მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > მატერიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მატერიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


13-04-2020, 00:03

მატერიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

 

   XIX – XX საუკუნეებში იდეოლოგიური კერპთაყვანისცემის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოვლინება მატერიალიზმი გახლდათ. ადამიანმა სულიერ სამყაროს დაშორებულმა, ცხოვრების არსის ძებნა მატერიაში დაიწყო. ამდენად, მატერიალიზმი მატერიისადმი რწმენად უნდა მივიჩნიოთ. ესაა ღმერთისა და მის მიერ შექმნილი სამყაროს ნაცვლად რაღაც მატერიის აღიარება. ეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი) შემდეგნაირად აღწერს ამ კერპის ნიშან-თვისებას:

   „მატერია - არსაიდან წარმოქმნილა, მას არსაით მივყავართ, ის სულ სადღაც მიედინება, მაგრამ არსად ჩაედინება... მატერიალიზმი მატერიის გაუგებარი რწმენაა. ამ რწმენას თავისი წინასწარმეტყველები ჰყავს, თავისი მასწავლებლები, ავტორიტეტები, აქვს თა­ვისი დოქტრინები, დოგმატები, თავისი სწორი და არასწორი გაგება, როგორც რელიგიაშია, მხოლოდ პირიქით - რელიგიას მივყავართ ღმერთთან, მატერიალიზმს კი ღმერთისგან. მატერიალისტებმა თვითონ არ იციან, რა არის მატერია, საიდან მოდის იგი, საით მიემართება და რატომ... მატერიალისტისთვის მატერიალიზმი მკვდარი ღვთაებაა, ღვთაება ცნობიერების გარეშე. მატერიალიზმი იბადება ხალხის სურვილიდან - არ სწამდეთ ღმერთი. რადგან თუ არსებობს შემოქმედი ღმერთი, ყოველი არსის ცხოველსმ­ყოფელი მამა, მაშინ "არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს".1

   მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უწყის, რომ ღვთის რწმენა უმაღლესი სიყვარულისაკენ სწრაფვას ნიშნავს. ღვთის რწმენა ნიშნავს, არა ქმნა კერპი არცა მატერიისა, არცა ადამიანისა და არცა თავისაგან შენისა. როგორც ჩანს, ეს არის ყველაზე რთული კაცობრიობისათვის.

   ადამიანებს უყვართ კერპები. მათ არ სურთ, თავი თვისი მსხვერპლად მიუძღვნან ჭეშმარიტ ღმერთს, სამაგიეროდ, ადვილად ეწირებიან კერპებს. ეს იმიტომ, რომ კერპი ნებას გვაძლევს ვცოდოთ, შედეგად, ბევრს ის უფრო გვიყვარს, ვიდრე ღმერთი.

   მორალისტები ამბობენ, უფალს არ ირჩევენ, როგორც მზის შუქს არ ირჩევენო. კერპი კი ყოველთვის შეიძლება ამიორჩიო. ადამიანები, რომლებიც სულიერი სინათლის წყაროსა და ღვთის ზნეობრივი ძალისაგან გარბიან, სხვადასხვა ხილულ თუ უხილავ კერპებს ესწრაფვიან. ამ გზით ისინი ბოროტი სულების მსხვერპლნი ხდებიან.

   ეპისკოპოსი იოანე (შახოვსკი) კაცობრიობის ერთ-ერთ უკანასკნელ კერპად მატერიას მიიჩნევს. ადრე კერპთაყვანისმცემლები მატერიის ცალკეულ ნაწილებს ეთაყვანებოდნენ. XVIII-XIX ს.ს.-ში კი ფრანგი ენციკლოპედისტებისა და გერმანელი ნატურალისტების გავლენით ბევრმა მთელი მატერია გააღმერთა. ეს ხელსაყრელად მიიჩნიეს. არ არის საჭირო უსახო მატერიის სიყვარული, ის არაფერს გვირჩევს, არ ამხელს ბოროტებას, არ მიუთითებს სიმართლეზე და არაფრის მთქმელია ადამიანისთვის. სამაგიეროდ, ადამიანს შეუძლია ილაპარაკოს მასზე, რამდენიც სურს. მატერიას არ ესმის, მატერია ვერ ხედავს, ის სასიამოვნოა ცოდვილისათვის - ადამიანისათვის, რომელიც ღმერთს გაექცა. მატერია მას არ მოუწოდებს სულიერი სრულყოფისაკენ.

   დოსტოევსკის ერთი გმირის თქმით, „თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია. ეს სამართლიანია, თუ ადამიანი მაცხოვნებელი ღმერთის უწმინდესი ძალით არ არის შექმნილი (როგორც ამას მატერიალისტები ამბობენ), მაშინ, რაღა თქმა უნდა, მისთვის ყველაფერი ნებადართულია". მისთვის არ არსებობს არც სიკეთე, არც ბოროტება და ყველა ადამიანს შეუძლია თავისი სიკეთე და ბოროტება გამოიგონოს. ეს მისაღები თეზაა მათთვის, ვისაც არა ღვთის, არამედ საკუთარი კანონებით სურს ცხოვრება, ვისაც სურს, არავინ განიკითხავდეს, მხოლოდ თვითონ კი განიკითხოს უნდა სხვა.

   ამ მატერიალისტურ რწმენაში, როგორც სხვა ცრუ იდეოლოგიებში, დემონიზმი იმალება, რომელიც მის აღმსარებელ ადამიანის სულსა და მთელ კაცობრიობას დაღუპვას უქადის. ამიტომ მღვდელთავარ იოანეს აზრით, - მატერიალიზმის მხოლოდ ბოროტებით მოტყუებულ ან შეგნებულად ღვთის უარმყოფელ ადამიანს სჯერა. უზენაესი მსჯავრის შიშით ადამიანები ფიქრობენ, რომ ღმერთს მატერიაში დაემალებიან. ასე მალავს სირაქლემა თავს ქვიშაში საშიშროების მოახლოებისას. მაგრამ სად დაემალები ღმერთს? შემოქმედის სული ყველგან აღწევს - ხილულშიც და უხილავშიც.

   მატერიალიზმი რწმენაა და არა ცოდნა. მატერიალისტების მეცნიერული წარმოდგენა, რომელიც XIXს-ში შეიქმნა, თანამედროვეობამ უარყო. აღარავინ უწევს ანგარიშს ჰეგელის და მოლეშოტის დასკვნებს, ფოხტისა და ბიუხნერის მოსაზრებებს. მატერიალიზმის ამ კლასიკოსების თეორიებმა შემდეგში განამტკიცა მარქსიზმი.

   დიალექტიკური მატერიალიზმის მიმდევრებს ძალა არ შესწევთ, მეცნიერულად უარყონ თანამედროვე მსოფლიო მეცნიერების დებულებები. მარქსის მოსწავლეებმა აღარ იციან, როგორ გამოვიდნენ ჩიხიდან. მათი დიალექტიკა - „ჭეშმარიტებისთვის თავის არიდება", ზუსტ მეცნიერებას არ ესადაგება, - ასკვნის ეპისკოპოსი იოანე შახოვსკი.2

   შესანიშნავი სიტყვა მეცნიერების მიმართ პროფესორმა ფლემინგმა თქვა: „თქვენ ამბობთ, რომ მე რაღაც შევქმენი, სინამდვილეში მხოლოდ დავინახე, დავინახე ის, რაც ღვთის მიერაა შექმნილი ადამიანისათვის. პატივი და დიდება მე კი არა, უფალს ეკუთვნის." ამ სიტყვებში ისეთი საკითხი გამოკრთა, რომ მას უთუოდ კვლავაც უნდა მივუბრუნდეთ.

 

 


1ეპ. იოანე სან-ფრანცისკოელი (შახოვსოი). Апокалипсис мелкого греха. ციტ. ჟურნ. „ხარება". 2002. №6.

2იქვე. ჟურნ. „ხარება". 2000. №6.

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 


უკან დაბრუნება