მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 8 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა დიდმოწამისა დიმიტრი თესალონიკელისა
8 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდისა დიდმოწამისა დიმიტრი თესალონიკელისა8-11-2024, 09:34 |
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. როცა მამით დაობლებულმა წმიდანმა სრულწლოვანებას მიაღწია, იმპერატორმა მაქსიმიანე გალერიუსმა (305-311) მას თავისთან მოუწოდა, დარწმუნდა ნეტარის განსწავლულობასა და მხედართმთავრულ ნიჭში და მამის თანამდებობა - თესალონიკის ოლქის პროკონსულობა უბოძა. უმთავრესი ამოცანა, რომელიც ახალ მოხელეს დაეკისრა, იყო ქალაქის დაცვა მომხდური ბარბაროსებისგან და უკლებლივ ყველა ქრისტიანის ამოჟლეტა. დანიშნულების მიღების შემდეგ თესალონიკში დაბრუნებულმა დიმიტრიმ, მართლმორწმუნეთა დევნის ნაცვლად ქრისტიანობის დაუფარავ ქადაგებასა და წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და კერპთმსახურებასთან შეურიგებელ ბრძოლას შეუდგა. როცა გალერიუსმა ამის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. შავიზღვისპირეთის ლაშქრობიდან დაბრუნებულმა, გადაწყვიტა, თავისი მხედრობითურთ თესალონიკზე გაევლო და სასტიკად გასწორებოდა იქაურ ქრისტიანებს. დიმიტრის იმპერატორის განზრახვა ადრევე შეატყობინეს და მანაც წინასწარი თადარიგი დაიჭირა: მის მსახურს, ლუპეს მთელი ქონების გლახაკებისთვის დარიგება უბრძანა: „მიწიერი საუნჯე მათ განუყავი, ჩვენ კი ზეციური ვეძიოთო", თავად კი მოწამეობრივი აღსასრულის მოლოდინში მარხვასა და ლოცვას მიეცა. როცა უსჯულო გალერიუსი ქალაქში შევიდა, დიმიტრი დაუყოვნებლივ წარადგინეს მის წინაშე. წმიდანმაც ახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა რომაული წარმართობის სიცრუე და ამაოება. გააფთრებულმა თვითმპყრობელმა აღმსარებელი საპყრობილეში ჩააგდო. ნეტარს უფლის ანგელოზი ეცხადებოდა, ნუგეშს სცემდა და წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, ამასობაში კი გალერიუსი ამაზრზენ გლადიატორულ სანახაობებს მართავდა და ტკბებოდა იმის შემყურე, თუ როგორ ამარცხებდა ორთაბრძოლებში ქრისტიანებს მისი საყვარელი ძალოსანი, გერმანელი ლიუსი და ფიცარნაგიდან მეომართა მახვილებზე აგდებდა. ახოვანი ჭაბუკი, თესალონიკელი ქრისტიანი ნესტორი საპყრობილეში მივიდა დიმიტრისთან და ბარბაროსთან შებრძოლებაზე კურთხევა სთხოვა. უფლის რჩეულის კურთხევითა და ლოცვით მან დაამარცხა უღმრთო გერმანელი, ისევე გადააგდო ფიცარნაგიდან, როგორც თავად აგდებდა მართლმორწმუნეებს და მეომართა მახვილებზე ჩამოაცვა. განრისხებულმა გალერიუსმა ბრძანა, დაუყოვნებლივ სიკვდილით დაესაჯათ ნესტორი (ხს. 27 ოქტომბერს), შემდეგ კი დილეგში მცველები გაგზავნა ამ ღვაწლზე ნესტორისთვის კურთხევის მიმცემი წმიდა დიმიტრის მოსაკლავად. 306 წლის 26 ოქტომბერს (8 ნოემბერი - ახ.სტ.), განთიადისას მიწისქვეშა საპყრობილეში გამომწყვდეული წმიდანის საკანში მხედრები შეიჭრნენ და უფლის რჩეული მხეცურად მოკლეს. ნეტარის ერთგულმა მსახურმა ლუპემ შეაგროვა თავისი ბატონის სისხლი და იმპერატორის ნაბოძებ ბეჭედთან ერთად შეინახა. ბეჭდითა და წმიდა დიმიტრის სისხლით განწმენდილი სხვა სიწმიდეებით ნეტარი ლუპე შემდგომ მრავალ კურნებას აღასრულებდა. წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ცხედარი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ თესალონიკელმა ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს იგი და მიწას მიაბარეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა. წმიდა დიმიტრის თაყვანისმცემლებს არაერთხელ უცდიათ მისი ნაწილების კონსტანტინოპოლში გადასვენება, მაგრამ დიდმოწამე ღვთის საკვირველი განგებულებით ყოველთვის ავლენდა თავის ნებას - მშობლიური თესალონიკის მფარველად და მცველად დარჩენილიყო.
"წმიდანთა ცხოვრება" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |