მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პირველი ერესები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პირველი ერესები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


23-03-2020, 20:49

 

 

 

   ეკლესიის ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანის მიერ ღმერთის ჩანაცვლებას ყველა ეპოქაში ცდილობდნენ. საამისოდ ფორმები და მეთოდები იყო სხვადასხვაგვარი. თავიდან წარმართული რელიგიები ღმერთის ჩანაცვლებას კერპების მეშვეობით ლამობდნენ. შემდეგ მეთოდები დაიხვეწა და ადამიანი თავად შეეცადა ღმერთის ადგილის დაკავებას. ეს ხან მეცნიერების, ხან ფილოსოფიისა თუ სხვა ხერხებით ხორციელდება. ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული მცდელობა ამისა გახლავთ თავად ქრისტიანულ რელიგიაში ისეთი სწავლებების შემოღება, რომლებიც დოგმატურ დონეზე დააკნინებენ ქრისტე ღმერთის მნიშვნელობას სამყაროში და ყალბი ღვთისმეტყველებით ჩაანაცვლებენ მის (ღმერთის) ადგილს ადამიანური ნააზრევით. ბოლოს კი თავად ადამიანით.

   ცნობილია, რომ პირველ ქრისტიანებს საშინლად დევნიდნენ და აწამებდნენ ჭეშმარიტების დაცვის გამო. ამის მიუხედავად, მრავალი მათგანი მტკიცედ იცავდა სარწმუნოებას, რომელიც ღმერთკაცმა იესო ქრისტემ მომადლა კაცობრიობას. ქრისტიანები მოწამეობრივი სიკვდილითაც აგვირგვინებდნენ ქრისტეს ერთგულებას. მტერი მიხვდა, რომ გარეგნული ზეწოლა მხოლოდ აძლიერებდა ქრისტიანებს და ის ეკლესიის შიგნიდან მორყევას შეეცადა. ცრუსწავლების დათესვით ეშმაკმა მრავალი მწვალებლური სწავლება, ერესი ჩამოაყალიბა, ესენია: ებიონიტების სწავლება, გნოსტიციზმის მრავალი სახეობა, მანიქეიზმი, პელაგიანიზმი თუ სხვა.

   მართლმადიდებლური კატეხიზმოს განსაზღვრებით ერესი არის ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში უცხო, საწინააღმდეგო სწავლების შერევა. ის (ერესი) ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან იღებს თეზისებს, რომლებიც მის შეხედულებებს შეესაბამება, ხოლო დანარჩენ ჭეშმარიტ დოგმატურ სწავლებას, კერძოდ რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, მესია და ამავე დროს სრული კაცი, რომელმაც გამოისყიდა კაცობრიობა ცოდვის მორევისაგან, თავისებურებად განმარტავენ ან აშკარად უარყოფენ. ამიტომ ერეტიკოსი შეიძლება გახდეს თავნება ადამიანი, რომელსაც სარწმუნოებაზე თავისი შეხედულებები გააჩნია და ამპარტავნობის გამო არ სურს დაემორჩილოს წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას.

   პირველ საუკუნეებში ერეტიკოსები ხდებოდნენ იუდეველები და წარმართები, რომლებიც ქრისტიანდებოდნენ, მაგრამ იმავდროულად არ უარყოფდნენ იუდაიზმიდან და წარმართობიდან ათვისებულ მცდარ შეხედულებებს. გარეგნულად ისინი ქრისტიანებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ქრისტეს ეკლესიის მტრბი იყვნენ. პირველი საუკუნეების ერესებში ზოგი უარყოფდა ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას, ზოგი პირიქით - მხოლოდ ღვთაებრივს აღიარებდა და ა.შ.

   თავდაპირველად ეკლესიაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული დოგმატური სწავლება მხოლოდ გადმოცემის სახით არსებობდა. ჯერ კიდევ იყვნენ ცოცხალი მოციქულები, რომლებიც ცხადად ადასტურებდნენ ქრისტეს სწავლებას. შემდეგ მათი ადგილი დაიკავეს მოციქულებრივმა მამებმა და მათმა მოწაფეებმა. ხსოვნა იმისა, თუ რას აკეთებდა და ქადაგებდა იესო ქრისტე, ჯერ კიდევ ცოცხლად არსებობდა ქრისტიანებში. მაგრამ როგორც კი ეკლესიის წიაღში უცხო შეხედულებები გაჩნდებოდა, იმ პერიოდის უდიდესი მამები და ღვთისმეტყველები ხმას იმაღლებდნენ ერეტიკოსების წინააღმდეგ.

   ამ პერიოდიდან სარწმუნოებრივი ერთობა ქრისტეში მწვავე პოლემიკის შედეგად მოიპოვებოდა. ჩნდებოდა პირველი ერესები.

   უკვე პირველ საუკუნეში იუდეური წეს-განგების მქონე ქრისტიანებში წარმოიშვა ებიონელთა ერესი, რომელიც უჩვეულო სიზუსტით იცავდა სჯულის ადათებს. მისი მიმდევრები ძველი აღთქმიდან მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს აღიარებდნენ, ხოლო ახალი აღთქმიდან მხოლოდ მათეს სახარებას და ისიც დამახინჯებული სახით. რა თქმა უნდა, მოსეს სჯულისა და სახარების მოძღვრების ასეთმა დამახინჯებამ შესაფერისი შედეგი გამოიღო. ებიონელები ქრისტეს, როგორც ღმერთს, უარყოფდნენ და მას მიიჩნევდნენ ჩვეულებრივ ადამიანად, რომელმაც ღვთაებრივი ძალა ნათლობისას მიიღო, რომელიც მოსე წინასწარმეტყველის მსგავსი პიროვნება იყო. რაკი უარყოფდნენ ღვთაებრივ ბუნებას ქრისტეში, ისინი მას უბრალო ადამიანად, იოსებისა და მარიამის შვილად მიიჩნევდნენ.

   ამრიგად, ქრისტიანობის მთავარი დოგმატი იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვა - ებიონელებს არ ჰქონდათ. ამიტომ, ისინი ქრისტიანებიდან იოლად იქცნენ იუდეველებად და გამოეყვნენ ქრისტეს ეკლესიას.

   მათ გაიმეორეს გზა იუდეველებისა, რომლებმაც არ მიიღეს იესო ქრისტე, ვით მესია და დღესაც ელიან სხვა „მესიას" რომელიც, მამათა სწავლებით, ანტიქრისტე იქნება.

   ყველა მომდევნო ერესი, ასე თუ ისე, იმეორებს ებიონელების ცრუ-სწავლებას - ან ამცრობს ქრისტეში ღვთაებრივ ბუნებას ან უარყოფს მის ადამიანურ ბუნებას. ორივე შემთხვევაში ერეტიკულ სწავლებას უმთავრესი დოგმის - ადამიანის გამოსყიდვისა და ცხონების უარყოფამდე მიჰყავდა ადამიანი. უბრალო ადამიანი ვერ აცხოვნებდა კაცობრიობას, ამას ვერ შეძლებდა განუხორციელებელი (განუკაცებელი) ღმერთიც.

   სწორედ ღმერთკაც იესო ქრისტეს მიერ იყო შესაძლებელი ადამიანის გადარჩენა. პავლე მოციქული ბრძანებს: „ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარცმულსა: ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე." (1 კორ. 1.23).

   მოციქულის ეს სიტყვები ერთგვარი გასაღებია ერესების წარმოშობის გასაზრდელად. იუდეველებიც, წარმართებიც უარყოფენ ქრისტეს ჯვარცმის ღვაწლს. ამის გამო ქრისტეს ეკლესია ყოველთვის ებრძოდა ორივე საულისკვეთების გამოვლინებას: იუდეურისა, რომელმაც უარყო ქრისტე და წარმართულისა, რომელიც ვერ ჩაწვდა აზრს, თუ როგორ შეიძლებოდა ღმერთი გარდაქმნილიყო ადამიანად.

   ყოველი მომდევნო ერესი საზრდოობდა და ახლაც საზრდოობს ამ ორი შეხედულებით. წარმართობა და იუდაიზმი შესაძლოა ექიშპებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ღმერთკაც იესო ქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლაში ისინი ყოველთვის ერთიანდებოდნენ.

  მთავარი საცდური მათთვის იყო და არის თეზა: როგორ შეიძლება ადამიანის ბუნება შეერწყას ღვთაებრივს. წარმართთა ცნობიერებაში ღმერთები ღმერთებად რჩებოდნენ. ამიტომ ისინი ქრისტიანების სწავლებას არასერიოზულად აღიქვამდნენ. იუდეველებისთვის ღმერთის განხორციელება მკრეხელობად ჟღერდა. ქრისტეს მოკვლა მათ სწორედ ამის გამო სურდათ, რომ „ღმერთსაცა მამად თვისად იტყოდა და თავსა თვისსა სწორ ჰყოფდა ღმრთისა." (იონ. 5.18).

   ამრიგად, ებიონელთა ერესი ერთგვარი გენეტიკური მემკვიდრეობის ფუძემდებლად გვევლინება.

   ღმერთკაც იესო ქრისტეს უბრალო ადამიანით ჩანაცვლების იდეა, საუკუნეთა მანძილზე ერეტიკოსების მიერ ჯიუტად გავრცელებული გახლავთ, სამყაროს შინაგანი სამზადისი საიმისოდ, რომ ადამიანმა უგულებელყოს სამყაროში ღვთის არსებობა და კაცობრიობის ცნობიერება ანტიქრისტეს მისაღებად მოამზადოს, განაწყოს.

   აი, ამიტომ გაილაშქრა ეკლესიამ ამ ანტიქრისტიანული იდეის წინააღმდეგ და შეძლო ჩამოეყალიბებინა მის წინააღმდეგ ჭეშმარიტი დოგმატური სწავლება, მსოფლიო კრებებზე დამტკიცებული.

   მოკლედ, ვისაუბროთ გნოსტიციზმზეც. მასში ებრაულ-ირანულ-ბაბილონურ-ეგვიპტური და სხვა აღმოსავლური ტრადიციებია ერთმანეთში არეული. ძირითადი გნოსტიკური სწავლების თანახმად არსებობს უზენაესი, უხილავი და მიუწვდომელი მამა, რომლის თანაარსია მისივე „აზრი" ბარბელო ანუ ბაბილონი, უზენაესი დედა.

   უფალი იესო ქრისტე, გნოსტიკოსთა ერთი ნაწილის შეხედულებით, მხოლოდ ღვთიურია და კაცური ბუნება მოჩვენებითად აქვს შემოსილი, მეორე ნაწილის აზრით კი, მხსნელი, თავდაპირველად დაიბადა როგორც ადამიანი, რომელშიც ჩასახლდა ღვთიური აზრი (ებიონიზმი). გნოსტიკოსებს მრავალი მწვალებლური სწავლება ჰქონდათ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ერთნი იესო ქრისტეში ადამიანურობას უარყოფდნენ, ხოლო მეორენი - ღვთაებრიობას იმ მოტივით, რომ ძე ღმრთისას არ შეეძლო შეესხა ადამიანური ხორცი, რაც, მათი სწავლებით, ბოროტებას წარმოადგენს. ქრისტე ზოგიერთი გნოსტიკოსის აზრით ერთ-ერთი ეონია, სამყაროს გადასარჩენად გამოგზავნილი, რომელსაც შეეძლო სამყარო სიბნელისა და ბოროტების მეუფებისაგან მარტოს გაეთავისუფლებინა. მაგრამ გნოსტიციზმის მამა სიმონ მოგვი ფიქრობდა, რომ ღმრთის დიდი ძალა სამყაროს გასათავისუფლებლად წარმოგზავნილი, თვითონ იყო. მისი თანამოაზრე მენანდრე თავს სულიწმიდად ასაღებდა და ვინც ამას ირწმუნებდა, უკვდავებას ჰპირდებოდა.1

   ამგვარი სწავლების თანახმად, ადამიანს შეუძლია კაცობრიობის გადარჩენა ანუ - ადამიანური ძალისხმევით შეიძლება არც თუ ისე ცუდად მოიწყო ცხოვრება დედამიწაზე. თუ ქრისტე არ არის ღმერთი (ნუ იყოფინ!), არამედ ადამიანია, ჩვენც მისნაირი ადამიანები ვართ, ე.ი. თანასწორნი და ერთად შეგვიძლია ამქვეყნიური სამეფოს შენება და ბედნიერების მოპოვება.

   მომდევნო ერესებში ეს იდეა, ასე თუ ისე, შენარჩუნებულია. არიოზი პირდაპირ ამტკიცებდა „ძის" ქმნილი ბუნების შესახებ, ანუ მანაც გაუტოლა ქრისტე უბრალო ადამიანს. მონოფიზიტებმა კი ქრისტეში ადამიანური ბუნება უარყვეს და იმდენად განაშორეს ღმერთი ადამიანისაგან, რომ ამ გარემოებამაც განაპირობა ადამიანის აქტიურობა: მოიწყოს ცხოვრება დედამიწაზე ღმერთის გარეშე.

 

 

 

 


1ქრისტიანული ეკლესიის ისტორია. გვ. კოპლატაძე. თბ. 2007. გვ. 77-78.

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 


 



უკან დაბრუნება