მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა არის ეკუმენური* და არა ეკუმენისტური - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მართლმადიდებლობა არის ეკუმენური* და არა ეკუმენისტური - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე16-12-2023, 13:53 |
ზემოთქმულიდან გამომდინარე ვფიქრობთ, ნათლად წარმოჩნდა ეკუმენისტურ - ორიგენისტური საყოველთაო ცხონების სიყალბე. „ერთიანობა", რომელსაც ასეთი გამალებით გვიკიჟინებენ, ვერანაირ დოგმატურ და კანონიკურ საფუძვლებს ვერ ჰპოულობს მართლმადიდებლურ სწავლებაში.
ამიტომ, მას არანაირი უფლება არა აქვს საყოველთაობის პრეტენზიას აცხადებდეს. ვლ. ლოსკის თქმით, „საყოველთაობა (კათოლიკობა), ჭეშმარიტების დამახასიათებელი თვისებაა". სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა მთელი მსოფლიოსთვის განკუთვნილი ჭეშმარიტების მატარებელი, და, შესაბამისად, საყოველთაო, მსოფლიო, ეკუმენური და არა ეკუმენისტური. დედაეკლესიის ეკუმენურობა გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსეს ქრისტეს ღვთაებრივ სხეულში. იგი გამორიცხავს დანაწევრებასა და დაყოფასთან შეგუების შესაძლებლობას, და შემდეგ ყალბი სიყვარულის კიჟინით მწვალებლური კონფესიების „ერთიან ეკლესიაში" გაერთიანებას.
„ჭეშმარიტი გაერთიანება ქრისტე ღმერთის განხორციელებით დაიწყო, - ამბობს არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი), - რომელმაც ადამიანური ბუნება მიიღო და აღადგინა პირველი ადამიანი - ადამი. იესო ქრისტე, ჭეშმარიტად მსოფლიო ადამიანია, რადგან სადაც ქრისტე მკვიდრობს, ასევე მსოფლიო ქრისტიანი ხდება.
ქრისტე საკუთარ არსებაში მოიცავს მისდამი მორწმუნე ყოველ ადამიანს. განღმრთობილი ქრისტიანი არის მსოფლიო და კათოლიკე ადამიანი. ამგვარი მსოფლიო ადამიანები იყვნენ ყველა მოციქული, მოწამე, მოღვაწე, თავმდაბალი ქრისტიანები".1
სწორედ თორმეტი მოციქული ედგა სათავეში სულ 120 კაცისაგან შემდგარ ეკლესიას. უფალმა მათ დიდი მისია დააკისრა - ქრისტეს ჭეშმარიტების მთელ მსოფლიოში გავრცელება: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სული წმიდისათა" (მათ. 28.19).
სხვადასხვა ქვეყნებმა და ერებმა სახარებისეული ფასეულობების ირგვლივ დაიწყეს გაერთიანება. ქრისტიანობის სულიერმა ზეგავლენამ მრავალი ერი გამოიყვანა ბარბაროსული და წარმართული ცხოვრებიდან და მართლმადიდებლობაში გააერთიანა. სწორედ ქრისტიანული გაერთიანების ზემოქმედებით მკვიდრდებოდა მსოფლიოში ზნეობრივი წესრიგი, ადამიანი უფრო კეთილი და სამართლიანი ხდებოდა. ყოველივე საუკეთესო, რაც მიღწეული იქნა კაცობრიობის მიერ სულიერ და კულტურულ სფეროში, ქრისტიანობის ეკუმენურობასთან არის დაკავშირებული.
არქიმანდრიტები სერაფიმე (ალექსიევი) და სერგი (იაზაჯიევი) გვაუწყებენ: „საყოველთაობისა" და „მართლმადიდებლობის" ცნებები ადრექრისტიანობის დროიდან იყო ერთმანეთთან გაიგივებული. უკვე „მართლმადიდებელ სარწმუნოებას" გულისხმობს. ეს ჩანს, სხვათა შორის, „წმ. პოლიკარპეს წამებიდანაც" (II ს), რომლის მიძღვნაში წერია: „სმირნის ეკლესია - ფილომელიის ეკლესიას ეკუთვნის". ბერძენი ღვთისმეტყველი, პროფ. ი.ანასტასიუსი წერს: „ის, რაც მსოფლიო (ეკუმენე) იყო, აგრეთვე იყო მართლმადიდებლურიც (ორთოდოქსიონ). ის, ვინც არ იყო მართლმადიდებელი, განიკვეთებოდა მსოფლიო, ანუ საყოველთაო ეკლესიისაგან და მისგან მსოფლიო, ანუ საყოველთაო ეკლესიისაგან და მისგან უარყოფითად ითვლებოდა.
მართლმადიდებელი ქრისტიანები ყველგან და ყოველთვის, უწინაც და დღესაც, ერთიანად მიიჩნევდნენ თავს სწორედ ერთი სარწმუნოების გამო, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული...
სამ მღვდელმთავარს - ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველსა და იოანე ოქროპირის ტროპარში „მსოფლიო მოძღვარნი" იმიტომ ეწოდებათ, რომ ისინი სოფელს მართლმადიდებლური სწავლებით განანათლებდნენ. მსოფლიო საეკლესიო კრებები მხოლოდ იმიტომ როდი ნიშნავს მართლმადიდებლურ კრებებს, რომ მათში მთელი მაშინდელი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, არამედ პირველყოვლისა იმიტომ, რომ ისინი ამხობდნენ მწვალებლურ ცრუმოძღვრებებს, იცავდნენ და განამტკიცებდნენ მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას, რომელსაც მსოფლიო მართლმადიდებლობა ქადაგებდა. წმ. იოანე ოქროპირის თქმით, „ეკლესია არის სამყაროს სვეტი". იგი მსოფლიოა (საყოველთაო), რამეთუ იცავს ჭეშმარიტებას, რომელიც არის და უნდა იყოს საყოველთაო (მსოფლიო)".2
ამრიგად ცნება „მსოფლიო, საყოველთაო (ეკუმენური) ეკლესიასთან მიმართებაში იმდენად რიცხოვნობას ან გეოგრაფიას არ გამოხატავს, რამდენადაც ხარისხობრივს, ჭეშმარიტ აღმსარებლობას. ისტორიას ახსოვს პერიოდები (მაგალითად, არიანელების, ხატმებრძოლეობის დრო), როდესაც ერეტიკოსები უმრავლესობაში იმყოფებოდნენ. დღეს ასეთი რელიგიები კიდევ უფრო მომრავლდა.
მაგალითად, პაპიზმმა, სხვა მწვალებლურმა კონფესიებმა სრულიად უსამართლოდ მიითვისეს წოდება „კათოლიკე", მსოფლიო. მათ სათავეში დგას „ეკუმენისტური მსოფლიო საბჭო" (ე.მ.ს.). ძალიან არიან სოფელ-ქვეყანას მოდებულნი, მაგრამ საყოველთაობის პრეტენზია მაინც არ უნდა ჰქონდეთ: მწვალებლობა ვერასოდეს იქნება მსოფლიო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სიცრუეს ქადაგებს.
ამრიგად, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა ეკუმენური ანუ მსოფლიო და საყოველთაო. მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ მან შეინარჩუნოს ეს საყოველთაობა, მაცხოვრის სიტყვებისამებრ: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ამდენად ეკლესია მოვალეა იყოს ეკუმენური და არ გადაუხვიოს ეკუმენიზმისაკენ, რათა დაიცვას თავისი უტყუარობა და ამით დაეხმაროს მთელ მსოფლიოს.
*ეკუმენური (ბერძ.) - საყოველთაო, მსოფლიო. 1Глобализация. Арх. Гиоргий (Капсанис). Св. Григория Монастыр. Афон. 2სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. ტ. V. 1995. რატომ არ შეიძლება ქრისტიანი იყოს ეკუმენისტი. გვ. 210.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |