მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე
აღმოსავლეთის კათოლიკე - საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე18-03-2015, 00:05 |
წევრი 14 გვწამს, რომ ადამიანი, დაცემული (საღმრთო მცნებას) გარდახდო-მით, პირუტყვ ცხოველებს მიემსგავსა, ანუ დაბნელდა და მოაკლდა სრულყოფილებასა და უვნებობას, მაგრამ არ მოკლებია იმ ბუნებასა და ძალას, რომელიც ყოვლადსახიერი ღმერთისაგან მიიღო. რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უგუნურად შეიქნებოდა და მაშასადამე, აღარც ადამიანი იქნებოდა, რამეთუ მას (კვლავაც) აქვს ის ბუნება, რომლითაც შეიქმნა, და ბუნებითი ძალა, თავისუფალი, ცოცხალი, ქმედითი, ისე, რომ მას ბუნებით ძალუძს აღირჩიოს და იქმოდეს სიკეთეს, გაურბოდეს და პირს იბრუნებდეს ბოროტისაგან. ხოლო ადამიანს რომ ბუნებითვე შეუძლია სიკეთის ქმნა, ამაზე უფალიც მიგვითითებს, როცა ამბობს, რომ წარმართთაც უყვართ თავიანთი მოყვარენი, და საკმაოდ ცხადად გვასწავლის პავლე მოციქულიც (რომ. 1,19) და სხვა ადგილებშიც, სადაც ამბობს, რომ წარმართნი, რომელთაც სჯული არა აქვთ, ბუნებითსა მათ სჯულსა ჰყოფენ. აქედან ცხადია, რომ ადამიანის მიერ მოქმედებული სიკეთე შეუძლებელია ცოდვა იყოს, რამეთუ სიკეთეც არ შეიძლება ბოროტება იყოს. არის რა ბუ-ნებითი, იგი (სიკეთე) რწმენის გარეშე, ვერ თანაშეეწევა ცხოვნებას ადამიანისა, მაგრამ არც მის განკითხვას ემსახურება, რამეთუ სიკეთე, როგორც ასეთი, შეუძლებელია ბოროტების მიზეზი იყოს, ხოლო მადლის მიერ ხელახლა შობილებში იგი, განძლიერებული საღმრთო მადლით, სრულყოფილი ხდება და ადამიანს ცხოვნების ღირსად შექნის. მართალია ადამიანს ხელახალ შობამდეც ძალუძს ბუნების-მიერად იყოს მიდრეკილი სიკეთისაკენ, აღირჩიოს და იქმოდეს ზნეობრივ სიკეთეს, მაგრამ იმისთვის, რომ ხელმეორედ შობილს სულიერი სიკეთის ქმნაც ძალ-ედვას (რამეთუ რწმენის საქმენი, არიან რა მიზეზი ცხოვნებისა და აღესრულებიან რა ზებუნებრივი მადლით, ჩვეულებრივ იწოდებიან კიდეც სულიერად), - ამისათვის საჭიროა, რომ საღმრთო მადლი წინამსწრობელი და წინამძღვარი იყოს, როგორც ეს წინასწარგანსაზღვრულთათვისაა ნათქვამი. ასე რომ, მას (ადამიანს) არ ძალუძს თავით თვისით იქმოდეს ისეთ საქმეებს, რომლებიც ქრისტესმიერი ცხოვრების ღირსნი იქნებოდნენ, არამედ მხოლოდ ის ძალუძს, რომ სურდეს ან არ სურდეს მოქმედება საღმრთო მადლის თანახმიერად (შესაბამისად). უკან დაბრუნება |