მთავარი > წმიდათა ცხოვრება > მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი

მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი


15-08-2012, 20:22
"მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი... და ბაძევდით სარწმუნოებასა მათსა" _ გვმოძღვრავს პავლე მოციქული.
და ვის უნდა ბაძავდეს ქართველი კაცი დღეს, თუ არა იმ სახელოვან მეფეს, რომელმაც "კვერთხი მეფობისა აღამაღლა, სარწმუნოება განამტკიცა, სამართალი დაამყარა, ზნეობა განაბრწყინვა, ცოდნა განამრავლა, ხიდნი აღაშენნა... მოკლედ საქართველო აღაყვავა და აღაშენა"...
ჩვენი ქვეყნის დიდი აღმაშენებელი და ამაყვავებელი დავით მეფე ზნეობრივად მეტად ფაქიზი, კაცთმოყვარე, ქველმოქმედი და თავმდაბალი ადამიანი ყოფილა. მას უყვარდა და ეცოდება ყოველი სულიერი. ყველას მიმართ დიდ ყურადღებასა და გულისხმიერებას იჩენდა. განსაკუთრებით კი მეფე დიდი გულშემატკივარი ყოფილა უკურნებელი სენით და­ავადებული და დავრდომილი ადამიანებისა. ცნობილია, რომ დავითმა ასეთ უმწეო ავადმყოფთათვის ააშენა საავადმყოფო, "ქსენონნი", უმშვენიერეს ადგილას, რომელშიც მოათავსა მძიმე სენით დაავადებული თანამემამულენი და მისცა მათ "ყოველი სახმარი უნაკლულოდ". თავზე მომვლელნი, "ზედამდგომელნი" დაუყენა და უზრუნველყო ყოველგვარი მომსახურებით.
საგულისხმო და მისაბაძია, რომ მეფე ხშირად მოინახულებდა ხოლმე თავის მიერ დაწესებულ სასნეულოს. იგი დიდი გულისხმიერებით ათვალიერებდა ავადმყოფთათვის მოსახმარ ყოველგვარ ნივთსსამოსელს, საგებელს, ჭურჭელს, რათა სნეულთ ყველაფერი სუფთა და შესაფერი ჰქონოდათ. ამით იგი კონტროლს უწევდა და თან გულშემატკივრობის არაჩვეულებრივ მაგალითს აძლევდა იმ ადამიანებსაც, რომელთაც ავადმყოფთა მოვლაპატრონობა ევალებოდა. მეფე თითოეულ სნეულს დიდი სიყვარულითა და თანაგრძნობით ჩამოუვლიდა, მოიკითხავდა, ეამბორებოდა, კეთილი სიტყვით ანუგეშებდა და განამხნევებდა.
ავადმყოფთა გულშემატკივარი დავით მეფე ამასთანავე გლახაკთა, ქვრივ-ობოლთა და შეჭირვებულ ადამიანთა დიდი შემწე და განმკითხავი ყოფილა. მეფეს განსაკუთრებული ქისა, "კისაკი მცირე" ჰქონდა, რომელსაც თავისი ხელით ავსებდა ფულით და გაჰქონდა დასარიგებლად. საღამოს კი ცარიელი მოჰქონდა "მხიარ­ულსა სულითა და პირითა". თუ ისე მოხდებოდა, რომ მთელ ქისას ვერ დაარიგებდა, ან ვერავის იპოვიდა სამოწყალოს გასაცემად, მეფე მეტად დაღონდებოდა ხოლმე და იტყოდა: "დღეს ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათა"-ო, და დაურიგებელ ფულს მეორე დღისათვის შეინახავდა.
საგულისხმოა, რომ დავით მეფე ქველმოქმედებას სახელმწიფო საჭურჭლისაგან აღებული ფულით კი არ ეწეოდა, არამედ "ხელთა თვისთა ნადირებულთა", საკუთარი ხელით შეძენილი ქონებიდან.
აი, ასეთი გულმოწყალე, ქველმოქმედი და თავმდაბალი მეფე გვყოლია წარსულში ქართველებს...
დავით მეფის დიდ თავმდაბლობაზე მეტყველებს მისი საფლავიც. მეფის წმიდა ნეშთი მის მიერვე აგებულ გელათის მონასტერშია დაკრძალული. მეფის სახელზე ცალკე აღმართული მცირე ეკლესია ცალკე ნაგებობაა და იგი არსებითად მონასტრის ჭიშკარს წარმოადგენს. დავითს განგებ შეურჩევია თავისი განსასვენებლის ადგილი ისე, რომ ჭიშკარში შემომსვლელ ყოველ ადამიანს მისი საფლავის ქვაზე დაედგა ფეხი.
საფლავის ლოდზე წარწერილია დიდი წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნე მეფის დავითის სიტყვები: "ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. ამასა დავემკვიდრო მე, რამეთუ მთნავს ესე".
ამქვეყნად ამაზე უფრო უბ­რალო, სიმდაბლით შემოსილი და შთამაგონებელი გვირგვინოსნის ძვალთშესალაგი ძნელად მოსა­ძიებელია...
"ვინ უნდა დასდოს ჩვენს წყლულს წამალი განმკურნებელი, დაასხას ერის ჭრილობებს ზეთი მაცხოვნებელი და შეიქმნას ქვეყნის აღმაშენებელი, თუ არა თქვენ, დავითის პატარა ძენო და ასულნო, რომელთაც წმიდა მეფე გიცისკროვნებთ გზას ცხოვრებისას და გიხატავთ გეგმას მოქმედებისას!"...
 
მარინე აბაშმაძე

უკან დაბრუნება