მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 19 თებერვალი (ახ. სტ.) - სხენება წმიდა ფოტისა, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (+891)
19 თებერვალი (ახ. სტ.) - სხენება წმიდა ფოტისა, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (+891)18-02-2021, 15:01 |
წმიდა ფოტი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი IX საუკუნეში ცხოვრობდა და კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. მამამისი ხატთაყვანისცემის დაცვისთვის მოწამეობრივად აღსრულებულა. ფოტიმ ბრწყინვალე განათლება მიიღო: თანამედროვეთა მოწმობით, მას განსწავლულობით თავის საუკუნეში ტოლი არ ჰყავდა. ფილოსოფიის, მედიცინის, ასტრონომიისა და ღვთისმეტყველების ამ შესანიშნავ მასწავლებელთან სხვადასხვა მეცნიერებებს ეუფლებოდნენ იმპერატორის ტახტის მემკვიდრე მიხეილი და მომავალი სლავთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი კირილე. ფოტის პირველი სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეჭირა სენატში, მაგრამ სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება არ იზიდავდა მონაზვნობისკენ მიდრეკილ მის სულს. 857 წელს იმპერატორ მიხეილის თანამმართველმა, ბარდამ კონსტანტინეპოლის კათედრიდან გააძევეს პატრიარქი ეგნატე და მის ნაცვლად ფოტის დადგინება გადაწყვიტა. მომავალ წმიდანს ამ მაღალი ხარისხისათვის თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ მისი არ შეისმინეს: ექვსი დღის განმავლობაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და შობის დღესასწაულზე პატრიარქადაც აკურთხეს. მალე გადაყენებული მღვდელმთავრის მომხრეებმა შფოთი დაიწყეს. 861 წელს მღელვარების ჩასაცხრობად მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც დაადასტურა ეგნატეს გადაყენება და ფოტი პატრიარქად დაამტკიცა. პაპი ნიკოლოზ 1 იმედოვნებდა, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ახალი მესაჭე მისი ნების აღმსრულებელი იქნებოდა, მაგრამ, როცა იმედები არ გაუმართლდა, ფოტი ანათემას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული, სიცოცხლის აღსასრულამდე წმიდანს უხდებოდა დაუცხრომელი ბრძოლა პაპის თვითნებობასთან და მის მიერ აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელყოფის ცდებთან. 864 წელს ბულგარეთი საკუთარი ნებით მოექცა მართლმადიდებლობაზე. როგორც ვარაუდობდნენ, ბულგარეთის მეფე ბორისი პატრიარქმა ფოტიმ მონათლა, რის შემდეგაც ახალმოქცეულ ქვეყანაში მთავარეპისკოპოსი და მღვდლები გაგზავნა. შემდეგ, წმიდა ფოტის კურთხევით, ბულგარეთში გაემგზავრნენ წმიდა კირილე და მეთოდე – სლავურ ენაზე ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად. პაპის მომხრეებმა შეძლეს, რომ ქვეყანაში აღმოსავლელი მქადაგებლებისადმი უნდობლობა გაეღვივებინათ. ამასთან, გერმანელთა თავდასხმებით შევიწროებული მეფე მიხეილი იძულებული შეიქმნა, დახმარება დასავლეთში ეძია და პაპს მიმართა თხოვნით, ბულგარეთში თავისი ეპისკოპოსები გამოეგზავნა. ახალნერგ ქვეყანაში ჩამოსულმა პაპის ლეგატებმა აქ ლათინთა სწავლებისა და წეს-ჩვეულებების დანერგვა დაიწყეს, ამასთან ირწმუნებოდნენ, რომ პატრიარქ ფოტის მიერ აღსრულებულ მღვდელმოქმედებებს ძალა არ ჰქონდა და ნათელღებულ ბულგარელებს ხელმეორედ სცხებდნენ მირონს. ეს იყო მთელი კონსტანტინეპოლის ეკლესიის დიდი შეურაცხყოფა. მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა და უსჯულოების მამხილებელმა წმიდა ფოტიმ აღმოსავლეთის ეკლესიებს დაუგზავნა ეპისტოლეები, რომლითაც აუწყა ისინი პაპის ქმედებების შესახებ და ამცნო, რომ რომის ეკლესია მართლმადიდებლობას ემიჯნებოდა არა მარტო წეს-ჩვეულებებით, არამედ სწავლებითაც და მათ ანტიქრისტეს მსახურები უწოდა. 867 წელს, იმპერატორ მიხეილის მკვლელობის შემდეგ, სამეფო ტახტი მიიტაცა ბასილი მაკედონელმა. მღვდელმთავარმა ფოტიმ უშიშრად ამხილა მკვლელი. ამის გამო ის გადააყენეს პატრიარქობიდან, მონასტერში გამოამწყვდიეს და მის ნაცვლად ეკლესიის მესაჭეობა კვლავ ეგნატეს მიანდეს. მღვდელმთავარ ფოტის მოქმედების გამოსაძიებლად მოწვეულ კრებას პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ. მათ შეკრებილებს ხელმოსაწერად წარუდგინეს სიგელები, რომელთა მიხედვითაც მთელი ეკლესია პაპის სამსჯავროს უნდა დაქვემდებარებოდა. აღმოსავლელი ეპისკოპოსები არ დაყვნენ პაპის ნებას და ლეგატებთან გაცხარებული კამათი წამოიწყეს. კრებაზე გამოძახებულმა ფოტიმ დუმილით მოისმინა მისი დაპატიმრების უსამართლო განაჩენი. ბოლო კითხვაზე – ხომ არ მოინანიებდა წმიდა ფოტი მის დანაშაულს, მღვდელმთავარმა უპასუხა: „იქნებ თქვენ გადაიფიქროთო რამე”. შემდგომ მოვლენები ისე წარიმართა, რომ ბულგარეთიდან განდევნეს ლათინი ღვთისმსახურები და პატრიარქმა ეგნატემ ისევ თავისი ეპისკოპოსები გაგზავნა ქვეყანაში. 879 წელს, ეგნატეს სიკვდილის შემდეგ, მოწვეულ იქნა კრება, რომელმაც კვლავ ცნო ფოტი კანონიერ მწყემსმთავრად. იმპერატორ ბასილის მემკვიდრის, ლეონის დროს მღვდელმთავარ ფოტის მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად და 886 წელს კათედრიდან გადააყენეს. წმიდა მამა არმონიის მონასტერში გამოამწყვდიეს, სადაც დაასრულა კიდეც თავისი მრავალტანჯული სიცოცხლე. მართლმადიდებლური ეკლესია თაყვანს სცემს ფოტის, როგორც პაპის თვითნებობისაგან აღმოსავლეთის ეკლესიის მხურვალე დამცველს, როგორც ღრმად განსწავლულ ღვთისმეტყველს, რომელმაც დაგვიტოვა მრავალი ნაშრომი ლათინთა ცდომისა თუ სხვა ერესების სამხილებლად, წმიდა წერილის განსამარტავად და სხვა სარწმუნოებრივი საკითხების გასარკვევად.
„წმიდანთა ცხოვრება" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |