მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „უხილავი ეკლესიის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„უხილავი ეკლესიის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


30-11-2023, 10:08

„უხილავი ეკლესიის“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ლიბერალურ წრეებში კიდევ ერთი ყალბი თეორიის განვითარების მცდელობა შეინიშნება. საუბარია ე.წ. „უხილავი ეკლესიის" თეორიაზე, რომელმაც პროტესტანტულ წრეებში იჩინა თავი და რომელიც შემდგომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეკუმენისტურად მოაზროვნე „მართლმადიდებელ" ქრისტიანებსაც მოეწონათ.

   ეს თეორია 1967 წლიდან იღებს სათავეს. ამ წელს ემს-ს გენერალურმა მდივანმა კითხვაზე - „როგორ ესმის ეკლესიის ერთიანობა?", - უპასუხა: „იგი ერთიანია, როგორც უხილავი ეკლესია". როდესაც ჰკითხეს, თუ ვინ ეკუთვნის ამ უხილავ ეკლესიას, მან უპასუხა: „ყველა ქრისტიანი". ანუ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში მოიაზრებენ ყველა დენომინაციას, სექტასა და დაჯგუფებას, რომლებიც მწვალებლური გადახვევების გამო მართლმადიდებელმა ეკლესიამ კარგა ხნის წინ განკვეთა ქრისტეს ჭეშმარიტებისაგან.

   საინტერესოა, მაინც რას გულისხმობენ ეკუმენისტები „უხილავ მისტიურ ერთიანობაში?"

  ცნობილია, რომ თანამედროვე სამყარო, მით უფრო მისი ლიბერალური წარმომადგენლები, სრულიად უგულებელყოფენ ეკლესიის მართლმადიდებლურ სწავლებას. თავად ქრისტე მათთვის არა მხსნელია კაცობრიობისა, არამედ უფრო ეთიკის მასწავლებელი. ლიბერალებს სურთ ისეთი ქრისტე, რომელიც მხოლოდ ამ ცხოვრებაზე ისაუბრებს და არა მარადიულობაზე, ის ქრისტე, რომელიც ამქვეყნიურ სიამოვნებებს გაახანგრძლივებს და არა ის, რომელიც მარადიულ ნეტარებას გვიბოძებს. მათ არ სჭირდებათ მარადიულობის მეუფე, ისინი ამქვეყნიურ, ამჟამინდელ მეფეზე ოცნებობენ.

   სწორედ ამიტომ მათთვის სულერთია რა მდგომარეობაში იქნება ჭეშმარიტება, ქრისტეს ეკლესია, დაუმთავრებელი კომპრომისების შემდეგ, რის შედეგადაც ყველა ე.წ. ქრისტიანული ეკლესია გაერთიანდება „უხილავ, მისტიურ ეკლესიაში".

   ისინი დოსტოევსკის „დიდი ინკვიზიტორის" მსგავსად მზად არიან ქრისტე ცეცხლში ჩააგდონ, რადგან ის მათ გეგმებსა და ოცნებებს ანადგურებს, გეგმებს, რომლებსაც ისინი წლობით აწყობენ.

   „შენ მოხვედი და გვასწავლი რელიგიას, რომელიც არაადამიანური და მძიმეა" - ეუბნება ინკვიზიტორი ქრისტეს, - „ჩვენ კი მრავალი საუკუნეა ვშრომობთ, რათა ადამიანური რელიგია შევქმნათ. და ახლა, როდესაც გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ, შენ მოხვედი, რომ ხელი შეუშალო ჩვენს მრავალსაუკუნოვან მცდელობას. არ მოგცემთ ამის ნებას! ხვალვე გავცემ ბრძანებას, რომ დაგწვან, როგორც მწვალებელი".1

   ეკუმენისტების აზრით, თანამედროვე სამყარო ევოლუციისაა. აქედან გამომდინარე, სულიერი ცხოვრების მარადიული კონცეფციები ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს, ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლება კი ახლებურად განიმარტოს. ამიტომ ფიქრობენ, რომ ახალი მეცნიერებების მსგავსად უნდა გამოჩნდეს ახალი ქრისტიანობა, „უხილავი ეკლესია", რომელიც გააერთიანებს ყველა რელიგიას.

   ევოლუციის ამ პროცესში „ქრისტეს სხეული" იძენს სხვა ფორმას სამყაროში. ეს არ არის მართლმადიდებლობის ეკლესია, არამედ „უნივერსალური ქრისტიანობა" ანუ „ზექრისტიანობაა". სწორედ ასეთი „ევოლუციონირებადი ქრისტე" გამოაცხადებს ყველა რელიგიათა ერთიანობას. ეკუმენისტების აზრით, ყველა ე.წ. ეკლესია ერთ „უხილავ ეკლესიაში" იკრიბება.

     არქიმანდრიტი სერაფიმე (ალექსიევი) წერს:

   „უხილავი ეკლესია ნამდვილი პროტესტანტული ტერმინია და იგი სრულიად ეწინააღმდეგება სწავლებას ცისა და ქვეყნის ერთიანი ეკლესიის შესახებ, რომლის თავიც არის თვით ქრისტე (ეფ. 1.10) და რომლის წევრებიც არიან მხოლოდ მართლმორწმუნე ქრისტიანები".2

   მიტროპოლიტი ფილარეტის „ვრცელ ქრისტიანულ კატეხიზმოში" ნათქვამია, რომ ეკლესია არის საყოველთაო ანუ კათოლიკე, რამეთუ იგი არ არის შემოსაზღვრული არც ადგილით, არც დროით, არც ეროვნებით, არამედ თავის თავში შეიცავს ყველა ადგილის, დროისა და ეროვნების ჭეშმარიტ მორწმუნეებს.3 წმ. პავლე მოციქულმა პირველმა უწოდა ეკლესიას „ხორცი ქრისტესი", (1 კორ. 12.27), ხოლო ქრისტეს - „თავი ეკლესიისა" (ეფ. 1.22). მას მშვენივრად ესმოდა ეკლესიის უხილავი, მისტიური არსი (ეფეს. 5.32); ამიტომაც პავლე მოციქული არსად უწოდებს მას უხილავ ეკლესიას; იგი ყველგან ლაპარაკობს ეკლესიაზე, როგორც ხილულ სიდიადეზე, კრებულზე, რომელშიც ცხონდებიან ქრისტეს მორწმუნენი, როგორც მართალნიც და ცოდვილნიც; სადაც არსებობს ხილული იერარქია, სრულდება ხილული მაცხონებელი საიდუმლოებანი, რომელთა მეშვეობითაც ღმერთთან ერთობისა და თანაზიარობისათვის უხილავი მადლის ღირსნი ვხდებით. „თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი. და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა პირველად მოციქულნი, მეორედ წინასწარმეტყველნი, მესამედ მოძღვა-რნი" (1 კორ. 12. 27-28).

   „ეკუმენისტები „უხილავ, რაღაც უნივერსალურ ეკლესიაზე" საუბრობენ, მაგრამ „ეკლესიის" ცნება დიდწილად ხილულობასაც ნიშნავს. ამიტომ გამოთქმა „უხილავი ეკლესია" შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს. შეუძლებელია არსებობდეს რაიმე უხილავი ეკლესია. უხილავში მხოლოდ უხილავად შეიძლება მონაწილეობა, ხოლო ეკლესიაში მონაწილეობისათვის აუცილებელია ხორციელი არსებობა" - ბოლოტოვი.

   მოდერნისტ - ეკუმენისტებისთვის ეკლესიის ერთიანობის იდეა მეტისმეტად მიუღებელად ჟღერს. მათთვის მიუღებელია აზრი, რომ ქრისტეს მისტიურ სხეულს (ეკლესიას) მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები ეკუთვნიან, რომ ხილული განყოფის მიღმა ე.წ. ეკლესიაში არ არსებობს უხილავი ერთიანობა. ამიტომ, დოგმატების საწინააღმდეგოდ ეკლესიის „უხილავ" ერთიანობას ხშირად მიათვლიან ხოლმე უცხო აღმსარებლობებს. არად მიიჩნევენ მათ დოგმატურ ცთომილებებს, რის გამოც განაყენა ისინი ქრისტეს ეკლესიამ ერთიანობისგან.

   მარტო ეს სახელწოდებაც კი - „უხილავი ეკლესია" - სხვა კონფესიების თანაბარ „ეკლესიად" აცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. ამგვარი თეორიის განვითარების საბოლოო მიზანი ისაა, რომ ეკლესიის ცნება, რომელიც ერთადერთია, იქცეს ჩვეულებრივ, რიგით ცნებად, აბსტრაქციად, რომელიც „უხილავ ეკლესიაში" აერთიანებს სხვადასხვა „სახის ეკლესიებს". ეს კი იმას ნიშნავს, რომ სრულიად უნდა გაუქმდეს დოგმატური წარმოდგენა ეკლესიის როგორც მსოფლიოში ერთადერთი მოვლენის შესახებ, ვინაიდან - რაკი არსებობს სახესხვაობები, მაშასადამე, ეკლესია, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს. (გაგრძელება...)

 

 

 

 

 


1ციტ. წიგნ. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. ტ. VI. ალექსანდრე კალომიროსი. გვ. 296.

2სიტყვა მართლისა სარწმ. ტ. V. გვ. 327.

3Митр. Филарет Московский. Катахизис.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე  

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება