მთავარი > საცდურები, ნაყროვანება, მთავარი გვედის ფოტო > ნაყროვანება

ნაყროვანება


22-03-2021, 15:47

ნაყროვანება

 

   უწინ კაცობრიობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კერპებს ღმერთად მიიჩნევდა. ჩვენ დროში კერპები ვნებებმა შეცვალა. ძველი ადამიანები კერპებს უმეცრებით ეთაყვანებოდნენ, რადგან ნათელი ჭეშმარიტებისა ჯერ არ იყო მათთვის ამობრწყინებული; მაგრამ ჩვენ, ქრისტეს ნათელით გაბრწყინებულებმა კარგად ვუწყით რა არის ცოდვა და რა მადლი. ამიტომ ვნებებს დამონება და მათი მსახურება, როგორც ღვთაებებისა, არ გვეპატიება.

   ძველად ადამიანები კერპებს ან საკუთარი უგუნურებით ან მეფეებისა და მტანჯველების შიშით სცემდნენ თაყვანს, ჩვენ კი არავინ გვაიძულებს და მაინც ვეთაყვანებით მათ. წმიდა წერილი ბრძანებს: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვა, მონა არს ცოდვისა" (იონ. 8.34). ვნებებს რომ ვემონებით, ძველ კერპთაყვანისმცემლებს ვემსგავსებით და მათზე უფრო მეტად ვცოდავთ, რადგანაც შეგნებით ჩადენილი ცოდვა გაცილებით დიდია, ვიდრე უმეცრებითა და ძალდატანებით.

   ყოველი ადამიანის ღმერთი ის არის, რაც უყვარს, რასაც ემონება.

   ამჯერად, ავხორცული კერპების ჯგუფზე ვისაუბრებთ, ესენია: ნაყროვანება, მემთვრალეობა, სიძვა და ა.შ. ასეთ მდაბიო, უხეში ვნებებისაგან ადამიანი ქმნის კერპებს და მთლიანად მისთვის არსებობას მიეცემა. ალბათ, არ არსებობს ვნება, რომელსაც ადამიანი არ აღმერთებს. ყველა შემთხვევაში, ამგვარ ვნებებს მისი დაკმაყოფილება არ შეუძლია. ისინი მხოლოდ წამიერად ატკბობენ, ათრობენ, ანგრევენ აბრუებენ ადამიანს, მაგრამ საბოლოო ჯამში არა მხოლოდ მის სულიერ ცხოვრებას, არამედ ადამიანის ორგანიზმსაც, ჯანმრთელობასაც. „სიამტკბილობაში" გატარებული წლები მძიმე სნეულებად, ტკივილად გვიბრუნდება.

   ვნების კულმინაციის დროსაც კი, მისგან მიღებული ხორციელი სიამოვნება უფრო ნაკლებია, ვიდრე სურვილი, ამა თუ იმ ვნებით გაღვივებული. დაუკმაყოფილებელი ვნება თავისი განვითარებისამებრ ითხოვს უფრო დახვეწილ, უფრო ძლიერ სიამოვნებას, სხეული კი დროთა განმავლობაში იშრიტება, სულ უფრო ნაკლებად მიჰყვება ვნებას და ფიზიკური ძალაც არ ყოფნის მის დასაკმაყოფილებლად. სურვილსა და შესაძლებლობას შორის რღვევა იწყება. ამ დროიდან, ვნება მხოლოდ აწვალებს ადამიანს, მაგრამ სიამოვნებას ვეღარ ანიჭებს.

   ესაა მოკლე მონახაზი ვნებათა გაკერპებისა.

   ნაყროვანების ცოდვაზე ვთქვათ.

   ცოდვიანი ვნებები რომ გაღმერთებული კერპებია, ნათლად ჩანს პავლე მოციქულის სიტყვებიდან: „მრავალ ვინმე ვლენან, რომელთათვის მრავალგზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთვის ქრისტეს ჯუარისათა, რომელთა აღსასრული წარწყმედა არს, რომელთა ღმერთი მუცელ არს" (ფილ. 3. 18-19). და კიდევ: „ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესო ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თვისსა მუცელსა" (რომ. 16.). ამის შესახებ თუ რატომ ხდება ჩვენი სტომაქი ღმერთი, წმიდა დიმიტრი როსტოველი გვპასუხობს: „იმიტომ, რომ მას, როგორც ღმერთს, მივაგებთ პატივს, ხშირად უფრო მეტსაც, ვიდრე ერთ-ერთ ღმერთს. იესო ქრისტეს მარხვით, მოკვდინებითა და კრძალულებით ისე არ ვემსახურებით, როგორც ვემსახურებით ჩვენს სტომაქს ნაყროვანებით, ლოთობით, ხორციელი სიამოვნებით".1

  „ყოველგვარი ბოროტების საწყისია მუცლის პატივი და სხეულის ძილით მოდუნება", - ამბობს წმ. ისააკ ასური. ღირსი იოანე კიბისაღმწერელი განმარტავს: „ნაყროვანება სიძვის დედაა... უსჯულოების უფსკრულში ჩავარდნილებმა, იციან, რაც ვთქვი." წმ. ბასილი დიდი წერს: „მინახავს, რომ განიკურნენ მრავალნი, ვნებებით შეპყრობილნი, მაგრამ მათ შორის ვერ ვნახე ვერც ერთი, რომლებსაც სხვათაგან დაფარულად ჭამა სჩვეოდა, ან ნაყროვანი იყო".2

  წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: „თუკი ძველი ბერძნებივით კერპებს ხარებს არ სწირავ, მაშინ უარესს აკეთებ; რადგან მათ ნაცვლად შენს სულს კლავ. მუხლს არ იდრეკ, თაყვანს არ სცემ კერპებს, თუმცა კი დიდი მორჩილებით აღასრულებ ყველაფერს, რასაც ისინი - სტომაქი და ოქრო გიბრძანებენ. იმიტომაც თვლიან ელინებს საძაგლებად, რომ ვნებები გააღმერთეს - ავხორცობას აფროდიტე უწოდეს, მრისხანებას - არესი (მარსი), ლოთობას - დიონისე (ბახუსი)".3

  რა არის თვით ნაყროვანება? როგორ მივხვდეთ, რომ ნაყროვანების ვნებით ვართ შეპყრობილნი?

  საფუძვლიან პასუხს ამ კითხვაზე ეპისკოპოს ბარნაბა (ბელიაევის) წიგნში ვპოულობთ: „რას ნიშნავს მიიღო საკვები ახირებულად, პირის პატივისათვის და რას - ბუნებრივი მოთხოვნილებისათვის? ზოგიერთს თავისი ბუნება ტკბილს თხოვს, მეორეს - მარილიანს, მესამეს - მჟავეს და ეს არც ახირებაა, არც ვნება და არც ნაყროვანება, მაგრამ განსაკუთრებით გიყვარდეს რომელიმე კერძი და გული გითქმიდეს მისთვის - ეს ახირებაა, რომელიც ნაყროვანებას ემსახურება...

   თუ რომელიმე კერძი შენს გულისთქმებს იპყრობს, მაგრამ შენ ყოველთვის ეწინააღმდეგები მას და კეთილგონიერად, სხეულის მოთხოვნილების მიხედვით იკვებები, ეს ნაყროვანება არაა.

  უფრო გასაგები რომ იყოს, თუ რაში მდგომარეობს ეს ვნება, გიჩვენებთ, როგორი ფორმებით ებრძვის იგი ადამიანს (წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველის მიხედვით):

  1) ზოგჯერ, გვიჩნდება სურვილი, საჭიროების გარეშე ვჭამოთ, დადგენილ დროზე ადრე.

  2) ზოგჯერ, არა უდროოდ, მაგრამ, გვსურს უფრო გემრიელი და ძვირფასი.

  3) ზოგჯერ, სულერთია, რა სახისაა საკვები, მაგრამ გვინდა უკეთ უნდა იყოს შემზადებული.

  4) ზოგჯერ, ვცოდავთ ზედმეტი საკვების მიღებით, რადგან ვაჭარბებთ მოთხოვნილების ზომას და ეს ყველაზე ხშირია.

  5) ზოგი ხარბად ჭამს ყოველნაირ უხეშ საკვებს, ძალზე სწრაფად ან ხშირად.

   წმიდა მამები გადმოგვცემენ ამბებს, რომლებმაც შეიძლება შეაძრწუნოს ღვთისმოშიში ადამიანი.

  ცნობილია, რომ იმპერატორ მაქიმიანეს შეეძლო დღეში ფუთობით ღვინო დაელია და თხუთმეტი კილოგრამი ხორცი ეჭამა. (საერთოდ, რომის იმპერიაში განსაკუთრებული ჭამა-სმის კულტი იყო). არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მუშტის ერთი დარტყმით ცხენს ფეხს უმტვრევდა და თითების მოჭერით ქვებს ფხვნილად აქცევდა.

   და აი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ქრისტიანობის ამ ცნობილ მდევნელის სამხილებელ, სიტყვაში ამბობს, რომ იგი ივნო „საშინელი სასჯელით, საძაგელი ხორციელი წყლულებით, (როგორც ცნობილია, იგი სასქესო ორგანოების მყრალი იარებით გარდაიცვალა)", ვით სამარცხვინო ბოძებზე, დღემდე რომ უდგათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. კარგი რამ კია ის კულტურა და საზოგადოება, ასეთ ქანდაკებებს რომ დაუშვებს (ეპ. ბარნაბა (ბელიაევი))4.

   შემდეგი მაგალითიც მეტად საგულისხმოა: გვიყვებოდნენ ერთ ფრანგზე, რომლისთვის გემრიელად ჭამა-სმა ცხოვრების მიზანი იყო. ამ ვნების დაკმაყოფილებისთვის ის არც ძალ-ღონეს და არც სახსრებს არ იშურებდა. დიდი ინტერესით შეისწავლა მან კულინარიის ისტორია და ამ სფეროში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

   ამ ფრანგმა იცოდა ყველა იშვიათი კერძი, რასაც ოდესღაც მიირთმევდნენ მეფეები და მდიდარი ადამიანები; იცოდა მათი გამზადების წესიც. იგი სხვადასხვა ქვეყანაში უკვეთავდა საუცხოო კერძებს, რისთვისაც მემკვიდრეობით დატოვებული მთელი ქონება დახარჯა. როდესაც ჯიბეში მხოლოდ ერთი ფრანკიღა დარჩა, წავიდა ბაზარში, იყიდა უცხო ფრინველი, შეწვა კულინარიის უმაღლესი წესით, შეჭამა და თავი მოიკლა. მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა.

   ყოველგვარი ვნება დემონურია. ზოგჯერ ის ცოდვათა გამო დასასჯელად, ნამდვილ წამებად ექცევა ადამიანს, და ბოლოს, ფატალურადაც სრულდება.

   „ვისაც ცოდვისაგან განწმენდა სურს, ამბობს დოროთე, ის უნდა მო-ერიდოს და გაექცეს ნაყროვანების ყველა სახეს, რადგან მისით არა სხეულის მოთხოვნილება, არამედ ვნება კმაყოფილდება და ვინც მას დაემორჩილება, ცოდვად გადაექცევა".5

   წმიდა მამები გვასწავლიან, რომ საკვებ-სასმელი ზომიერად უნდა მივიღოთ, რათა ამ ვნებით არ ვავნოთ სასიცოცხლო ძალებს: სულს, ორგანიზმს.

   მამების აზრით, ზედმეტი ჭამის სურვილი შეიძლება დავძლიოთ უბრალო ტრაპეზით, გაძღომისა და საჭმლით ტკბობისაგან თავის შეკავებით. თავდაპირველად გაძღომა და საჭმლით ტკბობა უნდა მივატოვოთ: ამით ჭამის სურვილი მძაფრდება და სწორ მიმართულებას იღებს.

   და პირიქით: როდესაც ჭამის სურვილს გაძღომითა და ტკბობით ვიკმაყოფილებთ, იგი ბლაგვდება, ამიტომ მადის აღსაძვრელად სხვადასხვა გემრიელ სანოვაგესა და სასმელს ითხოვს. თავიდან გვეჩვენება, რომ სურვილი სულ უფრო მატულობს. ბოლოს, განუწყვეტელი ტკბობისა და ძღომის მაძიებელ, მუდმივად დაუკმაყოფილებელ, ავადმყოფურ ვნებად გვექცევა, რაც კარგათ გამოჩნდა ფრანგი „კულინარის" მაგალითზე.

   წმიდა მამები საკვების ხარისხზეც ამახვილებენ ყურადღებას. წმიდა ეგნატე კავკასიელი გვმოძღვრავს: „საკვები ძლიერ ზემოქმედებას ახდენს სულზე, რაც განსაკუთრებით აშკარაა ღვინის სმის დროს. საკვების ასეთი ზემოქმედება იმით არის გამოწვეული, რომ იგი სხვადასხვაგვარად აღაგზნებს ხორცსა და სისხლს, აგრეთვე იმით, რომ საკვების გაზი და ორთქლი კუჭიდან ტვინში ადის და გონებაზე ახდენს გავლენას.

   ცხარე საკვები, როგორც ხორციელი ვნებების აღმძვრელი, მმარხველის ტრაპეზიდან უნდა განიდევნოს. ყველაზე ბუნებრივი საკვები ის არის, რომელიც ღმერთმა შექმნისთანავე დაუწესა ადამიანს - მცენარეული საკვები... ორთქლი და გაზები, რომლებსაც ის გამოყოფს და ტვინამდე აღწევს, ყველაზე ნაკლებად აღაგზნებს სისხლს, ნაკლებად ამძიმებს. მცენარეული საკვები ყველაზე ჯანმრთელია, რადგან კუჭში ნაკლებ ლორწოს წარმოშობს. ამიტომ მისი მიღებისას შენარჩუნებულია გონების სიფხიზლე და სისუფთავე, ანუ გონებას გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს, სუსტდება ვნების მოქმედება და ადამიანს უფრო მეტად შესწევს სულიერი მოღვაწეობის ძალა.

   ხორციელი კერძები უკიდურესად ასუქებენ ხორცს, განსაკუთრებულ მოუქნელობას სძენენ მას, სისხლს აღაგზნებენ, მისგან მომავალი გაზები კი ტვინს ამძიმებენ.

   ამიტომ, წმ. ეკლესიამ თავისი ბრძნული დადგენილებით ხორცის ჭამის უფლება კი მისცა ერში მცხოვრებ ქრისტიანებს, მაგრამ აუკრძალა მისი მუდმივი მირება: დაუწესა პერიოდები, როდესაც შეიძლება ხორცის ჭამა და როდესაც ეს აკრძალულია. ამ დროს ქრისტიანი თითქოს ფხიზლდება. მარხვის ამ ნაყოფს საკუთარი გამოცდილებით შეიტყობს ყოველი, ვინც მას დაიცავს".6

   თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საკვების უფრო ხშირ (ან არასამარხვოს) მიღებას მოითხოვს, ვიდრე ეს საეკლესიო წესდებითაა დადგენილი, მაშინ უნდა შევურიგდეთ, შევიწყნაროთ ეს ფაქტი, ეს ხდება მოძღვრის ლოცვა-კურთხევით. წმიდა მამები გვასწავლიან: „მიეცი სხეულს იმდენი, რამდენსაც საჭიროებს და არა გევნება რა. თუ ადამიანი დღეში ერთხელ შეჭამს, მაგრამ უზომოდ, რაღა სარგებელი მიეცემა?

   ხდება, რომ ვეცემით ზედმეტი საკვების მიღებით, ნუ შეძრწუნდებით, ამბობენ მამები, შეცდომას შეცდომა არ მიუმატო, ვაჟკაცურად წააქეზე თავი გამოწორებისაკენ, ამასთან ეცადე, სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნო.

  ამრიგად, ნაყროვანება კერპთაყვანისმცემლობაა. მას მოსდევს სხვა ვნებები და კერპები, როგორიცაა მემთვრალეობა, სიძვა - მრუშობა და მრავალი სხვა.

 

 

 


1წმ. დიმიტრი როსტოველი. სენაკის მემატიანე. გვ. 170.

2გაზ. „ხარება". 2002. №3.

3იქვე გვ. 171.

4Еп. Варнава Беляев. Основы искуства святости.

5იქვე გვ. 325.

6წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. მარხვისათვის. ციტ. სიტყვა ნუგეშისცემისა. თბ. 2008. გვ. 143.

 

 

 

Xareba.net-ის რედაქცია


უკან დაბრუნება