მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ანგარება

ანგარება


17-08-2015, 00:01

ანგარება

 

   ვერცხლისმოყვარეობის მონათესავე ვნება, რომელიც ასევე კერპად იქცა მრავალი ადამიანისათვის, არის ანგარება. ეს ისეთი ვნებაა, როდ-ესაც კაცი შინაგანად ამბობს: „მინდა ყველაფერი მე მეკუთვნოდეს". წმიდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: „ანგარე-ბიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგამს და მო-ძრაობას არ გააკეთებს ისე, რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოს. ისე აქვს ყველაფერი გათვლილი, მოწესრიგებული, ყველაფერს ისეთი მიმართულება აქვს მიცემული, რომ დროსაც, ადგილსაც, საგნებსაც და პიროვნებასაც - ყველაფერს, რასაც კი მისი ხელი ან აზრი მიეკარება, თავისი წილი შეაქვთ მის საგანძურში. პირადი სარგებელი, პირადი ინტერესი - ეს არის ძირითადი ზამბარა, რომელსაც მუდამ და ყველგან სწრაფ მოძრაობაში მოჰყავს მთელი მისი არსება, ამოძრავებისთანავე იგი მზად არის ყველაფერი თავის მიზანთა მისაღწევ საშუალებად აქციოს: უმაღლესი ხარისხის ღირსებასა და პატივს მოიძიებს, თუკი ეს სარგებლიანი იქნება, ყველაზე რთულ თანამდებობას აირჩევს, თუკი ის სხვებთან შედარებით უფრო მოსავლიანი იქნება, ყველანაირ შრომას შეეჭიდება, არც შეჭამს, არც დალევს, ოღონდ კი სარგებელი ნახოს. იგი ან ანგარებიანია, ან მომხვეჭელი, ან ძუნწი. მხოლოდ პა-ტივმოყვარეობის ძლიერი გავლენით შეიძლება უყვარდეს მას ჩინებუ-ლობა და ფუფუნება. საკუთრება მისთვის თავის თავზე, ადამიანებზე და თვით ღმერთის მოძღვრებაზეც კი ძვირფასია".1

   აი, ამიტომ ვამბობთ, რომ ანგარება კერპთაყვანისმცემლობაა. ისიც, როგორც ვერცხლისმოყვარეობა „აღმერთებს" თავის საკუთრებას, და არა ღმერთს.

   წმ. ალექსი ბერმაც შენიშნა ფულის სიყვარულში კერპთაყვანისცემა: „საყვარელნო ძმანო! ფული არს ვითარცა ანდამატი მიმკვრელი სი-ხარბისა და მიმზიდველი მისდამი თაყვანისცემისა, ვითარცა კერპი სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა; და ესე არს ძირი ყოველთა ბორო-ტებათა".2

   წმიდა ალექსი ბერი ასევე გვირჩევს ჩვენი საქმე სახარებისეულ სწა-ვლებაზე დავაფუძნოთ, რომელიც არსად ბრძანებს შეკრებასა სიმდიდ-რისასა, არამედ ყველგან საუბრობს გაცემასა და მოწყალებაზე: „ნუ ვინ ცდებით მიზეზითა რომლისამე საჭიროდ საგონებელისათა შეკრებად და შეყვარებად ანგარებათა... აწ მიჩვენო, ძმაო, თუ სადა წერილ არს, ანუ როდის განგიწესა შენ იესომ შეკრება სიმართლედ და სასუფე-ველის გზად. არამედ რასა იტყვის: „განაბნიეთ და მიეცით". კვალად იყვის: „უმჯობეს არს მიცემა, ვიდრე მიღება". და მოწაფეთა ეტყვის: „ნუ მოიგებთ ოქროსა და ნურცა ვერცხლსა"; - და შენ, რომელიც ეგე შეჰკრებ და გიყვარს ანგარება, მიჩვენე თუ ვითარ არს ესე სათნო ღვთისა! ნუ ცთები ძმაო, ნუ ცთები. ეგ ყოველივე გონების შენის ნაკლულევანებაა და ხორციელის დიდება, პატივის საფარველია, რო-მლის გამო საფარველი ღვთისა მცირედ რამე შენთანა;

   და უკეთუ ესე ესრეთ არა იყოს, არცა ზრუნვიდი შენ თავისა შეკ-რებათა ნუგეშსა ვერცხლის მოყვარეობისასა, არამედ რაცა იგი სათნო იყოს სახიერმან ღმერთმან მოცემად შენდა საჭირო ცხოვრებისათვის, მისცა დაჯერებულ იყო გული შენი".3

   ანუ: ვინც ანგარებიანია, ის თავის მფარველად ამქვეყნიურ დიდებასა და პატივს ირჩევს და არა ღმერთის შეწევნას.

   სხვა წერილში წმ. ალექსი ბერი ერთმანეთს ადარებს ანგარებასა და მის საპირისპირო სათნოებას - უპოვარებას: „ჰოი, რაბამი, განყოფილე-ბა არს შორის ანგართა და უპოვართა! იგი განაბნევს და ეგე შეკრებს მისგან განბნეულსა; იგი ძულობს და ეგე იყვარებს; მას ზღვევად შეურაცხიეს და ამას ცხოვრებად; იგი მწუხარე არს მიღებისათვის და ესე მხიარული; მას არცა თავისი ქონება უნდა თავისთვის, ხოლო ეგე სხვისასაც იტაცებს და ცდილობს მოხვეჭად; მას სიგლახაკე და იწროება შეურაცხიეს ნეტარებად, ხოლო ამას განცხრომა და პატივი ცხოვრებად. უპოვარი არა იბრძვის ნივთათვის, უკეთუ ყოველი ცხო-ვრება მოუღო მას; ხოლო ანგარი ერთისა ნემსისათვის იბრძვის. უპოვარი სიგლახაკითა მისითა იუნჯებს ცათა შინა დიდსა დიდებასა, ხოლო ანგარი შეკრებითა მისითა განვარდნილი არს სასუფეველი-საგან. ლოცვა უპოვარისა არს სიყვარული მეუფისა, ხოლო ლოცვა ანგარისა არს სიყვარული ვერცხლისა. გული უპოვარისა მდიდარ არს ღვთისათანა ყოფითა, ხოლო გული ანგარისა ღარიბ არს გაუმაძ-ღრობითა. სული უპოვარისა ცად ჰფრინავს სიმსუბუქითა, ხოლო სუ-ლი ანგარისა დაგესლებულ არს მძიმე სენითა".4

  როგორც ხედავთ, აქაც კერპთაყვანისცემის ნიშნებზე მიუთითებს წმინდანი, როდესაც ანგარებიანის ლოცვას ვერცხლის სიყვარულთან აიგივებს.

   წმიდა მამებთან მრავლადაა ანგარების ვნებაზე შეგონებანი. წმიდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „ყველა ცოდვა ძველდება ადამიანთან ერთად; მხოლოდ ანგარება ახალგაზრდავდება ყოველდღიურად".5ე.ი. ანგარი ვერასდროს კმაყოფილდება შენაძენით და სულ უფრო და უფრო მეტის მოხვეჭა სურს.

   ნეტარი ავგუსტინე კიდევ ერთ ნაკლზე ამახვილებს ყურადღებას: „ანგარებიანი არ ინდობს არც მამას, არც დედას, არც ძმებს, არც სხვებს".6 აი, როგორ უბნელდება მას გონება ვერცხლისმოყვარებით.

   დაბოლოს, წმ. ნილოს სინელი ანგარი ადამიანის სამწუხარო აღსა-სრულზე საუბრობს: „ვაი, ანგარებისმოყვარეს! სიმდიდრე მისგან გა-რბის; მას კი ელის ცეცხლი".7

   ამრიგად, შეუძლებელია ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიცა და სულიც, იმიტომ რომ ანგარებიანი ადამიანი არასდროს ამბობს „საკ-მარისია" და მამონას მონობაში რჩება, ხოლო ღვთისმოყვარე უპოვარი ადამიანი ფიქრობს სახარებისეულად: „უმჯობეს არს მიცემა, ვიდრე მიღება".


 


1წმ. თეოფანე დაყუდებული. ანგარება. წიგნ. ღვთიური სიბრძნის მარ-თლმადიდებლური ენციკლოპედია. თბ. 2007. გვ. 35.

2წმ. ალექსი ბერი. იქვე გვ. 35-36.

3იქვე გვ. 35.

4იქვე გვ. 36.

5იქვე გვ. 179.

6იქვე გვ. 178.

7იქვე გვ. 178.

 

 

 

 

"Xareba.net"-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება