მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > არაამსოფლიურობა - უპირველესი სათნოებაა

არაამსოფლიურობა - უპირველესი სათნოებაა


4-10-2017, 00:03

არაამსოფლიურობა - უპირველესი სათნოებაა

 

 

  სათნოებათაგან უპირველესი და საერთოდ ყველა სათნოება იმაში მდგომარეობს, რომ ამქვეყნად მწირი (უცხოეთიდან გადმოხვეწილი, უთვისტომო) ვიყოთ და მიწიერ საგნებთან არავითარი საერთო არ გვქონდეს, მსგავსად ნეტარი მოწაფეებისა, რომელთა შესახებ მოციქული ამბობს: "დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, გაჭირვებას, ტანჯვას. ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი წუთისოფელი" (ებრ. 11.37-38). პავლე, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს მწირს უწოდებდა, ამბობდა, რომ ის სოფლისათვის და სოფელი მისთვის მკვდარია - "სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე-სოფლისა" (გალ. 6,14). ხოლო ჩვენ ყველა საქმეს ისე წარვმართავთ, როგორც სოფლის მოქალაქენი. როგორებიც სოფლისათვის იყვნენ წმინდანები, ე.ი. მწირები და მკვდრები, ჩვენ ზეცისათვის ვართ, ხოლო ვინც ზეცისათვის იყვნენ, ე.ი. ცოცხალი მოქალაქენი, ჩვენ ამა სოფლისათვის ვართ. მკვდრები იმიტომაც ვართ, რომ ჭეშმარიტი ცხოვრებისაგან განვდექით და დროებითი ავირჩიეთ. ღმერთს განვარისხებთ იმით, რომ მიწიერ სიკეთეებს მივსდევთ, როცა ჩვენთვის ზეციური ნეტარებაა გამზადებული. ჭიების მსგავსად ერთი მიწიდან მეორეში, ხოლო იქედან ისევ უკან დავხოხავთ და ოდნავაც არ გვინდა გონს მოსვლა, არამედ თითქოსდა ძილში ჩაძირულები ან სიმთვრალისაგან გონებადაბინდულები ოცნებებით ვერთობით. ჩვენი გონებისა და სხეულის თვალები დახშულია. სიტყვით გამოსულები სისულელეებს ვლაპარაკობთ.

   წმინდანები მწირები იყვნენ. როგორ და რანაირად? მხოლოდ პალესტინაში ხომ არა? არა, მთელ ხილულ სამყაროში და სამართლიანადაც. სამყაროში ისინი რაც სურდათ იმას ვერ ხედავდნენ, ყველაფერი მიუღებელი და უცხო იყო. მათ სათნოებებში განმტკიცება სურდათ, ხოლო აქ უამრავი მანკიერებაა და ამიტომ ყველაფერი აქაური უცხოა. ერთეულების გარდა მათ მეგობარი და ახლობელი არავინ ჰყავდათ. ისინი ამქვეყნიურისათვის რომ არ ზრუნავდნენ ამას საქმით ამტკიცებდნენ. როგორ და რანაირად? ღმერთმა აბრაამს უთხრა: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ" (დაბ. 12.1). ის ახლობლების სიყვარულით იქ არ დარჩენილა, არამედ სამშობლო, როგორც უცხო ქვეყანა, დანანების გარეშე დატოვა. ღმერთმა მას უთხრა: "მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შესწირე აღსავლენ მსხვერპლად" (დაბ. 22.2). იგი ისე სწირავდა შვილს, თითქოს არც ჰყოლია იგი და არც ადამიანური ბუნებით ყოფილა შემოსილი. თავის ქონებას ის ყველა მომსვლელთან საზიაროდ თვლიდა და არაფრად აგდებდა მას. პირველობას სხვას უთმობდა, უამრავ განსაცდელსა და უბედურებას ითმენდა, დიდებულ სასახლეებს არ აშენებდა, ფუფუნებას არ ესწრაფვოდა, ჩასაცმელზე და ამქვეყნიურ სხვა საგნებზე არ ზრუნავდა. პირიქით, ზეციური ქალაქის მკვიდრივით სტუმართმოყვარე, კაცთმოყვარე, გულკეთილი, სულგრძელი იყო, ხოლო ამქვეყნიური დიდების, ქონების და სხვა მსგავსი საგნების მიმართ - გულგრილი. შვილიც ასეთი ჰყავდა. როცა მას დევნიდნენ და თავს ესხმოდნენ, როგორც სხვის ქვეყანაში მყოფი, არ ეწინააღმდეგებოდა და უთმობდა. მწირებს რაც არ უნდა დაემართოთ, როგორც უცხო ქვეყანაში მყოფნი, ყველაფერს ითმენენ. ამით ისინი იმას გვიჩვენებენ, რომ სხვა სამშობლოს ეძებენ. ო, რა დიდი სხვაობაა! ისინი ყოველდღიურად თავდახსნისა და სამშობლოში დაბრუნების სურვილით იტანჯებოდნენ, ხოლო ჩვენ - პირიქით. ავადმყოფობის ჟამს პატარა ბავშვების მსგავსად ვტირით და სიკვდილის გვეშინია. სამართლიანადაც ვიტანჯებით, ვინაიდან, როგორც მწირები ისე არ ვცხოვრობთ და იქითკენ, როგორც სამშობლოში კი არ მივიჩქარით, არამედ როგორც სახრჩობელაზე ისე მივდივართ. საგნების წესის მიხედვით არ ვსარგებლობთ, ყველაფერი გავაუკუღმართეთ. ამიტომ სამსჯავროზე მიმავალი მკვლელებივით და ავაზაკებივით, რომელთაც თავიანთი საქმეები ახსენდებათ, ვცახცახებთ და გვეშინია. ის მამაკაცები ასეთები არ იყვნენ, იქითკენ თავად მიიჩქაროდნენ. პავლე მოციქული ოხვრით ამბობდა: "რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგვიმძიმდების" (2 კორ. 5,4). ასეთები იყვნენ აბრაამი და მსგავსნი მისნი. მოციქულის თქმით ისინი მთელი სამყაროსათვის მწირები იყვნენ და სამშობლოს დაეძებდნენ. რომელს? იმას ხომ არა რომელიც დატოვეს? არა, რადგან მათ დაბრუნებას არაფერი უშლიდა ხელს. ისინი ზეციურ სამშობლოს ეძებდნენ. აქედან წასვლას ჩქარობდნენ და ღმერთს ამგვარად სათნოეყოფოდნენ. უფალს მათ ღმერთად წოდება ამიტომაც არ ერცხვინებოდა. ო, როგორი პატივია! ეს მამაკაცები ისეთი სახელოვანი იყვნენ და ამაღლებულისადმი თამამი მისწრაფება ისე უხვად ჰქონდათ, რომ ღმერთმა თქვა: "მე ვარ ღმერთი აბრაამისი, და ღმერთი ისააკისი, და ღმერთი იაკობისი". (გამოსვლ. 3,6). ჩვენც, საყვარელნო, არაამსოფლისანი ვიყოთ, რათა ღმერთს ჩვენი არ ერცხვინებოდეს და გეჰენიაში არ განგვაწესოს.

  დაე, მათ ისმინონ ეს, ვინც ვერცხლისმოყვარეობას მიეცა, "რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაი ვეცხლის მოყუარეობაი" (1 ტიმ. 6,10) - ბრძანებს მოციქული. საკუთარი ქონების გაზრდა ვისაც სურს, მათაც ისმინონ და მომხვეჭველობას მოეშვან, რათა არ მოისმინონ ის, რაც ღვთის მიერ განკიცხულებმა მოისმინეს. ამჟამად, შიშით ვისმინოთ, რათა მერე განაჩენად არ მოვისმინოთ: "არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან" (მათ. 7,23).

 

 

 

 

 

 

წმ. იოანე ოქროპირი

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება