მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 2 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხს. წმიდა მამა გაბრიელისა (სალოსისა)
2 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხს. წმიდა მამა გაბრიელისა (სალოსისა)2-11-2023, 08:54 |
არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში დაიბადა. დაახლოებით ორი წლის იყო გოდერძი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა – ვასილ ურგებაძე. შემდგომში ოჯახის წევრები მამის საპატივსაცემოდ ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. დედას (შემდგომში – მონაზონი ანა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, შვილის გვერდით) ეშინოდა, რომ არავის შეენიშნა ვასიკოს ამგვარი გატაცება, რადგან არ იყო გამორიცხული ოჯახის დასმენა ბავშვის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ აღზრდისთვის. ვასიკო ყრმობიდანვე უცნაურად იქცეოდა – თანატოლებთან თამაშს განერიდებოდა ხოლმე და ამჯობინებდა მარტოობასა და მდუმარებას. სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად შეისწავლა, ხოლო კეთილი ზნეობით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაიგო, რამაც ვასიკოს ჩვეული ცხოვრება სრულიად შეცვალა. მალევე შეაგროვა ფული და შეიძინა სახარება, რაც ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. იმ დღიდან აღსასრულამდე გაბრიელ ბერი ერთი აზრითა და სურვილით განიმსჭვალა – ეცხოვრა მხოლოდ ქრისტესთვის. დღემუდამ თავის სახარებას კითხულობდა და სხვა არაფერი აინტერესებდა. დაძინებისას თავის ოთახში შევიდოდა და ხატების კუთხეში ხანგრძლივად ლოცულობდა. მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულს ოჯახის წევრებმა ცოლის შერთვა დააძალეს; ერთი ლამაზი გოგოც აჩვენეს. შეხვედრისას მან ქუდიც არ მოიხადა, ისე დაჯდა, სიტყვა არ წამოსცდენია, ადგა და გავიდა გარეთ. ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნა რომ აეცდინა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წავიდა, რათა თვითონვე ეთქვათ უარი მის ცოლობაზე. ექიმებს უკვირდათ: აქ ხალხი ძალით მოჰყავთ, ეს კი თავისი ფეხით მოვიდაო. თუმცა, იმ უღმერთობის ჟამს, დაიწყო თუ არა ქრისტეს დიდებაზე ქადაგება, მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი: სულიერ ავადმყოფად მიიჩნიეს და სახლში მხოლოდ დედის ზედამხედველობის პირობით გაუშვეს. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ეზოში საკუთარი ხელით ეკლესიის აშენება. ხშირად ამბობდა: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა”. ბერი გაბრიელი ღვთის გზას ბავშვობიდანვე დაადგა, მაგრამ რომ განემტკიცებინა ყოველივე და ოფიციალური მსახური ყოფილიყო დედა ეკლესიისა, 1954 წლის 25 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს გაბრიელ (ჩაჩანიძეს) მიმართა: "გთხოვთ, მიმიღოთ თქვენს საკათედრო ტაძარში მსახურად, რადგან სიყრმიდანვე ჩემს მიზანს ეს შეადგენს”. მღვდელმსახურმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. 1955 წლის იანვარში ვასიკო დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 23 თებერვალს ქუთაისის მოწამეთას მონასტერში ბერად აღიკვეცა და მისი სურვილისამებრ ეწოდა გაბრიელი. 3 დღის შემდეგ წმ. პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მღვდელ-მონოზვნად დაასხა ხელი. მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. ხოლო 1965 წლის 1 მაისს კი, კომუნისტური აღლუმის დროს, დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: "იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა – ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ. მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდ-რიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი, ანდერძისამებრ, დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. 2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა მამა გაბრიელი (ურგებაძე) და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.
გაბრიელ ბერის ანდერძი
დიდება ქრისტე ღმერთს. უწმიდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთსა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. უყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს - მართლმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოება და მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |