მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > კათოლიკური, პროტესტანტული, მონოფიზიტური კონფესიების მწვალებლური ხასიათის თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
კათოლიკური, პროტესტანტული, მონოფიზიტური კონფესიების მწვალებლური ხასიათის თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე11-12-2023, 00:02 |
როდესაც ვამბობთ, რომ წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის თანახმად ცხონება მხოლოდ ქრისტეში, მის ღვთაებრივ სხეულში, ანუ მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი, ამას წმიდა წერილსა და წმიდა მამათა ნაშრომებზე დაყრდნობით ვაცხადებთ. ქრისტიანები წინ არ ვუსწრებთ ღვთის სამსჯავროს, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რაც თავად უფალმა განგვიცხადა სახარებაში: „რომელსა რწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმერთისა დადგრომილ არს მის ზედა." (იონ. 3.36).
ასე რომ, ჩვენ კი არ ვკადნიერდებით მწვალებლებთან დამოკიდებულებისას ან ერესების განსაზღვრისას, არამედ თავად ქრისტემ ბრძანა, რომ თავად არის „გზა და ჭეშმარიტება", რომ სხვა გზა ცხონებისა არ არსებობს.
ლიბერალები ბრალს გვდებენ მართლმადიდებლებს, რომ კათოლიკებს, პროტესტანტებსა და მონოფიზიტებს მწვალებლებს ვუწოდებთ. მაგრამ ეს ჩვენი ახირება არ გახლავთ. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ისინი თავის დროზე გამოეყვნენ ქრისტეს ეკლესიას, უარყვეს მისი წმიდა დოგმატური სწავლება, შედეგად აღმოჩნდნენ ერესში.
წმიდა წერილი არაორაზროვნად ბრძანებს, რომ მწვალებლობაში მყოფებმა სხვა მძიმე ცოდვილებთან ერთად „სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ" (გალ. 5. 20-21).
„ერესი არ არის სალანძღავი სიტყვა - ამბობს წმ. ათანასე დიდი, ის საეკლესიო ტერმინია, რომელიც გულისხმობს დოგმატური სწავლების დამახინჯებას. ერესი სიცრუეა ღმერთის შესახებ, ვინაიდან ღმერთი არის ჭეშმარიტება (ინ. 14.6); ცხონება კი ნიშნავს ღმერთთან ერთობას. შედეგად ერეტიკოსის ცხონება ისევე შეუძლებელია, როგორც სიცრუის შეერთება ჭეშმარიტებასთან" (წმ. ათანასე დიდი. ალექსანდრიელი IV ს.).
წმიდა მამათა აზრით, ცხონება მხოლოდ დედაეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. წმ. კვიპრიანე კართაგენელმა ეს შესანიშნავად თქვა: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა".1
წმ. იოანე ოქროპირიც შეგვავგონებს: „გინდა ცხონება? იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ".2 მაგრამ აღნიშნული კონფესიები სამწუხაროდ აღარ არიან ეკლესიის წიაღში. მონოფიზიტები მას ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ განუდგნენ. ისინი ევტიქისა და დიოსკორეს მეთაურობით ბოროტად ასწავლიდნენ ქრისტეს ერთი (მხოლოდ ღვთაებრივი) ბუნების შესახებ.
რომაულმა კათოლიციზმმა 1054 წელს ცნობილი "Filioque” - ს, ანუ მრწამსში „და ძისაგან" გამომავლობის ჩამატებით უხეშად დაარღვია ეკლესიის დოგმატური სწავლება და აღმოჩნდა ერესში.
პროტესტანტები აღიარებენ თავისი წინამორბედების მწვალებლობებს და კიდევ მრავალი მიუღებელი სწავლება შემოაქვთ თავიანთ ღვთისმეტყველებაში.
ამიტომ, ჩვენ კი არ უარვყოფთ მათ, არამედ ამ კონფესიებმა თავად გადადგეს დამღუპველი ნაბიჯი და განუდგნენ ეკლესიას.
ზოგიერთი ლიბერალი ღვთისმეტყველი თავს უფლებას აძლევს განაცხადოს, რომ თითქოს კათოლიკები და პროტესტანტები არ არიან ერეტიკოსები, არ შემდგარა არც ერთი მსოფლიო კრება, რომელმაც ამხილა მათი ცრუსწავლება, როგორც ერესი, ხოლო მათი მიმდევრები, როგორც ერეტიკოსები. მსგავსი შეხედულება ეკლესიის ისტორიის არცოდნის ან გაყალბების მცდელობაა. არა ერთმა კრებამ და არა ერთმა გამოჩენილმა წმიდა მამამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა ეკლესიის სწავლება, დაასაბუთა, რომ პაპიზმი ისევე როგორც პროტესტანტიზმი, მწვალებლობაა.
ეკუმენისტები ამბობენ, რომ მხოლოდ მსოფლიო კრება (უკანასკნელი კრება იყო 787 წელს) წყვეტს, თუ რა არის მწვალებლობა. მათი აზრით, ასე გამოდის: მართლმადიდებელი ეკლესია 787 წლის შემდეგ აღარ ამხელს ერეტიკულ მოსაზრებებს, აღარ მიჯნავს მართლმადიდებლობას მწვალებლობისაგან.
მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების გარდა ისეთივე ავტორიტეტითა და კრებითი, უცდომელი კრიტერიუმით სარგებლობენ წმ. ადგილობრივი კრებები, წმიდა მამების კანონიკური ეპისტოლენი და განწესებანი, რომლებიც მსოფლიო კრებებმა დაამტკიცეს და შესულია ადგილობრივი ეკლესიების სჯულის კანონებში.
წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია თავის ყველა დოგმატურ და ადმინისტრაციულ პრობლემას კრების მოწვევით წყვეტს. ასე ხდებოდა ეკლესიის დაარსების დღიდან. რა თქმა უნდა, დღეს კრებები განსხვავებულ ეპოქასა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში მოქმედებენ, მაგრამ ეკლესიის საიდუმლო რეალობა უცვლელი რჩება. ეკლესიის წყობა იყო და არის კრებითი.
ამგვარი კრებითი გადაწყვეტილება კათოლიციზმის, როგორც მწვალებლობის აღმნიშვნელისა, მსოფლიო კრებების შემდეგ არა ერთხელ მიიღეს. მაგალითად, კონსტანტინოპოლის 1583 წლის კრებამ დაგმო პაპისტური მწვალებლობა. ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს კონსტანტინოპილის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქებმა და სინოდის წევრებმა. შეგახსენებთ: აღმოსავლეთის პატრიარქთა 1848 წლის ცნობილი ეპისტოლეს ტექსტში ხაზგასმულია, როგორც კრებითი გადაწყვეტილება.
საფუძვლიანადაა გაანალიზებული ეს საკითხი მღვდელ ანასტასი ნგოცოპულოსის ნაშრომში - „წმიდა მამების ერთსულოვანი შეხედულებით პაპიზმი-მწვალებლობაა", რომლის ძირითად შინაარსს შემოგთავაზებთ.
„ჩვენი ეკლესიის ყველა წმინდანი, რომელიც განიხილავდა ამ საკითხს, ერთსულოვნად განსაზღვრავდა, რომ პაპიზმი მწვალებლობაა.
ამრიგად, რას გვეუბნებიან ისინი ჩვენ?
წმიდა ფოტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (მე-8 საუკუნე): „ვინ არ დაიხშობდა ყურებს, რათა არ მოესმინა ეს უკიდურესი ღვთის გმობა (ფილიოქვე), რომელიც ეწინააღმდეგება სახარებას, წმიდა კრებებს, უარყოფს ნეტარი და წმიდა მამების სწავლებას."
წმიდა მღვდელმთავარი მარკოს ევგენიკოსი, ეფესოს მიტროპოლიტი (1440): „ამრიგად ჩვენ ზურგი ვაქციეთ მათ, როგორც მწვალებლებს, და ამიტომ გავემიჯნეთ კიდეც... ისინი მწვალებლები არიან და მოვიკვეთთ მათ როგორც მწვალებლებს..."
წმიდა გრიგოლ პალამა (XIV საუკუნე): „ლათინების ადგილიდან დაძვრა და ცრუ აღმსარებლობის სნეულების წინააღმდეგ სამკურნალოდ წამლის მიღება, თვით ანგელოზებსაც (ზეციურ გონიერ ძალებს) არ ძალუძთ."
წმიდა სვიმეონი, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი (XV საუკუნე) თავის ნაშრომში „ყოველგვარი მწვალებლობის წინააღმდეგ" ახასიათებს დასავლეთის ქრისტიანების აღმსარებლობას, როგორც მწვალებლობას, რომელიც „ეკლესიაში აღმოცენდა VII მსოფლიო კრების შემდეგ".
ღირსი მამა ნიკოდიმოს მთაწმინდელი (XVIII ს.): „ლათინები მწვალებლები არიან" (წმიდა მოციქულთა 43-ე კანონის განმარტება").
წმიდა იუსტინე პოპოვიჩი, დოგმატური ღვთისმეტყველების პროფესორი (1979): „კაცობრიობის ისტორიაში არსებობს სამი მთავარი დაცემა: ადამი, იუდა და პაპი... პაპიზმი თავისი მორალით არიანელობაზე მეტია... დოგმატი პაპის შეუცდომლობის შესახებ, არა უბრალოდ მწვალებლობაა, არამედ - მწვალებლობათა მწვალებლობა."
პაპიზმი, როგორც მწვალებლობა, დაგმობილია კრებების მიერაც (მითითებანი და მოწმობანი):
კონსტანტინოპოლის 879 წლის კრება (შეფასებულია როგორც VIII მსოფლიო კრება): მწვალებლური შეცთომილება ანუ ჩანართი სარწმუნოების სიმბოლოში - ფილიოქტე.
კონსტანტინოპოლის 1170 წლის კრებამ დაგმო პაპის და მისი მომხრეების გამოყოფა ეკლესიიდან.
კონსტანტინოპოლის 1450 წლის კრებამ დაგმო ფერარო-ფლორენციის კრებაზე მიღებული შეერთების დადგენილება (უნია) და ლათინთა ერეტიკული სწავლება.
1722 წლის და 1838, 1895 წლების კონსტანტინოპილის კრებები.
აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე, 1848 წელი: „იმ მწვალებლობათა შორის, რომლებიც ღმერთმა უწყის რა გზით გავრცელდნენ მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, ოდესღაც არიანიზმი იყო, დღეს პაპიზმიც მიემატა (ფილიოკუე) - ეს არის მწვალებლობა და ვისაც სწამს ის, მწვალებელია.
პროფესორი ღვთისმეტყველი პან. სიმატისი გვაუწყებს, რომ გარდა მსოფლიო კრებებისა იყო ბევრი სხვა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი კრებაც 1054 წლის სქიზმის შემდეგ, რომლებმაც დაგმეს პაპიზმის მწვალებლური სწავლება (1089, 1233, 1273, 1274, 1282, 1285, 1341, 1351, 1441, 1443, 1484, 1642, 1672, 1722, 1727, 1755, 1838, 1848, 1895).
როცა განცხადებულია წმიდა მამების ერთსულოვნება, როცა კრებები ერთხმად ემორჩილებიან დოგმატებს, როცა ღვთისმეტყველები ამბობენ ერთსა და იმავეს, ჩვენც უნდა ვაღიაროთ ეს მტკიცე პოზიცია".3
პროტესტანტიზმის ძირეული ცდომილება ამხილეს 1643 წ. იასკის, მოგვიანებით 1672 წელს იერუსალიმის კრებებზე. ორივე კრებამ პროტესტანტებს „აშკარა ერეტიკოსები", „კათოლიკე ეკლესიისაგან სრულიად განდგომილი" საკრებულო უწოდა.
სამწუხაროდ, ზოგიერთი მოდერნისტულად განწყობილი სასულიერო პირები, ღვთისმეტყველები იოლად აწერენ ხელს დიალოგების იმ ტექსტებს, რომლებიც ეჭქვეშ აყენებენ მოციქულების, წმიდა მამების მიერ აღიარებულ დოგმატებს და მწვალებლობას ჭეშმარიტებად, მწვალებლებს მართლმადიდებლებად წარმოგვიჩენენ. ისინი მოდერნისტების ნათლობებსა და საიდუმლოებებს კანონიერად აღიარებენ, ასე თანდათან ერთობლივი ლოცვისაკენ მიიწევენ.
რა შედეგი მოიტანა ამ დიალოგებმა? მოაბრუნა მწვალებლები მართლმადიდებლობაზე? სამწუხაროდ უფრო პირუკუ ხდება.
მოკლედ განვიხილოთ ეს პროცესი. დავიწყოთ პაპიზმით.
საღვთისმეტყველო დიალოგი თავიდანვე დაიწყო არა იმ თემებით, რომლებიც ერთმანეთს გვაშორებს, არამედ იმით, რაც საერთო გვაქვს. ეს კი იმიტომ კეთდებოდა, რომ რომის მიმდევრები დამშვიდებულიყვნენ, ჭეშმარიტების ძებნა სხვაგან არ დაეწყოთ და ეფიქრათ, რომ დიდი განსხვავებები არ არსებობს და ყველანი ერთ ეკლესიას ვეკუთვნით.
ამ დიალოგების მიზანია სარწმუნოებრივ საკითხებში მართლმადიდებელი წარმომადგენლების სერიოზულ დათმობაზე წავიდნენ. პირველად ირღვევა წმიდა მამათა ურყევი, კურთხეული გადმოცემა და მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები ერთობლივი „განცხადებებითა" და „გადაწყვეტილებებით" უარყოფენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, აღიარებენ, რომ კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად შეადგენენ ერთ ეკლესიას და თანაბრად პასუხისმგებელნი არიან საღვთო გადმოცემის ზუსტად დაცვაში.
აქედან გამომდინარე, მართლმადიდებელმა და კათოლიკე სულიერმა მწყემსებმა ერთმანეთი ქრისტეს ჭეშმარიტ მწყემსებად უნდა აღიარონ, შესაბამისად უნდა აღიარონ მისი საიდუმლოებებიც.
პროტესტანტულ აღმსარებლობებთან დიალოგმა არათუ გააძლიერა ეკლესია, არამედ ისე გაათავხედა თავისუფლად მოაზროვნე პროტესტანტები, რომ განსახილველად შემოაქვთ ქალთა მღვდლობის, ჰომოსექსუალისტთა ქორწინების და სხვადასხვა კერპთაყვანისმცემლური საკითხები. ამით ისინი სახარებას, ეკლესიის ტრადიციას და თავად ქრისტიანობას უარყოფენ.
ქრისტიანული რწმენისაგან პროტესტანტების ამგვარმა განდგომილობამ დაადასტურა, რომ საღვთისმეტყველო დიალოგებში ჩვენი მონაწილეობა ვითომდა მართლმადიდებლობის დასამოწმებლად, არის მითი და ზღაპარი.
აბსოლუტურად უშედეგო არის დიალოგი მონოფიზიტებთან, რომლებსაც დღეს „ანტიქალკიდონელებს", „აღმოსავლეთის ძველ ეკლესიას" და ბოლოს, მართლმადიდებლებსაც კი უწოდებენ.
მათთან დიალოგებს არანაირი შედეგი არ მოუტანია. ამ დიალოგებზე გაკეთებული განცხადებები, მაგალითად ასეთი, რომ მონოფიზიტები - დიოსკორე და სევეროსი არასაღვთისმეტყველო მიზეზებით იყვნენ დაგმობილნი და არ იყვნენ მწვალებლები, მართლმადიდებლებისთვის ყოვლად მიუღებელია.
ამრიგად, ვიტყვით: ეკლესიის გარეთ სულიწმიდის მაცხონებელი მადლი არ მოქმედებს და შესაბამისად არამართლმადიდებელთა საიდუმლოებებიც უკანონო და ყალბია. (გაგრძელება...)
1სასულიერო სემინარია-აკადემიის ნაშრომი. ტ. II. გვ. 21. 2იქვე გვ. 22. 3საუბრები მართლმადიდებლობაზე. თბ. 2008. გვ. 68-70.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |