მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > სად გადის ზღვარი მართლმადიდებლობასა და მწვალებლობას შორის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
სად გადის ზღვარი მართლმადიდებლობასა და მწვალებლობას შორის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე13-12-2023, 20:33 |
მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი: როდის კარგავს საღვთო მადლს ეკუმენისტურად განწყობილი მართლმადიდებელი (სასულიერო პირი თუ ერისკაცი)? სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც ადამიანი ეკლესიის მიღმა რჩება?
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ესეც ჩვენი ეკლესიის პრობლემატიკად იქცა. დასმულ საკითხზე კვალიფიციური პასუხი XX საუკუნის გამოჩენილი ღვთისმეტყველის, არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის ნაშრომებში ვიპოვეთ. არქიმანდრიტი შენიშნავს, რომ ეკლესიურ ცხოვრებაში მართლმადიდებლობა (ორთოდოქსია) უნდა ითავსებდეს მართალ ქმედებას (ორთოპრაქსნია). ამის საპირისპიროა ბოროტმეტყველება (კაკოდოქსნია, ანუ ერესი) და ბოროტმოქმედება (კაკოპრაქსნია, ანუ ზნეობრივი და კანონიკური დარღვევა). ვინმეს მიერ თვითნებურად დაშვებული ბოროტმოქმედება (არადოგმატური დარღვევა) ჯერ არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არა-მართლმადიდებელია. ასევე ვინმეს ბოროტმეტყველება (ერესის თანამოაზრეობა) უმალ არ გამოვლინდება ბოროტმოქმედებაში.
თუ მართლმადიდებელმა ილოცა იმ მიამიტური სურვილით, რომ რამენაირად მოაქციოს იგი, ეს კანონიკური დარღვევაა (კაკოპრაქსნია) და ერესი (კაკოდოქსნია), - ასე ფიქრობს მამა ეპიფანე.
თუ ამგვარ ანტიკანონიკურ ქმედებას თან ახლავს აზრი, რომ ერეტიკოსები ქრისტეს ეკლესიის ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც მართლმადიდებლები, რომ ინტერკონფესიონალური ლოცვა არის მათთან უხილავი ერთობის ხილული გამოხატულება, ეს არა მხოლოდ კანონიკური, არამედ დოგმატური დარღვევაა, ანუ ერესი. აი აქ გადის სწორედ ზღვარი მართლმადიდებელ „ეკუმენისტებსა" და არა „მართლმადიდებელ" ეკუმენისტებს შორის.
ღირსი მამა თეოდორე სტუდიელი (VIII-IX სს.) ხატმებრძოლობის ერესთან დაუცხრომელი მებრძოლი გახლდათ. ამ ფრიად მოშურნე მამამ ერთ-ერთ თავის ნაშრომში შემდეგი სიტუაცია განიხილა: რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის ან დიდი საეკლესიო ოლქის წარმომადგენელი (პატრიარქი, არქიეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი) ეპისკოპოსთა გარკვეულ ჯგუფთან ერთად ღიად გადაიხარა ერესისკენ, რაც კრებითად განაცხადა და დაამტკიცა.
ეპისკოპოსების მეორე ნაწილი დარჩა ჭეშმარიტ რწმენაში, უარყო ეს კრება, როგორც მართლმადიდებლისთვის მიუღებელი, მაგრამ მაინც არ შეწყვიტა თავისი პატრიარქის მოხსენება ლიტურგიაზე. ასევე მოიქცა ამ ეპისკოპოსთა სამღვდელოებაც (შესაძლოა თავისი ეპისკოპოსის მიმართ „შიშის" გამო), მაგრამ ერეტიკოსებთან მსახურებას კი გადაჭრით მოერიდა.
ღირსი თეოდორეს სწავლების თანახმად, ეკლესიის ერთგულ სამწყსოს, იკონომიის პრინციპის გათვალისწინებით, შეუძლია იქონიოს სრული ურთიერთობა ამ სამღვდელოებასთან, ე.ი. ილოცოს მასთან ერთად, მიიღოს მათგან საიდუმლოებები და ა.შ. (იხ. "Феодор Студим и недоуменные вопросы”. Лурье. В. Исихазм. ru.)
თუ ვინმე, თავისი უბრალოებით, ვერ წვდება ამა თუ იმ საკითხს და იცავს თავის მცდარ შეხედულებას არა ქედმაღლობით, არამედ გულუბრყვილობით, ის შეიძლება იყოს მადლის მოქმედების ქვეშ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ეკლესიის უდიდესი მასწავლებლებიც ცდებოდნენ, მაგრამ გულთამხილველმა ღმერთმა სცნო ისინი ღვთის მადლის ღირსად...
ცხადია, მართლმადიდებლებს არ უნდა ჰქონდეთ ლოცვითი არა რაიმე სხვაგვარი რელიგიური ურთიერთობა ერეტიკოსებთან (კათოლიკებთან, პროტესტანტებთან და ა.შ), ასევე განხეთქილების მომქმედებთან. თუ ვინმე ლოცულობს ან აქვს რაიმე სხვაგვარი რელიგიური ურთიერთობა ერეტიკოსებთან, მაშინ ის წმიდა კანონთა დამრღვევია და საეკლესიო კანონებისამებრ დასჯას იმსახურებს (იმყოფება მძიმე ცოდვაში - ავტ.), მაგრამ ამით ის ავტომატურად არ ხდება ერეტიკოსი.
თუ ეს ადამიანი ამას არ დასჯერდება და ერეტიკული შეხედულებების ქადაგებას შეუდგება, მაშინ ის ერეტიკოსი ხდება, რადგან ის ქადაგებს ერესს, თუნდაც არ ჰქონდეს მწვალებლებთან ურთიერთობა.
ამრიგად, ერეტიკოსები ორ ჯგუფად იყოფიან: ერთნი - ვისი მწვალებლობაში ყოფნა აღიარა ეკლესიამ და განკვეთა ისინი თავისი სხეულიდან; მეორენი, რომლებიც ჯერ კიდევ არ განკვეთილან ეკლესიიდან და არც საკუთარი ნებით არ ტოვებენ მას. ისინი რჩებიან და მოქმედებენ ეკლესიის წიაღში კრების განჩინებამდე. შესაბამისად, ისინი ჯერ კიდევ მადლის გამტარებელნი არიან და აღასრულებენ საიდუმლოებებს.
თუ ვინმეს ასეთი მაღალი იერარქის მოხსენებას სინდისი უკრძალავს, მას, მე-15 ორგზისი კრების თანახმად, აქვს ამის უფლება. მაგრამ ეს უკიდურესი ნაბიჯია, ამის მეტს ვერას იზამ, თუ არ გინდა, რომ განხეთქილებაში ან აჯანყებულთა რიცხვში აღმოჩნდე. თუ წყვეტ აღნიშნულ იერარქთან ურთიერთობას, არ უნდა შეუდგე სხვა ეპისკოპოსის მოხსენებას. თუ მთელი ეკლესია არ აღმოჩნდა ერესში, არამედ წმიდა სინდისით დაელოდები კრებით გადაწყვეტილებას.1
მეტი სიცხადისათვის არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) საინტერესო მსჯელობას დავესესხებით. მამა ლაზარეს აქვს ერთი ასეთი წერილი - „ეკლესია-ვენახი", რომელშიც ეკლესიის, როგორც ღვთაებრივი ორგანიზმის და არა ორგანიზაციის, საკითხს განიხილავს. მისეული სწორი შეფასების შედეგად უფრო გასაგები ხდება ჩვენთვის საკითხის არსი, კერძოდ, ის დაბრკოლება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი თანამედროვე წარმომადგენელი (სასულიერო პირი თუ ერისკაცი) არ იქცევა თავისი მოწოდების შესაბამისად.
„ქრისტე თავის მორწმუნეთ „ორგანიზაციაში" როდი იზიდავს, არა-მედ იერთებს თავის თავთან ცოცხალ ორგანიზმში, თავის ცხოვრებაში შეჰყავს ისინი, მსგავსად ვენახისა, რომელიც მიწისაგან იწოვს წვენს. აქ აღესრულება გონებისათვის მიუწვდომელი და მხოლოდ რწმენით მისაღები უდიდესი საიდუმლო. თუმცა იდუმალებით მოცული და ბოლომდე მიუწვდომელია ყოველივე, რაც ხდება ზრდად ვაზში, როდესაც ის მიწისაგან იღებს მოლეკულებს, მათგან ქმნის ძლიერ ღეროს, განავრცობს ხვიარა რტოებს, გამოაქვს ყვავილი, ავსებს მტევნებს ტკბილი წვენით... მაგრამ ეს „პატარა საიდუმლოება" სახეა საიდუმლოებათა საიდუმლოებისა.
თუ ჩვენ სწორედ აი ასე, ვით ცოცხალ ორგანიზმს შევხედავთ, მაშინ გაგვიადვილდება იმის გაგება თუ რა ხდება დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში; უფრო კარგად გავიგნებთ გზას თანამედროვე ქაოსსა და წყვდიადში, უფრო და უფრო რომ ამძიმებს მორწმუნეთა სულებს. მაშინ დავძლევთ ცდუნებებს და თავს დავაღწევთ იმ მანკიერებებს, რისთვისაც ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ეკლესიას მართლმადიდებლობის ზოგიერთი წარმომადგენლის გამოისობით.
თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეკლესია არა ქრისტიანული პარტია, კავშირი ან ორგანიზაციაა, არამედ ესაა ტაძარი, რომელშიც ცხოვრობს სულიწმიდა, ქრისტეს სხეული, ცოცხალი ორგანიზმი და მორწმუნეთა დიდი უმრავლესობისთვის ესაა ცხოვრება ქრისტეში, მაშინ ყოველგვარი გაუგებრობა აზრს დაკარგავს. როცა ასე ფიქრობ, მაშინ თითით მინიშნება ცალკეულ უღირს ქრისტიანზე, გნებავთ მღვდელსა თუ მღვდელმთავარზე, ანდა ეპისკოპოსთა დიდ ჯგუფზე, რომელმაც ბევრ საკითხში გადაუხვია მართლმადიდებლობას, ეს იგივე იქნება, ტოტებგაშლილ ხესთან მიხვიდე, მის ტანზე არსებულ ფუღუროზე მიუთითო და თქვა: „თქვენ ამტკიცებთ, რომ ხე ცოცხლობს, რომ იგი ცოცხალი და რეალურია, მაგრამ შეხედეთ, აქ ხომ ნაფშვენებით ამოვსებული ცარიელი ადგილია".
ან მოვიყვანოთ სხვა სახის მაგალითი: ადამიანის სხეულზე „ავთვისებიანი სიმსივნე" ამოიზარდა, - ასე დაადგინეს ექიმებმა. იბადება კითხვა: ადამიანი ცოცხლობს მთელ სხეულში. მის კიდურებში სიცოცხლეა, ცოცხლობს კი ადამიანი ამ „სიმსივნეში"? სანამ „სიმსივნე" მგრძნოებიარეა და ადამიანი გრძნობს მასში ტკივილს, მანამდე შეიძლება ითქვას, იგი მასში ჯერ კიდევ ცოცხლობს, მაგრამ თუ მგრძნობელობა დაკარგულია, იგი უკვე აღარ არის სხეულის ნაწილი. ამრიგად, თუ ვინმე მორწმუნეთაგან აღარ ისმენს ძმათა და მამათა დარიგებებს, იგი ხდება „ვითარცა მეზუერე და წარმართი" (მათ. 18.17), ვით ვაზისაგან მოკვეთილი რტო.
მაგრამ ასე არ იქნებოდა, ეკლესია მხოლოდ ორგანიზაცია რომ ყოფილიყო. მაშინ, ეკლესიის „ხელმძღვანელთა" ჭეშმარიტი სულის მცირედი გადახრის შემთხვევაში, „ორგანიზაცია" უმალ შეიცვლიდა თავის სახეს, წესებს, გაგებას, მიზანსა და დანიშნულებას. რაოდენ ამაღლებული იდეალები და მიზნებიც არ უნდა ასულდგმულებდეს ასეთ „ორგანიზაციას", მისი წევრი უამრავი საცდურის პირისპირ მაინც სრულიად დაუცველი, მხოლოდ ამაღლებული ცხოვრების მეოცნებედ რჩება, რომელსაც არ ძალუძს მასში (ამაღლებულ ცხოვრებაში - ავტ.) შესვლა (ძველი ელინური ფილოსოფოსების მსგავსად). მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა.
მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ყოველი ასი ეპისკოპოსიდან მართლმადიდებლობას ოთხმოცდაცხრამეტი განუდგა, ხოლო ყოველი ათასი ქრისტიანიდან სარწმუნოება ცხრაასოთხმოცდაცხრამეტმა უარყო. მერე რა? ყოველივე ეს არ შეეხება ეკლესიის არსებას. წუხილი მოგვიწევდა მხოლოდ დაღუპულთა და განდგომილთა გამო. თუ ქრისტეს ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, მაშინ არ შეიძლება მისი დადანაშაულება იმის გამო, რომ კლერიკალი თუ ერისკაცი, ბერი თუ მღვდელმთავარი არ ცხოვრობს თავისი წოდების შესაფერად. ისევე როგორც არ შეიძლება დავადანაშაულოთ მაცხოვარი იმის გამო, რომ მას გარს ეხვეოდნენ მეზვერენი, ცოდვილნი და მრუშნი. უღირს მსახურთა გამო ეკლესიის გამკიცხველნი იმ იუდეველებს ემსგავსებიან, რომლებიც ქრისტეს ადანაშაულებდნენ, სიტყვებით: „აჰა კაცი... მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთა" (მათ. 11.19). დიახ, ქრისტეს მიმდევარი მეზვერენი და ცოდვილნი „სნეულნი" იყვნენ, მაგრამ განა შეიძლება დავადანაშაულოთ ექიმი იმის გამო, რომ მას ირგვლივ სნეულნი ახვევია და არა ჯანმრთელნი?
ამრიგად: როგორც ერთია და უცვლელი მართლმადიდებლობა, მიუხედავად დროისა და ისტორიული მოვლენების ცვალებადობისა, ასევე ეკლესია, სხეული ქრისტესი, ერთია; იგი ყოველთვის ერთი და ერთიანი იყო და ცვალებადობა არ შეუძლია, სნეულთა რაგინდ დიდი რაოდენობაც არ უნდა მიეახლოს და შეეხოს ამ სხეულს, ჭეშმარიტების მთლიანობა ყოველთვის არსებობდა და იარსებებს მასში. ასევეა მზეც, ის სულაც არ კარგავს თავის ძალასა და ცეცხლოვან ბრწყინვალებას იმის გამო, რომ მისი სხივები ხშირად ბნელ, პირქუშ და შეუხედავ ნივთებს ეცემა. ასევეა ვაზიც - ის არ კარგავს თავის სილამაზეს და ნაყოფის სიტკბოს იმის გამო, რომ მისი ფესვები მიწაში ნაკელს ან სიდამპლეს ეხება: იგი მხოლოდ მისი სხეულისთვის შესატყვის ნივთიერებებს ისრუტავს, უცხო კი მის მიღმა რჩება".2 (გაგრძელება...)
1Архимандрит. Епифаний Феодоропулос. „Православные не должны совершать совместных молений с еретиками". 2არქ. ლაზარე (აბაშიძე). ეკლესია - ვენახი. 2003. გვ. 6-8.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |