მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (წმინდანებისადმი დამოკიდებულება მ. ი. მეინდორფის მსოფლმხედველობაში)

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (წმინდანებისადმი დამოკიდებულება მ. ი. მეინდორფის მსოფლმხედველობაში)


28-03-2015, 00:01

XX - XXI სს მოდერნისტი ღვთისმეტყველები (წმინდანებისადმი დამოკიდებულება მ. ი. მეინდორფის მსოფლმხედველობაში)

 

   მ. ი. მეინდორფის წიგნებში მოცემულია სწავლება არასრულყოფილი წმინდანების შესახებ. ის არაერთგზის აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები ზნეობრივი თვალსაზრისით სულაც არ არიან უცოდველნი. მეტიც: მისი აზრით, ისინი, როგორც წესი, უხეშად არღვევდნენ სარწმუნოებრივ სწავლებებს და ერესშიც კი ვარდებოდნენ. მაგალითად წერილში „ქალკედონელები და არაქალკედონელები" მეინდორფი წმ. ისააკ ასურს უტიფრად აცხადებს ნესტორიანელად, მაგრამ „დიდსულოვნად" არ უკარგავს უფლებას იწოდებოდეს მართლმადიდებელ წმინდანად.

   მოდერნისტი პატროლოგი ირწმუნება: „ეკლესია წმინდანად შერაცხვის უდავო პირობად არასდროს მიიჩნევდა უცოდველობას. შუასაუკუნეების ბიზანტიელ პატრიარქთა უმეტესობა, რომლებიც ფორმალურად არ იყვნენ ერესში ბრალდებულნი, წმინდანთა დასში იქნენ შერაცხილნი".

   მ. იოანე მეინდორფი იმდენად აღფრთოვანებულია ამ აზრით, რომ მსგავს სწავლებას ყველა ადამიანზე განაზოგადებს. „ჩვენს დაცემულ სამყაროში... არ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორც აბსოლუტური ერეტიკოსი..."

  ყოველივე ამის მიუხედავად, მისი მსოფლხედვის თანახმად, ჩვენ, როგორც მართლმადიდებლებმა, თაყვანი უნდა ვცეთ წმინდანებს, რადგან კოლექტიური შეგნება აღიარებს მათ ასეთებად და სწავლობს შეცდომებზე. ამგვარი მიდგომით იგი წმინდანებს კაცობრიობის გენიოსების: დანტეს, სერვანტესის, ტოლსტოისა და სხვათა გვერდით აყენებს. ისინიც ხომ არ იყვნენ უცოდველნი, მრავალ საკითხში, მათ შორის მთავარშიც, ცდებოდნენ, მაგრამ მათაც ჰქონდათ რაღაც დადებითი და ფასეული.

   მოდერნისტი ღვთისმეტყველის თანახმად, ბრმად არ უნდა გავიმეოროთ ყოველივე, რაც დაწერეს წმ. მამებმა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს წინაშე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით არა წმინდანები, არამედ უბრალო ადამიანებია, როგორებიც ჩვენ ვართ. ამასთან, უდიდეს წმინდანთა მასწავლებელთა და საკვირველმოქმედთა სწავლებებში მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ კარგი ცუდისაგან ისევე, როგორც მასწავლებელი არცთუ წარმატებული მოწაფის ნაწერს განიხილავს ხოლმე. ანუ: წმინდა მამები „მამები" კი არ არიან, არამედ „ბავშვები" მ. ი. მეინდორფის „სიბრძნის" ფონზე.

   ასე რომ, წმინდანებსა და სიწმინდეზე მკაფიოდ სეკულარულ-პროტესტანტულ ხედვას გვთავაზობენ. ერთი განსხვავებაა: პროტესტანტებს, ყოველ შემთხვევაში, არ გააჩნიათ მართლმადიდებლობის პრეტენზია და არც თამაშობენ წმინდანთა თაყვანისცემას. ამიტომ, მოდერნიზმი არა მხოლოდ უწმინდურება, არამედ უსამართლობაც გახლავთ.

   მეინდორფის პროტესტანტულ კონცეფციას ერთი რამ გამორჩა მხედველობიდან - სიწმინდე, ღმერთკაც იესო ქრისტესაგან სიბრძნის, სიმართლის, გამოსყიდვის მომნიჭებელი. მოდერნისტულ მსოფლმხედველობაში საუბარიც არ არის იმაზე, რომ თვად ღმერთი განადიდებს თავის წმინდანებს, რომ განღმრთობა მხოლოდ ღმერთში, მხოლოდ ღვთის მადლით არის შესაძლებელი.

   წმინდანებში, „რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე" (ებრ. 11. 38). მართლმადიდებელი ეკლესია თაყვანს სცემს არა ადამიანებს, არამედ ღვთის მადლს, რომელმაც მიიყვანა ისინი სრულყოფილებამდე.

   მ. ი. მეინდორფი მიიჩნევს, რომ იცავს წმიდა გადმოცემას, თუმცა მისდამი ერთგულებას წმინდა წერილისა და წმ. მამათა ნაშრომების უბრალო სიტყვების გამეორებაში არ ხედავს. ის დასაშვებად მიიჩნევს ახალი შეხედულებებისა და სწავლების, საღვთისმეტყველო მიდგომებისა თუ სხვადასხვა ფილოსოფიური კონცეფციების მიღებას. ის ამართლებს კათოლიკურ მიდგომას ახალი დოგმატების შესათხზველად.

   მეინდორფი უტიფრად აცხადებს, რომ „ჩვენს ავბედით დროში შეცდომებისაგან სრული თავისუფლება არ არსებობს და გარკვეული კუთხით ადამიანს აქვს შეცდომების უფლება". ერეტიკული მტკიცებულება შეიძლება იპოვო ნებისმიერ წმიდა მამასთან". „წმ. გრიგოლ პალამას მამოძრავებელი ძალა, - მისი აზრით, - გახლავთ მართლმადიდებლური დოგმატების ერთგულება იმ სახით, როგორადაც მას თავად ჰქონდა წარმოდგენილი".

   მართლმადიდებლობაში მკრეხელობად მიიჩნევა მოსაზრება მადლის ცოდვილებშიც და უწმინდურებშიც არსებობის შესახებ. ეს თავდასხმაა თვით ღვთის სიწმინდეზე, რადგან ღმერთსა და მის წმინდანებს საერთო დიდება, მეუფება და ნათელი აკავშირებთ. (წმ. გრიგოლ პალამა).

   ნუთუ ზებუნებრივ მადლს არ ძალუძს ადამიანის განწმენდა და განსპეტაკება? შორს ჩვენგან მსგავსი აზრები! ცხადია, ვსაუბრობთ ცოდვებზე და წმინდანების დაცემებზეც (ღირსი მარიამ მეგვიპტელი) და ა. შ, ვსაუბრობთ არა იმიტომ, რომ ეს სულერთია ჩვენთვის, არამედ იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტად განდიდებული ვხედავთ მათ, რაკი დიდ ცოდვებს განეშორნენ, შეინანეს, ღვთის მადლით დაამარცხეს ვნებები და მცდარი შეხედულებები საკუთარ თავში. ვით განგვიმარტავს წმ. იოანე ოქროპირი, თუ მართალს რაიმე განსაცდელი ხვდება, ის ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე იმკის საზღაურს, რათა აქვე მოიშოროს ცოდვა და საიქიოში განწმენდილი გადავიდეს.

   მოციქულიც ბრძანებს: „და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმინდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუისითა და სულითა ღმრთისა ჩუენისათა" (1 კორ. 6, 11).

   დაე, ნუ იფიქრებს მავანი, რომ მ. ი. მეინდორფი იმავეს გულისხმობს. არავითარ შემთხვევაში: ის ადამიანებისათვის ახალ კანონმდებლობას, „შეცდომების უფლებას" აყალიბებს. მართლმადიდებელ ეკლესიაში შემოაქვს სრული ზნეობრივი რელიატივიზმი და უპრინციპობა, რომელიც ისედაც მძვინვარებს გარესამყაროში.

 

 

თარგმნა და მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ   

უკან დაბრუნება