მთავარი > ლოცვა > ლოცვა განსაკუთვრებული ხელოვნებაა

ლოცვა განსაკუთვრებული ხელოვნებაა


15-08-2012, 19:36
თუ ქრისტიანი ადამიანი ყურადღებით წაიკითხავს ეკლესიურ ლოცვებს, ის დროთა განმავლობაში მათში ახალ და მანამდე შეუმჩნეველ სიღრმეს დაინახავს. ის სხვაგვარად განიცდის ყოველ სიტყვასა და შინაარსს; მას მოეჩვენება, რომ პირველად კითხულობს იმ ლოცვებს, რომელიც დიდი ხანია იცის ზეპირად. სწორედ ამიტომ, წმიდა მამები ლოცვას ხელოვნებას უწოდებენ. მაგრამ ლოცვა განსაკუთრებუ­ლი ხელოვნებაა, რომელიც არა გარეგნულისადმი, არამედ საკუთარი სულისადმია მიმართული. ლოცვა თავდადებას მოითხოვს ადამიანისაგან, ხოლო ჩვენი ზარმაცი სხეული და ვნებებით მოცული სული კი ეწინააღმდეგება მას. ხშირ შემთხვევაში ეს ბრძოლა დაძაბული და მოწამეობრივია. ადამიანი ეწინააღმდე­გება თავის დაცემულ ბუნებას, სამყაროს, რომელიც შედის მასში აზრებისა და მაცდუნებელი სურათების გზით. ადამიანი ეწინააღმდეგება დემონურ ძალებს, რომლებიც ღვთის დაშვებით აწამებენ ადამიანს, აღავსებენ მის გულს სევდით, შიშით, სიძულვილით, და ხან კი ის სრულ უძლურებამდეც მიჰყავთ.
ყურადღებიანი ლოცვისათვის, უსისხლო, მოწამეობის მსგავსი ღვაწლი მოით­ხოვება.
ლოცვაში ენაცვლება ტკივილი და სიხარული, ბრძოლა და სიმშვიდე, შრომა და ნუგეშისცემა. ლოცვა თავისებური გამოცდაა, რომელსაც აბარებს ადამიანი, უჩვენებს, რა მისი მეშვეობით თავის ნამდვილ ცხოვრებას. მაგრამ ადამიანის ეგოისტურ ბუნებას ჯილდოს მიღება უშრო­მელად სურს და ადამიანის მზაკვრული გონება ეთანხმება ვნებებს, რათა ეცრუოს ღმერთს. ეს შეუმჩნევლად ხდება. ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ ლოცვის სიტყვები მაცხოვნებელ ძალას მაშინ ღებულობს როდესაც ისინი გაიაზრება გონებით და განიცდება გულით. გაფანტული ლოცვა არასულიერი ადამიანისათვის ბევრად უფრო იოლია, და ის ყურადღებიან ლოცვას, სიტყვების უბ­რალო წარმოთქმით ცვლის. ამ შემთხვე­ვაში ნების, აზრებისა და გრძნობების გაფანტვა ხდება, რომლებიც ყურადღებიანი  ლოცვის შემთხვევაში ერთიანდება. გონება ივსება აზრებით, მსგავსად იმ უწმინდური ცხოველებისა, რომელთაც არავინ აგდებს სახლიდან. გულს არ ესმის ლოცვა, ის ქვასავით მაგრდება, რომელზეც ლოცვის სიტყვებისაგან კვალიც კი არ რჩება. ნება ეთიშება გულსა და გონებას, და ემსგავსება მოშვებულ სიმს, რომელიც ვერ გამოსცემს ხმას. ადამიანსა და ღმერთს შორის ერთ­გვარი უხილავი კედელი ჩნდება. ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ განსაზღვრული რაოდენობის სიტვების წაკითხვა შეადგენს ლოცვას, და როგორც საბოლოო მიზნისაკენ ბო­ლო სიტყვა `ამინ~-ისაკენ მიისწრაფვის.
ამგვარ ადამიანს თუ ვეტყვით, რომ ის არ ლოცულობს, არამედ ატყუებს ღმერთსა და საკუთარ თავს _ განრისხდება და ვერც მიხვდება, თუ რის გამო საყვედურობენ მას. ფარისევლობის არსი გარეგნული რიტუალების შესრულებასა და გარეგნულად სათნო პოზის წარმოდგენაში მდგომარეობს. ადამიანს თანდათანობით ავიწყდება ის მადლიერი მდგომარეობა, რომელსაც წარსულში განიცდიდა. ლოცვას ის უკვე, უყურებს როგორც გარეგნულ საქმეს, როგორც ვალს, რომელიც მან უნდა გადაიხადოს. ამ ვალად წაკითხული გვერდების რაოდენობა იქცევა. ლოცვის ნათელი ქრება ადამიანში, ამასთანავე, სულიერი სამყარო მისთვის მიუწვდომელი ხდება. ხშირად არარელიგიურ ადამიანებს უკვირთ,თუ რატომ ხდება, რომ ზოგიერთი მორწმუნე, ტაძარში რეგულარულად მოსიარულე მართლმა­დი­დე­ბელი ქრისტიანი, პრაქ­ტიკულად არ იცვლება უკეთესობისაკენ, რჩებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ, თავისი ნაკლო­ვა­ნებებითა და მანკიერებებით. ხშირ შემთხვევაში ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ქრისტიანებმა ჩააქრეს საკუთარი ლოცვა, და შეცვალეს ის სიტყვიერი ფორმით, თითქოს და მშრალი ქაღალდის შრიალით. ასეთ ადამიანს რომ ჰკითხოთ წაკითხული ლოცვის შინაარსის შესახებ, ის ვერ შეძლებს პასუხის გაცემას. ის იმ მცირე შრომითაც არ იტვირთავს თავს, რომელიც წაკითხულის ან მოსმენის გასაგებად მოეთხოვება, აღარაფერს ვამბობ სულიერი განცდების შესახებ. ხდება ისეც, რომ ლოცვითი კანონის აღსრულებისას ადამიანს არ ახსოვს დილისა თუ საღამოს ლოცვები წაიკითხა ახლა.
ხშირ შემთხვევაში ისინი, რომლებიც დაუდევრად  და გაფანტულად ლოცულობენ, ისეთივე დაუდევრები ხდებიან ღვთის მცნებების აღსრულებისას. ქრისტიანობის ზნეობრივი მხარე თითქოს წყვეტს არსებობას მათთვის. ისინი ვეღარ ხედავენ და ვერ განიცდიან თავის ცოდვილობას. სუსტდება მათში ლოცვა, სუსტდება სინანული, ხოლო შემდეგ სულიერი ცხოვრებაც. ასევ ადამიანი ღვთივმსახურების ან პირადი კანონის დასრულების შემდეგ კმაყოფილი ამბობს: `მე ვილოცე~ _ ის საერთოდ არ ფიქრობს იმას, რომ ღვთის წინაშე როგორც მკვდარი ისე იდგა.
ხშირად ფარისევლური ცრუ ლოცვა განავითარებს ადამიანში განსაკუთრებულ სიამაყეს. ის იწყებს შენიშვნების მიცემასა  და სხვის სწავლებას, თითქოს და მოიპოვა უკვე ამის უფლება. თავის ცხოვრებაში ამგვარი პირფერი `მლოცველები~ მრისხანენი, გაღიზიანებულნი და ბოროტნი არიან. ხოლო ამის მხედველი ურწმუნო ადამიანები ამბობენ: `დადის ეკლესიაში და ჩვენზე უარესად ცხივრობს~-ო. ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ უკვე აღარ არიან ეკლესიურნი.. ეკლესიაში მხოლოდ მათი სხეულები, როგორც სულის კუბოები დგანან, ხოლო გონება დაფლილია ამქვეყიურ საზრუნავში. ისინი ჩაფლულნი არიან თავის ოცნებებსა და გეგმებში, ყრუნი და ბრმანი არიან იმის მიმართ, რაც სინამდვილეში ტაძარში ხდება. ამგვარი ადამიანების გული დახშულია იმ მადლისათვის, რომელიც გარდამოდის ღვთისმსახურების დროს. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ისი­ნი მხოლოდ ტაძ­რის გარეგნულ მხა­­რეს ხედავენ: თუ როგორი დაგ­ვი­ლია ტაძარი, ნაც­ნობებიდან ვინ მოვიდა ღვთის­მსა­ხუ­რებაზე, როგორი ჩაც­მულები არიან, ესალმებიან მათ, უზია­რებენ და ეცნობიან სიახლეებს, ათვა­ლიერებენ სახეებს, წუხილს გამოთქვამენ, როდესაც ავიწროვებენ, უკმაყოფილებას გამოთქვამენ მგალობლების ცუდი სმენის გამო, ხოლო შემდეგ გადიან ტაძრიდან დარწმუნებულნი იმაში, რომ მათ ილოცეს და გადაუხადეს ღმერთს ვალი. ასეთი თვითკმაყოფილებისა და პირფერობის სულიერ მდგომარეობას შეიძლება ობივალეტური ფარისევლობა ვუწოდოთ.
 
არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) წიგნიდან "Таина Спасения"
(იბეჭდება შემოკლებით)
თარგმნა: გოჩა ჯინჭარაძემ

უკან დაბრუნება