მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > დიდი ორშაბათი - ხსენება უნაყოფო ლეღვის გახმობისა

დიდი ორშაბათი - ხსენება უნაყოფო ლეღვის გახმობისა


9-04-2023, 20:59

 

 

   ვნების შვიდეულის პირველი დღე - დიდი ორშაბათი, ეძღვნება ბიბლიური იოსების ხსოვნას. იოსების ცხოვრება არის წინასახე მაცხოვრის ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულისა. იოსების ცხოვრებაში იყო დამცირებაც და განდიდებაც. ასევე იყო იესო ქრისტეს ცხოვრებაც: თავდაპირველად დამცირება, წამება, სიკვდილი, დაფლვა, შემდეგ კი - აღდგომა, ამაღლება და განდიდება. იოსები განსაკუთრებით უყვარდა თავის მამას - იაკობს, მაცხოვარი არის ზეციური მამის საყვარელი ძე: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათე 3, 4). იოსები ცხოვრობს ძმებთან ერთად, ენდობა და ბავშვური უმანკოებით ეპყრობა მათ, ვერც ამჩნევს ძმების მუხანათობას და ბოროტ ზრახვებს. განკაცებული ღმერთი მოვიდა თავის ძმებთან, იუდეველებთან, და როგორც იოსების ძმები ფიქრობდნენ მის მოკვლას, ასევე მწიგნობრები და ფარისევლები განიზრახავდნენ მაცხოვრის ჯვარცმას, უდანაშაულო იოსები იტანჯებოდა ეგვიპტეში, მაგრამ ძმებს არ განიკითხავდა და ფიქრობდა, რომ თვითონ იყო დამნაშავე. მაცხოვარს არ შეუცოდავს, მაგრამ მისი მტრები ბოროტმოქმედს უწოდებდნენ მას.

   იოსებს გაყიდიან ეგვიპტეში, შორეულ ქვეყანაში, წმიდა მამები აქაც ჭვრეტენ მაცხოვრის პირველსახეს, რომელიც მონის სხეულში განკაცდა მიწაზე, როგორც შორეულ ქვეყანაში. იოსებმა მონობაში არ დაკარგა სულიერება, მას ჰქონდა ძლიერი რწმენა უფლისა, იგი ვერ აცდუნა ეგვიპტელმა ქალმა, რადგან ღმერთზე ფიქრი ყოველთვის იცავდა მის გულს. იოსებს ჩააგდებენ საპყრობილეში, იესო ქრისტეს მთელი ცხოვრება იყო ჯვარცმა და წამება.

  იოსები გახდება ეგვიპტის ფარაონის სასახლის მოურავი, მის ძმებს კი შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. სასჯელის ნაცვლად ვერაგ ძმებს იოსები იხსნის სიკვდილისაგან. ადამიანებმა გაწირეს ქრისტეს სასიკვდილოდ და მსხვერპლად შეწირულმა მაცხოვარმა იხსნა კაცობრიობა.

   დღე ესე, დიდი ორშაბათი წმიდა არს და თაყვანისსაცემელი. რადგან ამიერიდგან იწყებს ჯვრისა მიერ ჩვენთვის შეწყნარებას, მსგავსად წინასწარმეტყველისა: „რად აღიძრნენ წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისა და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მიისათვის" (II ფს. 1, 2).

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება