მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 9 თებერვალი (ახ. სტ.) - აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა (438)

9 თებერვალი (ახ. სტ.) - აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა (438)


8-02-2024, 16:43

 

9 თებერვალი (ახ. სტ.) - აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა (438)

 

 

 

   მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი - იოანე ოქროპირი 407 წელს გარდაიცვალა ქალაქ კომანში, გადასახლების ადგილისაკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს ბევრი მტრობდა. მის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო დედოფალი ევდოქსია. სწორედ მისი დაჟინებით ჩამოაცილეს წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს.

   იოანე ოქროპირის უჟამო სიკვდილმა მეტად დაამწუხრა ქრისტიანები. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქს პროკლეს სთხოვეს, მეფესთან აღეძრა შუამდგომლობა წმიდა მამის ნაწილების კონსტანტინეპოლში გადმოსვენების შესახებ. ევდოქსიას ვაჟმა, იმპერატორმა თეოდოსი II-მ (408-450) თანხმობა განაცხადა, მაგრამ კომანში სიწმიდის ჩამოსასვენებლად გაგზავნილებმა მღვდელმთავრის კუბოს ძვრაც ვერ უყვეს. იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას და დაწერა ეპისტოლე, რომელშიც წმიდანს თავისი დედისა და საკუთარი ცოდვების მიტევებას სთხოვდა. როცა ეპისტოლე წმიდა კუბოსთან წაიკითხეს, ის შემსუბუქდა და ადვილად ასწიეს. იოანე ოქროპირის ნაწილების გადასვენება კომანიდან კონსტანტინეპოლში 438 წელს მოხდა. სიწმიდე დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარში დაასვენეს. როცა პატრიარქმა ლუსკუმა გახსნა, მღვდელმთავრის ცხედარი უხრწნელი აღმოჩნდა. მეფემ მუხლი მოიყარა მის წინაშე და ცრემლებით ითხოვა შეწყალება. დილით კუბო წმიდა მოციქულთა ტაძარში იქნა გადასვენებული. მრევლმა შესძახა: „მიიღე შენი ტახტი, მეუფე!" პატრიარქმა და კუბოსთან მდგარმა ღვთისმსახურებმა კი დაინახეს, რომ მღვდელმთავარმა ბაგეები გახსნა და წარმოთქვა „მშვიდობა ყოველთა!"

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება