მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე წარმართობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
თანამედროვე წარმართობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე1-04-2020, 22:02 |
მრავალი ქრისტიანისთვის „თანამედროვე წარმართობის" თეზა შესაძლოა უცნაურადაც ჟღერდეს. ზოგი ფიქრობს, რომ წარმართობამ მოჭამა თავისი დრო და კაცობრიობა ახალი, ცივილური, რელიგიური თუ ფილოსოფიური იდეებით იკვებება სულიერად.
ერთი შეხედვით, მართლაც რა საერთო უნდა ჰქონდეს ველურ წარმართობას კანტთან, მარქსთან, ფროიდთან თუ ნიცშესთან. თუმცა, ძველი თუ ახალი დროის სერიოზული მორალისტები და ღვთისმეტყველები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე კულტურა გარეგნულ ფორმის მიღმა უფრო მკაფიოდ გამოხატავს წარმართულ შინაარსს, ვიდრე ძველი დროების უხეში ფეტიშისტები.
ხელთა გვაქვს XIX-ს - ის რუსი მორალისტის ლევ ტიხომიროვის წერილი, სადაც ავტორი სერიოზული ანალიზისა და პარალელების გარჩევის შემდეგ ასკვნის: თანამედროვე ადამიანმა არათუ აღმოფხვრა წარმართული მსოფლხედვა, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა იგი. გვაოცებდეს კი უნდა ეს ამბავი? - კითხულობს ავტორი. კაცობრიობის ყოფითი ცხოვრების სულიერი თუ მატერიალური საკითხები ოდითგანვე აწუხებდა ადამიანს. ის კანონები, რომლებიც მოქმედებდა აბრაამისა და სოდომის დროს, მოქმედებდნენ წმ. იოანე კრონშტადტელისა და ნიცშეს ეპოქაშიც. ერთი და იგივე სულიერი ბრძოლა, გამარჯვება თუ მარცხი თან ახლავს ადამიანის ცხოვრებას. დავაკვირდეთ ძველი, წარმართული დროის ევოლუციურ განვითარებას და თანამედროვე ევოლუციონიზმს. რა ირკვევა? თანამედროვე ევოლუციონისტები გაიძახიან, რომ ადამიანმა განვითარება ცხოველური ბუნებიდან დაიწყო და თანდათან, თავისი შრომით ლამის ღვთაებამდე ამაღლდა.
ბიბლიური მსოფლხედვით კი კაცობრიობა სულ სხვაგვარად ვითარდება. ადამიანმა დაიწყო სრულყოფილებით, შემდეგ დაეცა; მისი მომდევნო ისტორია გახლავთ განუწყვეტელი ბრძოლა - ჭიდილი სულიერი არსებობისათვის.
წარმართობა, პავლე მოციქულის განსაზღვრებით, ქმნილების გაღმერთებას გულისხმობს. რომელ ქმნილებას მიიჩნევს ადამიანი ისეთ ძალად, რომელიც არის შემოქმედი და შემქმნელი, ეს დამოკიდებულია თავად ადამიანის განვითარების ხარისხზე. შესაძლოა ეს ძალა იყოს ქანდაკების ნაირსახეობა, ბუნების თაყვანისცემა... საიდანაც არ უნდა დაიწყოს შეცდომა, მას ერთ დასასრულამდე მიჰყავს ადამიანი. ეს გახლავთ ადამიანის მგრძნობელობითი და გონებრივი სამყაროს ილუზიის გამოხატულება. ამ დროს რომელიმე ქმნილებათაგანი გვეჩვენება შემქმნელ ღვთაებად.
აბრაამმა შეინარჩუნა ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება იმიტომ, რომ ადიდებდა შემოქმედს. წარმართებმა ვერ შეინარჩუნეს ჭეშმარიტი რწმენა, რადგან ღვთის შემეცნების შემდეგ არ განადიდეს იგი (ღმერთი). რაკი არ განადიდებს ღმერთს, ადამიანი სულ უფრო და უფრო შორდება მას; კარგავს ჭეშმარიტ ცოდნას და მიილტვის მგრძნობელობითი, ნებელობითი თუ გონებრივი, ილუზორული ღვთაებების შეთხზვისკენ. ასე გაჩნდა წარმართობა. კაცს მისი ფანტაზიის მიერ შექმნილი ნაყოფი ღმერთზე უფრო რეალური ეჩვენება. ქანდაკება იქნება ეს, ბუნება, განყენებული იდეა თუ საკუთარი პიროვნება, სულერთია, ადამიანი იწყებს მის გაღმერთებას, გაკერპებას.
ამდენად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტი ეკლესიის არსებობას. თუ უხეშმა წარმართობამ ქრისტიანულ სივრცეში რამდენიმე ასეული წელი იარსება, ერესების სახით გამოხატულმა წარმართობამ კიდევ უფრო ძლიერად გამსჭვალა ქრისტიანული სამყარო.
აი, ასეთ ნიადაგზე განვითარდა ჩვენი კულტურა. ის, ერთი მხრივ ქრისტიანობის, მეორე მხრივ, ნეოწარმართული შეხედულებების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. წარმართობა თანდათან უფრო საშიშ ფორმებს იღებდა, ვიდრე ეს იყო ქრისტიანობამდელ პერიოდში.
ისმის კითხვა: გააჩნია თანამედროვე წარმართობას რაიმე ახალი ელემენტები, რომლებიც ძველად არ არსებობდა? ხომ არ შეცვლილა რაიმე კომბინაცია უწინდელი შტრიხებისა?
თანამედროვე წარმართობა, ისევე როგორც ძველი, გულისხმობს შემოქმედის ქმნილებით ჩანაცვლებას. ხანდახან, ცალკეულ შემთხვევებში იგრძნობა ოდნავ სხვაგვარი დაყენება საკითხისა, მაგრამ ღმერთის დავიწყების, მისი ჩანაცვლების, მისგან განდგომის „ბუნებრივ - ფსიქოლოგიური" საფუძვლები, რა თქმა უნდა, იგივეა. შეინიშნება, რომ „ქმნილება" რომელიც სულ უფრო მეტად ცდილობს ჩაანაცვლოს ჭეშმარიტი ღმერთი, თავად ადამიანია. ასეთი სუბიექტების აზრით, არ არსებობს არა მარტო ღმერთი, არამედ არც არაფერი სულიერი, რაც იმქვეყნიურ ცხოვრებას მოასწავებს. არის მხოლოდ ამქვეყნიური, რომლის ბატონ-პატრონის ადამიანია.1
წარმართობის ახლებური აღორძინების იდეა მხოლოდ მორალისტების მოსაზრება არ გახლავთ. XIX-XX საუკუნეების გამოჩენილი ღვთისმეტყველები და წმინდანები წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, წმ. თეოფანე დაყუდებული, ღირსი იუსტინე პოპოვიჩი, წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი და მრავალი სხვა თავიანთ თხზულებებში ხშირად აღნიშნავდნენ წარმართობისკენ ევროპული ცივილიზაციის მიბრუნებას.
აი, რას წერს წმ. ნიკოლოზი (სერბელი): ყველა ამტკიცებს იმას, რაც ყველასთვის ცხადია; კერძოდ იმას, რომ დასავლეთის ხალხები უბრუნდებიან წარმართობას; მხოლოდ ცოტა თუ განასხვავებს ერთ წარმართობას მეორისაგან. დასავლეთის ხალხები უბრუნდებიან არა აღმოსავლურ, არამედ დასავლურ წარმართობას; რადგან აღმოსავლურ წარმართობას ახასიათებს მკაცრი ასკეტიზმი, მარხვა და სხვადასხვაგვარი ხორციელი ტანჯვა.
დასავლეთის ხალხები აღმოსავლურ წარმართობას რომ უბრუნდებოდნენ, იმარხულებდნენ და ისევე დაიტანჯებოდნენ, როგორც იტანჯება ხალხი ინდოეთში, ტიბეტსა და ჩინეთში. მაგრამ ისინი არა ამ აღმოსავლურ წარმართობას, არამედ აღვირახსნილ, თავაშვებულ დასავლურ წარმართობას, ანუ თავიანთი მოუნათლავი ევროპული წინაპრების წარმართობას უბრუნდებიან.
დასავლეთის წარმართობა თავიდან ბოლომდე სისხლიანი, სასტიკი და გარყვნილი იყო - ბერძნებისაც, რომაელებისაც (უარესი), გერმანელებისა და ფრანგებისაც (კიდევ უარესი). რა შეიძლებოდა სცოდნოდათ ბერძნებს მარხვის შესახებ, როდესაც მუდმივად თვალწინ ჰქონდათ ოლიმპოს ღმერთების გარყვნილება? განა შეიძლება საუბარი სასტიკი რომაელი კეისრების რაიმე თავშეკავებაზე. მათ სამზარეულოების სიახლოვეს სპეციალური გულის ასარევი ადგილი ჰქონდათ, რათა სავსე კუჭი დაეცალათ საჭმლისაგან და ხელახლა დანაყრებულიყვნენ. რა მარხვასა და თავშეკავებაზე შეიძლება ილაპარაკო ფრანგი და ტევტონი ხალხების შემთხვევაში, როცა ისინი უნაგირის ქვეშ დაბეჟილ უმ ხორცს ჭამდნენ?
ქრისტესგან დასავლეთის მოცილება ნიშნავს მის დაბრუნებას წარმართობასთან, მაგრამ არა ინდურ წარმართობასთან, არამედ საკუთართან, დასავლურთან, სასტიკსა და გარყვნილთან, უსულო და უნამუსოსთან. ამის მოწმენი ვართ კიდეც ახლა.
წმიდა მამა დასავლურ წარმართობას ადარებს ისლამურ და ინდუსურ - ბუდისტურ წარმართობასთან და ამბობს:
ისლამი, უეჭველია, უფრო სულიერია დასავლურ წარმართობასთან შედარებით. მისთვის ნაცნობია მარხვა და ლოცვა, ღმერთისა და სულის ცნებები. მაგრამ ისლამიცა და წარმართული დასავლეთიც ერთ რამეში ჰგვანან ერთმანეთს - მომავალი სამოთხის გაგებაში. ისლამს სამოთხე ზეცაში წარმოუდგენია და არა მიწაზე; წარმართული დასავლეთი ოცნებობს მიწიერ და არა ზეციურ სამოთხეზე. ეს ორი სამოთხე, შეიძლება ითქვას, ტოპოგრაფიულად ძალიან დაშორებულია ერთმანეთს, მაგრამ არსობრივად ერთნაირია, რადგან მუსულმანებსაც და ევროპელებსაც სამოთხე წარმოუდგენიათ, ვით ხორციელი ცხოვრების სისავსე, ყველა ამქვეყნიური ვნების სრული დაკმაყოფილება. ამ სამოთხის (რძე, ღვინო, ქალიშვილები) მისაღწევად მუსულმანები თავს მარხვით, ლოცვითა და თაყვანისცემით იტანჯავენ. დასავლეთი კი - ცრუ მეცნიერული გამოკვლევებითა და საზოგადოებრივი გადატრიალებით. ინდოეთი და ტიბეტი, წმიდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩის აზრით, იტანჯებიან უფრო საშინლად. არა ზეციური ან მიწიერი სამოთხისთვის, არამედ ცხოვრების განადგურებისთვის, გარდასახვების ჯაჭვის შეწყვეტისთვის. ცნობიერებისა და გრძნობების გათავისუფლებისთვის, ნირვანისათვის. მათთვის ცხოვრება არის მაია - ტყუილი, სანსარა - მორევი, რომელშიც ადამიანები და ღმერთები არიან მოქცეულები...
ამიტომ გუატამა ბუდამ გაბედა ეთქვა: „მე მოვედი, რომ ვიხსნა ადამიანები და ღმერთები!".
მართლაც არასწორად ესმით რელიგია და ღმერთი იქ, სადაც ითქვა ეს სიტყვები, მაგრამ არანაკლებ არასწორია სიტყვები დასავლეთში, სადაც ამბობენ: ისიამოვნე (Enjoy – yourself)! ამას არ იტყოდნენ არა მხოლოდ ქრისტიანი ხალხები, არამედ საუკეთესო და დახვეწილი ფილოსოფოსებიც კი... (სოკრატე, პითაგორა) ვინც ასე დაიწყო ლაპარაკი, ის ბერძნული ფილოსოფიის სიმახინჯე და დაავადებაა - ეპიკურე. მან თავს ნება მისცა ეთქვა: „აიღე დღისგან ყველაფერი, რაც შეგიძლია! ისიამოვნე დღეს, რადგან ხვალ შეიძლება მოკვდე სამუდამოდ. აიღე ყველაფერი ყოველი ახალი დღისაგან და ბოლომდე გამოწოვე". ეს არის წარმართობა, რომელსაც დაეწაფა ოდესღაც ქრისტიანული ევროპა დღეს.
დასკვნაში წმიდა მღვდელმთავარი ამხელს დასავლურ და აღმოსავლურ მსოფლხედვებს.
არარეალური და განუხორციელებელია ისლამური სამყაროს მიზანი, რადგან ზეცაში არ არსებობს ხორციელი და გრძნობითი სამოთხე. არარსებული და განუხორციელებელია აზიური სამყაროს მიზანიც, ვინაიდან თვითგანადგურება დანაშაულია, ნირვანა - ტყუილი.
არარსებული და განუხორციელებელია მეცნიერი და უღმრთო დასავლეთის მიზანი - სამოთხე მიწაზე. ასეთი სამოთხე არც აღთქმულია და არც ნაწინასწარმეტყველები. ის არ ყოფილა და არც იქნება.
ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ მართლმადიდებელ ხალხებს არ შეუძლიათ იყვნენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შუა, არამედ - მათზე მაღლა.2
კიდევ ერთმა გარემოებამ განსაზღვრა თანამედროვე წარმართობის ჩამოყალიბება? ევროპაში - ექსპერიმენტული მეცნიერების გამოჩენა კათოლოციზმიდან პროტესტანტების გამოყოფას დაემთხვა. პროტესტანტიზმი ყოფილი ბარბაროსული ტომების ტერიტორიებზე აღმოცენდა. მღვდელი ვლადიმერ სოკოლოვი შენიშნავს: ბარბაროსებისთვის, რომლებიც უახლოეს წარსულში თაყვანსცემდნენ ბუნებას, მასზე ტაბუს მოხსნამ კერპების თაყვანისცემიდან მათი დამხობისკენ, შესაძლოა შურისძიებისკენაც განაწყო. ეს ცნობილი ფენომენია, რომლითაც კერპთაყვანისცემის უკიდურესობები ვლინდება. ტყიდან გამოსული ბარბაროსები ძველი რომაული და ბერძნული ცივილიზაციების კულტურულ მემკვიდრეობას შეეჯახნენ, ოღონდ ახლებურად შეფუთულ ქრისტიანობაში (პროტესტანტიზმში).
ანალიზი მოკლე ხანში ახალმოქცეული ბარბაროსებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. მეცნიერება შეიქნა მოღვაწეობის ის სფერო, რომელშიც ბარბაროსების ენთუზიაზმი და ენერგია შეერწყა მათ ჩამოუყალიბებელ მენტალიტეტს. ყოველივე ეს კულტურის საკუთარი ვარიანტის ჩამოყალიბებით დასრულდა. მასაში უგულებელყოფილი იყო სულიერი ცხოვრების საფუძვლები - მსოფლხედვა მხოლოდ ლოგიკურ და რაციონალისტურ საფუძვლებზე განვითარდა.3
სწორედ ამან განაპირობა დასავლეთში ათასგვარი ექსპერიმენტული მეცნიერების ჩამოყალიბება. დარვინიზმი და მისი მსგავსი იდეოლოგიები, სწორედ ამ ნიადაგზე აღმოცენდა.
ამრიგად, ჰუმანიზმის, ყალბი მეცნიერების საძირკველზე აღმოცენდა ახალი დროების რელიგია, სადაც არ არის ღვთისთვის ადგილი.
დარვინიზმი იყო მორიგი მითი ცრუ იდეოლოგიათა კასკადისა, რომლებიც XIX-XX საუკუნეებში ჩამოყალიბდა.
ახალი იდეოლოგიური საფუძვლების ჩამოყალიბებაში ასევე დიდი როლი შეასრულა მარქსიზმმა კაცობრიობის საზოგადოებრივი თვითგანვითარების თეზით. მესამე „ვეშაპი", რომელზეც აღორძინდა თანამედროვე წარმართული იდეოლოგია იყო ზ. ფროიდის სწავლება „ლიბიდოზე". ე.წ. ფსიქოანალიზი.
აი ამ მსოფლმხედველობრივ ფუნდამენტზე აღმოცენდა თანამედროვე კერპთაყვანისმცემლობა. მისი „ტაძარი" თავად ადამიანი გახდა. დღეს ამ კერპს ეთაყვანება თანამედროვე ადამიანი. ესაა თაყვანისცემა მთელი სულითა და გულით, მთელი არსებით, ზუსტად ისეთი, ვით მართებულია თაყვანისცემა ღვთისა.
ამრიგად, ყალიბდება აზრი, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ადამიანისა.
ნიშანდობლივია, რომ ამგვარი განდიდების უმაღლესი საფეხური არის ანტიქრისტე. ის თავის თავს ღმერთად გამოაცხადებს, ყოველი რელიგიის წინააღმდეგ გაილაშქრებს და საკუთარი თავის თაყვანისცემას მოითხოვს ადამიანებისაგან.
გაღმერთებული ადამიანი ეშმაკს გვაგონებს. ის, რაც პირველი ადამიანის საცდური იყო - „იქნებით ვითარცა ღმერთი" - თანამედროვე სამყაროსა და ცივილიზაციის ლოზუნგი გახდა. ძველი დროის წარმართი გაცილებით უფრო მოკრძალებული ჩანს თავისი დამოკიდებულებით, ვიდრე თანამედროვე. უარყოფს რა ღმერთს, ახლანდელი წარმართი ვერ გრძნობს საკუთარ თავზე ვერანაირ ძალაუფლებას. ის არც ბუნებას, არც ეშმაკს არა, მაგრამ საკუთარ თავს კი მიიჩნევს უმაღლეს უზენაეს არსებად.
1გამოყ. პროფ. ლ. ტიხომიროვი. Современное ядычество. 2წმ. ნიკოლოზ (ველიმიროვიჩი). აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა. თბ. 2014. გვ. 49-51. 3Мистика или духовность. Свят. Вл. Соколов. М. 2014. გვ. 230.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე უკან დაბრუნება |