მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი - როგორც ეკუმენისტების მედიატორი

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი - როგორც ეკუმენისტების მედიატორი


13-08-2020, 19:23

 

 

 

   პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი ცნობილია თავისი მოდერნისტული მსოფლმხედველობით. მისი ძირითადი კრიტიკის საგანია: ძველი ტრადიციული ღვთისმსახურება, მონასტრული წეს-განგება, ხატები, ორთოდოქსული ღვთისმეტყველება და მისთ. მ. ალექსანდრე დასავლურ აღმსარებლობებთან ურთიერთობაში ხშირად მედიატორის როლში გვევლინება.

   ხელთა გვაქვს შმემანის წერილი „Экуменическая боль предварительные замечания". მასში პროტოპრესვიტერი აფასებს 1975 წელს ქ. ჰარტფორდში (ა.შ.შ) შემდგარ ეკუმენისტურ სხდომას სახელწოდებით „Хартфордский призыв"-ი.

   ვიდრე შმემანის შეფასებას მოვისმენდეთ უპრიანია თავდაპირველად სხდომის საკითხებს გავეცნოთ. „ჰარტფორდის მოწოდებამ" რამდენიმე თეზა წამოჭრა. მაგალითად, თეზა მე-4: „იესოს შეიძლება გავუგოთ მხოლოდ კაცობრიობის თანამედროვე მოდელების გათვალისწინებით". მე-5 თეზა: „ყველა რელიგია ერთნაირად მისაღებია, არჩევანი პირად გემოვნებაზეა დამოკიდებული". მე-8 თეზა: „ერთადერთი მიზანი კულტისა (იგულისხმება რელიგიური კონფესიები) იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეეწყოს ინდივიდის თვითრეალიზაციას". მე-9 თეზა: ინსტიტუტები და ისტორიული ტრადიციები თრგუნავს და ხელს უშლის ყველაფერს ჭეშმარიტად ადამიანურს ჩვენში, მათგან განთავისუფლება აუცილებელი პირობაა აუთენტური არსებობისა და აუთენტური რელიგიის ჩამოყალიბებისათვის. მე-10 თეზა: მსოფლიომ უნდა განსაზღვროს ეკლესიის საქმიანობის მიმართულება. მისი მისია სამყაროში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამების ხარისხის ამაღლებაა.

  პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანს დასავლელმა მეგობრებმა სთხოვეს განემარტა „ჰარტფორდის მოწოდებისადმი" მართლმადიდებელი ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზები.

   მედიატორმა თქვა, რომ „შეეცდება მართლმადიდებელი ეკლესიის „დუმილის" ჭეშმარიტი მიზეზი განუმარტოს თავის დასავლელ ძმებს, ხოლო მართლმადიდებლებს ის, რომ „ჰარტფორდის მოწოდება" თავისი „დასავლური" ხასიათისა და კონტექსტის მიუხედავად არა ნაკლებ კი არა, მეტადაც ეხება მათ, ვიდრე ამერიკელ ქრისტიანებს". შემდეგ პროტოპრესვიტერმა გულწრფელად აღიარა, რომ მზადაა მთელი შეგნებით მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს, თუმცა, როგორც მართლმადიდებელი, „გრძნობს გარკვეულ დისკომფორტს", ერთგვარ „შინაგან დისტანციას, თუმცა აბსოლუტური გულწრფელობით აღიარებს ყველა „უარყოფასა" და „მტკიცებულებას" აღნიშნული ჯგუფისა". აქ დროულია გავიხსენოთ თუნდაც მე-5 თეზა: „ყველა რელიგია ერთნაირად მისაღებია..."

   შმემანის გულწრფელობა ეჭვს ნამდვილად არ იწვევს. ამ აზრს ამყარებს მისი მორიგი განცხადება: „ჩემი პირადი „ეკუმენისტური ნათლობა" 1984 წ. ეკლესიების მსოფლიო საბჭოზე (ე. მ. ს) ამსტერდამში შედგა. ამ ისტორიას - თბილი შეხვედრა რომ მოუწყვეს და როგორც მართლმადიდებელი, დასავლეთის „უმაღლესი ეკლესიების" გვერდით საპატიო რიგში შვედეთის ლუთერანებთან, ძველკათოლიკებთან და პოლონელ „ნაციონალებთან" ერთად რომ დააბრძანეს, შმემანი დიდი პატივისცემით იხსენებს.

   კიდევ მრავალი ეკუმენისტურ - მოდერნისტული შეფასება გამოთქვა მამა ალექსანდრემ ამ წერილში. ვფიქრობთ, აკორდული იყო წერილის ბოლო გვერდები, სადაც მან მართლმადიდებლებს ჯერ „კაპიტულიანტები, შიზოფრენიკები, სუპერმართლმადიდებლები, დაბოლოს - სექტანტები უწოდა. მოვისმინოთ შმემანისეული შეფასებები:

   „მართლმადიდებლური სიტუაციის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მისი საღვთისმეტყველო კონსერვატიზმი, ეს ანდამატური ერთგულება გადმოცემის არა მხოლოდ შინაარსისა, არამედ თავად ფორმისა, განაპირობებს მართლმადიდებლების ტრაგიკულ კაპიტულაციას იმ „კულტურასთან", რომლისგანაც, მათი აზრით, დაცულნი არიან თავიანთი სარწმუნოებით. ჭეშმარიტი ტრაგიზმი ამ კაპიტულაციისა ის გახლავთ, რომ ისინი ვერ იაზრებენ მომხდარს, იმყოფებიან ნეტარ უვიცობაში, ცხოვრობენ პროგრესირებად შიზოფრენიაში".

   შმემანი ამ „ეპითეტების" მიზეზებსაც განმარტავს, და ამბობს: „მართლმადიდებლები, (ნეტა თავად ვინაა?! - ავტ.) როგორც ჩანს, საერთოდ ვერ იაზრებენ ახლად შექმნილი სიტუაციის უზარმაზარ სულიერ შედეგებს და იმ გამოწვევას, რომელიც მასში დევს... მართლმადიდებლები მიამიტურად მიიჩნევენ, რომ ვიდრე აღესრულება ბიზანტიური ღვთისმსახურება, ხოლო დიდი მარხვის პირველ კვირას ხმამაღლა გამოითქმის მამებისეული სწავლება - „Вера отуев, сия же вера вселенную утверди" - ისინი ინარჩუნებენ მართლმადიდებლობას."

  ასეთი ცინიკური შეფასების შემდეგ შმემანი მართლმადიდებლებს ბრალს დებს იმ კულტურის შეურაცხყოფასა და გამოწვევაში, რომელშიც თავად ცხოვრობენ (იქვე).

   აბსოლუტურად უსაფუძვლო, ცილისმწამებლურია მომდევნო ბრალდება: „პრაქტიკულ ყოფაში მართლმადიდებლები სიამოვნებით ითვისებენ ძირითად რელიგიის პრინციპს: საზოგადოებისთვის ძალიან კარგია მრავალი რელიგიის არსებობა, ვინაიდან მათ საფუძველში ერთი და იგივე რელიგია დევს, ერთიანი იერარქიული ფასეულობებით... მე ვიცნობ მართლმადიდებლებს, - განაგრძობს შმემანი, - რომლებიც ამბობენ, რომ დასავლეთი უნუგეშოდ გაიხრწნა, ის ჩაეფლო ერესში და დასნეულდა. ამიტომ ქმნიან ხელოვნურ კუნძულებს საბერძნეთში, რუსეთსა თუ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში; მათ დახურეს ყველა კარი და ფანჯარა და ყოველმხრივ კულტივირებულნი არიან ერთმორწმუნეთა შორის, იმ შეგნებით, რომ მიეკუთვნებიან „მცირე სამწყსოს". მაგრამ ეს „სუპერმართლმადიდებლები", ცხადია, ვერ იაზრებენ, რომ მათი პოზიცია იგივე კაპიტულაციაა... ამგვარი მსოფლხედვა მართლმადიდებლობას ხომ გახდის იმად, რაც არასდროს ყოფილა - სექტად, რაც არსობრივად არის კათოლიკე ეკლესიის მოწოდების უარყოფა."

   როგორც ხედავთ, შმემანისთვის დასავლელი მეგობრები უფრო საამოა, ვიდრე მართლმადიდებლები. მისთვის დასავლურ რელიგიებში ერესის არსებობის ფაქტი ან მიუღებელია, ან საღვთისმეტყველო საკითხების ერეტიკოსებისეული, არამართლმადიდებლური ხედვა პრობლემა არ ჰგონია. წმიდა მამები, ეკლესიის მასწავლებლები მთელი ისტორიის მანძილზე ერთხმად გაიძახოდნენ: მართლმადიდებლობის მიღმა არ არის ცხონება!

   იმ ცრუ ბრალდებასაც ვერ მივიღებთ, თითქოს ჩავიკეტეთ მართლმადიდებლები და არ გვსურს დასავლურ აღმსარებლობებთან დიალოგი, გნებავთ სარწმუნოებრივ საკითხებზე. დიალოგს მხოლო მაშინ ექნება შედეგი, თუ ჭეშმარიტი ორიენტირებისა და კრიტერიუმების საფუძველზე (ანუ რჯულის კანონის, შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების, წმ. მამების, წმ. გადმოცემის) განიხილება საღვთისმეტყველო საკითხები.

   გასულ საუკუნეთა პრაქტიკამ მკაფიოდ დაგვანახა მსგავსი ურთიერთობის უნაყოფობა. ეკუმენისტებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია მართლმადიდებლური თეზა, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, და არც არავინ ფიქრობს გაერთიანებას ჭეშმარიტებაში.

   „ჰარტფორდის დოკუმენტი", მორიგი ეკუმენისტური მოწოდებაა, სადაც არც ერთ რელიგიას არ ენიჭება ჭეშმარიტი რელიგიის კვალიფიკაცია.

   პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი კი ნამდვილად გვაოცებს თავისი გულწრფელობით, რითაც კიდევ ერთი რაკურსით დაგვანახა თავისი იდეოლოგიის ეკუმენისტურ - მოდერნისტული ხასიათი.1

 

 


1გამოყენებულია წიგნ. А. Шмеман. "Церковь, мир, мисия: Мысли о Православии на Западе. М. Изд.

Православного Свято-Тихоновского Богословского Института. 1996.


 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე  

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება