მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა მამათა დისკრედიტაციის მცდელობანი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

წმიდა მამათა დისკრედიტაციის მცდელობანი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


15-11-2023, 21:23

წმიდა მამათა დისკრედიტაციის მცდელობანი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ორიგენისტული სულით გამსჭვალული თანამედროვე ლიბერალი ღვთისმეტყველები, ძალიან დიდი მონდომებით ცდილობენ პატროლოგიაში, წმიდა მამათა თხზულებებში იპოვონ ისეთი აზრი, შეხედულება, რომელიც უარყოფილია ეკლესიის მიერ. ამ პრინციპს „თეოლოგუმენი" ეწოდება, რაზეც გვექნება საუბარი მომდევნო თავებში (იხ. გვ.). რაციონალისტი თეოლოგები ეთანხმებიან პროტესტანტულ მოსაზრებას, რომ მამებისეულ სწავლებაში შესაძლებელია იყოს შეცდომები, წინააღმდეგობები და უზუსტობები. თავიანთი მცდარი აზრის გასამყარებლად ისინი წმიდა მამათა თხზულებებიდან შეგნებულად გამოცალკევებულ, დანაწევრებულ ან სრულიად საპირისპირო სწავლების შემცველ მოსაზრებებს მოიხმობენ ხოლმე.

   ამჯერად, ყურადღების ობიექტი ის წმიდა მამებია, რომლებსაც უტიფრად აბრალებენ, ან სურთ რომ დააბრალონ, აპოკატასტასისის ცრუ-სწავლების მიმდევრობა. საუბარია ღირსი ისააკ ასურისა და წმიდა გრიგოლ ნოსელის თხზულებებზე.

   წმ. გრიგოლის თხზულებებში გამოხატულია საყოველთაო ცხონების იდეა, მაგრამ უფრო ფრთხილი ფორმით, ვიდრე ეს ორიგენემ გამოთქვა.

   „ოპტიმისტი პატროლოგები" შემდეგნაირად მსჯელობენ: თუ წმიდა მამამ თქვა, ე.ი. მისაღებია. მაგრამ ასეა სინამდვილეში?

   ჯერ ისიც საეჭვოა, ნამდვილად ფიქრობდა თუ არა ასე წმინდანი. ეს ასეც რომ იყოს უპრიანია გავეცნოთ წმიდა მამების, ეკლესიის დამოკიდებულებას წმ. გრიგოლ ნოსელის ესქატოლოგიური სწავლების მიმართ.

   როდესაც წმიდა ბარსანუფ დიდს ჰკითხეს წმ. გრიგოლის ამ მოსაზრების (საყოველთაო ცხონების) შესახებ, მან ბრძანა: „ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანს, თუნდაც წმინდანს, შეუძლია სრულფასოვნად ჩაწვდეს ღვთის ყოველ საიდუმლოს... როცა წმიდა მამა საუბრობს ზემოაღნიშნულ საკითხზე, ის არ დებს მასში ისეთ მნიშვნელობას, ვით ზეგარდამო შთაგონებულს. ეს განპირობებული იყო იმ ცოდნით, რომელიც წმ. გრიგოლ ნოსელმა შეიძინა მანამდე და რომელიც არ გამოცადა დროში და არ გამოიკვლია ღვთისგანაა თუ არა ის".1

   ღირსი მაქსიმე აღმსარებელი აპოკატასტასისის სწავლების მხილებისას ამბობდა, რომ წმ. გრიგოლთან ეს ტერმინი გამოიყენება ადამიანის შეცნობადი ძალების აღდგენის თვალსაზრისით, იმ პირველადი მდგომარეობის სწრაფვით, რომლითაც გამოვიდნენ ისინი შემოქმედისგან.2

    წმიდა გერმანე კონსტანტინოპოლელმა იგუმანა, რომ ეს შეხედულება წმ. გრიგოლის თხზულებებში ორიგენისტების ჩამატებული იყო: „ის აბსურდული აზრი, თითქოს მარადიულ სატანჯველს მიცემულ დემონებსა და ადამიანებს ოდესმე ელის გამოხსნა. წმინდანის წმიდა და ჯანსაღ შემოქმედებაში შეურიეს ორიგენისტებმა".3

   კონსტანტინოპოლის პატრიარქი წმ. ფოტი თავის ნაშრომში წერს: „თუ წმ. პატრიარქმა გერმანემ VIII საუკუნეში როგორ გამოიკვლია წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებები, ორიგენეს შეცდომებისაგან სრულიად დაზღვეულად აღიარა ისინი და დაამტკიცა, რომ მცდარი სწავლება მარადიული სატანჯველის დასასრულის შესახებ წმ. გრიგოლის სულის სარგო ნაშრომებში ერეტიკოსების მიერ იყო ჩამატებული".4

   წმიდა გრიგოლ ნოსელის თხზულებებში ორიგენული მწვალებლობის შესახებ რომ ჩამატებული იყო, ეს წმ. მარკოზ ეფესელმაც იეჭვა. იგი ლათინებისადმი მიმართულ პოლემიკურ წერილში წმ. გრიგოლის გამოსარჩლების მიზნით წერდა: „შესაძლებელია დაამახინჯეს და ჩაამატეს ერეტიკოსებმა და ორიგენისტებმა, რომლებიც მრავლად ჰყვაოდნენ იმ დროს, მეტადრე ეგვიპტისა და პალესტინის ტერიტორიაზე, რათა წმიდა მამა თავიანთი შეხედულებების მფარველად წარმოეჩინათ. შემდეგ დავძენ: წმინდანს თუნდაც ასე რომ ეფიქრა, ეს ხომ მაშინ იყო, როცა სწავლება ჯერაც კამათის საგანი გახლდათ და არა საბოლოოდ უარყოფილი, დაგმობილი იმ საპირისპირო მოსაზრებით, რომელიც მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განაჩინეს; ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, თუ თავად წმინდანმა, როგორც ადამიანმა, შესცოდა ჭეშმარიტების ზუსტად გადმოცემაში; იგივე შეემთხვა მრავალ წმინდანს მანამდე: წმ. ირინეოს ლეონელს, დიონისე ალექსანდრიელს და სხვებს".5

   სხვა პოლემიკურ წერილში, სადაც წმ. მარკოზი კვლავ წმ. გრიგოლ ნოსელის ნაშრომებს განიხილავდა, ამბობდა: „დიდი განსხვავებაა კანონიკურ სწავლებას ეკლესიის გადმოცემასა და პირად შეხედულებას ან სწავლებას შორის. პირველს, როგორც ღვთის მიერ ბოძებულს, უნდა ვერწმუნოთ, ხოლო მეორეს - არ უნდა დავეყრდნოთ მთლიანად, ან არ მივიღოთ გამოუკვლეველად, ვინაიდან, შესაძლებელია ვინმე მასწავლებელიც არის, მაგრამ არ ამბობს ყოველივეს სრული სიზუსტით; მაშინ, აბა რა საჭირო იქნებოდა მამების თავშეყრა მსოფლიო კრებებზე, თუკი ყოველი მათგანი უცდომლად ფიქრობდა და არც ერთი მათგანი არაფერში ცდებოდა?!".6

   ამრიგად, თუ წმ. გრიგოლ ნოსელმა ნამდვილად გამოთქვა აზრი საყოველთაო ცხონების შესახებ, ეკლესია მას არ ღებულობს, არც მიიღებს თუნდ ერეტიკოსების ინტერპრეტაცია იყოს ეს, თუნდ პირადი აზრი დიდი წმინდანისა ან დამახინჯებული განმარტება მისი ნამდვილი შეხედულებებისა.

   ფაქტია, რომ VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ წმ. გრიგოლ ნოსელი წმინდანად შერაცხა. ხოლო VII მსოფლიო კრებამ მას „მოძღვართ მოძღვარი" უწოდა. რაც შეეხება 543 წლის კონსტანტინოპოლის კრებას, რომელზეც ანათემას გადასცეს ორიგენიზმი, ცხადია, წმ. მამებმა იცოდნენ წმ. გრიგოლ ნოსელის ამ შეხედულების შესახებ, მაგრამ არ გამოუტანეს მას ისეთივე განაჩენი, როგორიც ორიგენეს და მის სწავლებას.

 

 

***

   დიდი ინტერესი მართლმადიდებელ ქრისტიანებში გამოიწვია ღირსი ისააკ ასურის მეორე ტომის გამოჩენამ, რომელიც მკითხველს წარმოუდგინეს, როგორც უძველესი დაკარგული ნაშრომი ღრმად პატივცემული ღირსი მამისა.

  მაგრამ ახალაღმოჩენილი ტექსტის გაცნობამ მართლმადიდებელ მკითხველში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. აღშფოთების მიზეზი გახლდათ ის, რომ ღირსი ისააკ ასური თავის პირველ ტომში ჯოჯოხეთის სატანჯველს მარადიულს უწოდებს (1, 58), ხოლო მეორე ტომის ავტორი ასეთ გამონათქვამებს ღვთის გმობად ნათლავს.

  არ შევუდგებით დეტალურ განხილვას ამ ორი ტომისა, ვინაიდან ვფლობთ მხოლოდ სრული ტექსტების ამონარიდებს და არა თავად დედნებს. თუმცა, ტექსტის წყაროები აბსოლუტური სიზუსტითაა მითითებული.

   მაგალითად, მეორე ტომის ავტორი მიიჩნევს, რომ „მაცხოვარი არა ჩვენი ცოდვების გამოსყიდვის გამო ეცვა ჯვარს, არამედ მხოლოდდამხოლოდ იმისთვის, რომ სამყაროს შეეცნო იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც ღმერთს გააჩნია ქმნილების მიმართ." (II ტ. 3).

   მეორე ტომში ასევე ვკითხულობთ, რომ „ადამსა და ევას რომ არც დაერღვიათ მცნება, ღმერთი მათ მაინც არ დატოვებდა ედემში მარადიულად (II ტ. 39). პირველი ტომის ავტორისთვის ასეთი აზროვნება აშკარად მიუღებელია, ვინაიდან ის მიიჩნევს, რომ სამოთხიდან ადამისა და ევას განდევნა „ეშმაკის რჩევის" შედეგად მოხდა" (1 ტ. 83).

   განსაკუთრებით მკაფიო განსხვავება ამ ორ ტომს შორის საიქიო ხვედრის სწავლებაში შეინიშნება. მეორე ტომის ავტორი დარწმუნებულია, რომ მარადიული სატანჯველი რაღაც გარეგნული და ალეგორიულია როგორც ცოდვილთან, ასევე ღმერთთან მიმართებაში; რომ ასეთი ტანჯვა გამორიცხავს ღვთაებრივ სიყვარულს და ეწინააღმდეგება მას.

   ღირსი ისააკ ასური პირიქით მიიჩნევს, რომ თავად ღვთაებრივი სიყვარულია სასჯელი მოუნანიებელი ცოდვილებისათვის.

   თუ პირველი ტომის ავტორი, ავტორიტეტულ მამებად მოიხსენიებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველსა და წმ. კირილე ალექსანდრიელს, მეორე ტომის ავტორი ავტორიტეტად მონოფიზიტ თეოდორე მოფსუესტიელსა და დიოდორე ტარსელს მიიჩნევს.

   იღუმენი ილარიონი (ალფეევი), მთარგმნელი მეორე ტომისა, ამბობს: „ღირსი ისააკ ასურის სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიის სწავლების დოგმატურ გამოხატულებად, მაგრამ ის გამოხატავს ქრისტიანულ იმედს, რომელიც (მისი აზრით) დამახასიათებელი იყო მრავალი წმინდანისათვის. ეს აშკარა სიცრუეა.

   ყველაზე შემაშფოთებელი აზრები მეორე ტომის 194-216 გვერდებზეა გამოთქმული. მთარგმნელი მას „თავისებურ ესქატოლოგიას" უწოდებს. სინამდვილეში ეს წმიდა წყლის ორიგენიზმია. „იმისათვის კი არ შექმნა ღმერთმა გონიერი არსება, რომ უმოწყალოდ მისცეს მარადიულ სატანჯველად." (II ტ. გვ. 201). „არც დემონები დარჩებიან თავის დემონურ მდგომარეობაში, არც ცოდვილები - ცოდვებში, არამედ იქნებიან ერთიან, თანასწორ, სრულყოფილ მდგომარეობაში, სადაც ანგელოზები იმყოფებიან" (II ტ. გვ. 211).

  მკითხველის ყურადღება მხოლოდ იმ საკითხებზე გავამახვილეთ, რომლებიც ეხმიანება ჩვენს თემას. ამ ორ წიგნს შორის სხვა მრავალი განსხვავებაცაა.

   ერთი რამ ცხადია: მეორე ტომი მთლიანად ორიგენისტულ-ნესტორიანული ფალციფიცირებაა.

  

 

***

   აღსანიშნავია ისიც, რომ იღუმენი ილარიონის პათოსი მრავალი თანამედროვე ლიბერალი ღვთისმეტყველისთვისაა დამახასიათებელი. მათი კრიტიკის საგანი შეიქნა, აგრეთვე, მართლმადიდებლური სწავლება მარადიულ ტანჯვასა და ზოგადად ცოდვის არსის შესახებ. თანამედროვე ლიბერალ-ეკუმენისტები ცდილობენ შთაგვაგონონ შემდეგი: ცოდვა, საიმისოდაა მოგონილი, რომ ადამიანი შიშში ამყოფოს, შეზღუდოს და შეკრას მისი თავისუფლება, მოუკლას მას სიცოცხლის სიხარული. მოდერნისტების აზრით, ეს „მარტივი ღვთისმეტყველებაა" და „ღვთის შიშის დანერგვის პედაგოგიური არგუმენტია", ძველი ცრურწმენაა, რომელიც თურმე დღეს „უკვე აღარ მოქმედებს".

   პროტოპრესვიტერი ალექსანდრე მენიც იზიარებს საყოველთაო ცხონების თეორიას და ასეთ რიტორიკულ შეკითხვას სვამს: „განა შეიძლება სიყვარულის ღმერთმა მარადიულად ტანჯოს ადამიანი დროებით ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამო? ნუთუ ბოროტების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ ის იარსებებს მაშინაც, როდესაც „ყველგან" იმეფებს უფალი?"

   ცნობილია, რომ აპოკატასტასისის ცრუსწავლების სხვადასხვა ფორმით იზიარებდნენ რელიგიური მოაზროვნეები და ფილოსოფოსები: მღვდ. პ. ფლორენსკი, დეკ. ს. ბულგაკოვი, ვლ. სოლოვიოვი, ა. ბერდიაევი და სხვები.

   ზემოაღნიშნული პათოსი შეინიშნება მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის მოსაზრებაშიც. შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა საყოველთაო ცხონების სწავლებაზე, ანტონ სუროჟელმა უპასუხა: „წმიდა წერილში არ არის მკაფიო მტკიცებულება საყოველთაო ცხონების შესახებ, მაგრამ ჩვენ შეიძლება დავეყრდნოთ მტკიცებულებას იმედის - შემეცნებისამებრ ღვთისა ჩვენისა. გვაქვს უფლება, ყველაფრის იმედი გვქონდეს"7 (ანუ იმედი აქვს, რომ ყველა ცხონდება - ავტ.). ანტონ სუროჟელი წმ. გრიგოლ ნოსელის ზემო მოყვანილ სწავლებასაც ეხმიანება და ფარივით იფარებს მას, სახელდობრ, ამ ფრაზებს: „სიყვარულის ღმერთს არ შეუძლია მარადიული სატანჯველისთვის გაიმეტოს ქმნილება, ამიტომ ის ყველას შეუნდობს და ყველანი დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს". მაგრამ იქვე ზნეობრივ წინააღმდეგობას აწყდება მიტროპოლიტი ამ სწავლებაში და იწყებს... სიტყვებით ლავირებას.8

  მოკლედ, მიტროპოლიტი ანტონი ცდილობს, რომ იტყვიან, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ჩვენი აზრით, მან საკუთარი „აპოკატასტასისი" დააფიქსირა.

 

 

***

   ამრიგად, ორიგენისტ-ეკუმენისტები ცდილობენ დათესონ წმ. მამათა სწავლებისადმი უნდობლობის თესლი. მათი დამოკიდებულება წმიდა მამათა ნაშრომებისადმი შესანიშნავად განგვიმარტა არქიმანდრიტმა რაფაელმა (კარელინი): „ის ციტატები, რომლებიც არ პასუხობს პოლემისტის მიზანს, უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება მის კონცეფციას, იგნორირდება ისე, თითქოს საერთოდ არ არსებობსო. შემდეგ კი ხდება ციტატების „მონტაჟი" წინასწარ შემუშავებული გეგმით. გამოუცდელი მკითხველისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი ნაშრომებიდან ამოღებულია წმიდა მამათა ალტერნატიული გამონათქვამი. აქ ჩვენ პარადოქსის წინაშე ვდგებით, რომელმაც შესაძლოა კადნიერად და მკრეხელურადაც კი გაიჟღეროს: სიცრუე წმიდა მამათა სიტყვების მეშვეობით".9

   ეკლესიის სწავლების თანახმად, არ არსებობს წინააღმდეგობა წმიდა მამათა საგანძურში. დოგმატური გადმოცემები წმიდა მამათა თხზულებებში ერთი მთლიანობაა. თუ კარგად დავაკვირდებით, იოლად შევნიშნავთ, რომ ერთმანეთისაგან დროითა და სივრცით დაშორებული წმიდა მამების აზრი ერთი უწყვეტი სულიერი ჯაჭვია. აქ დროულია ვლადიმერ ლოსკის სიტყვების მოშველიება: „ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი ერთი და იმავე სულიერი გამოცდილების გამოვლინებისა, როგორც წმ. დიონისე არეოპაგელთან, ასევე წმ. გრიგოლ პალამასთან, წმ. მაკარი ეგვიპტელთან და ნეტ. სერაფიმე საროველთან, წმ. გრიგოლ ნოსელთან და მაქსიმე აღმსარებელთან. ამავე დროს, ერთი ეპოქიდან მეორეზე გადასვლისას, ჩვენ ვერ ვიგრძნობთ „სულიერი კლიმატის" ცვალებადობას".10

   თავად წმიდა მამები მიიჩნევდნენ, რომ ამ საკითხში დაბრკოლებასა და დაბნეულობას იწვევს სულიერი დეგრადირება, მიწიერი აზროვნება. წმიდა მამათა აზრები კი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არა-მედ ჩვენ ვართ მიწიერნი და ამიტომ არ ძალგვიძს სულიერი აზრო-ვნება, ამიტომ არ გვესმის მათი.

   წმ. ბარსანუფი დიდი წერს: „უფალმა მოგვმადლა ცხოვრების გზა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით, თუმცა ისინი დამოუკიდებლად საუბრობდნენ. ღმერთი მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის ბაგით კი არ მეტყველებდა, არამედ - ერთის მიერ უთქმელი, ღვთის განგებით მეორეს მიერ ითქმებოდა; ასევე მოქმედებს ღმერთი შემდგომ მოღვაწე წმინდანების მეშვეობითაც: რის შესახებ ერთნი ზედაპირულად საუბრობენ, მომდევნო დროის მამები მას სრულად განმარტავენ, რათა წმინდანთა ბაგეებით ყოველთვის განიდიდოს ღმერთი".11

   წმიდა მამათა ხელნაწერების ტექნოლოგიური ანალიზის შემდეგ გაირკვა: ნამდვილად დაუმახინჯებიათ ეკლესიის მტრებს ან გადამწერებს წმიდა მამათა თხზულებები. ამის გამო, ცხადია, წმინდანები არ უნდა მივიჩნიოთ ერესში მყოფებად.

   წმიდა მამათა ზოგიერთი აზრი შესაძლოა შეცდომაც იყოს. თუ განვაცხადებთ, რომ ეკლესიის დიდი მამების ყოველი სიტყვა, გადაწყვეტილება უცდომელია, მაშინ, წმ. მარკოზ ეფესელის თქმით: „რა საჭირო იქნებოდა მამების თავშეყრა მსოფლიო კრებებზე?". ამ შემთხვევაში პაპისტური შეხედულების საფრთხე დაგვემუქრება, გაუცნობიერებლად შევქმნით ახალ საბაბს პაპის უცდომელობის სასარგებლოდ. ბუნებრივია, ნებისმიერ რომაელ-კათოლიკეს სრულიად ლოგიკურად შეუძლია გვისაყვედუროს, თუკი აღიარებთ წმიდა მამის უცდომელ აზროვნებას, რატომ პაპის უცდომელობასაც არ აღიარებთ?!

   დავასკვნით: წმ. მამები რელიგიურ საკითხებში ყველაზე საიმედო ხელმძღვანელები არიან. მათ თხზულებებში მოციქულთა გადმოცემაა, წმიდა დოგმატები და კანონებია დაუნჯებული და დაცული. საღვთისმეტყველო საკითხების შესახებ ყოველგვარი კამათი, პოლემიკა, წმ. მამათა სწავლების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ჭეშმარიტების აუცილებელ მტკიცებად არა ცალკეული მამის კერძო აზრი, არამედ მხოლოდ წმიდა მამათა ერთსულოვანი აზრი გამოდგება, მხოლოდ ასეთი სწავლებაა ყველასათვის მისაღები, ვით უცდომელი კანონი, რომლის შესრულება მაცხონებელი მნიშვნელობისაა. ვინც წმიდა მამათა თხზულებებს მრუდედ განმარტავს და მათ მნიშვნელობას დააკნინებს, განწირულია მომავალ ცხოვრებაში, ვინაიდან ეკლესიის სწავლება დროისა და მოვლენების კვალდაკვალ არ იცვლება. (გაგრძელება...)

 

 

 


1Преп. Варсануфий Великий и Иоанн. Руководство к духовной жизни. М. 1995. გვ. 388.

2Св. Максим Исповедник. Творения. М. 2001. გვ. 195.

3ციტ. Митр. Макарий (Оксиюк). მით. წიგნ. გვ. 132. 565.

4Творения. Св. Петр. (Домаск.) М. 2001. გვ. 117.

5Св. Марк. Эфесский и Флорентинская Уния. Погодин. გვ. 68.

6იქვე გვ. 128.

7Человек Перед Богом. Митр. Антоний Сурожский. М. 2010. გვ. 60.

8იქვე გვ. 60.

9Арх. Рафаил (Карелин). Вызов Новомодернизма. М. 1999. გვ. 90.

10მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი. დ. ჯინჭარაძე. 2006. გვ. 46.

11Боговидение. Вл. Лосский. М. 2003. გვ. 298.

 

 

 დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 




უკან დაბრუნება