მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > „ოპტიმისტი ღვთისმეტყველები“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ოპტიმისტი ღვთისმეტყველები“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


12-11-2023, 07:51

 

„ოპტიმისტი ღვთისმეტყველები“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

 

 

   დღეს, მრავალი საუკუნის შემდგომ, საყოველთაო აღდგომის იდეა კვლავ აღორძინდა ლიბერალი ღვთისმეტყველების ნაშრომებში. ორიგენიზმის იდეები სხვადასხვაგვარად შემოიჭრა საღვთისმეტყველო ლიტერატურაში. საერთო მათ ხედვებში გახლავთ ის მოსაზრება, რომ ახლებურად იქნეს განხილული მართლმადიდებლური სწავლება სხვა რელიგიებთან მიმართებაში. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეკუმენისტური კონტექსტი იყო პირველი ბიძგი, რამაც აპოკატასტასისის კონფეციის აღორძინებას შეუწყო ხელი. ეკუმენისტებს, პირველყოვლისა, სურთ უარყონ მარადიული ტანჯვის არსებობის დოგმატური სწავლება. ისინი ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ ამ საკითხის ეკლესიის უძველესი სწავლება მცდარია.

   თანამედროვე „ოპტიმისტი ღვთისმეტყველები" არაორაზროვნად შეურაცხყოფენ მართლმადიდებლურ სწავლებას ღვთისგან სამართლიანი მიგებებისა და ჯოჯოხეთის ტანჯვის შესახებ. ამას კი სავალალო შედეგებამდე მივყავართ. კერძოდ: მკვიდრდება მცდარი აზრი, თითქოს ცხონებისათვის საკმარისია მხოლოდ ისურვო ღმერთთან ყოფნა. შედეგად, აზრს კარგავს ქრისტიანული ასკეზი, მცნებების შესრულების აუცილებლობა...

   მათი აზრით, ცოდვა საიმისოდაა მოგონილი, რომ ადამიანი შიშში ამყოფოს, შეზღუდოს და შეკრას მისი თავისუფლება, მოუკლას მას სიცოცხლის სიხარული. ეკუმენისტების აზრით, ეს „მარტივი ღვთისმეტყველება" და „ღვთის შიშის დანერგვის პედაგოგიური არგუმენტი", ძველი ცრურწმენაა, რომელიც თურმე დღეს „უკვე აღარ მოქმედებს... საბოლოო ჯამში თვით ეკლესიისა და ქრისტიანობის არსებობაც.

   აქედან გაჩნდა შემდეგი შეხედულებები:

   ა) იქნებ წარმართნი სინდისის მიხედვით გამართლდნენ?

  ბ) მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა შეეცნოთ მართლმადიდებლობა ამიტომ, არ დაისჯებიან.

   გ) წარმართებში მრავალი კეთილი ადამიანია და მათაც შეიწყნარებს უფალი და ა.შ.

   ორიგენე ამბობდა: იესო ქრისტეც ღვთის მიერ შექმნილი არსებაა, როგორც უკვე მოგახსენეთ (იხ. გვ.), მისი აზრით, ქრისტეს განხორციელებას მხოლოდ გარდამავალი და არა გამომსყიდველიბითი შინაარსი აქვს. „ოპტიმისტი ღვთიმეტყველებიც" (ეკუმენისტები) აცხადებენ: ნებისმიერ რელიგიას, განურჩევლად იმისა, აღიარებს თუ არა ჭეშმარიტ ღმერთად ქრისტეს, ვინც გამოისყიდა კაცობრიობა - მივყავართ ღმერთამდე. ამიტომ ისინი უნდა გაერთიანდნენ.

   ამ შეხედულების საფუძველზე გაჩნდა კასკადი თეორიებისა (ეკლესია-დის, უხილავი ეკლესიის, განშტოებათა და სხვა მრავალი თეორია).

   ეკუმენისტები ორიგენეს „საყოველთაო ცხონების" თეორიის საფუძველზე აცხადებენ: „ღმერთი სიყვარულია და მხოლოდ სიყვარული", „სიყვარულის ღმერთმა არ შეიძლება ტანჯოს ადამიანი დროებით ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამო", „ნუთუ ბოროტების სიძ-ლიერე იმდენად დიდია, რომ ის იარსებებს მაშინაც, როდესაც „ყველგან" იმეფებს უფალი?"1 და ა.შ.

   ამიტომ, მათი აზრით, უნდა განადგურდეს ის ჯიბირები (დოგმატები, კანონები), რომლებიც ხელს უშლის სიყვარულის გამოვლინებას, სიყვარულში ერთობას.2 მაგრამ შესაძლებელია რელიგიური მოშურნეობის, ჭეშმარიტების დაცვის გარეშე არსებობდეს ჭეშმარიტი სიყვარული? შეიძლება ამგვარი „სიყვარული" მივიჩნიოთ სათნოებად?

   ცნობილია, რომ აპოკატასტასისის ცრუსწავლებას სხვადასხვა ფორმით იზიარებდნენ რელიგიური მოაზროვნეები და ფილოსოფოსები: მღვდ. ა.ფლორენსკი, დეკ. ს.ბულგაკოვი, ვლ.სოლოვიოვი, ა.ბერდიაევი, ეპ. ალფეევი და სხვები.

   ზემოაღნიშნული პათოსი შეინიშნება მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის მოსაზრებებშიც. შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა საყოველთაო ცხონების სწავლებაზე, ანტონ სუროჟელმა უპასუხა: „წმიდა წერილში არ არის მკაფიო მტკიცებულება საყოველთაო ცხონების შესახებ, მაგრამ ჩვენ შეიძლება დავეყრდნოთ მტკიცებულებას იმედის - შემეცნებისამებრ ღვთისა ჩვენისა. გვაქვს უფლება, ყველაფრის იმედი გვქონდეს"3 (ანუ იმედი აქვს, რომ ყველა ცხონდება - ავტ.). ანტონ სუროჟელი წმ. გრიგოლ ნოსელის ცნობილ სწავლებასაც ეხმიანება და ფარივით იფარებს მას, სახელდობრ, ამ ფრაზებს: „სიყვარულის ღმერთს არ შეუძლია მარადიული სატანჯველისთვის გაიმეტოს ქმნილება, ამიტომ ის ყველას შეუნდობს და ყველანი დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს." მაგრამ იქვე ზნეობრივ წინააღმდეგობას აწყდება მიტროპოლიტი ამ სწავლებაში და იწყებს სიტყვებით ლავირებას.4

   მოკლედ, მიტროპოლიტი ანტონი ცდილობს, რომ იტყვიან, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ჩვენი აზრით, მან საკუთარი „აპოკატასტასისი" დააფიქსირა.

   აღსანიშნავია, რომ ნეტარი ავგუსტინე კრიტიკულად და ირონიით ეძახდა ორიგენისტებს „მოწყალეებს", ორიგენეს კი - „სხვაზე მოწყალეს".5

   ირონიას ორიგენიზმის მიმდევართა მიმართ არც არქიმანდრიტი რაფაელი იშურებს და ამბობს: „მოდერნისტებს სურთ ორიგენეს საქმეზე კასაცია რომელიმე იდუმალ სასამართლოში შეიტანონ - უფრო აღმატებულში, ვიდრე მსოფლიო კრებაა... ალბათ, ახლო მომავალში, დადგება დრო, როდესაც მოდერნისტები ორიგენეს რეაბილიტაციისა და „წმინდანად შერაცხვის" შემდეგ, შექმნიან აპოკატასტასისის „ხატს", სადაც სატანა ანგელოზების გვერდით პირველ რიგში, ხოლო იუდა მოციქულებთან ერთად გამოისახება. თუმცა, ორიგენეს თანახმად, ძნელად განვარჩევთ სულებს ერთმანეთისაგან, ვინაიდან ისინი ოვალური ფორმით აღდგებიან".6

   და მაინც, რას ამბობენ წმიდა მამები და მსოფლიო კრებები ორიგენიზმის შესახებ?... (გაგრძელება...)

 

 

 

 

 


1პროტოპრესვიტერი ალექსანდრე მენი: Сын Человеческий. Брюсель. 1983. გვ. 128.

2ამგვარ თეორიას მათ „ვარდისფერი ქრისტიანობა" უწოდეს.

3Человек Перед Богом. Митр. Антони Сурожский. М. 2010. გვ. 59.

4იქვე გვ. 60.

5Журн. Православная Беседа 2002. №3. М. Иванов. გვ. 4.

6Karelin – r. ru. Об Оригене.

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება