მთავარი > სექტანტიზმი, მთავარი გვედის ფოტო > სექტანტიზმი
სექტანტიზმი22-10-2022, 19:43 |
არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ..." (1იოან.4. 1)
ჩვენი დროის კიდევ ერთი რელიგიური სენი, რომელმაც ღვთის წინააღმდეგ გაილაშქრა, სექტანტობა გახლავთ. ურწმუნოებისა და მატერიალიზმის ეპოქამ მრავალრიცხოვანი სექტანტური საზოგადოებების სულიერი შემოსევები მოიტანა. კოხტად გამოწყობილი „სიწმიდისა" და „სიყვარულის" მქადაგებელი ორგანიზაციები კეთილმოწყობილ ცხოვრებასა და გარანტირებულ სასუფეველს ჰპირდებიან ადამიანებს. თავიანთ დაპირებებს ისინი წმიდა წერილის ტექსტით ამაგრებ-ადასტურებენ რის შედეგადაც დაპირება სრულიად დამაჯერებლად ჟღერს. სექტანტები თავს „ზეადამიანებად" მიიჩნევენ, მათ არ ეშინიათ საშინელი სამსჯავროსი, ისინი ღრმად არიან დარწმუნებულნი თავიანთ „რჩეულობაში". სექტაში გაწევრიანება მათთვის დღეგრძელობის, ბედნიერების, სიუხვისა და ყოველგვარი სიამოვნების საწინდარია. მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ფაქტები მოწმობს, ნებისმიერი სექტა იძლევა ქვას ნაცვლად პურისა და გველს ნაცვლად თევზისა. თავდაპირველად სექტა თავს ევლება ახალ წევრს, კომფორტულ გარემოს უქმნის მას. გარკვეული პერიოდის შემდეგ საკითხავებს აწვდიან, სექტის კეთილი სურვილების შესახებ ესაუბრებიან. შემდეგ კი ლიტერატურისა და აფიშების გავრცელებაში დახმარებას სთხოვენ. საბოლოოდ ადამიანი ხვდება, რომ თავიდან ბოლომდე სექტის საზრუნავითაა დაკავებული და უკვე აღარც აინტერესებს, თუ რა ხდება ირგვლივ. მას მხოლოდ თავისი გარემოს შენარჩუნების სურვილიღა რჩება. სექტანტობა ისეთივე მძიმე სენია, როგორც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. ამ სულიერი ავადმყოფობის საშუალებით სექტის ხელმძღვანელობა უზარმაზარ ფულს იხვეჭს. დღეს, სექტები, როგორც სოკოები, ხან ერთ, ხან მეორე ადგილზე ჩნდებიან. ხშირად ადამიანი ვერც ხვდება, თუ ვინ მართავს მათ და რა არის მათი მიზანი. სექტაში გაწევრიანებულ ადამიანს იქიდან გამოსვლის შესაძლებლობა თითქმის აღარ რჩება. სექტანტური საზოგადოების ყოველი წევრი მკაცრი კონტროლითა და ვალდებულებებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ყველაზე საშინელი ისაა, რომ ადამიანს უკვე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება უსექტოდ. ამიტომ მასზე არ მოქმედებს აკრძალვა. მორალური და ზნეობრივი კანონები მისთვის არ არსებობს. არ არსებობს არც ოჯახი, არც ახლობლები. სექტებში ხშირია თვითმკვლელობებისა და სხვათა მკვლელობის შემთხვევები. აი, რას იღებს ადამიანი დაპირებული ბედნიერების ნაცვლად. საჭიროა ყველა ჯანსაღი საზოგადოებრივი ძალის, საღადმოაზროვნე და პატიოსანი მოქალაქეების ერთიანი ძალისხმევა, რათა წინ აღვუდგეთ ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველ, ტოტალიტარულ სექტებს, მათ წარმომშობ ე.წ. ტრადიციულ რელიგიებს (კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი), აგრეთვე ნეოწარმართობასა და ოკულტიზმს. საქართველოში მოქმედი არასახელმწიფოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის ზედაპირული ანალიზიც კი გვიჩვენებს: მავანი ცდილობს განათლების სისტემა და ინფორმაციის მასობრივი საშუალებები უცხო ფასეულობებზე ორიენტირებულ საზოგადოებების ჩამოყალიბებისთვის გამოიყენოს. ე.წ. ტრადიციული თუ არატრადიციული რელიგიური დაჯგუფებები მიზანმიმართულად მუშაობენ, რათა შექმნან პირობები მოსახლეობის „სოციალურ-ფსიქოლოგიური კოდის" შესაცვლელად. ეს ავტომატურად გამოიწვევს მართლმადიდებლობასთან შესისხლხორცებული ქართული სახელმწიფოებრივი ისტორიის ამოშლას ქართველი კაცის მეხსიერებიდან. შედეგად ძალიან მალე მცნებები - სამშობლოს სიყვარული, მოყვასისათვის თავდადება... ღიმილსღა თუ გამოიწვევს ახალი თაობის ქართველებში. ამრიგად, სექტანტობამ კიდევ უფრო დააშორა ადამიანი ღმერთს. მთელ რიგ სექტებს, მაგალითად, ტრანსცენდენტურ მედიტაციას, საენტოლოგებს და ხსნის არმიას საერთოდ არ გააჩნიათ სწავლება ღმერთზე, ქვეყნისა და ადამიანის შექმნაზე, ცოდვით დაცემასა და გოლგოთის მსხვერპლით კაცობრიობის გამოსყიდვაზე და ა.შ. დანარჩენი სექტების უმრავლესობას აღნიშნულ საკიტხებზე დოგმატური სწავლება ან საერტოდ არა აქვს შემუშავებული და საჭიროების მიხედვით ცვლის მას, ან მეტნაკლებად ამთხვევს „ზოგადპროტესტანტულ" შეხედულებებს. სექტები მოხერხებულად იყენებენ იმ ფაქტს, რომ საზოგადოებამ კარგად არ იცის ბიბლია. სექტანტებს ის მუხლები მოჰყავთ წმიდა წერილიდან, რომელიც ხელს აძლევს მათ, ხოლო დუმან მაშინ, როდესაც საპირისპირო ხდება. ფხიზლად ვიყოთ, რათა ღმერთკაცის ჭეშმარიტ რწმენას არ ავცდეთ, არ ვიპოვოთ ეშმაკეული საზოგადოება, რომელმაც მორიგი ომი გამოუცხადა ღმერთს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |