მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 18 თებერვალი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოწამე აღათიასი (+251)

18 თებერვალი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოწამე აღათიასი (+251)


17-02-2022, 18:21

 

18 თებერვალი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოწამე აღათიასი (+251)

 

 

   წმიდა მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში (ძველი სახელწოდება – პანორმი) მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას, მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და ბრძანა, შეეპყროთ ქრისტიანი ქალწული. წმიდანი კატანში ერთ მდიდარ ქალთან დააბინავეს, რომელსაც ხუთი ასული ჰყავდა. ისინი ცდილობდნენ აღათია ნაირნაირი ტანსაცმლებით, საჭმელ-სასმელით, გასართობებით ეცდუნებინათ და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას სთავაზობდნენ, მაგრამ ქრისტეს სასძლო არანაირ ფანდებზე არ ეგებოდა, ზიზღით უარყოფდა ყოველგვარ სიტკბოებას და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მისი სახელისთვის წამების დათმენის ღირსი გაეხადა. კვინტიანთან დაკითხვაზე, იგი ვერც ალერსით მოდრიკეს და ვერც მუქარით, რის შემდეგაც საშინლად აწამეს: გაშიშვლებული დაკიდეს ხეზე, გვემეს, სხეული დაუსერეს, რკინის სამთითებით უჯიჯგნეს მკერდი, შემდეგ კი ჩამოათალეს. საპყრობილეში წმიდა მოციქული პეტრე გამოეცხადა მარტვილს და ჭრილობებისაგან განკურნა. მეორე დღეს კვინტიანი გაოცდა, როცა ქალწული სრულიად უვნებელი იხილა და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. ამ დროს საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ქალაქის დამფრთხალი მცხოვრებლები მოაწყდნენ კვინტიანს და მოსთხოვეს, შეეწყვიტათ წამება. მოსალოდნელი სახალხო მღელვარებით შეშინებულმა მმართველმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაებრუნებინათ ქრისტეს ტარიგი, სადაც მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

   უსჯულო კვინტიანი საშინელი სიკვდილით მოკვდა. როცა იგი წმიდა მოწამის სიმდიდრის დასაუფლებლად ტივით მიცურავდა პანორმისკენ, უეცრად გაავებული ცხენები მისცვივდნენ: ერთმა სახე მოაჭამა, მეორემ კი დატორა და მდინარეში ჩააგდო.

  წმიდა აღათიას საფლავზე ტაძარი ააგეს, მის ლუსკუმაზე კი დაასვენეს ფლასები, რომლითაც იმოსებოდა მდიდარი, მაგრამ მეტად მოკრძალებული და თავმდაბალი ქალწული. მოკლე ხანში კატანის მახლობლად მდებარე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. გავარვარებული ლავა მდინარესავით გადმოიფრქვა და წალეკვითა და გადაბუგვით ემუქრებოდა მთელ ქალაქს. თავზარდაცემული კატანელები, ღვთის შეწევნის იმედით, წმიდა აღათიას სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ, ფარივით იპყრეს ხელთ მისი სამოსელი და ალის პირისპირ დადგნენ. მოხდა სასწაული: უეცრად ცეცხლოვანმა ლავამ უკან დაიხია, ჩაცხრა და გაცივდა.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება