მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 29 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა ამბროსისა (ხელაია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (+1927)

29 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა ამბროსისა (ხელაია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (+1927)


28-03-2023, 17:29

29 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა ამბროსისა (ხელაია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (+1927)

 

   უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა. მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. ასეთი მზრუნველი მამა იყო და შემდგომ... ასეთივე პატრიარქი.

   1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში". 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს" ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის" სახელით ცნობილი. აი, ერთი იმდროინდელი ჩანაწერი: „მამა ამბროსი - სულ წელიწადი არ არის, რაც აქ წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისთვის ეს დროც საკმაო ყოფილა, რომ წრფელი გულით შეეყვარებინა ხალხს. „ღვთის ენა-პირი ასხიაო", - ამბობდნენ იქაურები. „ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო". 1904 წელს არქიმანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამისთვის  1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს - ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს. გადის წლები და ყოველი მისი თხოვნა დაბრუნებაზე უპასუხოდ რჩება. ამასობაში საქართველოში ვრცელდება ხმები, რომ ამბროსი ხელაია მატერიალურად კარგად არის უზრუნველყოფილი და უბრალოდ არ უნდა დაბრუნება. ამაზე გულისტკივილით წერს თავის წერილში:

   „ჩემი ექსორიანი": „ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყვე. ამ წერილის დამწერთ ალბათ ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, - არ გამოუცდიათ ის სიმწვავე, რასაც განიცდის სამშობლოდან გადახვეწილი, თუ კი გადაგვარების გზაზე არ არის დამდგარი და გული შესტკივა სამშობლოს მდგომარეობაზე".

   1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.  

   საქართველოს გასაბჭოებიდან რამდენიმე თვეა გასული. ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის გამო იგი აგზავნის დოკუმენტებს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში - უშედეგოდ. 1922 წელს აგზავნის მოწოდებას გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე. „ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას", - ამბობს კათოლიკოსი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვს. კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიური აღდგენის საშუალებით გამოიძებნა. სინამდვილეში ის მიზნად ისახავდა, დაებრუნებინა ნედლეულით მდიდარი რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე, ასევე საბჭოთა რუსეთის მთავრობისთვის მოეთხოვა მეფის რუსეთის ვალები. ამიტომ საქართველოს გამო ისინი რუსეთს არ დაუპირისპირდნენ. პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა. გაძლიერდა მისი დევნა. კათოლიკოს-პატრიარქსა და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრს აპატიმრებენ. ბრალდება ოთხია: კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია-მონასტრებში დაცული საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღევანდელი მთავრობის სასახლის ტერიტორიაზე იყო) კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.

   პატიმარ კათალიკოს ამბროსის საბჭოთა სასამართლოზე ღირსეულად ეჭირა თავი. მან სასამართლოს ასე მიმართა:

   „სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული - სამშობლოს, ხორცი კი თქვენ, ჯალათებო, და რაც გინდათ უყავით მას."

   კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.

 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.

   წმიდა ამბროსის მეოხებით ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ!

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება