მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ეკლესია-დის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ეკლესია-დის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


22-11-2023, 08:07

„ეკლესია-დის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   ეკუმენისტური მოძრაობის ერთ-ერთი მწვალებლურ-უნიატური თეორია, რომელსაც მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის შეთანხმება (უნია) უნდა მოჰყოლოდა, ე.წ. „ბალამანდის უნია" გახლავთ. ეს შეთანხმება ეკუმენისტური დიალოგის განახლების მიზნით 1993 წელს ქ. ბალამანდში (ლიბანი) შედგა. ეკუმენისტური დიალოგის ამ მკაფიო დოკუმენტს კათოლიკებთან ერთად ცხრა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ცამეტმა სასულიერო პირმა ოფიციალურად მოაწერა ხელი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 1997 წელს უარყო და ოფიციალურად დაგმო იგი.

   რას წარმოადგენს ეკუმენისტური თანამშრომლობა, რომელსაც „ბალამანდის უნია" გვთავაზობს?

   ბალამანდის უნიის ზოგიერთი დებულების მიხედვით:

   1) მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები განიხილება, როგორც „ეკლესია - დები" (პ. პ. 12. 14. 27).

   2) მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი თანაბრად მიგვიძღვიან ხსნისაკენ; მართლმადიდებლობისა და კათოლოციზმის მოქმედებები თანაბრად მხსნელია და ორივეს წმიდა საიდუმლოებები ჭეშმარიტია. (პ. პ. 10. 13. 28. 30).

   3) უნიატური ეკლესიები „აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიებია" (პ. პ. 3. 8,16. 23. 24), რომლებმაც ვატიკანის II კრების დებულებით (5. 16) უნდა იხელმძღვანელონ და ეკუმენისტური დიალოგის წარმართვის საქმეში თანასწორუფლებიანნი იყვნენ.

   4) წინადადება გვეძლევა დავიწყებულ იქნას „მართლმადიდებელი ეკლესიისა და აღმოსავლეთის კათოლიკურ ეკლესიებს შორის ურთიერთობათა" ისტორია. (პ. 23), დაგმობილია მართლმადიდებელთა მცდელობა დააბრუნოს კათოლიკები მამათა ეკლესიის წიაღში და სხვა.

   ამჯერად „ეკლესია-დის" თეორიაზე ვისაუბროთ. ტერმინს, როგორც წმ. წერილი და წმ. მამათა გადმოცემა გვაუწყებს, არ გააჩნია კანონიკური საფუძველი. თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი დიმიტრი ცელინგიდისი შემდეგნაირად აბათილებს ამ თეორიას: „პავლე მოციქული, როდესაც მიმართავს ადგილობრივ ეკლესიებს, მათ არ უწოდებს „დებს". და არანაირად არ იგულისხმება, რომ არსებობდეს რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაში „დედა". ეკლესია ერთიანია და მას აქვს საყოველთაო მსოფლიო ნიშან-თვისება - ერთადერთობა, რომლის თავი თავად ქრისტეა. ამრიგად, როდესაც პავლე მოციქული მიმართავს რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას, ის ამ შემთხვევაში იყენებს სტერეოტიპულ გამოთქმას: „ეკლესია ღვთისა, რომელიც მდებარეობს... (მაგალითად კორინთოში)". ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიის მთელი სისავსე შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ადგილზე, სადაც არსებობს მორწმუნეთა ევქარისტიული საზოგადოება ეპისკოპოსის მეთაურობით. ცხადია, ადგილობრივი ეკლესიების ერთობა ერთი და იმავე სარწმუნოებაში, ერთი და იმავე კანონებსა და წეს-განგებაში თანაცხოვრებაა.

   ადგილობრივი ეკლესიების ერთიანობა განმტკიცებულია მათი ეპისკოპოსების შეკრების პრაქტიკით.

   ამრიგად, ერთაზროვანი ადგილობრივი ეკლესიებისთვის ღვთისმეტყველურად მიუღებელი და დაუსაბუთებელია ტერმინი „და"; ეკლესიოლოგიური გაგებით მით უფრო უსაფუძვლოა სახელწოდება „ეკლესია-დები" - მართლმადიდებლებსა და რომეულ-კათოლიკებთან მიმართებაში." (Д. Целингидис. проф. Догматики. г. Фесалоники).

  გარდა ამისა: რომაულ-კათოლიციზმს 1014 წლიდან არ შეიძლება პირდაპირი გაგებით ეწოდოს ეკლესია, იმიტომ რომ, განხეთქილების შემდეგ მასზე როგორც ღმერთკაცობრივი ორგანიზმიდან განდგომილზე დადებულია ეპიტემიები და ანათემები მსოფლიო და ადგილობრივი კრებების მიერ. ამ ეპიტემიებისა და ანათემების მოხსნა ვერ განხორციელდება ვერც ერთი ეკლესიის წევრის მიერ, რაც უნდა მაღალი იერარქი იყოს ის. ეს შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიო კრების მიერ, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში შეიძლება აღსრულდეს, როცა არ იარსებებს დოგმატური წინააღმდეგობა, რის გამოც გამოეყო რომაული კათოლიციზმი ეკლესიას.

   ამდენად, დღევანდელ რეალობაში გამოყენებული ცნება - „ეკლესია-დები", აბსოლუტური სიყალბეა, დამყარებული ეკუმენისტების სულიერ და რელიგიურ უმეცრებასა და მგზნებარე სურვილზე „შეაერთონ" მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი. მართლმადიდებელი თუ პაპისტი ეკუმენისტები „ეკლესია-დების" ღვთისმეტყველებას არა მხოლოდ „ზრდილობიანი ურთიერთობის საფუძველს", არამედ პრაქტიკულ, ფუნდამენტალურ, ეკლესიოლოგიურ - ეკუმენისტურ მნიშვნელობას ანიჭებენ.

   მაგალითად, პაპისტი სასულიერო პირი დიმიტრი სალახასი ბალამანდის შეთანხმებაზე აცხადებს: „სინამდვილეში „ეკლესია-დების" თეორია ნიშნავს აღიარებას იმისა, რომ ყოველ ქრისტიანულ კონფესიაში არის მადლი და ცხონების საშუალება".1

   ე.ი. „ეკლესია-დების" ეკლესიოლოგია გულისხმობს, რომ დიალოგის ყველა წარმომადგენელი ნამდვილად არის ეკლესია, და აკრძალულია გადაბირების ნებისმიერი მცდელობა ამა თუ იმ „ეკლესიაში". ეს დოკუმენტი ასევე კრძალავს კონკურენციას მისიონერულ სფეროში.

  ჩვენი მხრივ კიდევ ერთხელ, წმიდა მამებთან ერთად ვიტყვით: მართლმადიდებლობისაგან განდგომის შემდეგ კათოლიციზმმა დაკარგა ღვთის მადლი, მოციქულებრივი სარწმუნოება და მოციქულებრივი მემკვიდრეობა. მეტადრე ვატიკანის II კრების შემდეგ მის საიდუმლოებებს არა აქვს არავითარი მადლი; ხსნის ნაცვლად მათ ადამიანები კერპების თაყვანისცემამდე მიჰყავთ.

   „ეკლესია-დების" თეორია მართლმადიდებლებისა და კათოლიკების ყალბი შეთანხმებაა, მიზნად ისახავს მათ შეერთებას დოგმატური და კანონიკური სწავლების უარყოფის ფონზე. ეს უნდა განხორციელდეს ვატიკანისადმი დაქვემდებარებით. ასეთი ცრუ თეორიები მართლმადიდებლობის შიგნიდან გახრწნა-დაშლაზე, ეკუმენისტურად მოაზროვნე მღვდელმსახურთა და ერისკაცთა მომზადებას, საზოგადოების ყალბ ნიადაგზე გადაყვანას, დაბოლოს, პაპის „სულიერი ბატონობის" დამყარებას ემსახურება.

   ასე რომ, რომაულ კათოლიციზმთან, რომელიც ვატიკანის II კრების შემდეგ ნეოწარმართულ რელიგიად მოგვევლინა, არავითარ ერთობასა და ცხონებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ისინი დაუბრუნდებიან მამებისეულ სწავლებას ანუ მართლმადიდებლობას. (გაგრძელება...)

 

 



სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. ტ. V. „რატომ არ შეიძლება ქრისტიანი იყოს ეკუმენისტი". არქ. სერაფიმე (ალექსიევი). არქ. სერგი (იაზაჯიევი).


 

 

 

 დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე  

Xareba.net - ის რედაქცია 




უკან დაბრუნება