მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ნათლისღების ღვთისმეტყველების“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„ნათლისღების ღვთისმეტყველების“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე23-11-2023, 20:29 |
მართლმადიდებელ ქრისტიანებს ღრმად გვწამს, რომ დედაეკლესიის მიღმა არ არის ცხონება, რომ „უკუეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3.5). წყლისა და სულისაგან შობა არის ნათლისღება - პირველი ქრისტიანული საიდუმლო. ჩვენ ასევე ღრმად გვწამს, რომ ნათლისღების საიდუმლოს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში აქვს მაცხონებელი ძალა, ვინაიდან მხოლოდ ეკლესიის წიაღში არის უცვლელად დაცული ქრისტეს სწავლება.
ეკუმენისტმა ღვთისმეტყველებმა ე.წ. „ბალამანდის უნიაზე" „ნათლისღების ღვთისმეტყველების" თეორია შემოიღეს. ბალამანდის დოკუმენტის თანახმად, მართლმადიდებელი და პაპისტური ეკლესია ერთად შეადგენენ ერთ ეკლესიას და თანაბრად პასუხისმგებელნი არიან საღვთო გადმოცემის ზუსტად დაცვაში. ეკუმენისტების აზრით, კათოლიკურ ეკლესიასაც, ისევე როგორც მართლმადიდებლურს, გააჩნია მოციქულებრივი მემკვიდრეობა. შესაბამისად, მისი სასულიერო პირებიც და საიდუმლოებებიც მადლმოსილია. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებელმა და კათოლიკე სულიერმა მწყემსებმა ერთმანეთი ქრისტეს ჭეშმარიტ მწყემსებად უნდა ცნონ. ასევე იგულისხმება საიდუმლოებების, სამოციქულო გადმოცემისა და აღმსარებლობის ურთიერთაღიარება.
ერთი სიტყვით, „ნათლისღების ღვთისმეტყველების" თანახმად, ეკლესიის მიღმა შესრულებული მწვალებლების „ნათლობა" კანონიკურია. ამ თეზისის თანახმად, უკვე ნათლობა ადგენს ეკლესიის საზღვრებს და არა ეკლესია - ნათლობის კანონებს. ეკუმენისტების აზრით, ქრისტიანი, რომელ კონფესიაშიც არ უნდა მოინათლოს, ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. ამიტომ ბალამანდის დოკუმენტში მართლმადიდებლების მიერ არამართლმადიდებელთა მონათვლა უკვე აკრძალულია, ვინაიდან ის ამტკიცებს (თუ ამ დოკუმენტს დავუჯერებთ - ავტ.) მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის მხსნელი მოქმედებების თანასწორობასა და წმიდა საიდუმლოებათა ჭეშმარიტებას. (ბალამანდის დოკუმენტი. პ.პ. 10.13.28.30).
* * *
თავდაპირველად რომაულ-კათოლიციზმის „მოციქულებრივი მემკვიდრეობის" შესახებ ვთქვათ.
მოგეხსენებათ, რომაული კათოლიციზმი XI ს-ში ოფიციალურად გამოეყო მართლმადიდებელ ეკლესიას, როდესაც მრწამსში შეიტანა მცდარი დოგმატური სწავლება სულიწმიდის „და ძისაგან" გამომავლობის შესახებ. - ცნობილი Filioque.
ამ დოგმატური სწავლებით რომაულ-კათოლიციზმმა უარყო ეკლესიის მოციქულებრივი სარწმუნოება - სწავლება წმიდა სამების შესახებ. წმიდა წერილის თანახმად „სული ჭეშმარიტებისა" „მამისაგან გამოვალს" (იონ. 15.26). მესამე მსოფლიო კრებამ წმ. კირილე ალექსანდრიელის ბაგით განაჩინა, რომ არავის აქვს უფლება დაამატოს ან მოაკლოს არც ერთი სიტყვა იმას, რაც დამტკიცდა მრწამსში. ყველა მომდევნო მსოფლიო კრება ადასტურებდა მესამე მსოფლიო კრების დადგენილებას.
ამრიგად, რომაულ-კათოლიკები (შესაბამისად პროტესტანტებიც, რომლებმაც აღიარეს Filioque) განუდგნენ ეკლესიის მოციქულებრივ სარწმუნოებას.
თესალონიკის უნივერსიტეტის დოგმატური საღვთისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი დიმიტრი ცელენგიდისი შენიშნავს:
„მოციქულებრივი სარწმუნოება განუწყვეტელ კავშირშია მოციქულებრივ მემკვიდრეობასთან. მოციქულებრივი მემკვიდრეობის სრული არსი იხსნება მხოლოდ ეკლესიის სხეულში და უცილობლად გულისხმობს მოციქულებრივ სარწმუნოებასაც.
როცა ვამბობთ „მოციქულებრივი მემკვიდრეობა", იგულისხმება მოციქულების მიერ ეკლესიის მართვის გაგრძელება. ეს გაგრძელება ქარიზმატული ხასიათისაა, რაც უზრუნველყოფილია მოციქულებიდან ეპისკოპოსებისადმი (მათი მეშვეობით მღვდლებისადმი) სულიერი ძალაუფლების გადაცემით. მოციქულებრივი მადლმოსილი უფლებამოსილების გადაცემის საშუალება ხელდასხმა გახლავთ. თუ რომელიმე ეპისკოპოსი ხელდასხმულ იქნა კანონიკური გზით, ხოლო შემდგომ თავისი მცდარი სარწმუნოებრივი ხედვის გამო ეკლესიის მიღმა აღმოჩნდა, შედეგად ის კარგავს მოციქულებრივ მემკვიდრეობასაც, რაც მხოლოდ ქრისტეს სხეულში - ანუ მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს.
მაშასადამე, თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან ადგილობრივი ეკლესია თავისი სისავსით, რიცხოვნების მიუხედავად, განუდგება ეკლესიას, რომელმაც თავისი უცდომელობა მსოფლიო კრებებზე გამოხატა, ის კარგავს მოციქულებრივ მემკვიდრეობას, ვინაიდან უკვე აღარ იმყოფება ეკლესიაში და უწყდება მოციქულებრივი მემკვიდრეობა. ლაპარაკიც კი ზედმეტია ასეთი სასულიერო პირების და მათ მიერ აღს-რულებული საიდუმლოებების მადლმოსილებაზე".1
ზემოთქმულის საფუძველზე დავასკვნით: თავად რომის პაპი, ასევე კათოლიკე ეპისკოპატი, მოკლებულია მოციქულებრივ მემკვიდრეო-ბას, რაც ეკლესიის მიღმა არ არსებობს. უეკლესიოდ მას არანაირი არც საღვთისმეტყველო, არც მეცნიერული საფუძვლები არ გააჩნია.
* * *
მართლმადიდებლური დოგმატი ეკლესიის შესახებ გვასწავლის: ქრისტეს ეკლესია არის სულიწმიდის მაცხონებელი მადლის მოქმედების, ანუ შვიდი საეკლესიო საიდუმლოს აღსრულების ერთადერთი ადგილი.
საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო ბიულეტენში (1998 წ. N3) ვკითხულობთ: „ქრისტეს ეკლესიის გარეთ (ე.ი. არამართლმადიდებლურ ეკლესიაში) შესრულებული „საიდუმლო" მის მიმღებთ ვერანაირად ვერ დააკავშირებს ჭეშმარიტ ანუ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
შეუძლებელია კათოლიკურ, მონოფიზიტურ, პროტესტანტულ ეკლესიებში შესრულებული ნათლობის შედეგად ადამიანი გახდეს მართლმადიდებელი ანუ ქრისტეს ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის წევრი. ასევე შეუძლებელია ჭეშმარიტი ეკლესიის გარეთ შესრულებული ხელდასხმით (ქიროტონიით) ადამიანმა მიიღოს მადლი მღვდელმოქმედებისა".2
მოციქულთა კანონები გვაუწყებს: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ იგი ნებას მისცემს ერეტიკოსებს, რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, ვით მღვდლებმა, განიკვეთოს. თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა მიიღოს ერეტიკოსის მონათვლა ნათლისღებად, ან მიიღოს ერეტიკოსის მიერ შეწირული მსხვერპლი, მის განკვეთას ვბრძანებთ, რადგან რა აქვს ქრისტეს საერთო ბელიართან (სატანასთან)? ან რა აქვს საერთო მორწმუნეს ურწმუნოსთან?" (შედ. 2 კორ. 6.15).3
მოციქულთა 46-ე კანონის განმარტებაში, ცნობილ კანონიკთა - ბალსამონისა და ზონარას დასკვნებზე დაყრდნობით, ავტორიტეტული კანონიკი ნიკოდიმოს მილაში აცხადებს: „ეკლესიის სწავლების თანახმად თითოეული მწვალებელი ეკლესიის გარეთ იმყოფება. ეკლესიის გარეთ არ არსებობს არც ჭეშმარიტი ქრისტიანული ნათლობა, არც ჭეშმარიტი ევქარისტიული მსხვერპლშეწირვა და საერთოდ არცერთი წმ. საიდუმლო. მოციქულთა ეს კანონი არის ეკლესიის სწავლება და ეყრდნობა წმ. წერილს, რომელიც არავითარ საერთოს არ ცნობს მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელსა და მის წინააღმდეგ სწავლების გამავრცელებელს შორის.
მსგავს მოსაზრებას ვკითხულობთ მოციქულთა განწესებებში (IV. 15). ამასვე გვასწავლიან პირველი მამები და ეკლესიის მასწავლებლები. მაშასადამე, მწვალებლებს არა აქვთ ჭეშმარიტი არც ნათლობა, არც მღვდელმსახურება. მართლმადიდებელი ეპისკოპოსი თუ მღვდელი, რომელიც ჭეშმარიტად მიიჩნევს მწვალებელთა მიერ შესრულებულ ნათლობას ან რომელიმე სხვა ღვთისმსახურებას, ამ კანონის შესაბამისად ხარისხის აყრით უნდა დაისაჯოს. - ასეთი მოქმედება მეტყველებს მის მიერ რწმენის არსის უცოდინრობაზე ან იმაზე, რომ იგი თავად არის მწვალებლობისკენ მიდრეკილი და ამიტომ იცავს მას. ორივე შემთხვევაში ის არ არის მღვდლობის ხარისხის ღირსი".4
ამრიგად, ეკლესიას გააჩნია მკაცრად დადგენილი კანონიკური საზღვრები, რომლის შიგნითაც აღესრულება ჭეშმარიტად საეკლესიო, სუ-ლიწმიდით შთაგონებულ-განმსჭვალული საიდუმლოებები.
უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენი სათქმელი, წმ. თეოფანე დაყუდებულის წერილს მოვიშველიებთ. მასში წმინდანი ნათლისღების საიდუმლოს სათავეებს განმარტავს:
„თვით უფალმა და მაცხოვარმა ნიკოდიმოსთან საუბარში თქვა: „ჯერ არს თქუენდა მეორედ შობა" (იონ. 3.7). აქ იგულისხმება ახალი ცხოვრებისათვის შობა. და რა საშუალებაზე მიგვითითა საამისოდ ღმერთმა? ნუთუ ის გვითხრა, ოღონდ გწამდეს როგორც გინდა და როგორც კი პირს დააღებ, უმალვე სულიწმიდა შემოვა შენში და განგაახლებსო? არა, ასე არ უთქვამს. მაშ რა თქვა? „უკუეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იქვე. 3.5). წყლისა და სულისაგან შობა არის ნათლისღება - პირველი ქრისტიანული საიდუმლო".5
ამრიგად, სულიწმიდის მადლი გაურკვეველი აღმსარებლობის გამო კი არ გვენიჭება, არამედ მხოლოდ მართალი რწმენის მეშვეობით, წმიდა საიდუმლოთა ხილულად მიღების გზით, რომლებიც თვით უფალმა დააწესა ეკლესიაში.
ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი) ბრძანებს: „ადამიანი, ღმერთის მსგავსად და ხატად შექმნილი ეს გონიერი არსება, წმიდა ნათლისღების საიდუმლოში თავისი ცხოვრების მთელ მარადიულ მიზანს სწვდება: იმას, რომ უნდა იცხოვროს უფალ იესო ქრისტეში, რომ განუწყვეტლივ აღავსოს თავი ქრისტეს ღვთაებრივი ძალით.
სწორედ წმიდა ნათელის მიღების წამიდან იწყება ყოველი ქრისტიანის ცხოვრება ეკლესიაში".6 ამ წამიდან იბადება ახალი, კვდება ძველი ადამიანი - ის უკვე მხოლოდ ნაწილობრივ ცხოვრობს ამქვეყნიურით და ემზადება უფლის შეწყნარებისთვის.
განა შეიძლება იგივე ითქვას იმ „ქრისტიანული" კონფესიების მისამართითაც, რომლებმაც უარყვეს ჭეშმარიტი სწავლება, დაამახინჯეს ან საერთოდ უკუაგდეს ეკლესიის საიდუმლოებები?! შეიძლება ჭეშმარიტ ნათლისღებად მივიჩნიოთ. ამგვარი „ნათლისღების ღვთისმეტყველება", სადაც არც ერთი კონფესია არ აპირებს თავისი მცდარი სწავლების გამოსწორებას, ჭეშმარიტ ეკლესიაში დაბრუნებას?!
* * *
ეკუმენისტები, იგივე ნეოორიგენისტები, თავიანთ „ღვთისმეტყველებაში" კიდევ უფრო შორს წავიდნენ. აპოკატასტასისის თანამედროვე ვერსიის თანახმად, რომელიც მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, ბ-ნმა ოსიპოვმა გაახმიანა, „ჯოჯოხეთში არსებობს ნათლობა". ანუ: უცხო აღმსარებლობის წარმომადგენლები, წარმართები და ერეტიკოსები სიკვდილის შემდგომ მოიქცევიან ჭეშმარიტებაზე. ეს იგივე ორიგენიზმია, მაგრამ ოდნავი სახეცვლილებით.
ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილებს ჯოჯოხეთში დემონები ხვდებიან, მაგრამ ბ-ნი ოსიპოვის აზრით, „სულს არა სატანა, არამედ ქრისტე ეგებება". უფალი ყველა რჯულის ადამიანს „მართლმადიდებლურად" ნათლავს. შედეგად, ყველას მიეტევება თავისი ცოდვები და ცხონდება.
ამ მოსაზრების გასაბათილებლად არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) სტატიას მოვიშველიებთ, რომელშიც მხილებულია ბ-ნ ოსიპო-ვის და მისი თანამოაზრეების ცრუსწავლება.
„ბ-მა ოსიპოვმა საეკლესიო გადმოცემა გულუბრყვილო და დრომოჭმულ წარმოდგენად ჩათვალა და საკუთარი ექსტრავაგანტური თეორია წამოაყენა - „ჯოჯოხეთში არსებობს კატეხიზმოს შემსწავლელი სკოლები, სადაც ასწავლიან, რომ ჯოჯოხეთში სულს არა დემონები, არამედ ქრისტე ეგებება... ნუთუ წმინდა მამებისთვის არ გაცხადდა ის, რაც გაცხადდა ბ-ნი ოსიპოვისთვის? ან რად გაცხადდა მათთვის ოსიპოვის მიერ თქმულის საპირისპირო, სახელდობრ: ადამიანის სული სიკეთეს ან ბოროტებას სიცოცხლეშივე ირჩევს, სიკვდილის შემდეგ კი კარგავს არჩევანის უნარს. თუკი ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი სიკვდილის შემდეგაც განაწესოს, მაშინ რაშია მიწიერი ცხოვრების, როგორც მარადისობისთვის მზადების, ამოცანა?... მაშ რაღას ნიშნავს წმინდა წერილის სიტყვები და მთელი ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანი რწმენით ცხონდება? ნუთუ ბ-ნი ოსიპოვი მიწიერი ცხოვრების მნიშვნელობას უგულებელყოფს და ფიქრობს, რომ ყველას შეუძლია ცხონება ჯოჯოხეთში?! ბ-ნი ოსიპოვის კონცეფცია რომ დავიჯეროთ და სულის ამქვეყნიური მოგზაურობის შესახებ სწავლება „ბერების ზღაპრებად" არ გამოვაცხადოთ, მაშინ სულის მოსახსენებელი მსახურება ხელახლა უნდა შეიქმნას. მასში იქნება თხოვნა ქრისტესა და მოციქულებისადმი, რათა ჯოჯოხეთში სულები მონათლონ. გარდა ამისა - თუკი წარმართების, უცხო აღმსარებლებისა და ერეტიკოსების სიკვდილის შემდგომ მოქცევა შესაძლებელია, მაშინ საეკლესიო წესებში სასწრაფოდ უნდა შევიდეს. მოსახსენებელი ლოცვები, რათა ათეისტებმა, წარმართებმა, იუდეველებმა და მაჰმადიანებმა ჯოჯოხეთში ქრისტე აღიარონ. საერთოდ, ეს იგივე ძველი სწავლებაა აპოკასტატისისა, რომელიც V მსოფლიო კრებაზე უარყო ეკლესიამ და ანათემას გადასცა, დიახ, იგივეა, მაგრამ სხვა კუთხით (ნიშანდობლივია, რომ მოდერნისტები ცდილობენ ორიგენეს რეაბილიტაციას. და იმის დამტკიცებას, რომ ის თავის ცრუ სწავლებასთან ერთად ანათემაზე გადაცემული არ ყოფილა)...
ბ-ნი ოსიპოვი ცოდვილების მიმართ მეტად გულკეთილია, მაგრამ მაინც ნუ დაავიწყდება, რომ ჯოჯოხეთი - ეს სასტუმრო არ არის, რომელშიც ღამენათევ სულსაც შეუძლია ზეციურ სავანეებში მოგზაურობის გაგრძელება". (გაგრძელება...)
1Праф. Догматического Богословия. Д.Целенгидис. Афины. ციტ. www. Православие. гu. 2საქ. საპატრიარქოს საინფორმაციო ბიულეტენი. 1998 წ. N3. 3დიდი სჯულის კანონი 1997 წ. მოციქულთაკანონები. 45-46. 4ნიკოდიმოს მილაში. მოციქულთა კანონი. 46. 5წმ. თეოფანე დაყუდებული. ცრუმოძღვართა წინააღმდეგ. 6ციტ. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. ტ.V. გვ. 82.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |