მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 30 იანვარი (ახ.სტ.) - ხსენება ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდისა (+356)

30 იანვარი (ახ.სტ.) - ხსენება ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდისა (+356)


30-01-2022, 00:00

 

 

   წმიდა ანტონი დიდი ეგვიპტის სოფელ კომაში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა 251 წელს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, უმცროსი და „შეჰვედრა მეცნიერთა მისთა მორწმუნეთა ქალწულთა და მისცა იგი სიქალწულესა განზრდად”, თვითონ კი თავისი სოფლის მახლობლად ერთ ქოხში დაეყუდა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო. ანტონი საკუთარი შრომის ნაყოფით ირჩენდა თავს და მოწყალებასაც გასცემდა. ცდილობდა, გულმოდგინედ აღესრულებინა უფლის მცნებები, „რამეთუ ისმენნ იგი წიგნთა, სადა ყოველივე წერილი არა დავარდებოდა მისგან, არამედ დაისწავებდა ზეპირით”. დროდადრო ანტონი სხვა ბერებთანაც მიდიოდა სულიერი გამოცდილების მისაღებად და ცდილობდა, ყოველგვარ სათნოებათა შესაკრებელი შექმნილიყო. იგი სიხარულს ჰგვრიდა ყველას, არავის აწუხებდა. სოფლელებს და მეგობრებსაც უყვარდათ ღვთისმოყვარე მამა, „რომელნიმე ვითარცა შვილსა, რომელნიმე ვითარცა ძმასა მოიკითხვიდა". კეთილმოძულე და მოშურნე ეშმაკმა „ვერ თავსიდვა, ხედვიდა რაჲ ჭაბუკისა მის თანა ესოდენსა გულმოდგინებასა” და ფიცხელი ბრძოლა დაუწყო მას – საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს.

   ანტონის სმენოდა წიგნთაგან, „ვითარმედ მრავალ არიან მანქანებანი მტერისანი” და ცდილობდა ხორცი დაემონებინა - „ნუუკუე სხჳთ ვსძლე, და სხჳთ მაცთუნოს”. წმიდანმა გაამკაცრა ღვაწლი: საზრდელს დღეში ერთხელ, ზოგჯერ კი ორ-სამ დღეში ერთხელ ღებულობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა, ძალიან ცოტა ეძინა. „ხოლო სარეცლად მისა იყო ჭილი, და უფროჲსღა ქუეყანასა ზედა წეჳნ”. მარად იხსენებდა მოციქულის სიტყვებს: „რაჟამს უძლურ ვიქმნი, მაშინ განვძლიერდი”.

   ამის შემდეგ წმიდანი, სოფლისგან მოშორებით, აკლდამაში დაემკვიდრა. აქ ეშმაკები შეეცადნენ, მოეკლათ ღვთის რჩეული, თავს დაეცნენ და სასტიკად გვემეს იგი, ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს იგი კაცთაგან ეგოდენი ტანჯვაჲ და გუემაჲ ყოფად”. ღმერთმა არ დაუშვა ანტონის სიკვდილი: მეორე დღეს საზრდელის მოსატანად მოსულმა ჭაბუკმა იპოვა ცოცხალ-მკვდარი მოსაგრე და სოფელში ჩაიყვანა. სოფლელებს წმიდანი მკვდარი ეგონათ და მის დასამარხად იწყეს მზადება, მაგრამ, შუაღამისას, ანტონი გონს მოვიდა და შეევედრა მეგობარს, „აღკიდებად და მიღებად სამარედვე და არავის განღჳიძებად” – მისი სიმტკიცე აღემატებოდა მტრის ძლიერებას. დემონები მაინც არ ცხრებოდნენ, ველურ მხეცებად და ქვეწარმავლებად გარდაისახნენ და ცდილობდნენ, არჩეული ადგილიდან გაეძევებინათ ბერი. წმიდა მამა ჯვრის საჭურველით განასხმიდა მათ. უეცრად ზეცით გარდამომავალი ბრწყინვალე ნათელი გამოჩნდა. ანტონი წყლულებისგან განიკურნა, წამოდგა და ნეტარებით ჰხადა უფალს: „სადა იყავ, რა არა პირველვე გამოჩნდი, რაჲთამცა სალმობანი ჩემნი დააცხრვენ”? პასუხად გაისმა: „აქა ვიყავ, ანტონ, არამედ მოველოდე ხილვად შენსა სიმჴნესა. ხოლო აწ, რამეთუ დაუთმე და არა იხილე, გექმნე შენ მარადის შემწე, და იყო შენ სახელოვან ყოველსა ქუეყანასა”. ამ დროს წმიდა მამა 35 წლის იყო. მან, უკვე დემონებთან ბრძოლაში საკმაოდ გამოცდილებით აღჭურვილმა, გადაწყვიტა, თებაიდის უდაბნოს სიღრმეში შესულიყო და იქ განეგრძო მოღვაწეობა მარ-ტოდმარტო, სრულ მდუმარებაში. ეშმაკი ცდილობდა, შეეჩერებინა მანამდე არნახულ ღვაწლს შემდგარი ბერი, ძვირფასეულობა და ოქრო დაუყარა წინ, ანტონმა კი გულგრილად ჩაუარა მათ და გზა განაგრძო. ერთი მთის მახლობლად ღირსმა მამამ მიტოვებული საკერპო შენიშნა, აქ დასახლდა და შემოსასვლელი ქვებით ამოქოლა. მოწაფეს მასთან წელიწადში ორჯერ მოჰქონდა საზრდელი, წყალს კი გალავანს შიგნით მდებარე ჭიდან იღებდა. სრულ მდუმარებაში გაატარა ღირსმა ანტონმა 20 წელი. უფლის ნებით მისი სამყოფელი გაცხადდა, სულიერი მოღვაწეობის მრავალმა მსურველმა მიაშურა უდაბნოს, ღირსი მამა სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს.

   311 წელს ეკლესიას განსაცდელის ჟამი დაუდგა: იმპერატორმა მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო. მოწამეობრივი აღსასრულის მაძიებელი ანტონი ალექსანდრიაში ჩავიდა. იგი აშკარად ემსახურებოდა პყრობილ ქრისტიანებს, ესწრებოდა მათ გასამართლებას, დაკითხვებს, მაგრამ მტარვალები მას არც შეხებიან: უფალმა არც ახლა ინება მისი სიკვდილი.

   დევნის შეწყვეტის შემდეგ ნეტარი მოსაგრე დაუბრუნდა მეუდაბნოეობის ღვაწლს. ღმერთმა თავის რჩეულს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: იგი ეშმაკებს განასხმიდა და სნეულებს კურნავდა. მნახველების სიმრავლე არღვევდა წმიდა მამის მყუდროებას, ამიტომ ის კიდევ უფრო შორს, „შიდა უდაბნოში” შევიდა და მთის მწვერვალზე დაემკვიდრა. ბერებმა მოძებნეს საყვარელი მოძღვარი და სთხოვეს, ზოგჯერ მაინც მოენახულებინა ისინი.

   კიდევ ერთხელ მოუხდა ღირს ანტონს უდაბნოს დატოვება მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად მანიქეველთა და არიანელთა ცრუ სწავლებისაგან. არიანელებმა იცოდნენ, თუ რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ანტონი დიდი და ხმები დაჰყარეს, იგი ჩვენი სწავლების მიმდევარიაო. ამ ცილისწამების გასაქარვებლად ჩავიდა ნეტარი მამა ალექსანდრიაში და საჯაროდ შეაჩვენა ბილწი მწვალებლობა. ღირს ანტონისთან მოდიოდნენ წარმართი ფილოსოფოსები და ცდილობდნენ, თავიანთი ამაო ბრძნობით მოეტეხათ იგი, მაგრამ წმიდანი თავისი მარტივი და დამაჯერებელი პასუხებით სირცხვილეულ ჰყოფდა მათ.

   მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე დიდი (+337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები ანტონი დიდის მხურვალე თაყვანისმცემლები იყვნენ. მათ დედაქალაქში მოიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორები კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყვნენ თავიანთი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდათ მომავალი სამსჯავრო: „უწყოდეთ, რამეთუ ქრისტე მეუფე არს”.

  ღირსმა ანტონიმ 85 წელი დაჰყო უდაბნოში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოუწოდა ძმებს და ასე დამოძღვრა ისინი: „ისწრაფდით უფროჲსღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაჲთა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა”. შემდეგ ანტონიმ ითხოვა, მისი გვამი იქვე უდაბნოში დაეფლათ და არ მოეწყოთ მისი დიდებული გადასვენება ალექსანდრიაში. ღირსი ანტონი მშვიდობით მიიცვალა 357 წელს, 105 წლის ასაკში. მისი ნეშტი ორმა მოწაფემ, მოძღვრის ანდერძისამებრ, უდაბნოში, ერთ განკრძალულ ადგილას მიაბარა მიწას.

  ღირსი ანტონის ცხოვრება დაწვრილებით აღწერა წმიდა მღვდელმთავარმა ათანასე ალექსანდრიელმა. ეს ნაშრომი მართლმადიდებლური აგიოგრაფიის პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. იოანე ოქროპირი წერდა, იგი ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოსო.

   წმიდა ანტონიმ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელიც დღესაც ასაზრდოებს ქრისტიანთა სულებს.

   544 წელს ღირსი მამის უხრწნელი ნაწილები ალექსანდრიაში გადაასვენეს. XV საუკუნეში კი ისინი არასში (საფრანგეთში), წმიდა ივლიანეს სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

 

 

„წმიდანთა ცხოვრება" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება