მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > დროის სულისკვეთება - ნეტარი იუსტინე (პოპოვიჩი)
დროის სულისკვეთება - ნეტარი იუსტინე (პოპოვიჩი)11-05-2017, 00:00 |
დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თაყვანისცემის საგანი, რამაც მილიონობით ადამიანს ცნობიერება და მსოფლმხედველობა შეუცვალა, ალბათ, დროის სულისკვეთებაა, ამა სოფლის სულის თაყვანისცემაა. წმიდა მამები შენიშნავენ: ის, ვინც იგემა ამა სოფლის სული, ღმერთზე და ღვთაებრივზე აღარ ფიქრობს, აღარ საუბრობს, აღარ წერს, არამედ ცხოვრობს ისე, თითქოს ღმერთი არ არსებობს. მის წრეში მიუღებელია ამ თემაზე საუბარი, სამაგიეროდ იქ საუბრობენ ყველაფერზე, რაც ამა სოფლის საგანია. ასეთი კატეგორიის ადამიანები არ საჭიროებენ ღვთის შეწევნასა და ლოცვას. ისინი სულ სხვა ფასეულობებს ეთაყვანებიან. წმიდა იუსტინემ (პოპოვიჩი) ამ სულიერ მდგომარეობას, დროის სულის თაყვანისცემაში რომ გამოიხატება, კერპთაყვანისმცემლობა უწოდა. ჩვენს ქაოსურ დროში ერთი ღვთაება სულ უფრო და უფრო აძევებს დანარჩენს. ის სულ უფრო ახვევს საკუთარ თავს ადამიანებს, ვით ერთადერთი ღმერთი. ის სულ უფრო დაუნდობლად აწვალებს თაყვანისმცემლებს. ეს ღვთაება დროის სულისკვეთებაა. დაქანცული ევროპელები დღედაღამ ეთაყვანებიან მას და მსხვერპლად სწირავენ საკუთარ სინდისს, ცხოვრებას, სულსა და გულს. მათი ვნებიანი ფანატიზმი სხვა კონტინენტებზეც ვრცელდება. ისინი ცდილობენ თავიანთი ღვთისათვის მსხვერპლის შემწირველებად აქციონ დანარჩენებიც. სანამ ისინი ყველა კონტინენტის ადამიანთა სულების თავიანთი ღმერთის ერთიან „ოსანაში" შერწყმას მოახერხებენ, მანამდე ჩვენ გამოვცდით და შევამოწმებთ მას. მათი ღმერთი - დროის სულისკვეთება - ერთობ რთული შემადგენლობისაა და სხვადასხვაგვარ ელემენტებს მოიცავს. ის თანამედროვე ცხოვრების კულტურასა და ცივილიზაციას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას, კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს აერთიანებს, ე.ი. ამ ცხოვრების მთელ ტრაგიზმსა და კოსმიზმს გამოხატავს. ყველაზე საშინელი მასში არის ის, რომ სისტემატურად ილაშქრებს ადამიანის პიროვნების წინააღმდეგ. დედამიწა ოდითგანვე ღმერთებისა და ადამიანების სამარხი იყო. მრავალი ღმერთი დარჩა მის მეხსიერებაში, მაგრამ ჯერ არ ყოფილა ესოდენ უგუნური ღმერთი, როგორიც ჩვენი დროის სულისკვეთებაა. ევროპამ მასში ყველა თავისი სნეულების, ყველა ცოდვისა და დანაშაულის ახსნა ჰპოვა. ეს რომ ასეა, ევროპამ არც ისე დიდი ხნის წინ განხორციელებული კაციჭამიური ომებითა და არანაკლებ კაციჭამიური მშვიდობით დაამტკიცა. ეს ყველასათვის ნათელი გახდება, თუ ჩვენი დროის ქაოსს ქრისტეს თვალთახედვით შევაფასებთ. ქრისტემდე მარადიულობა ვარაუდად იყო მიჩნეული, მაგრამ მისი განხორციელების შემდეგ ის რეალური, საგრძნობლად რეალური გახდა. მას ჩვენი ხელები ეხება, თვალი ხედავს, ყურს ესმის (იონ. 11). მარადიული სულისკვეთება საგრძნობია. ქრისტეს ღმერთკაცობრივ პიროვნებაში დრომ მარადისობასთან ორგანულ ერთობას მიაღწია. ამიტომ ქრისტე ერთადერთი სწორი და უცდომელი გამოცდაა ჩვენი დროის სულისკვეთებისათვის. ადამიანით ცხოვრობს, ადამიანით სუნთქავს, ადამიანით ტრაბახობს ჩვენი დროება, ადამიანით და არა ღმერთკაცით, ამაში და მხოლოდ ამაშია ჩვენი ტრაგიკულობის საფუძველი. ხრწნადია ადამიანი, ჩვენი ევროპელი ადამიანიც. განა უგუნურება არ არის მასზე, როგორც საძირკველზე, ადამიანის ბედნიერების აგება? მარადიულია ღმერთკაცი, მარადიული და შეუცვლელი. განა უგუნურება არ არის რაღაც დროებითით მისი ჩანაცვლება? ადამიანის საფუძველი მიწა და მცირე საზრუნავებია; ღმერთკაცის საფუძველი - ზეცა და სამოთხე; „ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მათ. 6.33). ჩვენ ორ გზას გვთავაზობენ: დროის სულისკვეთებისა და მარადიული, ქრისტეს სულისკვეთების გზას. დროის სულისკვეთება ჩვენი დროის შენიღბული საცდურია. ამ ნიშნით დღეს პროგრესის, განათლების, ცივილიზაციისა და კულტურის ფალსიფიკატი იყიდება. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, უნდა გაგვაჩნდეს სულების გარჩევის უნარი (1 იონ. 4.1), უნარი მართლმადიდებლური, მოღვაწეობრივი, რათა ცდუნებას გადარჩენილმა ადამიანმა ამ საშინელ, ქაოსურ დროში თავის გატანა შეძლოს. ჩვენი დროის სულისკვეთებას ერთი კატეგორიული იმპერატივი გააჩნია: CARPE DIEM (დაიჭირე წამი); ქრისტეს მარადიულ სულისკვეთებას თავისი იმპერატივი აქვს: CARPE AETERITATEM (დაიჭირე მარადიულობა). ქრისტიანისთვის ყოველი დღე მარადიულობაში შესავალი საშვია. დროის ნებისმიერ მონაკვეთში ის ცხოვრობს მარადიულობითა და მარადიულობისთვის; ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე, ის ცხოვრობს ქრისტეთი და ამიტომაც აქვს მარადიული ცხოვრება (ინ. 5.24). ის იბრძვის მარადიული ცხოვრებისათვის, რისთვისაც მოწოდებულია. რითი იბრძვის? რწმენით, სიყვარულით, სიმართლით, მოთმინებით, თავმდაბლობით, მოწყალებით (1 ტიმ. 6, 10-12). აი, ეს არის ღმერთკაცის გზა! ახლა კრიტერიუმების გადაფასების ბოლო პერიოდია: ადამიანი კი არაა ყველაფრის საზომი, არამედ ღმერთკაცი; დროით კი არ უნდა გავზომოთ მარადიულობა, არამედ მარადიულობით დრო; გავზომოთ არა ადამიანით ღმერთკაცი, არამედ ადამიანი - ღმერთკაცით; არა ზეცა დედამიწით, არამედ დედამიწა - ზეცით. დროის სულისკვეთება უნდა დავუმორჩილოთ მარადიულობას და არა პირიქით; ადამიანის სულისკვეთება უნდა დავუმორჩილოთ ღმერთკაცობრივს და არა პირიქით. ჩვენი მოვალეობაა ვებრძოლოთ ამა სოფლის სულისკვეთებას, ვიბრძოლოთ არა ჩვენი, არამედ ქრისტეს ძალებით, რამეთუ მან სძლია სოფელს (იონ. 16.33). და ჩვენც ვძლევთ მისი შეწევნით. თუ ვძლიეთ ამა სოფლის სულისკვეთებას, ჩვენც არაამსოფლისანნი შევიქნებით. რით უნდა ვძლიოთ? - ღმერთკაცით (ეფ. 6.18)! სწორედ ამგვარად იბრძოდნენ ქრისტე და მოციქულები, მოწამენი და მოღვაწენი, მღვდელმთავრები და მართლები. ღმერთკაცმა იესო ქრისტემ თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით გვიჩვენა, თუ როგორ უნდა შეუერთდეს მარადიულობას ადამიანი. მოციქულებმა, მოწამეებმა და მართლმადიდებელმა მოღვაწეებმა იარეს ღმერთკაცობრივი გზით. მათ თავიანთი სული, სხეული და გრძნობები უკვდავი, უხრწნელი და მარადიული გახადეს. ისინი მუდამ მარადიული სულისკვეთებით ცხოვრობდნენ და ერთი რამ გვიანდერძეს: იცხოვრეთ მუდამ მარადიულით და არასოდეს დროის სულისკვეთებით.1
1ღირსი იუსტინე პოპოვიჩი. Дух времени. ციტ. წიგნ. შეიცანი ჟამი. დ. ჯინჭარაძე. მ. თოფურია. დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |