მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > არიოზელების ერესი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
არიოზელების ერესი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე24-03-2020, 19:50 |
მსოფლიო მასშტაბის პირველ ერესად უდავოდ არიანელობა უნდა მივიჩნიოთ. ის ფაქტობრივად ებიონიტების ერესის გამეორება იყო, ოღონდ ახალ საფეხურზე აყვანილი. ებიონიტების მტკიცება, რომ იესო უბრალო ადამიანია, იოსებისა და მარიამის შვილი, თავის თავში შეიცავს თეზისს „ძის" ქმნილი ბუნების შესახებ. ამ შეხედულებამ გზა გაუხსნა ტრინიტარული ერესების გავრცელებას. თუ ძე უბრალო ადამიანებისაგან იშვა, ე.ი. ის არ არის ერთარსი მამისა. აქედან გაჩნდა მანიქეველების, დინამიანების და ა.შ. სწავლებანი. ამრიგად, ტრინიტარულ კამათებში პირველ პლანზე წამოიწია ქრისტოლოგიურმა საკითხმა ქრისტეს წარმოშობისა და ბუნების შესახებ.
არიოზელობა იყო მრავალრიცხოვანი და ძლიერი მწვალებლობა, რომელმაც თითქმის მთელი აღმოსავლეთის ქრისტიანობა მოიცვა. არიოზმა გამოთქვა მკრეხელური აზრი: იყო დრო, როცა არ იყო ქრისტე, იგი არ არის მარადიული და დაუსაბამო და იგი ღმერთი არა სახით, არამედ სახელითაა და მამა ღმერთის ქმნილებას წარმოადგენს. ეს არიოზული თეზისი „ძე ღვთისას" შექმნილი ბუნების შესახებ ფაქტობრივად ანადგურებდა ქრისტიანობის მთავარ არსს - ძე ღვთისას განკაცებას და მის მიერ კაცობრიობის ხსნას.
არიოზის სწავლებით მამა ღმერთმა ძე ღვთისა საიმისოდ შექმნა, რომ სხვა დანარჩენი სამყარო შეექმნა, ვინაიდან თავად მამა ღმერთი აბსოლოტურად ტრანსცენდენტური იყო სამყაროსადმი. ის სამყაროს შექმნაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, რადგან ვერავის და ვერაფერს შეეძლო კონტაქტი მასთან.
ამრიგად, ქრისტე დემურგია, შემქმნელი ქვეყნისა და ამავდროულად თავად არის ქმნილება. ამდენად შემქმნელი და შექმნილი ქრისტე აბსოლუტურად ერთი და იგივე ბუნების არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აზრია იმის გააზრებისთვის, თუ როგორ გაჩნდა ახალი არიანელობა დასავლური ვარიანტის ქრისტიანობაში. კერძოდ: თუ მაცხოვარი შექმნილი არსებაა, შესაბამისად უფრო ახლოა დედამიწასთან, ადამიანებთან, შედეგად მისი მეუფებაც დედამიწაზე უნდა იყოს. აქ ასევე ქილიაზმის მძლავრი იმპულსი (ქრისტეს ათასწლოვანმეუფების) შეინიშნება. ამიტომ არიოზის სწავლებაში ძალიან ძლიერია სოციალური პათოსი. ეს კარგად შესამჩნევია თანამედროვე არიოზელებთან დასავლეთში. ჯერ კიდევ XVI ს-ში ევროპა მოიცვა მძლავრმა პროტესტანტულ-სოციალურმა მოძრაობამ. შემდეგ მან ეს გზა თანამედროვე არიანელებს - იეღოველებს გადაულოცა.
სხვათა შორის, იმავე კანონზომიერებას ვხედავთ მუსლიმებშიც. ისინიც უარყოფენ წმიდა სამებას და იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას. თავად ისლამი აშკარად სოციალური ხასიათისაა. ძნელი სათქმელიცაა, რელიგიური თუ სოციალური ელემენტები ჭარბობს მასში. რელიგიური ორგანიზაცია - უმა, რომელიც მუსლიმების მთელ მსოფლიოს მოიცავს, მეტწილად სოციალური ორგანიზაციაა. რელიგიური კანონი - შარათი, სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს (ყოველდღიური ქცევის ნორმების ჩათვლით). ასე რომ, ეკლესია გულგრილად ვერ აუვლიდა გვერდს არიოზის დამღუპველ სწავლებას.
არიოზს მეტისმეტად კარგად ეხერხებოდა რწმენისთვის მრავალტანჯულ და შეურაცხყოფილ პიროვნებად წარმოეჩინა თავი ხალხის წინაშე. ექვსწლიანი „მოღვაწეობით" მან მთელი აღმოსავლეთი ააღელვა. კამათში არა მხოლოდ სასულიერო პირები, არამედ საერონიც ჩაებნენ და ხალხი ორად გაიყო.
მრავალი შეგონებისა და ადგილობრივ კრებებზე მხილების მიუხედავად, არიოზი ჯიუტად ავრცელებდა თავის სწავლებას.
მამებმა ბოლო ღონე იხმარეს - კონსტანტინე დიდმა მთელ ქრისტიანულ სამყაროში დაგზავნა წერილები, რომლითაც ეპისკოპოსებს ნიკეაში მსოფლიო კრებაზე იწვევდა.
მსოფლიო კრების მონაწილენი ორ ნაწილად იყოფოდნენ: მართლმადიდებლებად და არიოზის მიმდევრებად. პირველნი ამბობდნენ: ჩვენ გულწრფელად გვწამს და არ ვეწევით ამაო ჯაფას იმის დასასაბუთებლად, რაც მხოლოდ რწმენით მიიღწევა, რადგამ „ჰიპოსტასი ღმრთის ძისა ისევე მიუწვდომელია ყველა შექმნილი ბუნებისათვის, როგორც თავად მამაა მიუწვდომელი": „არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან." (მთ. 11. 27).
წმიდა მამები ერთგულნი იყვნენ იმ დოგმატისა, რომლის მიხედვითაც ძე ისეთივე სრული ღმერთია, როგორც მამა; უფალი ხომ თვითონვე ამბობს: „მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ." (იონ. 10. 30).
არიოზელები ცდილობდნენ რწმენა ცოდნისთვის დაემორჩილებინათ, ამიტომ რწმენის საკითხებს კრიტიკულად და ანალიტიკურად უდგებოდნენ...
საბოლოოდ კრებამ წერილობით ჩამოაყალიბა ეკლესიის სწავლების არსი მამა ღმერთისა და ძე ღმერთისა. იესო ქრისტეზე - სარწმუნოების სიმბოლოში შეიტანეს სიტყვა - ერთარსი. მაგრამ არიოზელი ეპისკოპოსების ერთმა ნაწილმა ფრიად უზნეო საქციელი ჩაიდინა, კერძოდ: სიტყვაში ჰომოუსიოს (ერთარსი) მათ იოტა ჩაუმატეს, ამან სიტყვის შინაარსი მთლიანად შეცვალა - ჰომოიუსიოს (არსით მსგავსი). ბერძნულ ენაზე ეს ორი სიტყვა მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებოდა. ამიტომ აღიმაღლა ხმა იმ დროის მთავარდიაკონმა, ათანასემ, რომელმაც სიტყვათა ამგვარი თამაში სამყაროს ნგრევის ტოლფასად შეაფასა. ყველა შეკრთა. წმ. ათანასემ კარგად უწყოდა, რა სავალალო შედეგებს მოიტანდა ტერმინი „არსით მსგავსის" შემოღება. ეს არიანული სწავლების დამტკიცებას ნიშნავდა. ამით ადამიანი შეიცვლებოდა, ვინაიდან ქრისტესთვის აღარ იყო ადგილი არც სამყაროში, არც ადამიანში. მაგრამ სამყარო ვერ გაძლებს ქრისტეს გარეშე - ის დაინგრევა, ვინაიდან ის დგას მანამ, სანამ მარადიულობისთვის იბადება ადამიანი, ხოლო ქრისტეს გარეშე მარადიულობისთვის დაბადება შეუძლებელია.
ამრიგად, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების წმ. მამათა მიერ სულიწმიდის შთაგონებით მოიძებნა სიტყვა „ერთარსი მამისა", რომელიც შევიდა მართლმადიდებლურ მრწამსში, ხოლო არიოზის სწავლება დაგმობილი, ანათემას გადაცემული იქნა.
არიანელების შემდგომი ერესები, ხატმებრძოლებისა და ვარლაამ კალამბრიელის ჩათვლით, (რომელიც ამტკიცებდა თაბორის ნათელის ქმნილ ბუნებას) ასე თუ ისე არიოზულ სწავლებას უკავშირდებოდა.
მართლაცდა, თუ იესო ქრისტე არ განხორციელდა, მაშინ შეუძლებელია მისი გამოხატვაც ხატებზე. თუ იესო ქრისტე ქმნილებაა, მაშინ ცხადია თაბორზეც ვერ იქნებოდა ხელთუქმნელი ნათელი, შესაბამისად არც არანაირი ღვთაებრივი ენერგია.
ამრიგად, ტერმინი „ერთარსის" დამკვიდრებით განხორციელდა თავისი დოგმატური და ფილოსოფიური არსით უმნიშვნელოვანესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე უკან დაბრუნება |