ისინი უკეთესებად; ის კი, ვინც სუსტია, განერიდოს უღირს ადამიანებს, რომ არ დაავადდეს მათგან". და მაინც, ეს განდგომა საზოგადოებისაგან, დროებითი უნდა იყოს, მანამ, სანამ პიროვნება არ განმტკიცდება რწმენაში და თავად არ შეძლებს უწინამძღვროს სხვებს ქრისტიანული რწმენის გზაზე.

   წმინდანი დაჟინებით უარყოფს ყველა მტკიცებას, რომელიც ერისკაცებს მოჰყავთ ეკლესიურ ცხოვრებაში თავიანთი პასიური როლის სასარგებლოდ. "ნუ გადააბარებთ ყველაფერს მასწავლებლებს, ნუ დააკისრებთ ყველაფერს ზემდგომთ. და თქვენ შეძლებთ დაარიგოთ ერთმანეთი, ასწავლოთ ერთმანეთს"...

  წმ. ოქროპირის აზრით ეკლესიაში უნდა მეფობდეს ჭეშმარიტების თავისუფალი ძიება. ეკლესია მხოლოდ ამოწმებს ქრისტიანის პირად მოსაზრებას, გამომდინარე არა ლოგიკური, არამედ ღვთიური ჭეშმარიტების არსში შინაგანი, ინტუიციური წვდომისაგან... თუ ერისკაცი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, ის ფლობს მისთვის დამახასიათებელ ჭეშმარიტებას. ამ შესაძლებლობით ერისკაცს ისეთივე უფლება აქვს ეკლესიაში მასწავლებლობის, როგორიც იერარქიას. განსხვავება მხოლოდ ხარისხშია, მოძღვრების მოცულობაში და არა არსში.

   სულიერ მოძღვრებად ირჩევენ ყველაზე ნიჭიერ, განსწავლულ ადამიანებს, რომელთაც საღვთო საიდუმლოში მასწავლებლობის განსაკუთრებული მადლი შეიძინეს. ერისკაცნი კი ასეთი ნიჭით ნაკლებად არიან დაჯილდოებულნი - თვითოეული ცალ-ცალკე  - მაგრამ ერთად ეკლესიის მასწავლებლობის უდიდეს ძალას წარმოადგენენ. "თუ ისურვებთ, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენზე მეტი გააკეთოთ ერთმანეთისათვის, ამბობს წმინდანი, რამეთუ უფრო ხშირად ხართ ერთად, უკეთესად იცნობთ ერთმანეთის საქმეებს, ხედავთ ურთიერთნაკლოვანებებს, უფრო მეტი გაქვთ გულწრფელობა, სიყვარული და ურთიერთობა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია სწავლებისათვის, მას დიადი და კეთილისმყოფელი სიმშვიდე მოაქვს. თქვენ ჩვენზე უკეთ შეგიძლიათ ერთმანეთის მხილებაც და დარწმუნებაც. ამასთან - მე ერთი ვარ, თქვენ - მრავალი, და ყველას, თქვენ, რამდენიც არ უნდა იყოთ, შეგიძლიათ გახდეთ მასწავლებელნი".

 

 


 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება