მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქილიაზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ქილიაზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


25-03-2020, 17:24

ქილიაზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

 

   ჩვენ მიერ განსახილველი თემის ერთ-ერთი გამოვლინება გახლავთ ქილიაზმის სახელით ცნობილი სწავლება. ქილიაზმის (ბერძნ. - ათასწლეული) მიხედვით საყოველთაო, საშინელ სამსჯავრომდე დედამიწაზე დამყარდება ქრისტეს ათასწლიანი სუფევა. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: სამყაროს აღსასრულამდე დიდი ხნით ადრე ქრისტე ისევ მოვა ამქვეყნად, დაამარცხებს ანტიქრისტეს. აღადგენს მხოლოდ მართლებს, მოაწყობს დედამიწაზე ახალ სამეფოს, სადაც მასთან ერთად, ღვაწლისა და ტანჯვის ჯილდოდ ათას წელს იმეფებენ მართალნი. ისინი დროებითი ცხოვრების ყველა სიკეთით დატკბებიან. შემდგომ მას მოჰყვება მიცვალებულთა მეორე, საყოველთაო აღდგომა, სამსჯავრო და სამარადისო საზღაურის მიგება. ასე ფიქრობენ ქილიასტები.1

   ვიდრე ქილიაზმის საფუძვლიან ანალიზს შევუდგებოდეთ, მივყვეთ ლოგიკას. ერეტიკული მსოფლხედვა, ჩამოყალიბებული ებიონელებისა და გნოსტიკების მიერ, თავის განვითარებას ამჯერად ქილიაზმში პოულობს. თუ ქრისტე იყო ჩვეულებრივი ადამიანი (ებიონელები), შედეგად ადამიანი ვერ იქნება მხსნელი სოფლისა და არც უნდა ვიოცნებოთ ამაზე, სამაგიეროდ დიდი ასპარეზი იშლება ამქვეყნიური მეუფებისათვის. თუ გოლგოთის მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა არ ჰქონდა, ერეტიკოსებში ჩამოყალიბდა აზრი, რომ ქრისტე მეორედ მოვა დედამიწაზე და დაამყარებს ამქვეყნიურ ათასწლოვან მეუფებას.

   ათასწლოვანი მეუფების სწავლება, ანუ ქილიაზმი - არ გახლავთ ახალი იდეა. ეს თეზა ერეტიკოსებმა იუდაიზმიდან გადმოიღეს. მწიგნობრები ჯერ კიდევ ბაბილონის ტყვეობიდან მოყოლებული, დედამიწაზე მიმოფანტულ ებრაელ ხალხში ავრცელებენ მათთვის იმედის მომცემ სწავლებას: მესია დამპყრობელი მეფის სახით მოევლინება დედამიწას და დააბრუნებს ღვთის რჩეულ ერს პალესტინაში; დაუბრუნებს მას დიდებასა და პატივს; აღუდგენს იერუსალიმის ტაძარს და მათ (ებიონელებს) დაუმორჩილებს მთელ მსოფლიოს, მკვდრეთით აღადგენს ისრაელის პატრიარქებს, წინასწარმეტყველებსა და ყველა მართალს და ისინი ერთად იმეფებენ ათასი წელიწადი.2

   ქილიატების იდეა ანტიღმერთკაცობრივი და ანტიქრისტიანული ხასიათის იყო - ათასწლოვანი მეუფება უნდა აშენებულიყო და არა იმ მესიის მიერ, რომელსაც ვაღიარებთ მართლმადიდებლები, არამედ აბსოლუტურად სხვა პიროვნების მიერ, რომელსაც ელიან იუდეველები.

   მაცხოვრის უახლოესი მოწაფეებიც კი იმყოფებოდნენ ამქვეყნიური მესიის იდეის ზეგავლენის ქვეშ. ეს დამოკიდებულება მკაფიოდ წარმოჩნდა ერთ ეპიზოდში: ზებედეს ვაჟების დედამ სთხოვა მაცხოვარს, რომ მისი შვილები ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ დაესვა მისი (ქრისტეს) გამეფების ჟამს. (იხ. მათ. 20.21). ცხადია, ეს იყო სწორედ ამქვეყნიური მესიის საყოველთაო ებრაული სულისკვეთების გამოვლინება. მაცხოვარმა კი უპასუხა მათ: „არ იცით, რაჲსა ითხოვთ" (მათ. 20. 22), ვინაიდან თხოვნა, განხორციელების შემთხვევაში, ვერ მოუტანდა მათ იმას, რასაც ითხოვდნენ.

   ქრისტე ყოველთვის საუბრობდა თავისი სწავლების არაამქვეყნიურობაზე. იგი მოწაფეებსაც მოუწოდებდა არაამსოფლისანი ყოფილიყვნენ. სულ სხვა მეუფებასა და ზოგადად უფლებამოსილებაზე საუბრობს ქრისტე-ღმერთი - საფუძველში კაცობრიობისადმი თავდადებითა და თავგანწირვით მსახურება იგულისხმება, ვიდრე ჯვარცმამდე. იუდაიზმსა თუ წარმართობაში სულ სხვა, ამქვეყნიურ მეუფებაზეა საუბარი და მხოლოდ ამ პრიზმიდან განიხილავენ სულიერ საკითხებს. Pontifex maximus (უზენაესი ქურუმი) - იყო წარმართი კეისრების ტიტული. ასეთივე Pontifex - ის ტიტულს ატარებს რომის პაპიც. მისი მეუფება და უფლებამოსილებაც, როგორც მიწიერი, ასევე სულიერი, რელიგიურია. ნიშანდობლივია, რომ კათოლიციზმში „ორი მახვილის" თეორიაც კი არსებობს. ის რომის პონტიფიკის ამქვეყნიურ უფლებამოსილებას გულისხმობს. შემდეგში, სწორედ ასეთი გაერთიანებული ძალაუფლების პრეტენზია ექნება ანტიქრისტესაც.

   იუდაურ - წარმართულ - ერეტიკულ ცნობიერებაში ყოველთვის ფიგურირებდა ამქვეყნიური სამოთხის ქილიასტური იდეა. ამდენად, ქილიაზმის საცდური აფერხებდა იმდროინდელი კაცობრიობის მსოფლხედვის ჯანსაღ მდინარებას. ქილიაზმმა უარყოფითად იმოქმედა მომდევნო თაობების ცნობიერებაზე. თანამედროვე ეპოქაში ეს, ერთი მხრივ, სექტანტიზმის სახით (იეღოველები და სხვა), მეორე მხრივ, ცრუ იდეოლოგიების (მარქსიზმი, კომუნიზმი, ათეიზმი და სხვა) სახით გამოვლინდა.

   ქილიაზმის სწავლების დამცველნი ეყრდნობიან დაფარულთმჭვრეტელის ხილვას, რომელიც აპოკალიფსისით მე-20 თავშია მოყვანილი და რომლის თანახმადაც ზეციდან გარდამოსულმა ანგელოზმა „... შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისა, რომელ არს ეშმაკი და სატანა... და შეკრა იგი ათას წელ. ... და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათვის იესუჲსა და სიტყვისათვის ღმრთისა... ცხონდეს და სუფევდეს ქრისტეს თანა ათასსა მას წელსა. ... ესე არს აღდგომა იგი პირველი. და შემდგომად ათასისა მის წლისა განისხნას ეშმაკი საპყრობილისაგან თვისისა. და  გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა..." (გა-მოცხ. 20. 2,4,5,7,8). ამას მალევე მოჰყვება ეშმაკისა და მის მიერ ცდუნებულთა სამსჯავრო. მიცვალებულები აღდგებიან, უფრო ზუსტად, წარსდგებიან და განისჯებიან „... საქმეთაებრ მათთა" (გამოცხ. 20,12). „და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა ...ესე სიკუდილი მეორე არს..." (გამოცხ. 20.15.14) პირველი აღდგომით აღდგომილთა მიმართ; მეორე სიკვდილი უძლურია.

   ძველად ქილიასტური შეხედულებანი ძირითადად, როგორც მოგახსენეთ, ერეტიკოსთა შორის ვრცელდებოდა; თუმცა მსგავსი აზრები ძველი დროის მსოფლიო ეკლესიის ზოგ ქრისტიან მწერალთანაც გვხვდება (მაგ. იუსტინე მოწამე, ირინეოს ლიონელი). ახალ დროში ეს შეხედულებანი პროტესტანტულ სექტებში აღორძინდა. დაბოლოს, ჩვენი დროის სასულიერო ლიტერატურაშიც ვხედავთ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო აზროვნებაში ქილიასტური იდეების შეტანის მცდელობებს.

   პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზინსკი ქილიაზმის განხილვისას შენიშნავს, რომ ამ სწავლებაში იგულისხმება ორი სამომავლო სამსჯავრო (ერთი აღმდგარ მართალთა და შემდგომ მეორე - საყოველთაო). შესაბამისად, იგულისხმება ორი სამომავლო აღდგომა (ჯერ მართალთა და მერე ცოდვილთა) და მაცხოვრის დიდებით ორჯერ მოსვლა. ქრისტეს მარტოოდენ ამქვეყნიური, თუმცა ნეტარი სამომავლო მეფობა მართლებთან ერთად, გარკვეულ ისტორიულ ეპოქად არის მიჩნეული. ფორმალურად ეს სწავლება ეფუძნება დაფარულთმჭვრეტელის გამოთქმის - „პირველი აღდგომის" მცდარ გაგებას. ნამდვილი მიზეზი კი ის არის, რომ თანამედროვე სექტანტთა ძირითად მასას არ სჯერა საიქიო ცხოვრების, მართალთა ზეციური ნეტარების, რომლებთანაც მათ ლოცვითი ერთობა არ გააჩნიათ.

   ზოგ სექტას სხვა მიზეზი აქვს - ეს არის რელიგიური იდეების მიღმა მდგარი, თითქოსდა აპოკალიფსისის საიდუმლო მინიშნებებში ჩადებული სოციალურ - უტოპისტური ოცნებები. ქილიასტების მიერ აპოკალიფსისის მე-20 თავის მცდარი განმარტება ძნელშესამჩნევი არ არის. სიტყვების - „პირველი აღდგომა" პარალელური ადგილები ცხადყოფენ, რომ მასში იგულისხმება ნათლობის საშუალებით. ქრისტესთან მარადიული ცხოვრებისათვის სულიერი აღორძინება, ეს ფრაზა ქრისტესადმი რწმენის საშუალებით აღდგომას ნიშნავს, თანახმად სიტყვებისა: „... განიღვიძე რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტესმან" (ეფ. 5,14) – „თქვენ ქრისტეს თანა - აღსდეგით" - ხშირად ვკითხულობთ მოციქულებთან (შდრ. კოლ. 3.1. 2.12; ეფ. 2,5,16) ამიტომ გვმართებს, ათასწლოვან მეფობაში ვიგულისხმოთ პერიოდი, რომელიც დაიწყო ქრისტეს მადლმოსილი ეკლესიის სუფევით. ეს განსაკუთრებით ეხება ზეციურ, მოზეიმე ეკლესიას. არსებითად, მაცხოვრის მიერ აღსრულებულ გამარჯვებას მებრძოლი ეკლესიაც ზეიმობს, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ებრძვის „ამა სოფლის თავადს", რაც სატანის დამარცხებითა და ცეცხლოვან ტბაში მისი საბოლოო შთაგდებით დასრულდება. აზრი, რომ „მეორე სიკვდილი" არის ცოდვილთა განაჩენი საყოველთაო სამსჯავროზე და იგი არ შეეხება „პირველი აღდგომით" აღმდგართ, შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: "ქრისტესთან სულიერად აღმდგარნი და საღვთო მადლით განწმენდილნი არ დაისჯებიან, არამედ ქრისტეს სასუფევლის ნეტარ ცხოვრებაში შევლენ".3

   ამრიგად, ქილიასტები, რომლებიც ქმნიან ზეციურ მეუფებას დედამიწაზე, თავისი მსოფლხედვით მიილტვიან ამქვეყნიური ცხოვრების სოციალური კეთილმოწყობისა და ეკონომიკური პროგრესის იდეისკენ. ეს იგივე კოსმოპოლიტური უსახო სულია, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ეროვნული, ტრადიციული თუ სულიერი ელემენტი. მათთვის უცხოა ბუნების ორგანული განვითარება, ამიტომაც ქმნიან სულ ახალ-ახალ ტექნოლოგიებს, შედეგად - უღმერთო გარემოს და ხელოვნურ, მექანიკურ ცივილიზაციას, რომელიც უღმერთოდ იარსებებს. მსგავს მექანიკურ მსოფლმხედველობას უთუოდ ათეიზმამდე და უტოპიურ კომუნიზმამდე მიჰყავს ადამიანი.

   მეოცე საუკუნეში გაფურჩქნილი კომუნისტური იდეოლოგია მთლიანად ესადაგება ქილიაზმის განსაზღვრებას. საოცარი სიზუსტითაა და თანმიმდევრობით გამოხატავს ის ქილიაზმის სოციალურ - ტექნოლოგიურ არსს.

   ქილიაზმის სულისკვეთებისთვის უცხოა სულიერი სამყარო, ადამიანის სულიერი ცხოვრება იმიტომ, რომ მისი იდეოლოგია დამყარებულია „გრანდიოზულ" მიღწევებზე მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში.

   ქილიაზმის სამომავლო, სანუკვარი ოცნებაა შეიქმნას მექანიკური ადამიანი - რობოტი, რომელიც ღვთის შექმნილ სამყაროს ადამიანის მიერ „შექმნილი" სამყაროთი ჩაანაცვლებს.

   თანამედროვე კომპიუტერიზაციამ და უმაღლესმა ტექნოლოგიებმა ადამიანში ნელ-ნელა მექანიკური, ხელოვნური აზროვნების უნარი, უსულო თვისებები ჩამოაყალიბა, ამიტომ დღეს ადამიანს უჭირს არა თუ დოგმატური ჭეშმარიტებების ათვისება, არამედ უბრალოდ წიგნის კითხვაც კი. ის შეეჩვია მექანიკურ, შედეგად ერეტიკულ აზროვნებასაც. ყოველივე ამას მაშინ ვიმკით, როცა ადამიანი განეშორება ღმერთს და მისი ადგილის დაკავებას ლამობს. ამიტომ, ქილიაზმი ადამიანის გაღმერთების მორიგი მცდელობა გახლავთ.

   ქილიაზმის თაობაზე მსჯელობა და პირად შეხედულებათა გამოთქმა დასაშვები იყო მხოლოდ მანამდე, სანამ მსოფლიო ეკლესიის ხმა დაირხეოდა. მას შემდეგ, რაც II მსოფლიო საეკლესიო კრებამ (381 წ.) დაგმო ერეტიკოს აპოლინარიუსის ყველა ცდომილება, უარყო მისი სწავლება ქრისტეს ათასწლეულზე და სარწმუნოების სიმბოლოში შეიტანა სიტყვები, რომ ქრისტეს „სუფევისა არ არს დასასრულ", მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ქილიაზმის მხარდაჭერა ყოვლად დაუშვებელია.

 

 

 


1დოგმატური ღვთისმეტყველება. პროტ. პრესვიტ. მიხეილ პომაზინსკი. თბ. 2006. გვ. 307.

2Мистика или духовность. Свящ. Вл. Соколов.

3დოგმატური ღვთისმეტყველება. მ. პომაზინსკი. გვ. 307-309.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 


უკან დაბრუნება