მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მოდერნიზმი > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (საღვთისმეტყველო ფანტაზიები)
XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (საღვთისმეტყველო ფანტაზიები)18-04-2015, 20:25 |
სულის სიკვდილისშემდგომი ცხოვრების, მისი გზის, მდგომარეობის და ეტაპების (რომელიც სასიკვდილო სარეცლით იწყება და კერძო სამსჯავროზე მისთვის ადგილის მიკუთვნებით მთავრდება) შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებასთან არის დაკავშირებული სულის მოსახსენებელი ყველა მსახურება. ეს არის ეკლესიის ძველი გარდამოცემა, რომელიც ლიტურგიკული ღვთისმსახურების ნაწილს წარმოადგენს. ამ გარდამოცემასთან არის დაკავშირებული საეკლესიო წეს-ები, განსაკუთრებით ახლადშესვენებულის მოხსენიება მე-3, მე-9 და მე-40 დღეს, ასევე საყოველთაო პანაშვიდები, რომლებიც წლიური ღვთისმსახურების რიტმებში შედის. თუკი სულის მოსახსენებელი მსახურების კანონთა ტექსტს ყურადღებით განვიხილავთ, ასევე მომაკვადავთან და მისი გარდაცვალების შემდგომ საკითხავ ლოცვებსაც, ჩვენთვის განცხადდება ის განსაცდელები, რომელთა გადატანაც უწევს გარდაცვლილის სულს სიკვდილის შემდგომ. ყველაზე საშინელი განსაცდელი - ეს არის საკუთარი თავის დახმარების, ანუ მონანიების და რაიმეს შეცვლის შეუძლებლობა. სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა იმისი განცხადებაა, რაც სულმა დედამიწაზე მოიხვეჭა. ადამიანი თავის თავს ისეთს იხილავს, როგორიც სინამდვილეშია. და ამ დროს სულის მოსახსენებელი ეს კანონები იმ იმედის სხივითაა განმსჭვალული, რომ ეკლესიის ლოცვას და მოწყალებას შეუძლიათ შეეწიონ სულს მისი რწმენის, ეკლესიისადმი მიკუთვნილების და იმ კეთილ საქმეთა შესაბამისად, რომლებიც მან სიცოცხლეში აღასრულა. აქ ეკლესიის ლოცვები დანაკლისს ავსებენ, მაგრამ ადამიანის პიროვნების შინაარსისა და იმ სურვილთა და მისწრაფებათა შეცვლა, რომლებითან ადამიანი სიცოცხლეში იყო შეპყრობილი, მათ არ შეუძლიათ. საეკლესიო ჰიმნოგრაფიიდან და აგიოგრაფიული ნაწარმეობიდან ვიცით საზვერეების შესახებ, რომლებიც სულმა უნდა გაიაროს, ვიცით მის მიერ სამოთხისა და ჯოჯოხეთის ხილვის, ქრისტესადმი ორგზის თაყვანისცემის შესახებაც. მე-40 დღეს სულის კერძო სამსჯავრო იმართება და ანგელოზებს იქ მიჰყავთ, სადაც საშინელ სამსჯავრომდე იქნება. ამ ადგილის შეცვლა მხოლოდ ეკლესიის ლოცვას, ასევე დედამიწაზე მცხოვრებთა მოწყალებასა და ლოცვას შეუძლია. ბ-მა ოსიპოვმა საეკლესიო გარდამოცემა გულუბრყვილო და დრომოჭმულ წარმოდგენად ჩათვალა და საკუთარი ექსტრავაგანტური თეორია წამოაყენა. არავინ იცის, ჰქონდა თუ არა გამოცხადება, რომლის დროსაც ის სამოთხეში და ჯოჯოხეთში იყო, თუ გორკის გამოთქმით: „Пустил ежа под череп". ასეა თუ ისე, ბატონმა ოსიპოვმა გამოაცხადა, რომ ჯოჯოხეთში არსებობს კატეხიზმოს შემსწავლელი სკოლები, სადაც ასწავლიან და სამღვდელო მსახურებას აღასრულებენ არა ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოხვედრილი ღვთისმეტყველნი და მღვდლები, არამედ მოციქულები და ქრისტე. ჩვენ ვიცოდით, რომ ცოდვილებს ჯოჯოხეთში დემონები ხვდებიან, ოსიპოვისეულ ჯოჯოხეთში კი სულს არა სატანა, არამედ ქრისტე ეგებება. მე ბ-ნი ოსიპოვის იმ შეხედულებებზე ვსაუბრობ, რომლებიც ბ-მა ზაიცევმა მისი სახელით გადმომცა. ბ-ნ ოსიპოვთან ჩემს პოლემიკაში ის სეკუნდანტის როლს ასრულებს. ნუთუ წმინდა მამებისთვის არ გაცხადდა ის, რაც გაცხადდა ბ-ნი ოსიპოვისთვის? ან რად გაცხადდა მათთვის ოსიპოვის მიერ თქმულის საპირისპირო, სახელდობრ: რომ ადამიანის სული სიკეთეს ან ბოროტებას სიცოცხლეშივე ირჩევს, სიკვდილის შემდეგ კი კარგავს არჩევნის უნარს. თუკი ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი სიკვდილის შემდეგაც განაწესოს, მაშინ რაშია ამოცანა მიწიერი ცხოვრების, როგორც მარადისობისთვის მზადებისა? ნუთუ მხოლოდ განსაზღვრული მორალური ნორმების შესრულებაში და ამასთან რელიგიაზე დაუფუძნებელისა? მაშინ რაღას ნიშნავს წმინდა წერილის სიტყვები იმის შესახებ, რომ ადამიანი რწმენით ცხოდება? ნუთუ ბ-ნი ოსიპოვი მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობას უგულებელყოფს და თვლის, რომ ყველას შეუძლია ცხონება ჯოჯოხეთში? რწმენას, როგორც თავისუფალ არჩევანს და ზნეობრივ აქტს, მომავალ ცხოვრებაში ხომ სიცხადე შეცვლის? ვინ არის მართალი? ეკლესიის გარდამოცემა თუ ბ-ნი ოსიპოვი? ორ ურთიერთსაწინააღმდეგო გამოცხადებებს შორის ერთ-ერთი ცრუა. რელიგიაში სიცრუე კი დემონიზმის სახეა. ბ-ნი ოსიპოვის კონცეფცია რომ მივიღოთ და სულის იმქვეყნიური მოგზაურობის შესახებ სწავლება „ბებოს ზღაპრებად" გამოვაცხადოთ, მაშინ სულის მოსახსენებელი მსახურება ხელახლა უნდა შეიქმნას, რომელშიც იქნება თხოვნა ქრისტესა და მოციქულებისადმი ჯოჯოხეთში სულის მოსანათლად. გარდა ამისა, თუკი წარმართების, უცხოაღმსარებლების და ერეტიკოსების სიკვდილისშემდგომი მოქცევა შესაძლებელია, მაშინ საეკლესიო წესებში სასწრაფოდ უნდა შევიდეს მოსახსენებელი ლოცვები, რათა ათეისტებმა, წარმართებმა, იუდეველებმა და მაჰმადიანებმა ჯოჯოხეთში ქრისტე აღიარონ. საერთოდ კი ეს იგივე ძველი სწავლებაა აპოკატასტასისისა1, რომელიც V მსოფლიო კრებაზე უარყო ეკლესიამ და ანათემას გადასცა, იგივეა, მაგრამ სხვა ვარიანტში (ნიშ-ანდობლივია, რომ მოდერნისტები ცდილობენ ორიგენეს რეაბილიტირებას და იმის დამტკიცებას, რომ ის თავის ცრუ სწავლებასთან ერთად ანათემაზე გადაცემული არ ყოფილა). რა სახით გაივლის სულს, როგორც ჰაერს, რადგან წინააღმდეგობას არ შეხვდება. სხეულის გარეშე სულის მონათვლა ისევე შეუძლებელია, როგორც ჩრდილისა. ეკლესიამ იცის მაგალითები, როცა ღმერთი მომაკვდავს სასწეაულებრივად უხანგრძლივებდა სიცოცხლეს და მკვდრებსაც კი აღადგენდა, რათა მათ წმინდა საიდუმლოებებთან ზიარების და სიკვდილის წინ განწმენდის საშუალება მისცემოდათ. ბ-ნი ოსიპოვი კი თვლის, რომ ყოველივე ამის აღსრულება ჯოჯოხეთშიც შეიძლება. შემდეგ მოდერნისტების ფანტაზია სუსტდება და უძლურდება. ისინი ლაპარაკს იწყებენ ცეცხლით ნათლისღებაზე. ნუთუ მოციქულები ცოდვილებს ცეცხლში ყრიან განსაწმენდად? თუკი ტანჯული ცოდვილის გულში ცეცხლით შეიძლება ღვთისადმი სიყვარულის გაღვიძება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ტყუოდნენ ინკვიზიტორები, როცა ერეტიკოსებს მოწყალების გამო წვავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ტანჯვა მათ მომავალ ხვედრს შეამსუბუქებდა. თუმცა ბ-ნ ოსიპოვს სურს თავისი მოდერნიზმი ანტიკათოლოციზმის ნიღბით დაფაროს, მაგრამ სინამდვილეში მისი შეხედულება ჯოჯოხეთში ცეცხლით ნათლობის შესახებ კათოლიკური განსაწმენდელის ბანალურ გამეორებას წარმოადგენს. წმ. იოანე დამასკელი ამბობს, რომ ზოგიერთი წმინდანის მიერ გამოყენებული გამოთქმა „ცეცხლით ნათლისღება" ნიშნავს არა ცოდვილის მონათვლას, არამედ ქვეყნიერების განწმენდას ცოდვილთაგან, რომლებიც საუკუნო ცეცხლით შეიკვრებიან. ასევე გამოთქმა „წარღვნით ნათლისღება" არა ცოდვილთა ნათლისღებას (იმ დროს მართალნიც კი არ იყვნენ მონათლულნი), არამედ ძველი კაენელებისგან დედამიწის განწმედას აღნიშნავს. (წმ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა, თავი „ნათლისღების შესახებ"). კიდევ რომელ ოქრომავალ ელდორადოს აღმოგვიჩენენ თეოლოგიის „კოლუმბები", მიწაზე თუ არა, ჯოჯოხეთში მაინც?
1აპოკატასტასისი (ბერძნ. - დაბრუნება, აღდგენა, პირველსაწყის მდგომარეობაში მოყვანა) - ტერმინი, რომელიც გამოიყენა ორიგენემ და მასში იმ ნიშვნელობას დებდა, თითქოს ღვთისაკენ მიქცევით, მასთან მიერთებით ცხონდება ყველა ქმნილება, მათ შორის ეშმაკიც. ეს სწავლება, როგორც ერესი, უარყოფილ იქნა ეკლესიის მიერ VIსაუკუნეში.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) უკან დაბრუნება |