მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყარო პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის თვალთახედვით
ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყარო პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის თვალთახედვით13-08-2020, 00:08 |
ათეიტური მსოფლმხედველობისთვის ყოვლად მიუღებელია იმქვეყნიური სამყაროს არსებობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის (პრ. შმ.) სწავლებაში ცათა სასუფეველის არსის შესახებ არა მსჯელობასთან, არამედ ცხადად დაცინვასთან გვაქვს საქმე. ამ საკითხში პრ. შმ. ძალიან მიუახლოვდა დიდროსა და ლამეტრის ათეიზმს, კერძოდ: "საკუთარი თავის ნუგეშის მიზნით, ადამიანმა შექმნა ოცნება იმქვეყნიური სამყაროს შესახებ, სადაც არ არის სიკვდილი, რითაც ეს სამყარო მთლიანად სიკვდილს დაუმორჩილა".¹ შმემანისთვის მხოლოდ ერთი სამყარო არსებობს და ეს ჩვენი ხილული სამყაროა. ის ამბობს, რომ როცა წმიდა წერილსა და გადმოცემაში საუბარია ზეცაზე, ამქვეყნიური სამყარო იგულისხმება: "როდესაც ვსაუბრობთ ცათა სასუფეველზე, არ ვგულისხმობთ რაიმე განყენებულსა და საოცარს, არ ვსაუბრობთ იმქვეყნიურზე, რაც სიკვდილის შემდეგ იქნება".² თავად ქრისტიანული სარწმუნოება, ჩვენი ავტორის თანახმად, "არა რაღაც მატერიალური ზეცის, "წმიდა სივრცისაკენაა" მიმართული, არამედ ღმერთის მკვიდრობის სულიერი რეალობისაკენ. ზეცა აქაური სამყაროსა და ცხოვრების დაკარგული "განზომილებაა", რომელიც აღადგინა ქრისტემ".³ შმემანისთვის იმქვეყნიური სამყარო უკეთეს შემთხვევაში მოჩვენებითი, პირქუში იმქვეყნიური ცხოვრებაა". იმქვეყნიურ სამყაროს პრ. შმ. ტრადიციულად ფრჩხილებში სვამს, რათა ვინმემ არ იფიქროს, რომ მას სინამდვილეში სწამს იმქვეყნიური ცხოვრება: "ღმერთმა ადამიანს ტრადიციული "წეს-წყობის" დაცვისათვის ჯილდოს სახით აღუთქვა ცხონება "იმ სამყაროში".⁴ პრ. შმ. მსოფლმხედველობის მიხედვით, არარსებულ სამყაროს მიეკუთვნება წარსულიც, მათ შორის გადმოცემაც: "მართლმადიდებლობა ყველგან ძირითადად აღიქმება როგორც იმქვეყნიურ სამყაროში ცხოვრება, რომელიც თუმცა პროვოცირებს მომავალს, ვით ოცნებასა და იმედს, პრინციპში კი რჩება გაუცხოებული რეალური სამყაროსაგან"5 ამქვეყნიური ცხოვრებისაგან ასეთ გაუცხოებას პრ. შმ. ვერაფრით პატიობს მართლმადიდებლობას. ამავე ნაშრომში სიტყვები "ბოლი ჟამი", "მომავალი ცხოვრება"6, კვლავ ფრჩხილებშია მოთავსებული მათი ფანტასტიკურობის აღსანიშნავად.7 როგორც ვხედავთ, შმემანისთვის არსებობს არაიმქვეყნიური სამყარო, არამედ "რაღაც იმქვეყნიური".8 ის ერთმნიშვნელოვნად არარსებულ სამყაროს გულისხმობს: "სულის უკვდავება და მისი ცხოვრება სადღაც იმქვეყნიურ სამყაროში".9 მსგავსი მოსაზრება სხვა ნაშრომშიცაა გამოთქმული: "რაღაც გასაიდუმლოებული, გარდასახვითი არსებობა სადღაც გასაიდუმლოებულ ეთერულ იმქვეყნიურ სამყაროში".10 მიაქციეთ ყურადღება: იმქვეყნიურ სამყაროს განზოგადებული ტერმინებით მოიხსენებს. შემდეგ, სხვა ადგილას ამბობს: "იმქვეყნიური სამყაროს შესახებ არაფერი იცის ადამიანმა".11 საინტერესოა, თუ არაფერი იცის იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, რატომ ასწავლის სხეულის აღდგომის შესახებ? ცხადია, სხეულით აღდგენაში არა იმქვეყნიურ სამყაროს, არამედ ამქვეყნიურ გულისხმობს. პრ. შმ. მორიგ ათეისტურ - მონისტურ განცხადებას აკეთებს, როდესაც ბრძანებს, რომ თურმე ამქვეყნიურ სამყაროს არ ექნება დასასრული: "აღდგომა ნიშნავს სამყაროს აღდგენას პირველადი მდგომარეობითა და სისავსით, ეს არის მატერიის სრული გასულიერება და სრული განხორციელება სულისა და ღვთის ქმნილებაში. სამყარო ისევე მიეცა ადამიანს როგორც მისი ცხოვრება, ამდენად, ჩვენი ქრისტიანული, მართლმადიდებლური სწავლებით - ღმერთი არ ანადგურებს სამყაროს, არამედ "ახალ ცად და ახალ მიწად" გარდაქმნის მას ადამიანის სულიერ სხეულს კი - ღვთის დიდების ტაძრად და სამყოფელ ქმნილებად".12 მაგრამ ეს სულაც არ არის მართლმადიდებლური სწავლება, როგორც თავად ავტორს სურს წარმოგვიჩინოს. სამყარო არ მიეცა ადამიანს ისეთივე მნიშვნელობით როგორც თავისი ცხოვრება, ხოლო მორიგი განცხადება, რომ სამყარო გახდება ადამიანის სულიერი სხეული ნამდვილად ოკულტური ფანტაზიაა, წმიდა წერილის სანაცვლოდ შემოთავაზებული. ეს სამყარო რომ განადგურდება ამის შესახებ პირდაპირ წერს პეტრე მოციქული: "ხოლო მოიწია დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ" (2. პეტრ. 3. 10) პრ. შმ. ზეცად ამაღლების სწავლებასაც უარყოფს. მისთვის სასუფეველი არ არის სხვა სამყარო, ვინაიდან მონისტისთვის მხოლოდ ერთი სამყარო არსებობს: "პირველყოფილი კოსმოლოგია სამყაროს სამ საფეხურად ჰყოფს: ზეცა, დედამიწა, ქვესკნელი. ცხადია, ყოველი წმინდა, ღვთაებრივი და ამაღლებული ზეცაში იმკვიდრებს ადგილს, ხოლო ბოროტი, ცოდვისმიერი და საშინელი - ქვესკნელში. ასევეა ფიზიკურ სამყაროშიც. ამქვეყნიურ გამოცდილებაში ზეცა "ბუნებრივი", მშვენიერი, გასხივოსნებული, სუფთა და ამაღლებულია". ქრისტიანობას ამ კოსმოლოგიასთან არანაირი შეხება არა აქვს" - ასკვნის შმემანი.13 ამგვარი ლოგიკით, ცხადია, საშინელი სამსჯავროც არ იქნება საშინელი. შმემანი წერს: "პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში საუბრობს მაცხოვრის მოსვლის სიხარულზე. "და მაშინ, - ამბობს მოციქული, - ჩვენ ყოველთვის ღმერთთან ვიქნებით". მაგრამ თანდათანობით, საუკუნეების მანძილზე, ეს სიხარული შიშით გაქარწყლდა - საშინელი სამსჯავროს შიშით, რომელსაც ქრისტიანებმა უწოდეს საშინელი". შმემანისთვის უფლის სამსჯავრო არ იქნება საშინელი, ვინაიდან მისთვის საშინელი სამსჯავროს სწავლება მხოლოდ იგავია: "ეს იგავი "საშინელ სამსჯავროზე", როგორც ოდითგანვე უწოდებენ ქრისტიანები, მოიხსენება დიდმარხვამდე ერთი კვირით ადრე, როდესაც ეკლესია მოგვიწოდებს შევამოწმოთ საკუთარი თავი, სინდისი, ცხოვრება ქრისტიანული სისავსით".14 როგორც ხედავთ, პრ. შმ. სწავლება რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებლური სწავლებისაგან ესქატოლიგიის შესახებ. თუმცა, არც ამით სრულდება ცრუსწავლებათა კასკადი შმემანის ნაშრომებში.
¹Проповеди и Беседы. Сост. А. ШМЕМАН. М 2003. Паломник. გვ. 110. ²იქვე გვ. 37. ³Пр. А. Шм. За жизнь Мира. New York. 1983. пер. Волоховский. ⁴Пр. А. Шм. Воскресные Беседы. Paris1988. გვ. 74. 5Церковь, мир, миссия: Мысли о Православии на Западе. 1996. გვ. 75. 6იქვე გვ. 84. 7იქვე გვ. 178. 8За жизнь мира. Пер. Л. Волохонский. NewYork. 1983. გვ. 84. 9Восскресные Беседы. Paris: Утса-Press. 1989. 10Проповеди и Беседы. Сост. С. А. Шмеман. о. А. Поскунов. Ред. ю. Дорман. М. Паломник. 2003. 11იქვე გვ. 106. 12Воскресные Беседы. Paris. 1989. 13იქვე გვ. 75-76. 14იქვე გვ. 78.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |