მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, მთავარი გვედის ფოტო > პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის მონაზვნური ავანგარდიზმი
პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის მონაზვნური ავანგარდიზმი7-08-2020, 22:41 |
საიტზე „Православие и мир" გაჩნდა იღუმენი პეტრეს (მეშერინოვი) მოხსენება „პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი და მონაზვნობა". ეს მოხსენება იღუმენმა საერთაშორისო სემინარზე „Богословие радости в свете наследия протопресвитера Александра Шмемана" წაიკითხა. იღუმენი პეტრე მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლური მონაზვნობის, უფრო სწორად, მისი საუკეთესო ნაწილის, გულწრფელი და სუფთა გულის მონაზვნების, სინდისის მიხედვით ცხოვრებას რომ ცდილობენ, პირფერობასა და მიბაძვას რომ განშორებულნი არიან, აი ამ ნაწილის მომავალი პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანის იდეების, მისი ინდივიდუალური განთავისუფლების კონცეფციის შუქზე უნდა განვითარდეს. რას წარმოადგენს ეს „თეოლოგია"? არსობრივად, ეს მონასტრებში ჯანყისა და რევოლუციის მოწოდებაა. მონასტრები მთელი ისტორიის განმავლობაში მართლმადიდებლობის ციტადელი იყო. აღნიშნული „თეოლოგია" წმიდა გადმოცემის, ტრადიციის, მყარი საღვთისმსახურო ფორმების, იერარქიული სტრუქტურისა და მონასტრული მმართველობისაგან „განთავისუფლებაა"; იმ დინებიდან გამოსვლაა, რომელიც წმიდა მამებმა და მოღვაწეებმა გაკვალეს; ეს არის ანტიპოდი მონსატრული წეს-განგებისა და აღთქმისა, რომელსაც მონაზონი დებს მონაზვნად აღკვეცის დროს. ამგვარ მონაზვნურ ანარქიზმს შმემანი გვთავაზობს, ვით პანაცეას ნაკლსა და ნეგატიურის (ნამდვილისა თუ მოგონილის) გამოსასწორებლად თანამედროვე მონაზვნობაში. ამგვარი ულტრაგანმაახლებლური პოზიციით იწყებს თავის საპროგრამო სტატიას მეშერინოვი. იღუმენი პეტრეს მოხსენება, მიუხედავად მისი შინაგანი ლიბერალური პათოსით შენიღბული სიცარიელისა, საყურადღებოა, როგორც სულიერი გახრწნისა და სიბრმავის სიმპტომი. ეს მონაზვნური ცხოვრების არსის ჩაუწვდომელობა, განსაკუთრებული სახის მშფოთვარე მონაზვნობის შექმნის პრეტენზია გახლავთ. იღუმენი პეტრეს მოხსენებაში მოხმობილი შმემანის მოწოდებები ძალიან წააგავს გასული საუკუნის ოციანი წლების განმაახლებელთა ლოზუნგებს. მაშინ ისინი ახალი ეკლესიის შექმნას, მორწმუნეთა სულიერი მონობისა და სოციალური წნეხისაგან განთავისუფლებას ითხოვდნენ; მათ სურდათ ჩაებათ მონაზვნობა ქმედით საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გადაეკეთებინათ სამრეკლოები ობსერვატორიებად, მონასტრები - საავადმყოფოებად და სადურგლო საამქროებად, ხოლო მონასტრული საძმოები - შრომის კოლონიებად. განმაახლებლებისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო მონაზვნობის თავისებური ორგანული სიძულვილი. რევოლუციის შემდეგ განმაახლებლების ერთი ნაწილი მონაზვნობის როგორც ადამიანის ბუნებაზე ძალადობისა და სისასტიკის გამოვლენის აკრძალვას ითხოვდა; მეორე, შედარებით ზომიერი ნაწილი, მაგრამ გარკვეული თანამედროვე ეპოქის შესაბამისი პირობების დაცვით, მის შენარჩუნებაზე საუბრობდა. „წითელი მღვდლების" ლიდერები სთავაზობდნენ შეექმნათ მონასტრები, ვით მინიატურული რესპუბლიკა - პოლისები დემოკრატიული მმართველობით; ისინი მონაზვნობის უფლებას მხოლოდ ხანშიშესულ ადამიანებს აძლევდნენ, ხოლო ახალგაზრდა მონაზვნებს შეეძლოთ დაქორწინებულიყვნენ. პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი თანამედროვე მოდერნიზმის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელია და ცნობილი თავისი ანტიმონაზვნური შეხედულებებითა და უხამსი გამოხტომებით. იღუმენი პეტრე მეშერინოვისთვის ის სულიერი ხელმძღვანელი, მისაბაძი მაგალითი გახდა, ხოლო შმემანის თხზულებები მისი შემოქმედებითი შთაგონების წყაროდ იქცა. მოხსენების დასაწყისში იღუმენი პეტრე ცდილობს დააცხროს შმემანის ანტიმონაზვნური შემოტევები, რომელსაც ხუმრობითა და მოფერებით „ბუზღუნს" უწოდებს. თითქოსდა საუბარი იყოს ბაბუაზე, შვილიშვილებთან თამაშის დროს ხანდახან სიყვარულით რომ საყვედურობს მათ და არა მონაზვნობის წინააღმდეგ გეგმაზომიერ და გააზრებულ აქციაზე. აი მაგალითები იმ „ბუზღუნისა", რომელსაც თავად იღუმენი პეტრე ციტირებს შმემანის დღიურებიდან. „დედათა მონასტერი... ჩვენთან ერთად ახალგაზრდა იღუმენია ევგენიაა. ყველაფერი „კლაისკურადაა"... დაშვებული თვალები, სიარული, დაბალი (ჩუმი) ხმა... მაგრამ სულში ეჭვი შემომეპარა. ცხადია არა მასზე. ის, ერთი შეხედვით, უნაკლოა ამ კლასიკაში. მთლიანად სტილს ვგულისხმობ. უამრავი ხატი, რომლის უმეტესი წილი საშინელია ეკლესიაში. მყარკლდოვანი ერთგულება ფორმისა, აბსოლუტურად ერთფეროვანი ტიპისა... გაქცევა არა იმდენად ამა სოფლიდან, არამედ ამ სამყაროდან სხვა, წარსულ სამყაროში, თავისი არქაულობითა და არანაირი „პრობლემატიკის" არსებობის სამყაროში... დაანგრიე ფორმა - და არაფერი დარჩება." (Прот. Александр Шмеман. Днев-ники. 1973-1953. М. 2005. გვ. 537. (26.09.08. ჩანაწერი)). „დედათა მონასტერი". ჩვენთან ერთად ახალგაზრდა იღუმენია ევგენიაა. ყველაფერი „კლასიკურადაა". კლასიკაში შმემანი გულისხმობს მონასტრულ ტრადიციას, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა და მტკიცდებოდა, რომელის სათავეები ნიტრიისა და თიბაიდის უდაბნოებშია, რომელიც ტავენისა და იერუსალიმის მონასტრებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეს ტრადიცია, ალეგორიის ხილვა, შმემანს აღიზიანებს. ირონიული ტონით აღწერს იგი იღუმენიას: დაშვებული თვალები, სიარული, დაბალი ხმა... დაშვებული აქვს თვალები (მზერა?) ადამიანს მაშინ, როდესაც ჩაღრმავებულია ლოცვაში, როდესაც მისი მზერა არა გარეგნულის, არამედ საკუთარი გულისკენაა მიმართული. როგორც ჩანს, შმემანი აღაშფოთა იმან, რომ იღუმენიას იქით-აქეთ არ გაურბოდა თვალები, აღფრთოვანებული მზერით არ უცქერდა მის ღრმააზროვან სახეს, არამედ, დაჰყვებოდა რა სტუმრებს, შინაგანი ლოცვით იყო დაკავებული. სიარული - ეს კიდევ უფრო მეტად, ვიდრე თვალები, მეტყველებს ადამიანის მორიდებულობასა და მოკრძალებაზე. წმიდა ამბროსი მედიოლანელი წერდა, რომ ის ხშირად სიარულის მიხედვით ადგენდა ადამიანის ხასიათს. როგორი სიარულის ხილვა სურდა შმემანს იღუმენიაში? ბალერინას სხეულის მიხრა-მოხრის მსგავსის თუ რომის ლეგიონერეთა ნაბიჯების, რომლისგანაც ინგრეოდა ხიდები თუ...? დაბალი ხმა... ეს „კლასიკა" შმემანისთვის აშკარად მოსაწყენია. დაბალი ხმა ადამიანის სულიერ გაწონასწორებასა და სიმშვიდეზე მეტყველებს. როგორც წესი, ხმას იმაღლებენ ემოციური აფეთქების შემთხვევაში, ან კამათის დროს, როდესაც ცდილობენ თავისი სიმართლის დამტკიცებას, როდესაც ცდილობს ხმამაღალი ტონით მოსაუბრის ხმის ჩახშობას. ნუთუ შმემანს სურს იხილოს იღუმენია, რომელიც ყვირის მონასტერში, როგორც ბოცმანი ხომალდზე ან გოთფი ტყეში? იღუმენის ამგვარ საქციელში ის საფრთხეს ხედავს: „მაგრამ სულში ეჭვი შემომეპარა..." შმემანი ეჭვობს, რომ აქ რაღაც არ არის მწყობრში, აქ რაღაც „არაგულწრფელია", რომ ამის მიღმა რაღაც სიყალბე იმალება. თავისი ეჭვების შესახებ შმემანი მომავალ მკითხველს დამაინტრიგებელი ტონით აუწყებს, თითქოს იმგვარ კრიმინალურ საქმეს ხსნიდეს, გამოცდილმა, პინკერტონის მსგავსმა გამომძიებელმა რომ განახორციელა. ვფიქრობთ, იმგვარ ცხოვრებაზე, ირონიულად „კლასიკას" რომ უწოდებს, ეჭვები მას მონასტერში მისვლამდე შეეპარა. მისთვის, ალბათ, უფრო მისაღები და გასაგები იქნებოდა მონაზვნური ავანგარდიზმი, „პროგრესული" იღუმენია კაპოტში, რომელიც გადაჭარბებულად ილაყბებდა და იხუმრებდა სტუმრებთან. ზედმეტად „კლასიკურ" იღუმენია ევგენიასა და დედათა მონასტრის საეჭვო სიჩუმეს რომ „დაემშვიდობა", პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გადავიდა შემართულ ბრძოლაზე მონასტრულ ტრადიციონალიზმთან. „მოჭარბებული რაოდენობის ხატები, რომლის უმრავლესობა საშინელია ეკლესიაში..." ხატი სიმბოლურად გამოხატავს უხილავი, ზეციური ეკლესიის მკვიდრობას ყველა ტაძარში და თანამსახურებას მასთან, ვინც გამოხატულია ხატებზე. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი განმაახლებელი კანკელს ზედმეტ ატრიბუტად მიიჩნევდა ტაძარში. ამტკიცებდნენ, რომ ის არ განგვიმარტავს საკურთხევლის სულიერ არსს, არამედ ხურავს მას ხალხისაგან. არცთუ იშვიათად განმაახლებლები ხსნიდნენ კანკელს, საკურთხევლიდან შუა ტაძარში გამოჰქონდათ მაღალი დასაჯდომლები და იქ, ხალხში ატარებდნენ ლიტურგიას. ლიბერალ-მოდერნისტები ადრეც მიიჩნევდნენ და ახლაც საშინელებად მიიჩნევენ ძველებურ, დროით გამუქებულ ხატებს, სახემკაცრი გამომეტყველებით, რომლებიც ადამიანს სინანულისაკენ მოუწოდებენ; ისინი უპირატესობას ანიჭებენ პორტრეტებსა და სურათებს მაამებელი მზერით, ანატომიის კანონებსა და პირდაპირ პერსპექტივას რომ შეესაბამება. უნდა ითქვას, რომ ძველი ხატმებრძოლები, მოდერნისტების მსგავსად, რადიკალურად ეწინააღმდეგებოდნენ მონაზვნობას. ასე რომ, მათ შორის გარკვეული ფსიქოლოგიური კავშირი არსებობს. „მყარკლდოვანი ერთგულება ფორმისა..." დიახ, ეს დამახასიათებელია ჩვენი სარწმუნოებისათვის. ქრისტემ პეტრე მოციქულის აღიარებას უწოდა სარწმუნოების „კლდე", რომელზეც დგას ეკლესია. მოდერნისტებს სურთ არა მართლმადიდებლური სარწმუნოება, არამედ უფრო თავიანთი ლიბერალიზმი, სადაც მისტიკას სენტიმენტალობა შეენაცვლება, ხოლო სოტეროლოგიას თავის დაუსჯელობის რწმუნება. ამისათვის მათ თავდაპირველად „ფორმის მყარკლდოვანი ერთგულება" უნდა გაანადგურონ. შეუძლებელია შეცვალო ფორმა, თუ არ შეეხები შინაარსს, ხოლო შინაარსს ვერ შეცვლი ფორმის შეუცვლელად. ეკლესიი ფორმები: ღვთისმსახურება, ხატწერა, მონასტრები თუ სხვა, არ გახლავთ გამოგონება, ადამიანის ცვალებადი წარმოდგენებისა და გემოვნების თავნებობა. მართლმადიდებლობაში შინაარსმა იპოვა შესატყვისი ფორმებიც და განხორციელდა მასში. მადლი, რომელიც ცოცხლობს და მოქმედებს ეკლესიაში, ნგრევისა და დამახინჯებისაგან იცავს როგორც შინაარსს, ასევე ფორმას. ავიღოთ ერთი სახის ფორმა - მონაზვნური შესამოსელი. მასში სიმბოლურადაა გამოხატული სათნოებები, რომლებიც უნდა მოიხვეჭოს მონაზონმა, ასევე აღთქმაც, რომლის შესრულება მას ევალება.
არქ. რაფაელი (კარელინი)
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
უკან დაბრუნება |